რამი, ჩინური ჭინჭარი – Boehmeria
ლევან შენგელია
სტატიის მომზადების შემდეგ მიღებული მასალებისა და მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგების მიღება შეგიძლიათ კოორდინატებზე: 899 15 49 21; სკაიპი: levan.shengelia3; e-mail: mpifarm@gmail.com
1. ზოგადი ინფორმაცია
სართავ მცენარეთა მრავალ სახეობას შორის Boehimeria ყველაზე ცნობილი და გავრცელებული სახეობაა, რადგან მას საუკეთესო სართავი თვისებები გააჩნია და შესაბამისად, მისგან მაღალი ხარისხის პროდუქცია მზადდება.
Boehimeria-ს რამსაც უწოდებენ. რამი ან რამე (Ramie, Rameh, ramee, ასევე Kunkhoova, Pulas) ბოჭკოვანი მცენარეა, რომელიც გარეგნული ფორმით ძალიან ჰგავს ჩვენებურ ჭინჭარს, მაგრამ იზრდება გაცილებით მაღალი – 3-4 მეტრ სიმაღლის.

მრეწველობაში რამის სამ სახეობას იყენებენ:
– Boehmeria tenacisima — მწვანე რამს, ანუ ინდურ ჭინჭარს.
– Boehmeria nivea, და Boehmeria candicans-ს — თეთრ რამს, ანუ ჩინურ ჭინჭარს უწოდებენ.
მწვანე რამი უხვად იძლევა მყარ ბოჭკოს, რისთვისაც ეს მცენარე მუდმივად საჭიროებს მაღალ ტემპერატურას. ამიტომ იგი კარგად ეხამება ისეთი ქვეყნების კლიმატს, როგორებიცაა: ინდოეთი, ეგვიპტე, ალჟირი, ესპანეთი, იტალია და სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილი.
თეთრი რამის Boehmeria nivea-სა და Boehmeria candicans-ის გავრცელების არეალი შედარებით ჩრდილოეთითაა, სამაგიეროდ, ”მწვანესთან” შედარებით, დაბალია მათი მოსავლიანობა.
რამის კულტურაზე საქართველოში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დადებითი შედეგები აჩვენა და შეიძლება საკმაოდ მაღალი ალბათობით ითქვას, რომ იგი საქართველოსთვის პერსპექტიული კულტურაა.
2. სართავი მახასიათებლები
რამის ბოჭკოები გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:
1) თავისი სიგრძისა და ერთგვაროვნების წყალობით, ის გაცილებით მაგარია სხვა, დღემდე ცნობილ ბოჭკოების სახეობებთან შედარებით.
|
წინააღმდეგობის გაწევის უნარი |
რამი |
ქერელი |
სელი |
აბრეშუმი |
ბამბა |
| გაჭიმვისას |
100 |
36 |
25 |
13 |
12 |
| გასკდომისას |
100 |
75 |
66 |
400 |
100 |
| გრეხვისას |
100 |
95 |
80 |
600 |
400 |
2) სხვა სართავ მასალებთან შედარებით, ძნელია მისი დაშლა, რის გამოც იგი ითვლება საუკეთესო მასალად აფრებისა და ბაგირების დასამზადებლად.
3) გამოირჩევა აბრეშუმის მსგავსი, განსაკუთრებული ბზინვარებით; ამიტომ მას ძვირფასი და მდიდრული ქსოვილების დასამზადებლადაც იყენებენ.
4) ადვილად იღებს და ინარჩუნებს საღებავს, თანაც არ კარგავს თავის ხავერდოვნებასა და ხარისხს.

3. გადამუშავების ტექნოლოგიები და წარმოება
ჩინეთსა და იაპონიაში ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყეს რამის ბოჭკოებისგან სხვადასხვა ნაკეთობის დამზადება. ევროპა კი, მას პირველად დედოფალ ელიზაბეტის მმართველობის ეპოქაშიგაეცნო, როდესაც ინგლისში ჩინური ჭინჭრისგან დაიწყეს ნაზი და რბილი ძაფის წარმოება.
ჰოლანდიელებმა კი კუნძულ იავადან ჩამოიტანეს ჭინჭრისგან (Netel-Dock) დამზადებული, მსგავსი ძაფი, რომელსაც მოგვიანებით საფრანგეთში ”ბატისტი” უწოდეს. ჰოლანდიელები ინდური რამისგან ტილოს აწარმოებდნენ.
ინგლისელებს რამის კულტურა მოჰყავდათ კალკუტაში, მოგვიანებით- ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო მცდელობები, ეს კულტურა შეეტანათ ევროპაშიც, კერძოდ: სამხრეთ საფრანგეთში, ტოსკანაში, ბავარიაში, ბელგიაში, ასევე- ალჟირში, მექსიკასა და აშშ-ში, უმთავრესად ლუიზიანასა და კალიფორნიაში. 70-იან წლებში რამის კულტურის მოყვანას იწყებენ ანტილის კუნძულებსა და სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ რუსეთსა და კავკასიაშიც, განსაკუთრებით შავიზღვისპირა ტერიტორიებზე.

კულტურის გადამუშავებასა და სასურველი ხარისხის ნედლეულის მიღებას ართულებდა ის, რომ არ ჰქონდათ სპეციალური მანქანები (ჩინეთში, იაპონიასა და ოსტ-ინდოეთში ეს ყოველივე ხელით კეთდებოდა). დღესდღეობით არსებობს ორგვარი მოწყობილობა-დანადგარი: ”ფავიე” (Favier) და ”ფორა” (Faure). პირველზე ღეროები განცალკევდება მშრალად, მეორეზე- მწვანე შემადგენლობით. სხვათა შორის, იყო კიდევ ერთი დაბრკოლება: სპეციალური სართავი დაზგების არქონა.
ამჟამად რამის იყენებენ შემდეგი პროდუქციის დასამზადებლად:
1) რამისა და აბრეშუმის შერევით აწარმოებენ რბილ, მაღალი ხარისხის მატერიასა (“fantaisie”) და მაქმანებს.
2) ასევე აკეთებენ პლუშს- ავეჯისთვის, სახეებიან ქსოვილებს ფარდებისა და სუფრისთვის, მძიმე ქსოვილებს, რამის სხვა სახის ბოჭკოებთან შერევით- ნაქსოვ ნაკეთობებს.
3) თითქმის ყველა სახის ქსოვილს-გადასაფარებლებისთვის, სუფრებისთვის, ხელსახოცებისთვის და ა.შ. ასევე- ძაფებს, შესაკრავებს, თოკებს და სხვა.
4) რამის ბოჭკოსგან მზადდება ქსოვილები აფრებისთვის და ტომრებისთვის, აგრეთვე ბაგირები.
5) გამოიყენება ფულის ქაღალდის დასამზადებლად.
რამის გადამამუშავებელმა მრეწველობამ საფრანგეთში დიდი გავრცელება ჰპოვა, სადაც 12 ათასამდე სართავი დაზგა ფუნქციონირებს. პირველი ადგილი უკავია კომპანია ”ფავიეს”; იგი ფლობს 4,5 ათას დაზგას, რომელთა მუშაობისთვის 180 ცხენის ძალაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია 1881 წელს დაფუძნდა. გერმანიაში რამის 11 ათასამდე დაზგა გადაამუშავებს, რომელთაგან ყველაზე მეტი ემენდინგენშია თავმოყრილი. ქალაქ ბადენში 7,5 ათას დაზგას ითვლიან. 4-5 ფაბრიკაა ინგლისში; მათგან ყველაზე მსხვილია ქალაქ დერბიში არსებული საწარმო ”ჯეიმს ფაინლი”. რამის ბოჭკოს სართავი დაზგების რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 30 ათასს აჭარბებს. ისიც აღსანიშნავია, რომ 2200 ტონა ნედლეულისგან 1000 ტონა ნართი მიიღება.

4. გამრავლება
რამი, როგორც ტროპიკული მცენარე, უკეთ იზრდება, რაც უფრო ახლოა ეკვატორთან. მის განვითარებას ხელს უწყობს მდიდარი ნიადაგი, ჭარბი ნალექები და მაღალი ტემპერატურა. თავის სამშობლოში იგი მოდის ნესტიან ნიადაგებში, ჩრდილოეთით კი მოჰყავთ ხელოვნურად მორწყულ ნიადაგში. მცენარე მრავალწლიანია და ტროპიკულ ქვეყნებში წლის მანძილზე 2-4-ჯერ იძლევა მოსავალს, ხოლო სამხრეთ საფრანგეთში ორჯერ. მის ძირებში დიდი რაოდენობით არსებული ტანინი მცენარეს მწერებისა და პარაზიტებისგან იცავს. საფრთხეს უქმნის სიცივე, გვალვა და ძლიერი ქარები.
რამი მრავლდება ამონაყარით, ფესვით ან თესლით.
თესლით გამრავლება საჭიროებს მეტ შრომას და ამავე დროს, მცენარე პირველ წელს მხოლოდ ერთხელ იძლევა მოსავალს. თუ შესაბამისი რესუსრსი არსებობს ,რამის გამრავლება ჯობს კალმით ან ფესვით. ამასთან. მისი შორს გადატანის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია ფესვები ჩახურდეს.
ღეროს განვითარების პროცესი უსწრებს თესლის მომწიფებას. საჭიროა მცენარის გარკვეული რაოდენობა თესლზე აღმოცენდეს. შევნიშნავთ, რომ თესლს ურევენ ნაკელში და ისე შეაქვთ მორწყულ, კარგად გაფხვიერებულ ნიადაგში. დათესილ ადგილებს აფარებენ ჩალის ფოთლებს და დროდადრო რწყავენ. უშუალოდ აღმონაცენის მორწყვას იწყებენ ლებნიანობის პერიოდის დაწყებისას. ფოთლების ზომა 2-2,5 დუიმს რომ მიაღწევს, აღმონაცენს გადარგავენ სანერგეში, მომდევნო წელს კი პლანტაციაში. ნერგს რგავენ სპეციალურ კვლებში, რომლებიც ერთმანეთისგან ერთი არშინით მაინც უნდა იყოს დაცილებული. კვლებს შორის გაჰყავთ სარწყავი არხები. ისეთ ცხელ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, ეგვიპტე, ალჟირი და ასევე – სამხრეთ ესპანეთში რამის რგავენ ოქტომბრის ბოლოდან აპრილამდე პერიოდში; საფრანგეთში – მარტში, აპრილსა და მაისის დასაწყისში; თურქმენეთსა და შავიზღვისპირა რეგიონში- აპრილში; საქართველოში- აპრილსა და მაისში. მცენარის გამარგვლა მხოლოდ პირველ წლებში ხდება, რის შედეგადაც სარეველა ბალახები სწრაფად ქრება. თოხნას მალე წყვეტენ, რათა ფესურები არ დაზიანდეს. ზოგიერთი ნარგავის გაფუჭების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილები დაუყოვნებლივ უნდა შეივსოს, რათა ჯანსაღმა ნარგავებმა დიდი განტოტება არ გაიკეთოს- ეს ცუდად მოქმედებს ბოჭკოს ხარისხზე. მორწყვის ინტენსივობა იცვლება კლიმატის, ნიადაგისა და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების შესაბამისად. ესპანეთსა და ამერიკის ქვეყნებში წყალს კვლებში უშვებენ 7-12 დღეში ერთხელ, სამხრეთ საფრანგეთში კი- 12-15 დღეში ერთხელ. მორწყვა ხდება დილით ადრე ან საღამოს.
მოსავლის აღების შემდეგ, აუცილებელია ნიადაგის დაუყოვნებლივ დამუშავება და მასში სასუქის შეტანა. რამის მშობლიურ ქვეყნებში (მაგალითად- ჩინეთში) პლანტაციებში შეაქვთ თხევადი სასუქი. ევროპასა და ალჟირში ნიადაგს ანოყივრებენ აშმორებული ნაკელით, ფრინველების ექსკრემენტებითა და სხვადასხვა სახის ქიმიური სასუქით ისე, რომ ყოველ კვალში მოხვდეს ზღვრული და თანაბარი ნორმა. რამი ძირითადად საჭიროებს აზოტისა და კალიუმიან სასუქებს, რომელშიც მცირე დოზით ურევენ ფოსფორიან სასუქსაც და ჩამქრალ კირსაც, თუ ნიადაგი კირით ღარიბია.
3-წლოვანი რამის მთელი ეგზემპლარის ანალიზი: 100 გრადუს ცელსიუსზე გამოშრობილი მასალის წონა კილოგრამებში: ძირები- 1,855, ღეროები- 0,899, ფოთლები- 0,781, მთლიანი მცენარე- 3,535 კგ. ერთ ტონა მასალაში თითოეული მათგანი შეიცავს:
| ძირები | ღეროები | ფოთლები | მთლიანი მცენარე | |
| აზოტი | 7,26 | 10,32 | 34,02 | 13,91 |
| კალიუმი | 12,59 | 20,59 | 28,18 | 18,02 |
| ნატრიუმი | 4,88 | 1,36 | 3,00 | 3,19 |
| ფოსფორმჟავა | 3,45 | 2,73 | 5,40 | 3,69 |
| კირი | 25,71 | 17,84 | 110,12 | 42,24 |
| სილიციუმმჟავა | 21,64 | 15,13 | 98,14 | 36,78 |
| მაგნიუმის ჟანგი | 7,48 | 5,74 | 9,42 | 7,45 |
| გოგირდმჟავა | 2,78 | 2,22 | 7,58 | 3,69 |
| რკინის ჟანგი | 1,84 | 1,38 | 4,46 | 2,29 |
მოსავლის აღების დრო სამხრეთ საფრანგეთში: პირველ მოსავალს იღებენ ივლისში, მეორეს- სექტემბერ-ოქტომბერში. ღეროების სიმწიფეს იგებენ იმით, რომ მისი ქვედა ნაწილი შესამჩნევად მუქდება. აღებამდე კარგია ღეროებისთვის ფოთლების შემოცლა, რომელთაც დასაკომპოსტებლად იყენებენ. მცენარის მკა ხდება მშრალ დღეს; მას ჭრიან მიწის ზედაპირზე ნამგლით ან სპეციალური დიდი საკეპავი დანით. ღეროებს კონავენ და ჯვარედინად აწყობენ საცავში, რათა უკეთ განიავდეს და გამოშრეს. ერთ ჰექტარზე დგას დაახლოებით 35 ათასი ბუჩქი, რომლებიც პირველ წელს 50 ჰექტარზე იძლევიან 1750 კგ.ნედლეულს, მეორე წელს, 100 ჰექტარზე- 3500 კილოგრამს, მესამე წელს, 150 ჰექტარზე- 5250 კილოგრამს, მეოთხე წელს, 200 ჰექტარზე- 7500 კილოგრამს.
ღეროების დამუშავება: ღეროებს ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობა-დანადგარში, რათა ქერქი და მერქანი განაცალკევონ ლაფნისგან (ბოჭკოვანი ნაწილისგან). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საამისოდ საუკეთესო მოწყობილობა-დანადგარებად ითვლება ”ფორა” და ”ფავიე”, რომლებიდანაც უკვე გასუფთავებულ და გაჩეჩილ ბოჭკოს იღებენ. ”ფორა” საჭიროებს ერთი ცხენის ძალას და აწარმოებს მშრალ ბოჭკოს. ”ფავიესთვის” კი საკმარისია ნახევარი ცხენი ძალა, რომ 12 საათის განმავლობაში მშრალი ღეროებიდან 43 კგ. ნართი მივიღოთ. სართავი დაზგიდან აღებულ ბოჭკოს ამუშავებენ სპეციალური წებოთი, ღებავენ თეთრად, შემდეგ არბილებენ. მოგვიანებით კი აძლევენ ოვალურ ფორმას. მისი შემდგომი დამუშავება ისევე მიმდინარეობს, როგორც სხვა ნედლეულისგან მიღებული ბოჭკოებისა და ამისთვის გამოიყენება ანალოგიური მოწყობილობა-დანადგარები, რომელთაც მცირე განსხვავებები და თავისებურებები მაინც ახასიათებთ.
Viewed 2318 times by 882 viewers


