რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ.
სფეროსებრთავიანი თავკომბალა – Echinops sphaerocephalus L.
ჩვეულებრივი თავკომბალა – Echinops ritro L.,
ამიერკავკასიის თავკომბალა - Echinops transcaucasicus Iljn.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
მცენარის ლათინური დასახელება წარმოსდგება ბერძნული სიტყვებიდან :echinops – ზღარბი და ops – გარეგნობა; ritro – ეკლიანი მცენარის ბერძნული დასახელების ritros ლათინიზებული ფორმაა; ლათინური sphaerocephalus წარმოიშვა ბერძნული სიტყვებიდან sphaira – ბურთი და kephale – თავი.
1.ზოგადი აღწერა
ორივე მცენარე:
– სფეროსებრთავიანი თავკომბალა – Echinops sphaerocephalus L.
– და ჩვეულებრივი თავკომბალა – L..
რთულყვავილოვანთა - Asteraceae (Compositae) ოჯახს მიეკუთვნება.
სფეროსებრი თავკომბალა
სფეროსებრთავიანი თავკომბალა მრავალწლოვანი ბალახია. ღერო ერთეული ან მცირერიცხოვანია, სწორმდგომი, სწორმდომი ან ზემო ნაწილში მცირედ დატოტვილი, მომრგვალებული,, ღარებიანი, მოფენილია აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი ბეწვებითა და ჯირკვლებით. სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა სიმაღლეა აღწერილი. რუსული წყაროები 60 სანტომეტრამდე სიმაღლის მცენარეებს აღწერს, ქართული– მეტრნახევარიანს.

ფოთლები მორიგეობითია, თხელი, მოგრძო-ოვალური, ზომებით 10-25 X 5-10 სმ სიგანის. ზედა მხრიდან ფოთლები მუქი–მწვანეა, ქვედა მხრიდან მოთეთრო დაჰკრავს; ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, ნახევრად ღერომხვევი. ყვავილები მილისებრია, მოცისფრო, შეკრებილია მსხვილ, სფეროსებრი ფორმის თავაკებად, დიამეტრით 3,5-4,5 სმ. თავაკები მრავალია ღეროს კენწეროებში განთავსებული. ნაყოფი 6 მმ–მდე სიგრძის თესლურაა, ყავისფერი, ჯამისებრი ქოჩრით. ფესვი ხორცოვანია, მცირედ დატოტვილი, ღერძულა.
მცენარე ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ნაყოფს შემოდგომაზე აგროვებენ. შხამიანი მცენარეა!.
ჩვეულებრივი თავკომბალა
ჩვეულებრივი თავკომბალა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მსხვილი ღერძულა ფესვით. ღეროები სწორმდგომია, უმეტესად მრავლობითი, სიმაღლით 20—60 (80) სმ. მარტივი ან ზედა ნაწილში დატოტვილი. მოფენილია თეთრი-აბლაბუდასებრი ბუსუსებით.
ფოთლები მორიგეობითი, მჯდომარე, ზევიდან შიშველი, ერთიან კონტურებში ფოთლები ფართოლანცეტისებრია, ზემოდან ფოთლები მუქი მწვანეა, ქვემოდან მოთეთრო დაჰკრავს. ქვედა მხარეზე შებუსვილია. ფოთლები ფრთისებრგანკვეთილია, თითოეული ნაკვეთი ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტისებრია.

ყვავილები მილისებრია, თავმოყრილია სფეროსებრ თავაკებად, დიამეტრით 3–5 სანტიმეტრი. თითოეული თავაკი 200 ერთყვავილიან კალათს შეიცავს, რომლებსაც საკუთარი საბურველი აქვს. ეს საბურველი შედგება სამი ტიპის ფოთოლაკებისაგან. გარეთა ფოთოლაკები წვრილჯაგრებადაა განკვეთილი. შუა ფოთოლაკები ნიჩნისებრი ფორმისაა. შიდა ფოთოლაკები მთელია, ფერად მოლურჯო. გარეთა და შუა ფოთოლაკები სიგრძით თანაბარია, შიდა ფოთოლაკი კი მათზე საგრძნობლად გრძელი. ყვავილებს საერთო საბურველი არა აქვს – ეს სახეობის სადიაგნოზო ნიშანია. მაგრამ ყველა ყვავილს აქვს საკუთარი საბურველი. ნაყოფი წაგრძელებული, ქოჩრიანი თესლურაა, სიგრძით 6–6 მმ. 1000 ცალი თესლის წონაა 6,8—10 გრ.
ყვავილობს ივნის–აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო– სექტემბერში.
2. გავრცელება
ითვლება, რომ თავკომბალა სტეპის მცენარეა. იზრდება ღია ადგილებში, ბუჩქნარებში, ფერდობებსა და ხევებში.
პირველი სახეობა სფეროსებრთავიანი თავკომბალა – Echinops sphaerocephalus L. გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლში, კახეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში.
მეორე სახეობა ჩვეულებრივი თავკომბალა საქართველოში არ გვხვდება. იზრდება უკრაინაში, ჩრდ. კავკასიაში, შუა აზიაში, ყირიმში, რუსეთში.
3. გამრავლება
მიუხედავად გავრცელების ფართო არეალისა, ბუნებაში თავკომბალას მარაგები დიდი არაა.წარმოებისათვის ძირითადად კულტივირებული ნედლეული გამოიყენება.
ძირითადად აშენებენ სფეროსებრთავიან თავკომბალას. მისი ძირითადი უპირატესობა შედარებით დიდი მოსავლიანობაა. ერთ ჰექტარზე საშუალოდ 1 ცენტნერ ნედლეულს იძლევა. ექინოფსინის გამოსავალი მშრალი ნაყოფებიდან 1,5—2,4% –ია.
რუსეთში მას აშენებენ, როგორც ორწლიან მცენარეს. სავარაუდოდ, ჩვენთან შეიძლება მრავალწლოვანი პლანტაციის გაშენებაც (ნიადაგისადმი მომთხოვნი არაა). შესაძლებელია მცირე ფართობებზე გაშენდეს, ისეთ ფართებზე, რომლებიც სხვა საწარმოო მიზნით ნაკლებ გამოსაყენებელია.

4. ნედლეული
ნედლეულია თავკომბალას ნაყოფი – Fructus Echinopsis. იგი წარმოადგენს პრეპარატ ,,ექინოპსინის” ნედლეულს.
ველურ ნაზარდებში ყვავილედს აგლეჯენ ან აჭრიან ხელით. გამოყენებულ უნდა იქნეს მაგარი ხელთათმანები, რადგან ეკლიანია. პლანტაციებში სპეციალურ მანქანებს იყენებენ. ნაყოფებს ამზადებენ მომწიფების პერიოდში.
შეგროვილ ყვავილედს აშრობენ ქარისაგან დაცულ ადგილზე ან საშრობებში.
თესლურის გამოყოფა საკმაოდ რთულია. ხელით ეს პრატიკულად შეუძლებელია. საჭიროა გალეწვა. ჩვეულებრივი სალეწი მანქანები ვერ ახერხებენ თავკომბალას გალეწვას. ამიტომ, მისთვის შექმნილია სპეციალური სალეწი მანქანა. (2009 წელს ეს მანქანა ვერ ვიპოვეთ ვერც ერთ მწარმოებელთან, როგორც ჩანს მხოლოდ სპეცილური შეკვეთით მზადდება).
ყვავილედებში 200-მდე თესლურა ნაყოფია, რომლებიც ეტაპობრივად მწიფდება. ამიტომ, სტანდარტის მიხედვით ნედლეულში დასაშვებია განვითარებელი და უმწიფარი თესლურების 10 % შემცველობა.
ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ,,ნაყოფი – თესლურა მოგრძო, უკუკვერცხისებრი ფორმის, ფუძესთან შევიწროებულია, წამახვილებული, ზევით გაგანიერებული, 7-10 მმ სიგრძის და 2 მმ-მდე დიამეტრის, სქლადაა მოფენილი მიტკეცილი, ზევით აშვერილი ყვითელი ბეწვებით. ქოჩორი საყელურისებრია, მისი ჯაგრულები ბეწვიანია, დაკბილული, შეზრდილი.”
5. ქიმიური შემადგენლობა
თავკომბალას ორივე სახეობის ნაყოფი შეიცავს ალკოლოიდებს (0,5-2,3%). სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ შესწავლილია და ალკალოდები აღმოჩენილია კიდევ 14 სახეობის თავკომბალაში.

[9] აღნიშნავს, რომ ალკალიოდები აღმოჩენილია საქართველოს ენდემში ,,ამიერკავკასიის თავკომბალაში E. transcaucasicus Iljn”. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტს რეალური გამოყენება ვერ ექნება, რადგან ბაზარზე ახალი სახეობის წინწაწევა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
თავკომბალას ფიზიოლოგიური მოქმედება ჯერ კიდევ 1900 წელს იქნა შესწავლილი, მაგრამ პრატიკული გამოყენება 1950 წლიდან დაიწყო, როცა მისგან ალკალოიდი ექინოფსინი მიიღეს. მას თავკომბალა არ შეიცავს, მაგრამ წარმოიქმნება ნედლეულის გადამუშავების პროცესში.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში თავკომბალაზე გაწერილია ალკალოიდები ექინოფსინი, ექინორინი, ექინოფსეინი, ვიტამინი C, ფლავონოიდები, სტეროიდები, ცხიმოვანი ზეთი (25%) და სხვა. (ექინოფსინი ექინიფსინის შენაერთია)
6. ფარმაკოლოგიური თვისებები
ექინოფსინი აძლიერებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ აგზნებადობას, ახდენს მატონიზირებელ ზემოქმედებას, როგორც ჩონჩხის კუნთებზე, ასევე ზოგადად, მთელ ორგანიზმზე. აჩქარებს პერიფერიულ ნერვულ სისტემაში მიმდინარე რეპარაციულ პროცესებს; აქვს კარდიოტონური მოქმედებაю მცირე დოზებით ზრდის, მაღალი დოზებით კი – აქვეითებს არტერიულ წნევას.

თავკომბალას პრეპარატები გამოიყენება ჰიპოტონური სინდრომით მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების, კუნთოვანი ატროფიის, პერიფერიული დამბლების, გაფანტული სკლეროზის, ასთენიური მდგომარეობების, მხედველობის ნერვის ატროფიის დროს. დადებითი ეფექტი ვლინდება დაავადების არაუმეტეს 2 წელზე ხანგრძლივობის შემთხვევაში. მცირე წვივის ნერვის დაზიანებით მიმდინარე გავა-წელის რადიკულიტის დროს, რასაც თან ახლავს ტერფის დაკიდება, ექინოფსინის ზემოქმედებით ნერვის ფუნქცია აღდგება 3 – 4 კვირის განმავლობაშიю
ხალხურ მედიცინაში თავკომბალას იყენებენ თავის ტკივილების, ეპილეფსიური გულყრების, პლექსიტების, მიოპათიების, ქრონიკული სხივური ზემოქმედების შედეგებისა და პოლიომიელიტების სამკურნალოდ. თვაკომბალა ასევე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება კანის ზოგიერთი დაავადების დროს.
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით; ნედლეულს ინახავენ B სიით.
7. გამოყენების სხვა სფეროები
ზეთი გამოიყენება ტექნიკაში. მას აწარმოებენ, როგორც თანამდევ პროდუქტს.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
4. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
5. Баньковский А. И., Перельсон М. Е., Шевелев В. А. Алкалоиды мордовника. — «Докл. АН СССР», нов. сер., 1963, т. 148, № 5.
6. Бобров Е. Г. Мордовник — Echinops L. — В кн.: Флора СССР. Т. 27. М.—Л., Изд-во АН СССР, 1962.
7. Губанов И. А., Баньковский А. И., Кучеров Е. В. Природные источники эхинопсина и их рациональное использование. — В кн.: Дикорастущие и интродуцированные полезные растения в Башкирии. Вып. 3. Уфа, Башкирск. кн. изд-во, 1971.
8. Губанов И. А., Дундин Ю. К., Кучеров Е. В. Распространение и сырьевые ресурсы мордовника в Башкирии. — «Биол. науки», 1965, № 4.
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. Губина Г. П. Клиническое применение алкалоида эхинопсина. — «Мед. пром-сть СССР», 1960, г. изд. 20-й, № 2.
11. Сухомуть Л. К. Исследования некоторых аналитических характеристик и выделение эхинопсина из плодов шароголового мордовника. — Автореф. дис. канд. фарм. наук. М., 1-й Моск. мед. ин-т, 1962.
12. Гурова А. Д., Никольская Б. С., Трутнева Е. А. К фармакологии нового алкалоида эхинопсина. — «Фармакол. и токсикол.», 1957, т. 20, № 3.
13. Фролова В. И., Баньковский А. И., Железнова Е. С. Химическое изучение алкалоидов мордовника обыкновенного. — «Тр. Всес. науч.-исслед. ин-та лек. растений», 1959, т. 11.
14. Хотин А. А. О созревании и сроках уборки плодов мордовника шароголового. — «Растит, ресурсы», 1965, т. 1, вып. 4.
Viewed 1882 times by 706 viewers


