სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

ხებალახა – Solanum dulcamara L.
არჩილ შენგელია, მანანა კიკნაძე  

Паслен сладко-горький (волчьи ягоды, глистовник)

1. ზოგადი აღწერა

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა.   ღერო  მცოცავია, ფუძიდანვე დატოტვილი და გახევებული, სიმაღლით 30-180 სანტიმეტრი.

Solanum dulcamara

ფოთლები მორიგეობითია. მრავალი ფორმობრივი ვარიაცია ახასიათებს. უმეტესად წაგრძელებული კვერცხის ფორმისაა – წაწვეტებული და გულის მსგავსი დაბოლოებებით. ცოცხალ ფოთლებს ახასიათებს არასასიამოვნო სუნი.
ყვავილები მცირე ზომისაა, იისფერი. მცენარეს აქვს საგველა ყვავილედი, რომელიც ოდნავ დახრილია.
ჰყვავის ივნის-სექტემბერში. ნაყოფი წარმოადგენს კვერცხის ფორმის წითელ კენკრას.
მცენარე შხამიანია!

Solanum dulcamara

2. გავრცელება

ველურად გვხვდება რუსეთის ევროპულ ნაწილში და სამხრეთ აფრიკაში.იზრდება ნესტიან ბუჩქნარებსა და ტყეებში, ხრამებში, სალეკ მდელოებზე.

3. სახეობა Solanum pseudocapsicum

სახეობა  Solanum dulcamara L. სამედიცინო თვალსაზრისით უფრო შესწავლილია, მაგრამ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მეორე სახეობაც Solanum pseudocapsicum. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ მას იგივე თვისებები ახასიათებს, რაც Solanum dulcamara L. ისიც მრავალწლიანი, ქვემო ნაწილში  ღეროგამერქანებული, მცოცავი მცენარეა. ადის ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე. ეტანება ტყისპირებსა და ბუჩქნარებს, წყლის ნაპირებს. საქართველოში გვხვდება  აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, აჭარ–აგურიაში, ქართლში, მთიულეთში, გარეკახეთში, გარდაბანში, თრიალეთში, ბორჯომის ხეობაში და მესხეთში.

solanum dulcamara

4. ნედლეული

ნედლეულად ძირითადად იყენებენ ნორჩ ღეროებს. აგროვენენ ყვავილობის პერიოდში

5. შემადგენლობა

ღეროები, ფოთლები და კენკრა შეიცავს გლიკოალკალოიდ სოლანინს და გლიკოზიდ დულკამარინს.

6. ემპირიული გამოყენება

ფლობს შარდმდენ, ნაღველმდენ, ამოსახველებელ, სისხლის გამწმენდ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ნერვული სისტემის დამამშვიდებელ თვისებებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას კანის სხვადასხვა დაავადების დროს.
ნაყენი: 1 ჩაის კოვზ ნორჩ ღეროს, ფოთლებთან და ყავილებთან ერთად, ასხამენ ნახევარ ლიტრ ადუღებულ წყალს და აჩერებენ 4 საათის განმავლობაში. სვამენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე – გაციებით გამოწვეული ანთებების, გრიპის, ნუშისებრი ჯირკვლისა და ყურის ანთების დროს. იგი ასევე კარგია ასთმის, რევმატიული დაავადებების, ნევრალგიების, ფაღარათის, შარდის ბუშტისა და შარდმდენი გზების დაავადებების სამკურნალოდ; მას იყენებენ არასრული მენსტრუაციისთვის და განსაკუთრებით – როგორც სისხლგამწმენდ საშუალებას, კანის სხვადასხვა დაავადების დროს.
არსებობს ნაყენის სხვაგვარად მომზადების წესიც: ნორჩ ღეროს, ფოთლებთან და ყვავილებთან ერთად, ასხამენ არაყს (1:5 შეფარდებით) და აჩერებენ 10 დღის მანძილზე, შემდეგ სითხეს გადაუწურავენ. იღებენ 10-30 წვეთს დღეში სამჯერ ჭინჭრის ციებისა და გრიპის დროს.
ხებალახას ხმელი ფოთლებისგან დამზადებულ ფხვნილს, 0,5 გრამის ოდენობით, იღებენ 2-ჯერ დღეში ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ.

solanum dulcamara

ამ მცენარის შინაგანი გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს.
გერმანული ხალხური მედიცინა ხებალახას ხმარობენ მუნის, ნევრალგიის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის სამკურნალოდ, აგრეთვე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად ყურებსა და ყელში. გამოიყენება სპირტზე ნაყენი და ფხვნილი დღეში 1-2გ დოზით რამოდენიმე დღის განმავლობაში.
ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ხებალახას ხმარობენ კანის დაავადების, ეგზემის, ბრონქიალური ასთმის, ნევრალგიის, რევმატიული ტკივილების, ცისტიტის, ფაღარათის, არარეგულარული მენსტრუაციის, ყურების ტკივილის დროს.

შესანიშნავი მცენარეა ვერტიკალური გამწვანებისათვის.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ხებალახა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ხებალახა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 629 times by 319 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka