სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

წითელწვნიანი ქინაქინას (ცინხონას) ხე – Cinchona succirubra Pavon
ლეჯერის ცინხონა –
Cinchona ledgeriana Moens ex Trimen
სააფთიაქო ცინხონა – Cinchona officinalis L.
ლალი დათეშიძე, ლევან შენგელია

ქინაქინის სინონიმია ცინხონა. ქართული სახელწოდება ქინაქინი იმეორებს ამ მცენარის ინდიელთა სახელწოდებას. ცინხონას გვარს სახელწოდება კარლ ლინემ მიაკუთვნა 1742 წელს ერთ–ერთი გრაფინიას სახლის მიხედვით, რომელიც ცინხორას ხის ქერქით ციებ–ცხელებისაგან განიკურნა. ცინხორას პირველი სამეცნიერო აღწერა ესპანელ ბერნაბე კობომ 1632 წელს შეადგინა.მანვე ჩამოიტანა ევროპაში, როგორც მალარიის სამკურნალო საშუალება.

Cinchona succirubra

ცინხონას 40–მდე სახეობაა ცნობილი. სამედიცინო მიზნებისათვის იყენებენ
აქ აღწერილ სამ სახეობას.
საქართველოში ქინაქინის (ანუ ცინხონის) ხის მოშენება, ამ ეტაპზე, დეკორატიული მიზნით ხდება.

1. ზოგადი აღწერა

ცინხორის ყველა, მათ შორის აქ აღწერილი სამივე სახეობას: წითელწვნიანი ქინაქინას (ცინხონას ) ხე – Cinchona succirubra Pavon, ლეჯერის ცინხონა – C. ledgeriana Moens ex Trimen, სააფთიაქო ცინხონა – C. officinalis L., ენდროსებრთა – Rubiaceae ოჯახს მიეკუთვნებენ.
წითელწვნიანი ქინაქინას ხე, ლამაზი 20 მეტრამდე სიმაღლის, მარადმწვანე ხეა.  ღერო შუა წელს ზემოთ დატოტვილი აქვს და ლამაზ ვარჯს ქმნის. უხვადაა შეფოთლილი. ფოთლები მოპირდაპირედაა განლაგებული, ელიფსური ფორმის, მწვანე, წითელი ძარღვებით, საგველა ყვავილედებად შეკრული ყვავილები ღეროების და ტოტების წვეროებშია განთავსებული. ფერად, თეთრი ან იისფერია, სურნელოვანი. ნაყოფი – ორბუდიანი კოლოფია, რომელშიც მრავალი თესლია, მოთავსებული. თესლები საფრენიანია.
ლეჯერის ცინხონას 10 მეტრამდე იზრდება. ფოთლები მასაც მუქი მწვანე აქვს, მაგრამ განსხვავდება ფორმით: ხაზურ-ლანცეტაა. განსხვავდება ყვავილების ფერითაც: თეთრთან ერთად გვხვდება ყვითელი ყვავილები,
სააფთიაქო ცინხონას სიმაღლე 5 მეტრს არ აღემატება. მას იოლად გამოარჩევთ ღია წითელი ყვავილებით.

Cinchona ledgeriana

2. გავრცელება

ქინაქინის ხის სამშობლოა სამხრეთ ამერიკის ქვეყნები სამშობლოა სამხ. ამერიკის ქვეყნები: პერუ, ბოლივია, ვენეუსელა, კოლუმბია, ეკვადორი. მის სამკურნალო თვისებებს აბორიგენი ინდიელები ოდითგანვე იცნობდნენ. ინგლისურ,რუსულ და ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი ის თავგადასავლები, რომელთა მეშვეობითაც მცენარემ ევროპაში შემოაღწია.
დღეს არსებობს მრავალი სელექციური ჯიში, რომელთაც სამედიცინო თვალსაზრისით უკეთესი შემადგენლობა აქვს, ვიდრე ბუნებაში მოზარდს.
მსოფლიო ბაზარს ნედლეულს აწვდის კუნძულია იავა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ინდოეთი, ცეილონი, აფრიკის ქვეყნები.

3. ქინაქინის ხე საქართველოში – მარკეტინგული მიმოხილვა

საინტერესო ისტორიულ მასალა მე–20 საუკუნეში საქართველოში ფარმაციის განვითარებისათვის მოცემულია [9]–ში:
,,ქინაქინის ხე ჩვენთან შავი ზღვის სანაპიროს თბილ და ტენიან პირობებშიც კი იყინება. ჯერ კიდევ XIX ს. 80-იან წლებიდან რამდენჯერმე სცადეს მისი აკლიმატიზაცია, მაგრამ უშედეგოდ. თუ როგორ მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში მალარია და რა მოთხოვნა იყო ქინაქინაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1925 წ. საქართველოს ჯანდაცვის კომისარიატმა მთავრობას წარუდგინა მალარიასთან ბრძოლის 5 წლიანი გეგმა, რომლის მიხედვით მოსახლეობას იმ პერიოდში სჭირდებოდა 28 000 კგ ქინინი. მეცნიერ ფარმაცევტებმა მ.მ. მოლოდოჟნიკოვმა და მ. კ მომოტმა ქობულეთის ზონალურ სადგურში ინტრპდუქციისათვის გამოიყენეს ახალი მიმართულება, წითელწვნიან ცინხონას შეუცვალეს სასიცოცხლო ფორმა და შესძლეს მისი მოშენება 2 წლიანი ბალახოვანი კულტურის სახით. ზაფხულის ბოლოს მცენარეს ამრავლებენ კალმებით. სათბურში გამოზამთრენის შემდეგ, გაზაფხულზე გადაჰქონდათ ღია გრუნტში დამჩრდილავი მცენარეების ქვეშ. ნოემბრისათვის მცენარე აღწევს 1,5-2 მ სიმაღლეს. მას ამოთხრიდნენ და მთელ მწვანე მასას იყენებდნენ ალკალოიდების ჯამის (2%) და პრეპარატ „ქინეტის“ მისაღებად (ლ. ჩხარტიშვილი).”cinchona officianalis
ამ ისტორიიდან კარგად ჩანს მე–20 საუკუნის საბჭოთა ფარმაციის სტილი. საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი ეკონომიკური სისტემა იყო. იგი უცხოეთში რაიმე ნედლეულს მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით იძენდა. მას ერჩია, ათასჯერ მეტი დაჯდომოდა მაგრამ ქონოდა საკუთარი ნედლეული და ქინაქინის საკუთარი წარმოება, ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, მას უჯდებოდა მრავალგზის ძვირი, ვიდრე ეს ნედლეული შეეძინა უცხოეთში. ეს არის კარგი მაგალითი , როცა ეკონომიკა პოლიტიკას ექვემდებარება.
სამწუხაროდ, ქართული საბჭოთა ფარმაცევტული მეცნიერებას დიდწილად ამგვარი კვლევების ჩატარებას ავალებდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა ეკონომიკური საზღვრები გაიხსნა, ცხადია ამ კვლევების შედეგები, ისევე როგორც შესაბამისი საწარმოო ციკლებმა ეკონომიკური აზრი დაკარგა. შედეგად, ქართული ფარმაციის მშენებლობა ფაქტიურად ნულიდან დაიწყო  >>>>

4. ნედლეული

ნედლეულია ქინაქინის ხის ქერქი – Cortex Chinae. როგორც წესი, თხრიან მთელ ხეს და აძრობენ ქერქს, როგორც ტოტებიდან, ასევე ფესვებიდან. პლანტაციის ექსპლოატაციის ვადაა 20–25 წელი. მცენარეების გამოხშირვას თანდათან ახდენენ.
ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ,,ქერქი ერთი ან ორმაგად კიდეგადახვეული, ღარისებრი ნაჭრებია 20-60 სმ სიგრძის და 2-4 მმ სისქის. გარედან ნაცრისფერი, კორპშემოცლილი კი ღია-ზანგელა, დანაოჭებული გასწვრივი და განივი ნაპრალებით. ქერქის შიგნითა ზედაპირი გლუვია, გასწვრივ ბოჭკოვანი, წითელ-მურა ფერის, ახალგაზრდა ქერქს კი მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. სუნი არა აქვს, გემო – ძლიერ მწარე. ქერქის იდენტიფიკაციისათვის მეტად სპეციფიკურია გრახეს რეაქცია – მშრალი ქერქის სინჯარაში გახურებისას ცივ კედლებზე ეფინება კარმინ-წითელი კუპრი.”

5. ქიმიური შედგენილობა

ქინაქინის ხეს ძირითადად ალკალოიდ ქინაქინის მისაღებად იყენებენ.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში, ქინაქინის ხეზე გაწერილი შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები ქინიდინი, ცინქონინი, ცინქონიდინი, კუპრეინი, ჰიდროქინიდინი, ჰიდროქინინი, ეპიქინიდიდი.მთრთილავი ნივთიერებები, ტეტრაჰიდროქსიანტრაქინონები, ფისები, ქინოვანი.
ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.

qinaqini

6. მედიცინაში გამოყენება.

ქინაქინის ხის ქერქსა და მის ალკალოიდებს მრავალი სხვადასხვა მოქმედებით ხასიათდებიან. აქედან ძირითადია ქინინის ანტიპროტოზოული მოქმედება. იგი ზემოქმედებას ახდენს მალარიის პლაზმოდიუმის ყველა ფორმაზე. მისგან ამზადებენ ქინინის ჰიდროქლორიდს, დიჰიდროქლორიდს, სულფატს. ქინიდინის სულფატი ინიშნება ტაქიკარდიისა და მოციმციმე არითმიის დროს,
უკუჩვენება: ქინაქინის პრეპარატების ხანგრძლივი მოხმარება იწვევს სმენის დაქვეითებას.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ქინაქინას ხე. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ქინაქინას ხე. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1525 times by 602 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka