ხარისშუბლა ბრტყელფოთოლა – Senecio platyphylloides Somm.et L.
ხარისშუბლა რომბისებრფოთოლა – Senecio rombifolia (Wild.) Sch. Bip.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Крестовник плосколистный – რუს.
Goundsel –ინგ.
Greiskaut-გერ.
Sencon-ფრანგ.
ძლიერ შხამიანი მცენარეა!
1. ზოგადი ნაწილი
გვარი Senecio საქართველოში წარმოდგენილია 25 სახეობით. მათ შორის ბევრი ენდემია.
1.1. ზოგადი დახასიათება
ბრტყელფოთოლა ხარისშუბლა – Senecio platyphylloides Somm. et Lev. (=Adenostyles platyphylloides (Som. et Lev.) Czer.=A. rhombifolia (Adam) M. pimen) რთულყვავილოვანთა – Asteraceae (Compositae) ოჯახს მიეკუთვნება.
ორ მეტრამდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ერთი სწორმდგომი, ნეკნებიანი, შებუსვილი ღერო აქვს. ღერო ზედა ნაწილში დატოტვილია.
ფესურა გრძელია, მხოხავი, რუხი-მურა, მრავალრიცხოვანი თასმისებრი ფესვებით. ფესურიდან გამოდის რამდენიმე ვერტიკალურად მიმართული ფესვი.
ფესვთანური ფოთლები მსხვილი, 20 სმ სიგრძის და 40 სმ სიგანისაა, გრძელ ყუნწზეა განთავსებული. ფორმით თირკმლისებრ–გულისებრი, კიდე არათანაბრად დაკბილული, წვეროში წამახვილებული. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, მორიგეობითი, კიდემთლიანი, სამკუთხა მოყვანილობისაა, ფუძესთან ძლიერ ამოღრმავებულია, კიდეები არათანაბარ დაკბილულია, ფოთლის ყუნწს გვერდებზე ფრთები აქვს, რომელიც ბიბილოებივით გამოიყურება.
ღეროსა და ზემოთა ტოტების ბოლოებზე მოთავსებულია ფარისებური საგველა ყვავილედი, რომელიც შედგება მრავალრიცხოვანი წვრილი კალათებისაგან. თითოეულ კალათაში 10-15 მილისებური ყვავილია. იგი ყვითელი ფერის 4 კბილიანი გვირგვინითაა წარმოდგენილი. კალათის საბურველი ცილინდრულია.
თესლები (თესლურა) ოდნავ მოდრეკილი, წაგრძელებული უკუღმა კვერცხისებური ფორმისაა, მუცლის მხრიდან მცირედ ჩაჭყლეტილია.მუთაქით შემოვლებული წვერი ღია ფერისაა. თესლების ფუძე წაკვეთილია, ნათლად ჩანს მრგვალი სათესლე ნაწიბური. თესლების ზედაპირი მქრქალია, გლუვი, გრძივი წიბოები ღრმულებს ენაცვლებიან. თესლები ყავისფერია, წიბოები ღია ყავისფერი . თესლების ზომა 3,8-4,0 X1,0-1,2 X1,0-1,2 მმ .
ხარისშუბლა ყვავილობს ივლისიდან აგვისტოს შუამდე, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.

1.2 გავრცელება
ხარისშუბლა იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ ზონაში. იგი უმეტესად კარგადაა განვითარებული ზღვის დონიდან 1500-2500 მ სიმაღლემდე. ხარისშუბლა კავკასიის ენდემია. საქართველოში იგი გვხდება აჭარაში, სვანეთში, რაჭაში, მესხეთში,მცირე კავკასიონზე,ტყის ზოლის გაყოლებით, გვხვდება ზღვის დონიდან 1600–2500 მ მაღალბალახეულ ფიტოცენოზებში. დადგენილია, რომ [9] აფხაზეთსა და სვანეთის მარაგები ნაკლებ რენტაბელურია ალკალოიდების დაბალი შემცველობის გამო.
1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა
მარაგები არასწორი ექსპლოატაციის გამო დიდად შემცირებულია. განსაკუთრებით ბაკურიანში, ზეკარისა და გოდერძის უღელტეხილებზე, ბახმაროზე, სადაც მცენარე პლატიფილინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მცენარის დაცვის მიზნით, მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან შექმნილი იყო აღკვეთილები ბახმაროსა და გომის მთაზე.
ხარისშუბლას პლანტაციების გაშენება პერსპექტიულია როგორც ეკოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
1.4. ნედლეული
ბაზარზე კოტირებადი ნედლეულია ხარისშუბლას ფესვები და ფესურა.
ნედლეულის სიმცირის გამო, ამზადებენ ბალახსაც – Herba Senecionis platyphylloidis მაგრამ მისი ფასი საშუალოდ 2–3–ჯერ დაბალია, ფესვებთან შედარებით. ვფიქრობთ, მხოლოდ ფესურა–ფესვების ექსპორტირებაა რეალური.
1.5. ქიმიური შედგენილობა
ხარისშუბლას ყველა ორგანო შეიცავს ალკალოიდებს. მათგან აღსანიშნავია: პლატიფილინი, სარაცინი, სენეციფილინი და სხვა.მიწისზედა ნაწილში ალკალოიდების შემცველობა 0,6–3%–ის ფარგლებშია, ფესვურებში 2–5%, ალკალოიდების ჯამური რაოდენობის 30%–მდე პლატიფილინზე მოდის. კიდევ უფრო მეტია – სენეციფილინი.

სარაცინსა და პლატიფილინს ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცვას მცენარის ფესურა და ფესვები. მისი შემცველობა 2-ჯერ ნაკლებია ბალახში (ყვავილობის დაწყებისას). არსებობს ხარისშუბლას სხვადასხვა ფორმები, რომლებიც პლატიფილინს და სარაცინს სხვადასხვა თანაფარდობით შეიცავენ. ამიტომ მიღებულია მათი დაყოფა “პლატიფილინური” და “სარაცინულ” ფორმებად.

ხარისშუბლას ალკოლოიდები მიეკუთვნება პიროლიზიდინურ ჯგუფს. ხარისშუბლას გვარის მცენარეებში ალკალოიდების გარდა აღმოჩენილია სესკვიტერპენული ლაქტონები, სიტოსტერინი, ფლავონოიდური ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაროტინოიდები, ეთერზეთი, საპონინები, ფუმარის და ქლოროგენის მჟავეები.
ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.
2. ნედლეულის დამზადება
ნედლეულის მარაგების შემცირების გამო, მე–20 საუკუნის 70–იან წლებში საქართველოში აიკრძალა ხარისშუბლას მიწისქვეშა ნაწილის დამზადება და მხოლოდ მცენარის მიწისზედა ნაწილის დამზადება ხდებოდა. ამჟამად (2009 წ.) ბუნებრივი მარაგების რაოდენობა უცნობია,სავარაუდოდ, იგი გაიზარდა, მაგრამ ბუნებაში ხარისშუბლას მიწისქვეშა ნაწილის დამზადება, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია. ხარისშუბლას ფესვი და ფესურები უნდა დამზადდეს მხოლოდ კულტივირებული ეგზემპლიარებიდან.

2.1 მცენარის ბალახის (მიწისზედა ნაწილის ) დამზადება
ხარისშუბლა აქტიურ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ფესურასა და ფესვში, თუმცა მისი ბუნებრივი მარაგის შენარჩუნების მიზნით ამზადებენ ბალახსაც, რომელსაც აგროვებენ ყავილობის დაწყებიდან ნაყოფის დასხმამდე.
ბალახს ჭრიან ნიადაგის ზედაპირიდან 15-20 სმ სიმაღლეზე და დაუყოყოვნებლივ გადააქვთ უახლოეს საშრობებში. ახალ შეგროვებული ბალახის ტენიანობა 88%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ნედლეულში არ უნდა იყოს გაშავებული და გაყვითლებული ფოთლები. გაშრობამდე ბალახს დააწვრილმანებენ 3 სმ სიგრძის ნაჭრებად, რაც უზრუნველყოფს მის თანაბრად გაშრობას. შრობის ტემპერატურა უნდა იყოს 600С.
ხარისშუბალს ბუნებაში დამზადებისას მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი მარაგს შენარჩუნების მიზნით ნედლეულის შეგროვების წესების დაცვა. ერთი და იგივე ადგილას ნედლეულის დამზადება შესაძლებელია 2 წელიწადში ერთხელ. დაუშვებელია ბალახის შეგროვებისას მცენარის მიწისქვეშა ნაწილის ამოთხრა, რაც იწვევს მცენარის დაღუპვასა და ბარდის განადგურებას.
ხარისშუბლას ნედლეული წარმოადგენს ფოთლიან და ყვავილებიან ღეროებს. ღეროები შებუსულია, ღია-მწვანე, ქვემოდან იისფერი, სიგრძივად დაკუთხულია. ფოთლები ზემოდან მუქი-მწვანეა, შიშველი; ქვემოდან მწვანე, შებუსული, საყვავილე კალათები ცილინდრულია. ყვავილის ყუნწი ბრტყელია, შიშველი, საბურავი მწვანეა, ორ რიგიანი, ყვავლის საბურველის გარეთა რიგი წარმოდგენილია წვრილი ფურცლებით. ყველა მილისებრია, ყვითელი, ბუსუსოვანი.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
ხარისიშუბალას ფესურასა და ფესვებს ფუთავენ ტომრებში ან ათავსებენ 20-40 კგ-იან ფუთებში.
ხარისშუბლას ნედლეული მიეკუთვნება B სიას და მას ინახავენ შესაბამისად. იგი გამოცალკევებული უნდა იყოს სხვა ნედლეულისაგან და ინახებოდეს მშრალ, კარგი განიავების პირობებში.
ნედლეული ვარგისია 2 წლის განმავლობაში.
3. გამოყენება
ხარისშუბლას ბალახი და მიწისქვეშა ნაწილი გამოიყენება პლატიფილინის ბიტარტრატის წარმოებაში.. მედიცინაში პლატიფილინი როგორც სპაზმოლიზური საშუალება კუჭნაწლავის მწვავე სპაზმების დროს, სპაზმური ყაბზობის, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების, ღვიძლის და თირკმლის კოლიკების, ქოლეცისტიტის, ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიის, ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სპაზმური ხასიათის დარღვებისას. მას იყენებენ თვალის გუგის გასაფართოებლად.
4. რომბისებრფოთოლა ხარისშუბლა – Senecio rombifolia (Wild.) Sch. Bip.
რომბისებრფოთოლა ხარისშუბლას – Senecio rombifolia (Wild.) Sch. Bip., მრავალი სამეცნიერო წყარო განიხილავს როგორც, ბრტყელფოთოლა ხარისშუბლას ქვესახეობას. სამეცნიერო ლიტერატურის რეტროსპექტიული თვალმიდევნება გვიჩვენებს, რომ არაერთი მეცნიერი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი ცალკე სახეობაა. ამ სამეცნიერო კამათს, აქვს უარყოფითი ეკონომიკური მხარე. თუკი ჩაითვლება, რომ რომბისებური ხარისშუბლა ცალკე სახეობაა მას საერთაშორისო ბაზარი არ მიიღებს და არარეალურად დიდი რესურსები დაჭირდება ბაზარზე ახალი სახეობის დანერგვას. ეს მცენარე კავკასიის ენდემია. ხარობს ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოში იმავე რაიონებში, სადაც ბრტყელფოთოლა ხარისშუბლა. მისი მარაგები კიდევ უფრო ცოტაა. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”.
ვიზუალურად რომბისებრი ხარისშუბლა ბრტყელფოთოლა ხარისშუბლასაგან სულ რამდენიმე ნიშნით განსხვავდება ” ღერო წვრილია, შიშველი, 120 სმ–მდე სიმაღლის, ზევით ნაწილობრივ გაღუნული, ნეკნების გარეშე და დაფარულია ლეგა ნაფიფქით. ღეროს ფოთლების ყუნწების ფუძესთან “ყურები” არ ვითარდება. კალთები წვრილია, 5–7 ყვავილიანი, ცილინდრული ან ვიწრო ძაბრისებრი. საბურველი 2 მმ სიგანის და 5 მმ სიგრძისაა, თესლურების სიგრძე 3 მმ–ია, ფესურა თითქმის ორჯერ პატარაა – წვრილი და 1–2 სმ სისქისა. მცენარის ყვავილობა იწყება მოგვიანებით. ” [9]
ნედლეული და დამზადება იგივეა, რაც ბრტყელფოთოლა ხარისშუბლასი.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ხარისშუბლა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ხარისშუბლა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 1059 times by 588 viewers


