სოფორა იაპონური – Sophora Japonica L.
სოფორა სქელნაყოფა – Sophora pachicarpa C. A. Mey.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
სოფორა (Sophóra) პარკოსანთა (Fabaceae) ოჯახის მცენარეთა გვარია. ამ გვარში 45 სახეობა შედის. ძირითადად პატარა ხეები ან ბუჩქებია, მაგრამ გვხვდება ბალახებიც. სხვადასხვა სახეობები ბუნებრივად ხარობენ ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში, წყნარი ოკეანის კუნძულებზე, და ამერიკაში. საქართველოში მრავალი სახეობაა დეკორატიული მიზნით შემოტანილი და შემოყოლილი.

სამედიცინო მიზნით საინტერესოა მხოლოდ ორი სახეობა: იაპონური სოფორა (Sophora Japonica L.) და სქელნაყოფა სოფორა (Sophora pachicarpa C. A. Mey.). ეს ორი მცენარე,ერთმანეთის ალტერნატივა არაა.
1. იაპონური სოფორა
1.1. ზოგადი აღწერა
იაპონური სოფორა – Sophora japonica L., მიეკუთვნება პარკოსანთა – Fabaceae (Laguminoseae)ოჯახს. სამშობლოში იგი 30 მ-მდე გაშლილვარჯიანი ხეა. ჩვენში 5 მეტრამდე იზრდება.
ტოტები გლუვია, ღია მწვანე ფერის, დაფარულია მეჭეჭებით. ფოთლები კენტფრთართულია, 7-15 კიდემთლიანი. ფორმით კვერცხისებრი ან ოვალური. წვერში მახვილ წაწვეტებული. ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან მონაცრისფერო, თეთრი ბეწვით შებუსვილი ფოთოლაკებით. ფოთლის ყუნწის ძირი მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული; ყვავილები ღია მოყვითალო ფერისაა, კენწრულ საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებში შეკრებილი.
ნაყოფი 6–8 სანტიმეტრი სიგრძის პარკია. პარკი ხორცოვანია, წვნიანი, უხსნადი, შეჭყლეტილ-ცილინდრული ფორმის. ფერად მწვანეა ყვითლად მოარშიებული. თესლები პარკის გაგანიერებულ ნაწილებში ზის. ნაყოფი ხეზე ზამთარშიც რჩება.
ყვავის ივლის-აგვისტოში, როცა მაღალი ტემპერატურა სტაბილური გახდება.
1.2. გავრცელება
ბუნებრივად გავრცელებულია ჩინეთსა და იაპონიაში. საქართველოში მე–19 საუკუნეში შემოიტანეს ბათუმსა და სოხუმში, დეკორატიული მიზნით. მე–20 60–იან წლებში საკმაოდ დიდი რაოდენობით, დამატებით იქნა შემოტანილი. საკმაოდ ბევრია თბილისის პარკებში, შგვხვედრია გორში, კასპში, ხაშურში, თელავში. იყო ცხინვალის პარკში. ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად იყიდება თბილისის ნერგების ბაზარზე,რჩება შთაბეჭდილება, რომ ფერმერთა ნაწილი საკმაო წარმატებით ამრავლებს დეკორატიული მიზნით.
1.3. ნედლეული
ნედლეულია გახსნის პირას მდგომი საყვავილე კვირტები, ბუტონები. იაპონური სოფორას კოკორი – Alabastra Sophorae japonicae, იაპონური სოფორას ნაყოფი – Fructus Sophorae japonicae. ყვავის დიდი სიცხეების დაჭერის შემდეგ. თბილისში –10–15 აგვისტოსათვის.
1.4. შემადგენლობა
სოფორას ბუტონები რუტინის ქარხნული წესით მიღების ძირითადი წყაროა – იგი 30 პროცენტამდე რუტინს შეიცავს. გარდა რუტინისა შეიცავს კემპფეროლ-3-სოფოროზიდი, კვერცეტინ-3-რუტინოზიდი, გენისტეინ-4-სოფორაბიოზიდი და სხვ. ევროპის ფარმაცევტულ წარმოებას სოფორათი ძირითადად ესპანეთი, ინდოეთი და ჩინეთი ამარაგებს. საბჭოთა კავშირში არსებობდა პროექტი, რომ მას სოფორათი საქართველო მოამარაგებდა.
1.5. გამრავლება
გვალვაგამძლე, სითბოს მოყვარე მცენარეა. ნიადაგისადმი რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არა აქვს, თუმცა საკვებით მდიდარ ნიადაგებს ამჯობინებს. მრავლდება თესლით. თესავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.
თესლი სტრატიფიკაციას არ საჭიროებს. ჩვენში უპრიანია ნერგების გამოყვანა.

1.6. გამოყენება
ოფიცინალური მედიცინა იყენებს სოფორას ბუტონებს (გაშლის ზღვარზე მყოფ საყვავილე კვირტებს). შედის პრეპარატების ასკორუტინის, ვიკალინის, რუტესის შედგენილობაში. საქართველოს სააფთიაქო ქსელშიც არის სოფორას პრეპარატები. ნაყოფებიდან ამზადებენ ანტისეპტიკური მოქმედების ნაყენს.
ემპირიული მედიცინა სოფორას იყენებს სისხლჩაქცევის სამკურნალოდ და კაპილარების აღმდგენ საშუალებად. სოფორას ნაყოფს იყენებენ ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჩხირის წინააღმდეგ.
1.7. რუტინის სხვა წყაროები
[9]–ის მიხედვით: “სამედიცინო რუტინის წყაროა აგრეთვე წიწიბურას აყვავებული ბალახი – Fagopyrum sagitatum Gilib, ოჯ. მატიტელასებრნი – Polygonaceae, ასებე ტეგანის – Ruta graveolens L. ოჯ. ტეგანისებრნი – Rutaceae, მიწისზედა ნაწილი. რუტინის პოტენციური წყაროა გულყვითელას და კარტოფილის ყვავილები, კრაზანას ბალახში არსებული კატექინები”.
1.8. იაპონური სოფორას გამოყენების სხვა სფეროები
1. დეკორატიულია
2. იყენებენ ცოცხალ ღობედ
3. ზოგჯერ იყენებენ ქარსაცავებად
4. ეროზიის საწინააღმდეგოა
5. კარგი თაფლოვანია

2. სქელნაყოფა სოფორა
2. 1 ზოგადი აღწერა
შხამიანი მცენარეა!
სქელნაყოფა სოფორა – Sophora pachicarpa C. A. Mey. პარკოსანნი – Fabaceae (Leguminosae) ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ღერო უხვფოთლიანი, დატოტვილია, სიმაღლით 70 სანტიმეტრამდე. ფოთლები მორიგეობითიაა გაწყობილი.ფოთოლაკები თეთრადაა შებუსული, ფორმით მოგრძო–ლანცეტისებრია, 20 მმ–მდე სიგრძის. ყვავილები მოყვითალოა, შეკრებილია თავთავისებრ მტევნებად. ნაყოფები უხსნადია. მიწაში საკმაოდ ღრმად ჩასული, ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს.
მცენარე ყვავილობს ივლის–ივლისში. სარეველა მცენარეა.
2.2 გავრცელება
უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების მცენარეა. ბუნებრივად გვხვდება შუა აზიის უდაბნოებში. ქმნის დიდ ნაზარდებს. საქართველოში არ გვხვდება. გასულ საუკუნეში ცდილობდნენ მოეშენებინათ აზერბაიჯანში.
2.3 ნედლეული
ნედლეულია სოფორას ბალახი – Herba Sophorae. ცალკე მზადდება ნაყოფი. ბალახისა და ნაყოფის ერთად დამზადება დაუშვებელია.ბალახს ამზადებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში.
ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: “ნედლეული შეფოთლილი ღეროებია ბუტონებითა და ყვავილებით. სხვადასხვა ხარისხის განვითარებით. ღეროები 50 სმ-მდეა დაფარული დაწოლილი ბეწვებით. ფოთლები არაწყვილ-ფრთისებრია, ფოთოლაკები ელიფსური, ორივე მხრიდან ბუსუსებით დაფარული, ყვავილები და ბუტონები ფარვანასებრი ტიპის, მომწვანო-ყვითელი, ან მოყვითალო-თეთრი. ბალახი ღია-მწვანე ან მონაცრისფროა, სუნი თავისებური, გემოს არ უსინჯავნე, რადგან შხამიანია.”
2.4. ქიმიური შედგენილობა
ბალახი, ფოთლები, ყვავილები შეიცავს 2-6,4% ალკალოიდებს. ფესვებში ალკალოიდების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია. მთავარი ალკალოიდია პაქიკარპინი (d-სოარტეინი), “ის უფერო, სქელი ზეთისებრი სითხეა, პოლარიზაციის სიბრტყეს აბრუნებს მარჯვნივ, ჰაერზე სწრაფად მუქდება და იფისება (ეს მარცხნივმბრუნავი სპარტეინის იზომერია)” [9].
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში სქელნაყოფა სოფორაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ალკალოიდები, გენისტეინი, გოებელინი, კემპფეროლი, მატრინი (სოფოკარპიდინი). ორგანული მჟავები 4-13%, პაქიკარპინი, სოფობენზამინი, სოფოკარპინი, სოფორამინი, ფლავონოიდები, ქვერცეტინი.
ნახატი–ფორმულა აღებულია [9]–დან.
2.5 მედიცინაში გამოყენება
ამზადებენ პაქიკარპინის ჰიდროქლორიდს. გამოიყენება განგლიოლიტის, მიოპათიის, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის დროს. ხმარობენ მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვის შესამცირებლად.
ინახავენ B სიით.
2.6 გამოყენების სხვა სფეროები
ინსექტიციდური საშუალებაა.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
Viewed 765 times by 420 viewers


