ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.
მობილურების გამოსხივება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის წინააღმდეგ
მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივება ხელს უშლის მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის განვითარებას და დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციაზე ხანში შესულ ადამიანებში, – ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები თაგვებზე ჩატარებული ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად. ექსპერიმენტში გამოყენებული იყო გენეტიკურად ალცჰეიმერის ანალოგიური დაავადების განვითარებისადმი წინასწარგანწყობილი თაგვები.
გამოკვლევები ჩაატარეს სამხრეთი ფლორიდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, დოქტორ ჰარი არენდეშის ხელმძღვანელობით. ცდებში აკვირდებოდნენ 96 თაგვს. მღრღნელების გალიები ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროდან თანაბარ მანძილზე იყო განთავსებული; გამოსხივების ზემოქმედება ცხოველთა ორგანიზმზე ანალოგიური იყო მობილური ტელეფონის ზემოქმედებისა.
დადგინდა, რომ გენეტიკურად ჭკუასუსტობისადმი წინასწარგანწყობილი თაგვი, ხანგრძლივი ელექტრომაგნიტური ზემოქმედების შემდეგ, ტესტების შედეგების მიხედვით არაფრით არ ჩამოუვარდებოდა თავის ჯანმრთელ თანამოძმეებს. შედარებით ასაკოვანი მღრღნელებში, რომლებსაც ექსპერიმენტის დაწყებამდე აღენიშნებოდათ დაავადების პირველი ნიშნები (ალცჰეიმერის ანალოგიური), აღინიშნა თავის ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება.
ამერიკელი მკვლევარების აზრით, ამგვარი დადებითი ეფექტი დაკავშირებულია თავის ტვინის ქსოვილებში სისხლმიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებასთან, და, სავარაუდოდ იგივე შედეგებს ექნება ადგილი ადამიანებშიც.
ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედება შესაძლოა გახდეს ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკის (და შესაძლოა მკურნალობის) საკმაოდ მისაწვდომი და უსაფრთხო მეთოდი.
აღებულია საიტიდან MIGnews.com
Viewed 1447 times by 554 viewers


