სკოპოლია კავკასიური (კარნიოლიის სკოპოლია) - Scopolia caucasica Kolesn. (S. carniolica Jacq.)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
1.ზოგადი აღწერა
კავკასიური სკოპოლია (კარნიოლიის სკოპოლია) – Scopolia caucasica Kolesn. (S. carniolica Jacq.), მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა - Solanaceae ოჯახს.
სკოპოლია მრავალწლოვანი, გეოფიტი, ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლით 30-50 სანტიმეტრს აღწევს.
აქვს პლაგიოტროპული, ხორციანი, სუსტად დატოტვილი ფესვი, რომლის ზედაპირიც დაფარულია ნაჭდეურებით. სწორედ აქედან ვითარდება წლიური ამონაყარი.
მიწისზედა ნაწილი წარმოადგენს ორთოტროპიულ, ვეგეტატიურ ყლორტს. ღერო ერთი ან რამდენიმეა, სწორმდგომი, ცილინდრული ფორმის, შიშველი ან გაბნეული ბეწვებით მოფენილი.

მას ქვედა ნაწილში აქვს 10-13 მჯდომარე, ქერცლისმაგვარი ფოთოლი, რომლებიც ინტენსიურად გადადიან ღეროს შუა ნაწილის ფოთლებში.. ზედა ფოთლები გრძელია, ფართო, წვერზე მომრგვალებული, კიდემთლიანი, შიშველი. ღეროსეული ფოთლები უფრო მოკლე და ვიწროა, ბლაგვი წვერით.
ღერო ბოლოვდება წვეროს ყვავილებით – მათ ნაადრევად ჩამოცვენა ახასიათებთ. ახალგაზრდა და გენერაციულ ეგზემპლარებს ერთადერთი ყვავილი გააჩნიათ. უფრო ძლიერ მცენარეებს კი წვეროს ყვავილის ქვეშ უვითარდებათ ყვავილედის 1-3 ტოტი. თითოეულ მათგანს აქვს ორი მწვანე ფოთოლი და ყვავილი. ისინი გრძელი ყუნწებით არიან დაკიდებულნი. მცენარეს ორმაგი ყვავილსაფარი აქვს. ყვავილების ჯამი ხუთ ნაწილად არის დაკბილული. მისი ზომა გვირგვინის ნახევარს შეადგენს. გვირგვინი სიგრძით 2-3 სანტიმეტრი, სიგანით კი 1-1,5 სანტიმეტრია. მას ზარის ან მილისებრი ზარის ფორმა და მეტ-ნაკლებად გამოხატული 5 კბილი აქვს; იგი გარედან მოწითალო-მოიისფრო ან მოწაბლისფრო-წითელი, ხოლო შიგნიდან მოყვითალო-მოწაბლისფრო ან მკრთალი იისფერია. რაც შეეხება ნაყოფს, იგი მომრგვალებული და მრავალთესლიანია, წააგავს 0,5-1 სანტიმეტრის დიამეტრის თავსახურიან კოლოფს. გვხვდება სკოპოლიას გვირგვინის სხვადასხვა ფორმა, რამაც ზოგიერთ მკვლევარს საფუძველი მისცა, ცალკე გამოეყო ზოგიერთი სახესხვაობა და ქვესახეობა.
სკოპოლია ჰემიეფემეროიდია. აყვავებას იწყებს, როგორც კი თოვლის დნობა მთავრდება – მარტ-აპრილში. ამავდროულად, ვითარდება ფოთლებიც. ყვავილობა გრძელდება დაახლოებით 4 კვირის განავლობაში. მთლიანად ვეგეტაციური პერიოდი კი 3 თვეს გრძელდება.
ჰყვავის მარტ-აპრილში; ნაყოფს მაისსა და ივნისში იძლევა.
მცენარე შხამიანია!
2. გავრცელება
სკოპოლია ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარია. ამ გვარში სულ 6 სახეობა შედის. გავრცელებული არიან ევრაზიის ზომიერ სარტყელში. გვხვდებიან: ევროპაში, მონღოლეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთში, კავკასიაში. საქართველოში გავრცელებეულია მხოლოდ აქ აღწერილი ერთი სახეობა კარნიოლიის ანუ კავკასიური სკოპოლია. საქართველოში უმეტესად გვხვდება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, აგრეთვე – იმერეთსა და მთიულეთში. ჩვენში იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, ტენიან ფართოფოთლოვან, იშვიათად კი წიწვოვან ტყეებში, ზღვის დონიდან 1000-1200 მ სიმაღლეზე.
მთელი არეალის მასშტაბით, Scopolia carniolica იზრდება ზღვის დონიდან – 100-დან 1600 მეტრამდე, ანუ ტყეების ზედა საზღვრამდე. გავრცელების ქვედა საზღვარზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, იგი შეგუებულია მდინარეებისა და წყაროების ხეობათა ფერდობებს. კავკასიის მაღალმთიანეთსა და კარპატებში – იზრდება ყველა სახის ფერდობზე, განსაკუთრებით კი – ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში. ამჯობინებს რთული ფორმის რელიეფს.
კავკასიური სკოპოლია ზოგჯერ გვხვდება შმაგასთან ერთად [9]

სკოპოლიას ძირითადი სახეობა, Scopolia carniolica მესამეულ რელიქტურ სახეობას წარმოადგენს. მას გააჩნია მაცალკევებელი არეალი, რომელიც სამი მთავარი უბნისგან შედგება: მათგან ორი ევროპულია, ერთი – კავკასიური. ევროპული უბნები მოიცავენ მთებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მაღლობებსა და უნგრეთის დაბლობს. ევროპული უბნების მნიშვნელოვან ნაწილი მდებარეობს უკრაინაში. ესენია: კარპატისპირეთი, აღმოსავლეთ კარპატები და ვოლინო-პოდოლსკის მაღლობი. ეს არეალი ვრცელდება მოლადავეთზეც (კოდრები). კავკასიის უბანი მოიცავს კავკასიის ქედის დასავლეთ ნაწილსა და დასავლეთ ამიერკავკასიას.
3. პლანტაცია და საწარმოო აღკვეთილები
მცენარე ძირითადად ვეგეტატიურად მრავლდება – ფესვების ზრდითა და დატოტვის შედეგად. ბუნებაში თესლით გამრავლება მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს, მაგრამ პლანტაციის გაშენება შესაძლებელია თესლითაც.
ნიადაგის შემადგენლობა სკოპოლიაზე დიდ გავლენას არ ახდენს: ეს მცენარე გვხვდება როგორც კარბონატულ, ისე არაკარბონატულ ნიადაგებზე. უკრაინასა და მოლდავეთში იგი გხვდება ტყის მურა, მუქ რუხ, აყალოიან და თიხიან, ასევე ალუვიურ ნიადაგებზე. კავკასიაში იგი ამჯობინებს მთა-ტყიან წაბლისფერ, ნეშომპალა, კარბონატულ და ალუვიურ, ნაკლებგანვითარებულ ნიადაგებს. გარდა ამისა, სკოპოლია იზრდება ისეთ ნიადაგებზეც, რომლებიც არ გამოირჩევიან მრავალფეროვანი შემადგენლობით. ასეთია, მაგალითად, თიხნარი და ქვიიანი მიწები. ზოგჯერ იგი იზრდება ისეთ ადგილებშიც, რომლებიც მთლიანად ქვიანი, ფიქლიანი ქანებისგან შედგება. ნიადაგების მჟავიანობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეკოლოგიური ამპლიტუდა საკმაოდ ფართოა: მცენარე იზრდება მჟავე, ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზეც, სადაც PH მერყეობს 3,8-დან 7,2-მდე. თუმცა, მცენარისთვის ეკოლოგიურად ოპტიმალურია საშუალო და ძლიერმჟავიანი ნიადაგები, სადაც PH ხუთზე დაბალია. ასეთი ტიპის ნიადაგზე ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია.
სკოპოლიას კვების გარანტიას უქმნის ისეთი ნიადაგი, სადაც 100 გრამ მიწაში 0,2-დან 14,6 მილიგრამამდე ფოსფორი და 3,6-დან 80 მილიგრამამდე კალიუმი გვხვდება. როგორც ხედავთ, სკოპოლიას ფოსფორზე მეტად კალიუმი სჭირდება, თუმცა, მის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე ამ ორი ნივთიერების ფაქტორი მაინც არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას.
სკოპოლია ჩრდილის ამტანი მცენარეა. ვეგეტაციის პერიოდში, ფიზიოლოგიური აქტივობისთვის, მას მთლიანად ჰყოფნის 2-5%-იანი რადიაციული დოზა. ზოგიერთი მონაცემებით, კარგი განათების შემთხვევაში მისი ზრდის ტემპი უმჯობესდება.
ძირითადი ეკოლოგიური ფაქტორი სკოპოლიას განვითარებისათვის არის ჰაერის ფარდობითი ტენიანობა. ჩრდილოეთ კავკასიაში იგი იზრდება ისეთ არეალში, სადაც წლის განმავლობაში აორთქლება შეადგენს 200-250მმ-ს, ხოლო ჰიდროთერმული კოეფიციენტი – 1,2-1,5. სკოპოლიასთვის ტენიანი ჰაერის აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ ბუნებრივად მისი არსებობის ოპტიმალურ გარემოს წარმოადგენს მდინარეთა ხეობები, აგრეთვე ადგილები, სადაც გრუნტის წყალი ამოდის და ჩრდილოეთ და დასავლეთ ექსპოზიციის ფერდობები.
კავკასიაში სკოპოლია კარგად ეგუება სოჭისა და წიფლის ტყეებს, სადაც ასევე ხარობს რცხილა, ცაცხვი, ნეკერჩხალი და ზოგჯერ წაბლიც. ეს მცენარე ნაკლებადააა გავრცელებული ისეთ ტყეებში, სადაც ქვეტყეები არ არსებობს. ასეთ ტყეებში სკოპოლია წარმოადგენს ბალახ-ბუჩქოვანი იარუსის დომინანტურ ან თანადომინანტურ სახეობას. ტყის ზედა ზღვრის გასწვრივ სკოპოლია იზრდება ნეკერხლით მდიდარ ადგილებში, სუბალპურ მაღალბალახიან ზონებში. ქვედა სარტყელში სკოპოლია შემჩნეულია ინტრაზონური ტიპის ტყეებში – შავ მურყნარსა და ნეკერჩხლოვან ტყეებში. ტენიანი ტიპის მურყნის, სოჭის, წიფლისა და წაბლის ტყეებში სკოპოლია აღწევს თავის ფიტოცენურ ოპტიმუმს.
იმ არეალში, სადაც სკოპოლია არის გაბატონებული, მისი ფესვების მოსავლიანობა შეადგენს 0,2-1 ტონას ჰექტარზე. კავკასიის დაბალმთიან რაიონებში ამ მცენარის ფესვების ზრდა შეადგენს დაახლოებით 45 კილოგრამს ჰექტარზე, მაღალმთიან რაიონებში კი – 80-100 კილოგრამს ჰექტარზე. გადამუშავების შემდეგ, ნედლეულის მარაგების აღდგენას დაბალმთიან რაიონებში სჭირდება 10-15 წელიწადი, მაღალმთიან რაიონებში – 8-10 წელიწადი. მარაგების დაზოგვისა და შენახვისთვის, მცენარის წლიური გადამუშავება არ უნდა აღემატებოდეს 80-100 ტონას.

4. ნედლეული
სამკურნალო ნედლეულია კავკასიური სკოპოლიას ფესურა – Rhizoma Scopoliae caucasicae. ნედლეულს ამზადებენ ადრე გაზაფხულზე, ფესურებს ასუფთავებენ ფესვებისაგან, რეცხავენ გამდინარე ცივ წყალში, გრძივად ჭრიან გაშრობის გაადვილების მიზნით და აშრობენ ჰაერზე.
[9]: ,,მზა ნედლეული მთელი ან დაჭრილი ფესურა, რომელიც გათავისუფლებულია ფესვებისა და სხვა ნაწილებისაგან. ნაჭრები არ უნდა იყოს 3 სმ-ზე ნაკლები სიგრძის და სიგანეში – 1-2 სმ ფესურები გარედან მურა-ნაცრისფერია, გადანატეხზე ღია ნაცრისფერი, მოხრილი ფორმისა და დანაოჭებული. უსუნოა, გემოს არ უსინჯავენ”.
5. ქიმიური შედგენილობა
Scopolia carniolica-ს ყველა ორგანო შეიცავს ტროპანულ ალკალოიდებს, მათ შორის: ჰიოსციამინს, სკოპოლამინს, ტროპინს, კუსკოგრინს, ფსევდოტროპინს, ჰიოსციამინის N-ოქსიდს, ჰიოსცინის N-ოქსიდს, ფესვდოტროპინს, 3α – ტიგლოილოქსიტროპანს. კავკასიაში მოკრეფილი მცენარის ფესვებში ალკალოიდების შემცველობა 0,3-დან 0,9%-მდე მერყეობს, უკრაინასა და მოლდოვეთში მოკრეფილისა კი – 0,25-დან 0,7%-მდე. ფესვები ალკალოიდების მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავენ ვეგეტაციის პერიოდის დასაწყისსა და ვეგეტაციის დასრულებისას.
ალკალოიდებს შეიცავს მიწისზედა ნაწილებიც. მცენარეში დადგენილია ნახშირწყლები, კუმარინები: სკოპლეტინი, სკოპოლინი, ფენოლკარბონის მჟავები და მათი ნაწარმები, ფლავონოიდები.
6. მედიცინაში გამოყენება
სკოპოლიას ფესვებს ძირითადად იყენებენ, როგორც ნედლეულს – ატროპინისა და ჰიოსციამინის მისაღებად.
ფესურები აკოპოლამინისა და ჰიოსციამინის სამრეწველო წყაროა. ამ ალკალოიდებიდან მრავალი პრეპარატი მზადდება. პრეპარატებს ინახავენ A და B-სიით.

7. სკოპოლიას სხვა სახეობები
იგივე დანიშნულებით იყენებენ აკოპოლიას სახეობების S. tangutica Maxim., S. stramonifolia (Wall.) Sem., S. lurida Dun. და სხვ. ფესურებსა და ფოთლებს, რომლებიც უფრო მდიდარია ტროპანული ალკალოიდებით, განსაკუთრებით ალკალოიდ ჰიოსციამინით.
ლიტერატურა
1. Колесников А. И. Ценные лекарственные растения Кавказа. — «Тр. Никитск. ботан. сада», 1944, т. 23.
2. Крылова И. Л., Михайлова Е. Ф. Эколого-фитоценотическая характеристика скополии карниолийской — Scopolia carniolica Jacq., произрастающей на Кавказе. II. Фитоценотическая характеристика скополии карниолийской. — «Биол. науки», 1971, № 2.
3. Крылова И. Л. О морфологической структуре видов рода Scopolia Jacq., emend. Link в связи с эволюцией рода. — «Бюлл. Моск. о-ва испыт. природы, отд. биол. новая сер.», 1973, т. 78, вып. 4.
4. Крылова И. Л. Об экологическом оптимуме скополии карниолийской. — «Биол. науки», 1973, № 11.
5. Петрова Е. Ф. Скополия карниолийская на Кавказе и ее природные ресурсы. Автореф. дис. канд. биол. наук. М., Моск. ун-т, 1970.
6. Чопiк В. Скополiя карнюлмська — Scopolia carniolica Jacq. в Схщних Карпатах. — «Укр. ботан. журн.», 1957, т. 14, № 3.
7. Holubek J. (ed.) Spectral data and physical constants of alkaloids. Vol. 8. Prague, 1973.
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
11. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
…
Viewed 993 times by 408 viewers


