სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ.

ლევზეა ალისარჩულისებრი – Leuzea carthamoides (Willd.) DC
ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

ალისარჩილისებრი ლევზეა – Leuzea carthamoides (Willd.) DC (syn. Rhaponticum carthamoides (Willd) Jljin., რთულყვავილოვანთა – Asteraceae (Compositae) მცენარეა. [გვარი – Rhaponticum Ludwig (Rhaponticum Hill) ]. ეს მცენარე ლიტერატურაში მრავალი დასახელებით გვხვდება, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მცირე კომენტარის გაკეთება.
ცოტა ხნის წინ, მას ერთდროულად სამ გვარს – Rhaponticum, Leuzea და  Stemmacantha მიაკუთვნებდნენ. დასახელება Rhaponticum უფრო ხშირად ბოტანიკურ, ხოლო Leuzea – სამედიცინო ლიტერატურაში გამოიყენება. დღეისათვის დაშვებულია მხოლოდ ერთი სამეცნიერო დასახელების – Rhaponticum carthamoides (Willd.) Iljin. გამოყენება.  სინინიმად შეიძლება ვიხმაროთ Leuzea carthamoides (Willd.) DC. სინონიმი  Stemmacantha carthamoides ამოღებულია ხმარებიდან სასოფლო–სამეურნეო ჟარგონია მარალიის ფესვი– Maral root.

ლევზეა ალისარჩულისებრი

1. ზოგადი აღწერა

ორ მეტრამდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია, ერთეული, დაუტოტავი, ბუსუსებით დაფარული.  შიგნით ღრუ აქვს, ზედაპირზე კი – წვრილი ღარები. მისი ზედა ნაწილი, რომელიც ბუსუსითაა დაფარული, დატოტვილი არ არის.
ღეროს წვეროზე მოთავსებულია მოზრდილი, 4-6 სანტიმეტრის დიამეტრის კალათა ორსქესიანი, მოიისფრო-მოლურჯო, მილისებრი, ხუთწევრიანი ყვავილებით.
მსხვილი, როზეტული ფოთლები ყუნწიანი და ფრთისებრია. ნორჩი ფოთლები, რომლის ზედაპირი, აბლაბუდის მსგავსად, ბუსუსითაა დაფარული, სიგრძით 60-80 სანტიმეტრი, სიგანით კი 10-25 სანტიმეტრია. მცენარეს სრულციკლიანი ყლორტები გააჩნია, რომელთა როზეტული ფოთლები სიგრძეში 100-120 სანტიმეტრს, სიგანეში კი 35-43 სანტიმეტრს აღწევს. ღეროს ქვედა ფოთლები, როზეტულთან შედარებით, პატარაა. ზედაპირზე  ყუნწები და ღარები აქვთ. მათი სიგრძე 15-24 სანტიმეტრს აღწევს. ზედა ფოთლები კი მჯდომარეა, ზომით პატარაა, ღარების გარეშე, დაკბილულია, სიგრძით  2-5 სანტიმეტრი.
ალისარჩულისებრი ლევზეას  მიწისქვედა ნაწილი მდებარეობს მიწის ფენაში 30 სანტიმეტრზე. მისი ფესვი შედგება მთავარი ღერძის, მრავალრიცხოვანი წვრილი წანაზარდებისა და მუქი ნაცრისფერი ფესვებისგან. მთავარი ფესვი დატოტვილია 5-7 რიგად, რომელთაგან თითოეულის სიგრძე მერყეობს 25-40 სანტიმეტრამდე, ხოლო დიამეტრი – 0,05-3 მილიმეტრამდე. მთავარი ღერძის სისტემა ნაკლებგანვითარებულია. მისი როლი მნიშვნელოვანია მხოლოდ საწყის ფაზებზე, მთლიანად ფესვის ჩამოყალიბებამდე.
ფესვი მერქნისებრია; ფორმირდება მეორე წლიდან – როზეტული ყლორტების საბაზისო ნაწილის მიწისქვეშა ნამატის საფუძველზე. ამ უკანასკნელთ ეზრდებათ მრავალრიცხოვანი, მაგარი აგებულების, წანაზარდოვანი ფესვები და ახალი კვირტები. მათგან ვითარდება მონოკარპული და პოლიკარპული ვეგეტატიური ყლორტები, რომლებიც 2-4 წლიანი განვითარების შემდეგ გადადიან გენერაციულ ფაზაში და იწყებენ აყვავებას.
გაზაფხულზე ინტენსიურად ვითარდება როზეტული ვეგეტატიური ყლორტები, ზაფხულის დასაწყისში კი გენერაციული ყლორტები. მათ შორის არსებობს მჭიდრო დინამიური კავშირი. ფესვის მასის ზრდა ძირითადად შემოდგომით შეიმჩნევა, როდესაც მიმდინარეობს მიწისზედა ყლორტების კვდომა. ახალგაზრდა და შედარებით ასაკიანი გენერაციული მცენარეების ფესვები ხასიათდებიან წლიური ზრდის მაღალი ტემპით (წლის მანძილზე დიამეტრში 3-5 სანტიმეტრს იმატებენ). აღმოცენების ადგილიდან გადატანის შემთხვევაში, ისინი ადვილად ახერხებენ ახალ გარემოსთან შეგუებას და მის ათვისებას.

ლევზეა ალისარჩულისებრი

ბუნებრივ პირობებში ფესვის აქტიური ფუნქციონირება მთელი მისი არსებობის განმავლობაში გრძელდება. შედეგად, თავად ფესვის ზრდასთან ერთად სქელდება მისი განშტოებებიც. წლების განმავლობაში ცალკეული ფესვის სისტემები ერთიანდება და ერთ მთლიან, განუყოფელ პლასტს ქმნის.
ნაყოფს (თესლებს) ღია წაბლისფერი, ან იისფერ-ყავისფერი შეფერილობა და მოგრძო-წიბოვანი ფორმა აქვთ, ზედა მხარე ოდნავ ფართოა. სიგრძით 5-8, ხოლო სიგანით 3-4 მილიმეტრია. ნაყოფი შებუსულია, ძირისკენ მთლიან რგოლს წააგავს. 1000 ცალი თესლის მასა 11-15 გრამია.
მცენარე ყვავილობს ივლის აგვისტოში, ნაყოფიანი მწიფდება სექტემბერში.

2.  გავრცელება

ლევზეას ბუნებაში გავრცელების შეზღუდული არეალი აქვს. ციმბირის ფლორის ენდემია. აღწევს ჩრდილოეთ ყაზახეთის მთებშიც. გვხვდება ჩინეთსა და მონგოლეთის ალტაიში. ხარობს ზღვის დონიდან  1200 до 2700 (800-3000) მეტრამდე. უკეთ ხარობს  ალპურ და სუბალპურ ზონებში. ეტანება  ნესტიანი ტყეებს, მთის მდინარეების ნაპირებს.
მიეკუთვნება გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. დაცვის ქვეშაა, რუსეთში, ყაზახეთიში, მონგოლეთსა და ჩინეთში. შეტანილია მრავალი ქვეყნის ფარმაკოპეაში. ექსპლოატაციის შემდეგ, ბუნებრივი ნაზარდების აღდგენა ძალიან ნელა მიმდინარეობს. სუბალპურ ზონაში აღდგენას 20 წელი, ხოლო ტყის ზონაში 50 წელი სჭირდება.
დიდხანს ცოცხლობს, ნელა ვითარდება. ბუნებაში ონტოგენეზმა 50–75 წელს შეიძლება მიაღწიოს. სრული სასიცოცხლო ციკლი 16 და მეტ წელს გრძლდება. ზრდასრული ეგზემპლიარები წარმოქმნილია ფესურის მრავალწლიანი განტოტებითი ზრდის შედეგად, რომელიც ყოველი ყვავილობის შემდეგ ფართოვდება.

ლევზეა ალისარჩულისებრი

3. ნედლეული

ემპირიულ მედიცინაში  გამოიყენება მცენარის როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვედა ნაწილი. ოფიცინალურია მხოლოდ ფესვები და ფესურა.
ფესვებს და ფესურას ამზადებენ შემოდგომაზე, თესლის დაცვენის შემდეგ. მიწიდან ამოღებულ ნედლეულს ფერთხავენ და გამდინარე ცივ წყალში რეცხავენ. შეაშრობენ რამდენიმე დღით მზეზე და შემდეგ  50-600C–ზე აშრობენ.

ნედლეული [9]–ის მიხედვით ასე გამოიყურება:  ,,ახლადმოთხრილი ფესურა გახევებულია, ჰორიზონტალური, დატოტვილი, დამატებითი ფესვები მრავალი და წვრილია. გამშრალი ნედლეული შედგება მთლიანი ან დაჭრილი ფესვებისა და ფესურისაგან. ფესვები წვრილია, დაკაწრული ზედაპირით; ფეესურები კი ოდნავ მოღუნულია, არათანაბრად დანაოჭებული, 6 სმ სიგრძის და 2 სმ სისქისა, გადანატეხი არასწორი, ყვითელი. ნედლეულის ფერი მურა-ყავისფერია, თითქმის შავი, სუნი სუსტი-თავისებური, გემო მოტკბო-ფისოვანი.”

4. ქიმიური შედგენილობა

მთავარმოქმედი ნივთიერებებია ფიტოეკდისტეროიდები. ნივთიერებათა ინტეგრისტერონიმონაცემთა ბაზაში ლევზეაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: C ვიტამინი, გომიზები, დიჰიდრომარკიდტერონი A,  ეთეროვან ზეთი,  ეკდისტერონი, ინოკოსტერონი,  ინტეგრისტერონი A და B, ინულინი,   კაროტინოიდები,  მთრთილავ ნივთიერებები,   ორგანილ მჟავები, სტერინები,  ფისები,  ფლავონოიდები.

ლევზეა ალისარჩულისებრი

5. გამრავლება

ლევზეას ზრდისა და განვითარებისთვის ოპტიმალურად ითვლება დაბალი ტენიანობის მქონე ნიადაგები. იმ უბნებში, სადაც წყალი სისტემატურად გუბდება, მცენარე იღუპება. იგი მალე იზრდება, ხოლო ვეგეტაციას ამთავრებს ხშირი სუსხიანი ამინდის შემდეგ. ყვავილობა გრძელდება ორი კვირის მანძილზე (ივნისში). კარგად უძლებს ზამთარს, თოვლის საფარს.
ლევზეას თესლს თესავენ გვიან შემოდგომით, სუსხიანი ამინდების დადგომამდე. გაზაფხულზე თესვისთვის აუცილებელია სტრატიფიკაცია, რომლის დროსაც თესლებს შეურევენ ქვიშას ან ნახერხს, ასველებენ და ინახავენ მაცივარში (1-2 თვის მანძილზე მინუს სამ გრადუს ტემპერატურაზე). თესვის ნორმა შეადგენს 40-50 ცალს 3 კვადრატულ მეტრზე. თესვის სქემა არის 70X5 სანტიმეტრი მიწის ზედაპირზე და 2-3 სანტიმეტრი მიწის სიღრმეში.
აღმონაცენთა ფესვის სისტემა ნელა ვითარდება, ამიტომ საწყის ეტაპზე აუცილებელია პერიოდული რწყვა. აღმოცენებიდან მე-4 წელს ოპტიმალურად ითვლება 2-3 მცენარის განლაგება ერთ კვადრატულ მეტრზე. ხშირი ნათესის  შემთხვევაში საჭიროა მათი გადარგვა თავისუფალი მიწის ნაკვეთზე.
სრულ ფარმაკოლოგიურ აქტიურობას მცენარე აღწევს აღმოცენებიდან 15-20 წლის შემდეგ, თუ იგი ბუნებრივ პირობებში იზრდება და 5-6 წლის შემდეგ, თუ კულტურულ პირობებში არსებობს.
რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ლევზეას კულტივირებაზე საქართველოში ექსპერიმენტები არ ჩატარებულა. ერთადერთი ექსპერიმენტი ესაა აჭარაში, ტირალას მთაზე გასული საუკუნის 70–იან წლებში რამდენიმე თესლის ჩათესვა. 5–6 წელიწადში საკმაოდ კარგად გამრავლდა. შემდეგ დაკვირვება შეწყდა.

6. მედიცინაში გამოყენება

,,ამზადებენ სითხოვან ექსტრაქტს და პრეპარატ ეკდისტერინს რომელსაც იყენებენ ცნს აღმგზნებ საშუალებებად; ინიშნება ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, ნერვული სისტემის მოშლის, ინფექციური დაავადებებისა და ქრონიკული ალკოჰოლიზმისას ხანგრძლივი ინტოქსიკაციის დროს; ლევზეა ზრდის არტერიულ წნევას, აძლიერებს ირგანიზმში ცილების ბიოსინთეზს.”  [9].

ლევზეა ალისარჩულისებრი

7.  გამოყენების სხვა სფეროები

– ლევზეა გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებში. ეს სწრაფად მზარდი, პერსპექტიული დარგია;
– მისგან მზადდება პოპულარული უალკოჰოლო სასმელი “საიანსი”. მცენარის გამოყენება უალკოჰოლო სასმელებში, განსაკუთრებით პერსპექტიულ ნიშად მიგვაჩნია.

8. მარკეტინგული ვექტორები

ლევზეას რეალური და საკმაოდ მდგრადი მარკეტინგული ნიშა აქვს. ექსპერიმენტები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მან კარგად უნდა იხაროს სტეფანწმინდაშიც.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ლევზეა ალისარჩულისებრი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ლევზეა ალისარჩულისებრი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.


Viewed 1380 times by 493 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka