სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ.

უცუნა ლამაზი - Colchicum speciosum Stev.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Безвременнык великолепный

1. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება

ლამაზი უცუნა – Colchicum speciosum Stev., შროშანასებრნი – Liliaceae ოჯახს მიეკუთვნება.  იგი მრავალწლოვანი ტუბერბოლქვიანი მცენარეა.
თავისი ბიოლოგიით უცნაური მცენარეა: ნაყოფი და ფოთოლი ადრე გაზაფხულზე ფორმირდება. ზაფხულში მცენარე მოსვენების სტადიაში გადადის (მცენარის მიწისზედა ნაწილი კვდება). შემოდგომაზე  ამთავრებს მოსვენების პერიოდს– ამოდის საყვავილე ისარი იისფერი დიდი გვირგვინის ფურცლებით.

ucuna

მისი ტუბერბოლქვი მსხვილი, ოვალური მოყვანილობისაა. ბოლქვის ქვედა ნაწილში ნისკარტისებური გამონაზარდია, რომელიც დაფარულია ხმელი მუქი-დარიჩინისფერი ბზინავი ქერცლებით. ბოლქვის სიგრძე 3-5სმ-ია, სიგანე 2-4 სმ. ბოლქვი ნიადაგში 10-12 სმ სიღრმეზეა.
ყვავილები მსხვილია, მოვარდისფრო, იშვიათად თეთრი; ისინი უსუნოა. ყვავილსაფარი შედგება 6 ფართოოვალური ნაწილისაგან. თითოეული ნაწილი 6-10სმ დიამეტრისაა. ყვავილსაფარის მილის სიგრძე 25-40 სმ-ია. მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაყოფმსხმოიარობის ფაზაში 25-40სმ-ია.
ფოთლები უმეტესად 4-5–ია, მსხვილი, ოვალური, მოგრძო მოყვანილობის. ფოთლის წვერო ბლაგვია. ამოდის მეორე წლის გაზაფხულზე. ღერო არ აქვს.
ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თესლები მომრგვალოა, დარიჩინისფერი, 2-3მმ დიამეტრით.
უცუნა ყვავილობს ზაფხულში და შემოდგომით. ყვავილობისას ფოთოლი არა აქვს. შეფოთლილი ყლორტი და ნაყოფები ვითარდება მომდევნო წლის გაზაფხულზე. ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. დათესლიანების შემდეგ მცენარის მიწისზედა ნაწილი კვდება. ზაფხულობით ბოლქვები მოსვენებით მდგომარეობაშია. ბოლქვები ყოველწლიურად განიცდიან შეცვლას. საგაზაფხული ვეგეტაციის ბოლოს დედა ბოლქვს ცვლის შვილეული.

Colchicum_speciosum_Album

1.2. სახეობა Colchicum liparochiadys G. Woron. (= C. Woronowi Bokeria)

[9]: ,,Colchicum liparochiadys G. Woron. (= C. Woronowi Bokeria) – თვლიან ლამაზ უცუნას ეკოლოგიურ ტყის რასად (ზოგი სისტემატიკოსი კი დამოუკიდებელ სახეობად მიიჩნევს) იგი ტიპიურია მხოლოდ აფხაზეთისათვის. მისი ტუბერბოლქვი და ფოთლები უფრო მასიურია, ყვავილები კი შედარებით პატარაა. ტუბერბოლქვის საფარი მუქი ყავისფერია, პრიალა”.

colchicum

1.3. გავრცელება

უცუნა გავცელებულია საკამოდ ფართო ეკოლოგიურ დიაპაზონის რაიონებში. იგი გვხვდება კავკასიაში, მცირე აზიაში, ირანში. საქართველოში გვხვდება სამეგრელოში, იმერეთში. აფხაზეთში. სვანეთში, ქართლში, კახეთში. წაბლნარ, წიფლნარ და წიფლნარ-რცხილნარ ტყეებსა და ალპურ საძოვრებზეც, აგრეთვე სუბალპურ ტყეებში.ზღვის დონიდან 150-3000 მ სიმაღლის ფარგლებში,
კავკასიაში იგი გავრცელებულია ყველგან. უცუნას მართალია გავრცელების ფართო ეკოლოგიური დიაპაზონი ახასიათებს, მაგრამ იგი ლოკალური ეკოლოგიური არეალისადმი მომთხოვნი და პრეტენზიულია. ამ მიზეზით იგი მოიპოვება ცალკეულ, შეზღუდულ ადგილებში, შეზღუდული რაოდენობით.

Colchicum speciosum Stev

1.4. ეკოლოგიური ღონისძიებები

უცუნას ბუნებაში მოპოვებისას რეკომენდირებულია 100 მ 2 ფართის ბარდში არანაკლებ 10-20 ყვავილოვანი ძირის ხელუხლებლად დატოვება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოცემულ ადგილას მისი კვლავწარმოება. ამავე მიზეზით, ერთი და იგივე ადგილას დამზადება მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ უნდა მოხდეს. რაც შეეხება შუამთასა და სუბალპურ მინდვრებს, იქ უცუნა უფრო ენერგიულად მრავლდება ვეგეტატიური გზით, ამიტომ მისი დამზადებაც ამ პირობებში უფრო ინტენსიურად შეიძლება. საკამარისია 100 მ 2 ბარდზე 5-10 ეგზემპლარის დატოვება, ხოლო მომდევნო დამზადება 3 წლის შემდეგ.

1.5. ქიმიური შემადგენლობა

ძლიერ შხამიანი მცენარეა!
ნედლეულია უცუნას ნედლი ტუბერბოლქვი – Bulbotuber Colchici recens
უცუნა ალკალოიდების შემცველი მცენარეა. მისი ალკალოიდებია კოლხიცინი და კოლხამინი.მათი რაოდენობა ტუბერბოლქვებში 0,25%, ფოთლებში 0,2-0,6%, თესლებში 1,2%-ია. “ალკალოიდების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს ფოთლების ფორმირების დასაწყისში, ხოლო კოლხამინი მერყეობს 0,01-0,072% ის ფარგლებში და ის ალკალოიდების ჯამში დომინანტობს ფოთლებისა და ნაყოფების სრული ფორმირებისას. დადგენილია, რომ თესლებში ალკალოიდები ლოკალიზებულია გარსის მესამე ფენაში და ენდოსპერმში” [9].
ალკალოიდების გარდა უცუნას ბოლქვი შეიცავს ფლავონ აპიგენინს, არომატული რიგის მჟავებს, ფიტოსტერინებს, შაქრებს.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში უცუნაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: 3-დემეთილ-კოლხიცინი, 3-მედეთილდემეკოლცინი, N-ფორმილ-ეზაცეტილკოლხიცინი, თიოკოლხიცინი C22H27O4NS2, კოლხამინი, კოლხიკოზიდი, კოლხიცერინი, კოლხიცინი, სპეციოზინი, ფიტოსტერინი, ფლავონოიდები, შაქრები და ა.შ.

ucuna

[9]: ,,იგივე ჯგუფის ალკალოიდებით მდიდარია ევროპული სახეობა – Colchicum autumnale L. – შემოდგომის სათოვლია. პირველად კოლხიცინი ამ სახეობიდან გამოყვეს პელეტიემ და კავენტუმ 1820 წ. ასევე მნიშვნელოვანი ნედლეულია ჩვენში მოზარდი სახეობებიც. ფარმაკოგნოზიის კათედრაზე ჩეხ მეცნიერ ფ. შანტავისთან ერთად ცრდილის სათივლიასაგან – Colchicum umbrosul Stev.  და მონათესავე მცენარის სამბუტკოიზანი ენძელასაგან – Merendera trigyna (Ad) Woron. პირველადაა გამოყოფილი კოლხიცინი b-დემეკოლხიცინი, Ծ-დემეკოლხიმეკოლცინი, N-ფორმილ-N-დეზავეტილკოლხიცინი, 2-დემეკოლცინი და 3-დეკოლცინი. დადგენილია 2 არატროპალონური ნივთიერება. ამრიგად ეს სახეობებიც პერსპექტიულია მედიცინისათვის.” ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.

Colchicum speciosum

2. კულტივირება
2.1 გამრავლება

უცუნას გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლებით, ასევე ვეგეტატიურად. ვეგეტატიური გამრავლებისას გამოიყენება შვილეული ბოლქვები. ერთი მცენარიდან შესაძლებელია 3-10 ასეთი შვიდი ბოლქვის მიღება.

2.2. ექსპერიმენტალური მონაცემები

(ექსპრიმენტებს ატარებდნენ გურამ ციხელაშივილი და ლევან შენგელია)
ჩვენი დაკვირვებით უცუნას კულტივირებისათვის უმჯობესია მშრალი თიხნარი ნიადაგები. თესლით გამრავლებისას ბოლქვი საშუალო სიდიდეს აღწევს 6-7 წლის შემდეგ. თესლით გამრავლებისას სასურველია ფხვიერი, კარგად დრენაჟირებული თიხნარი ტყის მიწა. არ არის რეკომენდებული ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განვითარებას აჩერებს და კნინდება. ჩვენს საცდელ ნაკვეთზე ახმეტის რაიონში კულტივირებას ვატარებდით შავმიწა კარბონატულ ნიადაგებზე, რომლებზეც მივიღეთ თესლის სრულყოფილი აღმონაცენი. 5 მ2 ფართიდან მივიღეთ 30კგ ბოლქვი.

Colchicum_speciosum

2.3. ნედლეულის შეგროვება

უცუნა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი დამზადებისას საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა. უცუნას ნედელულს წარმოადგენს ბოლქვები, რომელსაც აგროვებენ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით, ყვავილობის დროს. ნედლეულად ვარგისია მსხვილი ბოლქვები, რომელთა სიგრძე არანაკლებ 4 სმ-ია, ხოლო სიგანე 3 სმ.
შეგროვებისას საჭიროა სიფთხილე, რათა ბოლქვი არ დაზიანდეს. დაზიანებული ბოლქვები ობდებიან და ლპებიან. ბოლქვს მიწიდან იღებენ ფესვებიანად. დაზიანებული და 4სმ-ზე ნაკლები სიგრძის ბოლქვები უნდა ჩაიმარხოს ბუდეში. არ შეიძლება უცუნას ბოლქვების შეგროვება ყვავილობამდე.
დაუზიანებელ და ზომიერ ბოლქვებს მიწისაგან ასუფთავებენ, მოაშორებენ ბოლქვის გვერდზე არსებულ ყლორტს ყვავილთან და ფესვთან ერთად ისე, რომ ნისკარტისებური გამონაზარდი არ დაზიანდეს. შეგროვებულ ნედლეულს აშრობენ. ბოლქვებს გაშლიან თხელ ფენად. ფენის სისქეს 10 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. შრობა შესაძლებელია მზიან ადგილებში ან კიდევ თბილ სათავსოში სადაც ჰაერი თავისუფლად მოძრაობს (ნიავდება). დაუშვებელია ბოლქვების გარეცხვა და დასველება, ამ დროს მათი ხარისხი იკარგება. ღია ადგილას შრობისას ნედლეულს ღამით და ნესტიან ამინდში ბრეზენტს ან ფირფიტას აფარებენ. საყურადღებოა ამ დროს ნედლეული არ ჩახურდეს.
უცუნას ნედლეული წარმოდგენილია მკვრივი მოგრძო ფორმის ბოლქვებით. ცალ მხარეზე აქვს უფრო ბრტყელი, მოგრძო ღარი; ბოლქვის სიგრძეა 7სმ, სიგანე 6სმ. იგი დაფარულია მურა-დარიჩინისფერი კანით. ნედლეულს აქვს სუსტი არასაიამოვნო სუნი, გემო არ ისინჯება, ვინაიდან იგი შხამიანია!
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები მოცემულია ცხრილში

გამშრალ ბოლქვებს ინახავენ 20კგ-იან ყუთებში, რომლებიც ჰაერშეღწევადია. ყუთს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს წარწერა: ~შხამიანია~. შენახვა უნდა მოხდეს განცალკევებით, კარგი აერაციის მქონე სათავსოში, რომელიც ჩაკეტილი იქნება.
ნედლეულის შენახვის ვადა 3 თვეა.

უცუნა

3. გამოყენება
3.1 .გამოყენება მედიცინაში

უცუნას ბოლქვებში შემავალ ალკალოიდებს – კოლხიცინსა და კოლმახინს გააჩნიათ სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა. კოლმახინის ბაზაზე მზადდება ომაინის მალამო, რომელიც გამოიყენება კანის კიბოს დროს, ხოლო ტაბლეტების სახით ხმარობენ ქრონიკული ლეიკოზის, საყლაპავისა და კუჭის კიბოს შემთხვევაში.
მისი გამოყენება დაფიქსირებულია უძველეს წერილობით წყაროებში. შუა საუკუნეებში უცუნას იყენებდნენ პოდაგრისა და რევმატიზმის სამკურნალოდ.
ეფექტურია პერიოდული დაავადებისას, რომელიც სომხეთში ენდემური ხასიათისაა; კოლხიცინით მკურნალობის შედეგად კლებულობს შეტევების სიხშირე და სიმძლავრე. კოლხიცინი როგორც მუტაგენური საშუალება, გამოიყენება სელექციაში პოლიპლოიდური ჯიშების გამოსაყვანად.

3.2 გამოყენების სხვა სფეროები

კოლხიცინს გააჩნია გაღივებული თესლის უჯრედის ბირთვის ქრომოსომულ აპარატზე ზემოქმედების უნარი, რის გამოც მას იყენებენ მცენარის პოლიპლოიდური ფორმების მისაღებად.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. უცუნა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. უცუნ. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1510 times by 710 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka