თათაბო ბაღის – Atriplex hortensis
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
лебеда садовая – Atriplex hortensis L.
1. ზოგადი აღწერა
მიეკუთვნება ორლებნიანთა ოჯახს – Chenopodiaceae Vent.) ბაღის თათაბო 60-150 სანტიმეტრის სიმაღლის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი ან განტოტვილი ღერო; ქვედა ფოთლები მსხვილი, სამკუთხა, მოგრძო-გულისებრი ან შუბისებრი ფორმისაა, მთლიანი ან დაკბილული.

საგველა ყვავილედი ცალსქესიანია. მამრობით ანუ მტვრიანა ყვავილებს ხუთდანაყოფიანი ყვავილსაფარი და შესაბამისად, ხუთი მტვრიანა გააჩნიათ; მდედრობით ანუ ბუტკოიან ყვავილებს აქვთ ნაყოფსაფარი; იგი შედგება ორი თანაყვავილედისგან, რომლებიც ხასიათდებიან ბადისებრ-ძარღვოვანი ზედაპირით და მომრგალებულ-კვერცხისებრი ფორმით. ნასკვი თავისუფალი, ერთბუდიანია, აქვს ერთი კვერცხუჯრედი და სვეტი, რომელიც ბოლოვდება ორი ძაფისმაგვარი დინგით. მცენარე ხშირად მთლიანად წითელი ფერისაა. ნაყოფი ანლაგებულია ყვავილსაფარში, ან თანაყვავილედსა და ნაყოფსაფარს შორის.
2. გავრცელება
გავრცელებულია რუსეთის პრაქტიკულად მთელ ევროპულ ნაწილში (კარელია-მურმანსკისა და დვინსკი-პეჩორის ოლქების გარდა), ციმბირში, უკრაინაში, ბელორუსში, კავკასიაში (აღმოსავლეთ ამიერკავკასიის რაიონები), შუა აზიაში (კერძოდ, არალ-კასპიის, ბალხაშისპირა და მთიანი თურქმენეთის რეგიონები).
იზრდება მლაშობ, მარილიან ნიადაგებზე, მდინარის ნაპირების გასწვრივ, ფერდობებზე, ხრამიან ადგილებში; მოჰყავთ ბაღებსა და ბოსტნებში.

3. ქიმიური შემადგენლობა
თათაბო შეიცავს საპონინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ფერულის მჟავას, ფლავინოიდებს (კემპფეროლს, კვარცეტინს), ბეტაინს. მცენარის ნაყოფში აღმოჩენილია ფენოლკარბონის მჟავები (როგორც ფერულის, ისე ვანილის), თესლში კი -საპონინები, ფერულის მჟავა და ლურჯი საღებარი.
4. სამკურნალო გამოყენება
ოფიცინალური მცენარე არაა.
ემპირიული მედიცინა სამკურნალო მიზნით იყენებს მცენარის ღეროებს, ფოთლებს, ყვავილებს, თესლებს. მისი ნახარში და ნაყენი შუა აზიის ქვეყნებში ითვლება დიურეისა და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. უკრაინისა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში კი მას მოიხმარენ სიყვითლის სამკურნალოდ. დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იღებენ არა მარტო ნახარშისა და ცოცხალი სახით, არამედ თაფლთან ერთადაც. გარდა ამისა, სიმსივნით დაავადებულ ხორხსა და სხვა ორგანოებზე თათაბოს ფოთლებს სალბუნად იდებენ. ემპირიული მედიცინა თვლის, რომ ეს მცენარე, სხვა სიკეთესთან ერთად, ანტიბაქტერიული აქტიურობითაც ხასიათდება. დიდი ხანია, ამ ბალახმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ხალხურ მედიცინაში. მაგალითად, რუსები და უკრაინელები მისი ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს სვამდნენ ძლიერი, სველი ხველების შესაჩერებლად. ამავე დროს, მცენარისგან მზადდებოდა ცხელსაფენები ჰემოროიდული კვანძების, პოდაგრის, შეშუპებული და გასივებული სახსრებისთვის. ბალახის ნახარშს, სელის ზეთთან ერთად, ხმარობდნენ ოყნისთვის – ყაბზობის დროს. სხვათა შორის, მცენარის თესლები იწვევს პირღებინებასა და მოდუნებას.

მომზადებისა და მიღების ემპირიული რეცეპტები:
1) 20 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 200 გრამ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 1-2 საათის განმავლობაში და შემდეგ გადაწურავენ. დღეში 3-4-ჯერ სვამენ 2 სუფრის კოვზს, როგორც შარდმდენ, ასევე სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას.
2) თათაბოს დაქუცმაცებულ ფოთოლს, 5 სუფრის კოვზის რაოდენობით, ყრიან ნახევარ ლიტრ წყალში და ადუღებენ 3-4 წუთის განმავლობაში; ნახარშს გააჩერებენ ერთ საათს და წყალს გადაუწურავენ. სვამენ ჭიქის მესამედ ნაწილს, დღეში — 4-5-ჯერ, ინფექციური სიყვითლის დროს.
3) 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ყვავილებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს, ნელ ცეცხლზე ადუღებენ 3-4 წუთის განმავლობაში; ნახარშს გააჩერებენ 1 საათს და წყალს გადაუწურავენ. სვამენ ნახევარ ჭიქას 3-4-ჯერ დღეში — ძლიერი, სველი ხველების დროს.
5. გამოყენების სხვა სფეროები
– გამოიყენება კულინარიაში. გაზაფხულზე ფოთლებს იყენებენ სხვადასხვა სალათის, პიურეს, მარინადების მოსამზადებლად და ბოსტნეულის დასაწნილებლად.
– ამრავლებენ როგორც დეკორატიულ მცენარესაც (წითელი ფერის გამო)
– მცენარის ღეროები, ფოთლები და თესლები ბეწვეულის ლურჯად შეღებვის კარგ საშუალებად ითვლება.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. თათაბო ბაღის. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. თათაბო ბაღის. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
…
Viewed 896 times by 446 viewers


