მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ.

ბელადონა, შმაგა - Atropa belladonna L.
კავკასიური ბელადონა, კავკასიური შმაგა - Atropa caucasica Kreyer.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Atropa belladonna L. (ლათ)
Красавка, белладонна (რუს)
Deadly nightshade, dwale (ინგლ)
Belladonne (ფრანგ)
Tollkirsche (გერმ)
Лудо биле (старо биле, отровно биле, беладона) (ბულგ)

1. ზოგადი ნაწილი

ბელადონა (Belladonna) იტალიური სიტყვაა და ლამაზ ქალს ნიშნავს. რომაელი ქალები მას თვალში იწვეთებდნენ, გუგების გასაფართოებლად. ეს იმდროინდელი გაგებით ქალს განსაკუთრებულ ეშხს აძლევდა.
შმაგა შხამიანი მცენარეა!
“შმაგას ალკალოიდებით მოწამვლისას აღინიშნება ფსიქიური აღგზნება, მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები. განსაკუთრებით ხშირია ბავშვების მოწამვლის შემთხვევები შმაგას ნაყოფით, როლებიც ალუბლის მსგავსია. დას. საქართველოში იზრდება ჭიაფერა – Phytolacca americana L. და სკოპოლია – Scopolia carniolica Jacq. მათი ბალახი და ფესურები შმაგას ჰგავს და შხამიანია. ” [9–დან]

Atropa belladonna

1.1. ზოგადი აღწერა

ორივე სახეობა, ბელადონა – Atropa belladonna L. და  კავკასიური ბელადონა –  Atropa caucasica Kreyer. ძაღლყურძენასებრთა  -  Solanaceae ოჯახის  მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
ეს ორი სახეობა ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავდება, ამიტომ, ჩვენ ქვემოთ მხოლოდ ბელადონა – Atropa belladonna L.–ზე გვექნება საუბარი. განმასხვავებელი ნიშნები შემდეგია [9]: ბელადონის ღეროები ნაფიფქის გარეშეა, ზედა ნაწილში უხვ ჯირკვლოვან-ბეწვებიანი, გვირგვინი იისფერია. კავკასიურ ბელადონს კი ღერო შიშველი აქვს, ნაცრისფერი ნაფიფქით, ყვავილები უფრო დიდი, გვირგვინის ფურცლებიც უფრო მუქი-იისფერია.
მისი მიწისქვეშა სისტემა ნიადაგში ღრმად ვითარდება. იგი წარმოდგენილია მრავალთავიანი, დატოტვილი, სქელი ფესურით, რომლიდანაც მსხვილი ფესვები გამოდიან.
ღეროს მარტოული ან რამდენიმეა, სქელი, წვნიანი, სწორმდგომი, ფუძესთან მარტივი, ზევით კი დატოტვილი, სიმაღლე 0,5 მეტრიდან 2 მეტრამდეა, შებუსვილია ჯირკვლოვანი ბეწვებით.
უხვფოთლიანი მცენარეა. ღეროზე ქვედა ფოთლები მორიგეობით, ხოლო ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები წყვილ-წყვილად არიან განლაგებული. ყოველი წყვილის ერთი ფოთოლი ზომით 3-4-ჯერ აღემატება მეორეს. ფოთლები კვერცხისებური ფორმისაა.მსხვილი ფოთლები კიდემთლიანია, წვერმახვილი და  ყუნწთან  შევიწროებული.
ყვავილები აქტინომორფულია, ერთეული ან წყვილი, მოთავსებულია ფოთლის იღლიებში.  ყვავილების ყუნწები დაკიდებულია. ჯამი 5-ნაკვთიანია, ზარისებრი ფორმის.  გვირგვინი ზარისებრია, ნაოჭებიანი, მომრაგვლო ნაკვთებით, მურა-იისფერი ან მეწამულია, ღია ყვითელი მილით.
ნაყოფი კენკრაა, ორბუდიანი, იისფერ-მოშავო ფერის, პრიალა ზედაპირით, წვნიანი, მრავალთესლიანი.
თესლები ფორმით  თირკმელს მოგვაგონებს, ზოგჯერ დაკუთხულია. ერთი მხარე ამოზნექილია, მოპირდაპირე მხარე კი – ოდნავ ჩაზნექილია ან ბრტყელია. სათესლე ნაწიბური ერთ–ერთ კუთხეზეა განთავსებული, მცირე ზომისაა, ოდნავ ამობურცული, ღია ფერის, მომრგვალებული მუთაქის ფორმის. ლუპაში ჩანს, რომ თესლების ზედაპირი  წვრილუჯრედოვანია, მოვერცხლისფროდ მბზინვარე. გვხვდება სხვადასხვა შეფერილობის თესლები:  მოყვითალო-ნაცრისფერი, მოყავისფრო-ნაცრისფერი გარდამავალი შავში. თესლების ზომა 1,6-2,0X 1,3-1,5 X1,0 მმ. აბსოლუტური წონაა 0,7-1,4 გრ. 1 გრამი  950-1200 თესლს შეიცავს.
ყვავის მაის–ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივლისიდან ოქტომბრამდე.

Atropa belladonna

1.2. გავრცელება

Atropa belladonna გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთში, ჰიმალაის მთებში; ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ყირიმისა და კარპატების მთიან რაიონებში, ჩრდ. კავკასიაში.გვხვდება ზღვის დონიდან  200-1000 მ სიმაღლეზე, ეტანება  ტყის პირებსა და მდელოებს. გვხვდება მარტოულად ან  მცირე ნაზარდების სახით.
საქართველოში გავრცელებულია შმაგას ერთ-ერთი სახეობა Atropa caucasica Kr. იგი იზრდება მარტოულად ან ჯგუფებად ტენიან და ნოყიერ ნიადაგებზე.
A. caucasica გამოირჩევა უფრო მსხვილი ფოთლებით, მისი გვირგვინი მუქი იისფერი შეფერილობისაა.
კავკასიური ბელადონა იზრდება მთის შუა სარტყელის ტყეებში. ეტანება  დაჩრდილულ ადგილებს,ძირითადად გვხვდება რაყის სახით:  აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, ქართლში, მესხეთში, გარე კახეთში, მთიულეთში, თრიალეთში.

1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა

შმაგას ბუნებრივი რესურსები დღესდღეობით მცირედითაც ვერ აკმაყოფილებს მასზე მოთხოვნას. ამიტომაც ბევრი ქვეყანა ეწევა მის კულტივირებას.
რაც შეეხება Atropa belladonna Kr -ს, 1977 წ. მონაცემებით შეტანილია იშვიათ მცენარეთა კატალოგში. ამდენად, შმაგას კულტივირება საქართველოში მიზანშეწონილია ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

atropa_belladonna

1.4. სამკურნალო ნედლეული

სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს შმაგას ფოთლები, ბალახი და ფესვები Folium, Herba, Radix Belladonnae. ფესვებს იღებენ კულტურის მხოლოდ ბოლო წელს. ნედლეულს აქვს სპეციფიური სუნი, გემოს შემოწმება შხამიანობის გამო არ შეიძლება!
მშრალი ნედლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 13%-ს, ნაცრიანობა – 15%-ს. ალკალოიდების შემცველობა ბალახში და ფოთლებში არანაკლებ 0,3%, ფესვებში – არანაკლებ 0,5%.
ორგანული მინარევების შემცველობის დასაშვები ნორმა არ აღემატება 0,5%-ს, მინერალური მინარევებისაც არაუმეტეს 0,5%, გაუფერულებული და გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 3%.

1.4. ქიმიური შემადგენლობა

შმაგას ყველა ორგანო შეიცავს ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს, ატროპინს, ჰიოსციამინს, ბელადონინს, სკოპოლამინს, ატროპამინს. გარდა ამისა შეიცავს კუმარინებსაც.

შმაგა

ალკალოიდების შემცველობა მცენარის მიწისქვეშა ნაწილში 1,3%-ია, ფოთლებში – 1,2%, ღეროებში – 0,65%, ყვავილებში – 0,6%, ნაყოფებში – 0,7%.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში შმაგაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: – ჰიოსციამინი, ატრიპოზიდი F, ატროპინი, ატროპოზიდი E, ბელარადინი,  ნიკოტინი, სკოპოლამინი, სტერინები. ტროპანული ალკალოიდები,ფენოლკარბონის მჟავები და მათი ნაწარმები, ფლავონოიდები, ჰიოსციამინი N-ოქსიდის ფორმით, ჰიოსციამინი, -ჰიოსცინი, ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.

შმაგა შხამიანი მცენარეა!

2. შმაგას კულტივირება

შმაგას კულტივირებისას მხეველობაში უნდა მივიღოთ, რომ იგი შხამიანი მცენარეა და მისი კულტივირებისათვის გამოყოფილ ნაკვეთებზე ყველგან უნდა გაკეთდეს მცენარის შხამიანობის აღმნიშვნელი ნიშანი!

Atropa belladonna

2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება

შმაგას კულტივირება მიზანშეწონილია დაბლობ ადგილებში, ვინაიდან იგი სითბოს მოყვარული მცენარეა. მოითხოვს ნოყიერ ნიადაგებს, რომლებიც ჰაერისა და ნესტის კარგი შეღწევადობით ხასიათდებიან. ნიადაგში ნესტიანობა ზომიერი ინდა იყოს. უპირატესობა ენიჭება მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის ტუტე ნიადაგებს.
დაუშვებელია შმაგას დათესვა იმ ნაკვეთებზე, რომლებზეც მანამდე მოშენებული იყო კარტოფილი, პომიდორი, ან ძაღლყურძენისებრთა ოჯახის სხვა კულტურები, რათა თავიდან იქნას აცილებული მავნებლებისა და დაავადებების გადატანის საშიშროება.
საუკეთესო წინამორბედად ითვლება საშემოდგომო ხორბლის კულტურები, სხვადასხვა ბოსტნეული, ტექნიკური კულტურები, რომლებიც ძაღლყურძენისებრთა ოჯახს არ ეკუთვნიან.
შმაგას გასაშენებლად შერჩეულ ნიადაგს მზრალად მოხნავენ 25 სმ სიღრმეზე. დათესვის წინ ნიადაგს დაფარცხავენ, საჭიროების შემთხვევაში ატარებენ კულტივაციას 5-6 სმ სიღრმეზე. ამის შემდეგ დაფარცხავენ და ზედაპირს მოასწორებენ. ზამთრის პირას დათესვისას კულტივაცია 10-12 დღით წინ უნდა უსწრებდეს დათესვას.
შმაგას კულტივირებისას უპირატესობა ენიჭება ტუტე ნიადაგებს. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ატარებენ ნიადაგის ტუტიანობის ასამაღლებელ ღონისძიებებს (ჩამქრალი კირით, ნაცრით).
ნიადაგის გასანოყიერებლად მოხვნისას შეაქვთ ნაკელი ან კომპოსტი 1 ჰა-ზე 40-60 ტ. კარგ შედეგს იძლევა მინერალური სასუქების შეტანაც (0,3-0,4 ტ. სუპერფოსფატი). შმაგას კულტივირებისათვის ხელსაყრელია სარეველებისაგან გასუფთავებული ნიადაგები.
შმაგას კულტივირებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ იგი შხამიანი მცენარეა. მუშაობისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები. პლანტაციაში გაკეთდეს შესაბამისი წარწერები. პლანტაციასთან ბავშვებისა და მოზარდების ურთიერთობა დაუშვებელია.

Atropa Belladonna

2.2. გამრავლება

ჩვენს პირობებში უპირატესობა ენიჭება ღია გრუნტში დათესვას.
ფესვებით გამრავლება რეკომენდებულია მკაცრ კლიმატიანი რაიონებისათვის, სადაც არსებობს მცენარის გაყინვის საშიშროება. ფესვებით გამრავლებისას ნედლეულის შეგროვება უფრო ადრეულ ვადებში ხერხდება. ჯამური მოსავლიანობაც უფრო მაღალია.

Smaga
ღია გრუნტში შმაგას საგაზაფხულო დათესვამდე სასურველია თესლის წინასწარი დამუშავება (სტრატიფიცირება). ამისათვის, თესლებს შეასველებენ 180 – 200C ტემპერატურის წყალში, 10-12 საათით. გაჯირჯვებულ თესლს ტომარაზე დაყრილ სველ ქვიშაზე დაყრიან და ზემოდანაც სველ ტომარას დააფარებენ. თოვლის მოსვლის წინ ზემოთ აღწერილი ტომრები გადააქვთ ტრანშეაში და ზემოდან ყინულს ან თოვლს დააყრიან. ადრე გაზაფხულზე თესლებს გამოაშრობენ და ქვიშას გამოსცრიან.
თესლის სტრატიფიკაციას სჭირდება 2 თვე. საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ შმაგას თესლი სქელკანიანია და გვიან ღივდება. ამიტომ, გაზაფხულზე დათესვისას აუცილებელია სტრატიფიცირება.
ზამთრის წინ დათესვისას თესლის დამუშავება საჭირო არ არის, რადგან მას ბუნებრივად უტარდება სტრატიფიკაცია.
საგაზაფხულო დათესვა შესაძლებელია როგორც რიგობრივად (რიგებს შორის 60 სმ მანძილი), ასევე კვადრატულ-ბუდობრივად (ზომები 60X60სმ). თესლის ჩამაგრების სიღრმე 1 – 2 სმ-ია. კვადრატულ-ბუდობრივი წესით დათესვისას დათესვის ნორმა 2-ჯერ ნაკლებია.

ზამთრის პირს დათესვის ნორმა 1 ჰა-ზე

საგაზაფხულო დათესვის ნორმა 1 ჰა-ზე

რიგობრივად

კვადრატულ-ბუდობრივად

რიგობრივად

კვადრატულ-ბუდობრივად

8 კგ

4 კგ

10 კგ

5 კგ

ზამთრის პირას დათესვისას ნიადაგში თესლის ჩამარგება საჭირო არ არის. ჩათესვის სიღრმე კი 2-3სმ-ია. დათესვის შემდეგ ნათესებს ნეშომპალას ან ტორფის ფენას მოაყრიან.
შმაგას ფესვებით გასამრავლებლად, ფესვები 20 სმ-ის სიღრმეზე შემოდგომაზე დაუზიანებლად უნდა იქნას ამოღებული. ფესვებს ასუფთავებენ და 1 – 40C-ზე ინახავენ სარდაფში, კარგი აერაციის პირობებში. ადრე გაზაფხულზე ფესვებს გადაიტანენ ღია გრუნტში და ჩაამაგრებენ 3 – 4 სმ-ის სიღრმეზე.
შმაგა სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ჩითილების გამოსაყვანად სათბურში დათესვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს 20 – 300C ტემპერატურული რეჟიმი. სათბურში დათესვა ხდება რიგობრივად რიგებს შორის 5 სმ ინტერვალით. მას შემდეგ, რაც მცენარის აღმონაცენი 7 – 9 სმ სიმაღლეს მიაღწევს, გადარგავენ ღია გრუნტში. მუდმივ ადგილას რიგთაშორის 60 სმ, რიგებში 30 სმ მანძილის დაცვით. ჩვეულებრივ, სათბურში ჩითილის მისაღებად დათესვიდან 2,5 თვეა საჭირო.
ჩითილებით შმაგას გამრავლება დიდი მასშტაბით კულტივირების დროს წამგებიანად ითვლება დიდი შრომატევადობის და ხარჯების გამო.

Atropa belladonna

2.3. მოვლა

შმაგას ნათესების მოვლა იწყება აღმონაცენის გამოჩენამდე. ჯერ კიდევ ვიდრე ნათესები შესამჩნევი გახდება, რიგთაშორისებს დაამუშავებენ. შემდგომში, როცა უკვე ნათესი შესამჩნევი გახდება კვლავ დაამუშავებენ და გათოხნიან; მომდევნო დამუშავება კი განისაზღვრება საჭიროების მიხედვით. თოვლიანი ზამთრის შემთხვევაში გაყინვისაგან დასაცავად პლანტაციაზე მოიკავებენ თოვლს, მეორე და მომდევნო წელს პლანტაციის მოვლა იწყება ადრე გაზაფხულზე მისი გასუფთავებით  -  მოაცილებენ უსიცოცხლო ნაწილებს, გაიტანენ პლანტაციისაგან მოშორებით და დაწვავენ. ამის შემდეგ რიგთაშორისებს დაამუშავებენ.
მეორე და მომდევნო წლებში მოვლა ისეთივეა, როგორც პირველ წელს. ნიადაგი უნდა იყოს სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში.
ერთი და იგივე ადგილას კულტურის შენარჩუნება მიზანშეწონილია 5 – 6 წელიწადს.

2.4. მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა

შმაგას ზიანს აყენებენ სოკოვანი დაავადებების გამომწვევები: pleosphaerulina atropae, Alternaria sp, Verticillium da Fusarium.
სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება ბორდოს 9% ხსნარი. მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატება დამოკიდებული აგროტექნიკური წესების ზუსტად დაცვაზე. გათვალისწინებულიუნდა იქნეს თესლბრუნვაში ადგილის სწორად შერჩევა. როგორც ზემოთ აღვნიშეთ, თესლბრუნვაში მეწინავე კულტურად დაუშვებელია ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლის არსებობა, ვინაიდან იგი გამოიწვევს იგივე დაავადებათა გამომწვევების დატოვებას პლანტაციაში.
დაავადებების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მცენარე უნდა ამოიძირკვოს და პლანტაციისაგან მოშორებით დაიწვას.

Atropa belladonna

2.5. ნედლეულის აღება

ფოთლებში ალკალოიდების შემცველობა მაქსიმალურია ყვავილობის დასაწყისში. ამ დროს აწარმოებენ ნედლეულის პირველად შეგროვებას. შეგროვების შემდეგ, როცა ახალი ფოთლები განვითარდება, კვლავ შესაძლებელია ნედლეულის აღება. ჩვეულებრივ შეგროვებათა შორის პერიოდი 4 – 5 კვირაა. იმის მიხედვით, თუ რომელ რაიონებშია კულტივირებული და რა აგროწესებით, შეგროვების რაოდენობაც სხვადასხვა შეიძლება იყოს.
ნედლეულის მისაღებად მცენარეს მოჭრიან 8 – 10 სმ სიმაღლეზე, ვეგეტაციის ბოლოს შეგროვებისას 15 – 20 სმ-ზე. შმაგას ფოთლებს აგროვებენ მშრალ, მზიან ამინდში, მას შემდეგ, რაც მცენარეს ცვარი შეაშრება.
შეგროვებული ფოთლების გროვად გაჩერება დაუშვებელია, რათა ისინი არ ჩახურდნენ და არ დაკარგონ თვისებები. 1 ჰა-ზე მშრალი ფოთლების წლიური მოსავლიანობაა 0,8  -  1 ტ., ბალახისა  -  1,2  -  1,5 ტ.
შმაგას ფოთლებს აშრობენ სხვენზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სახურავის მზეზე კარგად გაცხელება და კარგი აერაცია. შესაძლებელია შრობა მაშრობებშიც. შრობის ტემპერატურული რეჟიმი თავდაპირველად 40  -  450 C-ის ფარგლებში. 1 მ2-ზე 1 კგ ფოთლებს გაშლიან და დროდადრო აურევენ. ფოთოლს გახმობის შემდეგ შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მურა-მწვანე ფერი. რიგ შემთხვევებში ნედლეულად შეიძლება გამოყენებული იქნეს შმაგას მიწისზედა ნაწილი მთლიანად, ანუ `ბალახი~. ამ შემთხვევაში ჯერ დააქუცმაცებენ 4 სმ სიგრძის ნაჭრებად და შემდეგ იგივე ტემპერატურული რეჟიმის დაცვით აშრობენ.
შმაგა ძლიერ ჰიგროსკოპულია. ამიტომ მას ინახავენ განსაკუთრებით მშრალ სათბურში კარგი აერაციის პირობებში.
შმაგას ფესვებს აგროვებენ კულტურის ბოლო წელს. ფესვები სიგრძით 10 – 20 სმ-ია, სიგანით 0,5 – 2 სმ, გარედან მურა-რუხი ფერისაა, ჭრილში  -  მოყვითალო.
ასევე ახმობენ ბალახსა და ფოთლებს.
ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან:
“ფოთლები კვერცხისებრ-ელიფსურია, 20 სმ სიგრძის და 10 სმ სიგანის, თხელი, მტვრევადი, მურა-მწვანე, მოკლეყუნწიანი, უსუნო, გემოს არ უსინჯავენ. დაწვრილმანებული ფოთლები სხვადასხვა ფორმის ნაჭრებია, გამავალი 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში. მშრალი ფოთლები ძლიერ ჰიგროსკოპულია, ამიტომ ინახავენ კარგად თავდახურულ ქილებში, მშრალ შენობაში.
ბალახი შედგება 4-5 სმ დაჭრილი ცილინდრული ღეროების, ფოთლების, ყვავილების და ნაყოფებისაგან. ღეროები გარედან ღია-მწვანეა, გადანაჭერზე მოთეთრო, ფაშარი გულგულით.
ფესვები 10-20 სმ სიგრძის და 0,6-2 სმ სიგანისაა, ცილინდრული ან სიგრძივ დაჭრილი, გარედან ღია ნაცრისფერ-მურა, გადანატეხზე მოყვითალო-მარცვლოვანი, უსუნო. ზოგჯერ შეიგრძნობა თამბაქოს სუნი. გემოს არ უსინჯავენ – შხამიანია!.”

Atropa belladonna

3. შმაგას გამოყენება

შმაგა მედიცინაში ფრიად პოპულარული მცენარეა. მისგან ამზადებენ მრავალრიცხოვან სამკურნალო პრეპარატებს. ამ პრეპარატებს გააჩნიათ სპაზმოლიზური და ტკივილდამაყუჩებელი თვისებები. ნაჩვენებია მათი გამოყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, კუჭის და თირკმელების სპაზმის, ნერწყვისა და ლორწოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის დროს. შმაგას პრეპარატები გამოიყენება ოფთალმოლოგიაშიც თვალის გუგების გასაფართოებლად. შმაგას შემცველი ალკალოიდები გამოიყენებიან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდაც.
იმ მრავალრიცხოვანი პრეპარატებისაგან, რომლებიც შმაგას ალკალოიდებისაგან მზადდება, მოვიყვანთ რამდენიმეს:
-  შმაგას სპირტოვანი ნაყენი, მზადდება შმაგას ფოთლებისაგან;
-  ზელენინას წვეთები, შეიცავს შმაგას სპირტოვან ნაყენს;
-  შმაგას სქელი ექსტრაქტი;
-  შმაგას მშრალი ექსტრაქტი;
-  ასტმატოლი, სიგარეტების სახითაა, შიცავს შმაგას ფოთლების  ფხვნილს, გამოიყენება ბრონქიალური ასთმის დროს;
-  სოლუტანი, სითხოვანი ფორმაა, გამოიყენება ბრონქიალური ასთმისა და ბრონქიტების დროს;
-  ბელატამინალი, ტაბლეტების ფორმით (გამოიყენება უძილობის, აღგზნე-ბულობის, კლიმაქტერიული ნევროზის, ნეიროდერმიტების, ვეგეტაციური დისტონიების დროს)
-  ბელასპონი (გამოიყენება უძილობის, აღგზნებულობის, კლიმაქტერიული ნევროზის, ნეიროდერმიტების, ვეგეტაციური დისტონიების დროს)
-  ბეკარბონი, ტაბლეტების ფორმით, კუჭის მჟავიანობის მომატებისას კუჭ-
ნაწლავის სპაზმის დროს;
-  ბესალოლი, ტაბლეტების ფორმით; (კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს)
- ბეპასალი, ტაბლეტების ფორმით; (კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს)
- ბელალგინი, ტაბლეტების ფორმით, უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, გლუვი მუსკულატურის სპაზმის დროს;
-  ბელასთეზინი, ტაბლეტების ფორმით, კუჭ-ნაწლავისა და სანაღვლე გზების კოლიკის დროს;
-  ბეტიოლის სანთლები, ჰემოროის დროს;
-  ანუზოლის სანთლები, ჰემოროის დროს;
-  კორბელა (შეიცავს შმაგას ფესვის ალკალოიდებს)
-  ბელოიდი (შეიცავს შმაგას ფესვის ალკალოიდებს)
-  ატროპინი სულფატი, საინექციო და თვალის წვეთების ფორმით.
პრეპარატებს ინახავენ B-სიით.
ბოლო დროს,  შმაგას წარმატებით გამოყენება დაიწყეს ჰომეოპათიაში.

ამრიგად, შმაგა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცენარეა მარკეტინგული თვალსაზრისით. შმაგას კულტივირებისას და მოპოვებისას უპირველესად საგულისხმოა, რომ იგი ძალზე შხამიანი მცენარეა! მასთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ღონისძიებათა დაცვა.

Atropa belladonna

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. შმაგა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. შმაგა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1761 times by 884 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri