მკურნალობა უცხოეთში


რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ

წყავი სააფთიაქო – Laurocerasus officinalis M. Roem. (=Prunus Laurocerasus L)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

1. ზოგადი აღწერა

სააფთიაქო წყავი – Laurocerasus officinalis M. Roem. (=Prunus Laurocerasus L), ვარდისებრთა –  Rosaceae ოჯახს მიეკუთვნება.
8 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. დაფარულია მუქი რუხი ქერქით. ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფერად ზემოდან პრიალა მუქი მწვანეა,ქვემო მხრიდან უფრო მქრქალი, ტყავისებრი, მოკლეყუნწიანი,  ელიფსური ფორმის,  კიდეები ზიგჯერ არაღრმად დაკბილული აქვს. სიგრძეში 20 სანტიმეტრს აღწევს.  მთავარი ძარღვის ფუძესთან  2-4 ჯირკვალია განთავსებული. ფოთლებს დამახასიათებელი სუნი და მწარე გემო აქვთ.

Prunus Laurocerasus

ყვავილები მტევნებადაა შეკრებილი და წინა წლის ფოთლების იღლიებშია განთავსებული, სურნელოვანია, მსხვილი, თეთრი, ძირთან უფოთლო.
ნაყოფი მომრგვალო-კვერცხისებრია, კურკიანია, შავი, ხორცოვანი, ოდნავ ძელგი წვნიანი რბილობით.

2. გავრცელება

საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, სამაჩაბლოში, ქართლში, კახეთში, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლემდე. უფრო მეტად– დასავლეთ საქართველოში.
ველურად უმეტესად გვხვდება ქვეტყის სახით წიფლნარ და ნაძვნარ-სოჭნარ ტყეებში. აჭარა–გურიაში ფართოდაა კულტივირებული, როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. ხშირად რგავენ ღია ცის ქვეშ მოწყობილ მარნების თავზეც, რადგან მარადმწვანეა, კარგ ჩრდილს იძლევა და არ აზიანებს ქვევრებს.

Prunus Laurocerasus

3. ნედლეული

ოფიცინალური ნედლეულია წყავის ფოთოლი – Folium Laurocerasi
ხალხური მედიცინა სამკურნალო თვისებებს მიაწერს ნაყოფსაც.
ფოთლების შეგროვება ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩრდილში იოლად შრება.
წარმოება ძირითადად ნედლ ფოთლებს იყენებს.
ფოთლების დამზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემკვეთის მოთხოვნები შემადგენლობაზე. შემკვეთი შეიძლება ორიენტირებული იყოს ფლავონოიდების ან კატექინების შემადგენლობაზე.
- თუკი შემკვეთი ორიენტირებულია ფლავონოიდებზე ფოთლები თებერვალში უნდა დაიკრიფოს;
– თუკი ორიენტირებულია  კატექინებზე – აპრილში.

4. ქიმიური შედგენილობა

ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში წყავის ფოთოლზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: β-სიტოსტერინი,   ამიგდალინი,  ბენზალდეფიდი,  ეთეროვან ზეთი,  მთრთილავი ნივთიერებები,  პრულაურაზინი,  პრუნაზინი,   სტეროიდები,  სტიგმასტერინი,  ტრიტერპენოიდები,  ფენოლკარბონის მჟავები,  ციანწყალბადმჟავა.
[9]–ეს მიხედვით: ,,საქართველოში მოზარდი წყავის ფოთლებიდან და ნაყოფებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია (+)-კატექინი, (-)-ეპიკატექინი, ლეიკოციანიდინისა და (+)-კატექინის დიმერი; ლეიკოციანიდინისა და (-)-ეპიკატექინის ტრიმერი; ფლავონოიდებიდან ქვერცეტინი, კემფეროლი, მათი გლიკოზიდები, ჰიპერინი, პეონიდინი, ციანიდინი”.

Prunus Laurocerasus

5. გამრავლება

წყავის სპეციალური პლანტაციის გაშენების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ კომპლექსური ფარმაკობოტანიკური მეურნეობის კომპლექსში გარკვეული რაოდენობის გაშენებით, სპეციფიკური ნიშის ათვისება შეიძლება. ძირითადად, აშენებენ ნამყენ ნერგებს მრავლდება კურკით.

6. მედიცინაში გამოყენება

ფოთლებისაგან ამზადებენ ე.წ. “წყავის წყალს”. წყავის წყალი მზადდება ნედლი ფოთლებისაგან. მასზე აყენებენ თბილ წყალს და ხდიან. მასში ციანწყალბადმჟავას მინიმალური შემცველობა  0,1% უნდა იყოს.
“ჰომეოპათიაში იყენებენ ეპილეფსიის, ტუბერკულოზის, ყივანახველას საწინააღმდეგოდ. დადგე ნილია ფოთლებში არსებული ფიტონციდების პროტისტოციდული და ანტივირუსული აქტივობა.” [9]”

Prunus laurocerasus

- წყავის წყალს გამაყუჩებელ საშუალებად ხმარობენ.
- იყენებენ  წამლების გემოს გასაუმჯობესებლადაც.
- ნედლ ნაყოფს აქვს შემკვრელი მოქმედება.
- წყავის ნაყოფსა და მურაბას ხალხი გულის სამკურნალო თვისებებსაც მიაწერს

6. გამოყენების სხვა სფეროები

6.1 ხილია. იყენებენ ნედლად და მურაბების სახით
6.2 დეკორატიული, მარადმწვანე მცენარეა.

prunus laurocerasus fruits

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka