სამკურნალო ძიძო, ყვითელი ძიძო – Melilotos officinalis (L) Pall.,
მაღალი ძიძოს – Melilotos alitissimum Thuill
თეთრი ძიძოს – Melilotos albus medik
დაკბილული ძიძოს – Melilotos dentatus Pers.
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Донник лекарственный - რუს.
Common melilot, field melitot, yellow sweetglover – ინგ.
Echter steinklee, Gelber- steinklee – გერმ.
Melitot officinal – ფრანგ.
I. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება
სამკურნალო ძიძო, ყვითელი ძიძო – Melilotos officinalis (L) Pall., მიეკუთვნება პარკოსანთა – Fabaceae (Leguminosae) ოჯახს. იგი ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერძულა ფესვი აქვს, რომლიდანაც მრავალრიცხოვანი გვერდითი ფესვები გამოდიან.

ღერო სწორია, ერთეული, 2 მ-მდე სიმაღლის. ღეროს ზემოთა ნაწილი მოკლე ბუსუსებიანია, ქვემო ნაწილი კი სუსტად გამერქნიანებულია. ღერო შუა ნაწილიდან დატოტიანებულია.
ფოთლები მორიგეობითია, სამფოთოლაკიანი, სადგისებური, კიდემთლიანი ფოთოლაკებით. შუა ფოთოლი უფრო გრძელყუნწიანია. ქვედა ფოთლის ფურცლები უკუ-კვერცხისებრია, დანარჩენები ლანცეტისებრი, წვრილ-ხერხკბილაა.
ყვავილები მრავალრიცხოვანია და შეკრებილია 5-15 სმ სიგრძის მტევან ყვავილედად. გვირგვინი-ყვითელია, 5-7 მმ სიგრძის. თანაყვავილები ხაზურია, წამახვილებული. ყვავილები დახრილ-ყუნწებიანია; ჯამი სამკუთხა-ლანცეტაა; ნაყოფი პარკია, რომელიც შეიცავს 1-2 თესლ. პარკი განივად დანაოჭებულია და მათი სიგრძე 3-5 მმ-ია, ელიფსური მოყვანილობისაა და შიშველია. თესლები 1,5-2 მმ სიგრძისაა, ოვალურია, მოყვითალო ან მომწვანო, გლუვი ან წვრილხორკლიანი.
ძიძო ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. მრავლდება თესლებით. ადრე მოთიბვისას მცენარე ხშირად განმეორებით ყვავილობს.

2. დაუშვებელი მსგავსი სახეობები
ჩვენში მოზარდი სახეობებიდან მედიცინაში გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო ძიძო ანუ ყვითელი ძიძო – Melilotos officinalis (L) Pall
ჩვენში ხარობს ძიძოს სხვა სახეობებიც, რომელთა გამოყენება სამედიცინო მიზნებით დაუშვებელია. ისინი ჰგვანან ყვითელ ძიძოს და მათ გასარჩევად სიფრთხილეა საჭირო:
ა) თეთრი ძიძო – M. albus medik, სამკურნალო ძიძოსაგან თეთრი, ფაჩხატი ყვავილებით გამოირჩევა. ღერო მასაც მაღალი აქვს 50–150 სამტიმეტრი, ნაყოფი უფრო პატარაა, უჯრედულად დანაოჭებული
ბ) დაკბილული ძიძო – M. dentatus Pers. დაკბილული ძიძოს გამორჩევა უფრო რთულია, რადგან მასაც ყვითელი ყვავილები აქვს. განსხვავებულია თანაფოთლები. თანაფოლები ძირთან გაფართოებულია, დაკვეთილ-დაკბილული, წვერმახვილი.
თეთრი და ყვითელი ძიძო ბუნებაში ხშირად შერეულად ხარობს. მათი გარჩევა შედარებით იოლია. რაც შეეხება დაკბილულ ძიძოს, იგი ძირითადად ქართლშია გავრცელებული. გავრცელებულია თბილისის ზონის სოფლებშიც,
1.2. გავრცელება
ძიძო გავრცელებულია შუა ევროპაში, დასავლეთ ჩინეთში. ჩვენში ძიძო ყველგან გვხვდება როგორც სარეველა. იგი გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე, მდელოებზე, ბუჩქნარებში, ბაღებსა და ბაღჩებში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყის პირებზე. ეტანება ნესტიან ბალახოვანს.
ძიძო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა სახელით გვხვდება. მას ვირის იონჯად, სამთითად, ცხენისოფად იხსენიებენ.
1.3. ნედლეული
ნედლეულია ძიძოს ბალახი – Herba Meliloto. ბალახი შეიძლება შეიცავდეს: შეფოთლილ კენწეროებს, ყვავილებსა და დაუმწიფებელ ნაყოფებს. ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან:
,,ფოთლები სამნაწილიანია, ფოთოლაკები 7-28 მმ სიგრძის და 4-20 მმ-მდე სიგანის, თითოეულ მხარეს 10-13 კბილით, გვირგვინი ყვითელი 5-7 მმ სიგრძის. დანარჩენი ნაწილები მწვანე. სუნი თავისებური (თივის), გემო მომწარო.”

1.4. ქიმიური შედგენილობა
ძიძოს მშრალი ბალახი შიცავს 0,4-0,9% კუმარინებს, რომლებიც მცენარეს ანიჭებს სასიამოვნო სუნს. მცირე რაოდენობით შეიცავს მელილოტინს, რომელსაც ასევე სასიამოვნო სუნი აქვს. ამას გარდა შეიცავს დიკუმაროლს, მელილოტოზიდს, და მელილოტის მჟავებს. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში, გარდა ამ ნივთიერებებისა, ძიძოზე გაწერილია ფლავონოიდები, ვიტამინი C, პირინის ნაწარმები, ლორწო, ეთეროვანი ზეთი, ცილოვანი ნივთთიერებები, შაქრები. ძიძოს თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს.
ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.
II. კულტივირება
2.1. მოშენება
ძიძო მრავლდება თესლებით. დათესვის შემდეგ მორწყვა მეტად ეფექტურია თესლის აღმოცენებისა და აღმონაცენის ჩაფესვიანებისათვის.
სიცოცხლის პირველ წელს მცენარეს უვითარდება მხოლოდ მიწისზედა მწვანე ნაწილი და ფესვთა სისტემა. მცენარე ზამთრის წინ თითქმის მთლიანად ჭკნება, გამოიზამთრებს მხოლოდ ყელი და კვირტები, რომლებიც სიცივისადმი (ყინვისადმი) განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან (-480C). მეორე წელს ძიძო ზრდიას იწყებს ადრე გაზაფხულზე. ყვავილობა გრძელდება 2 თვის განმავლობაში.
ჩვენს პიპობებში, პლანტაციის გაშენებისას ძირითადი პრობლემაა დავიცვათ ნათესი ძიძოს სხვა სახეობების მინარევებისაგან. ამისათვის, ნაკევეთი წინასწარ გასუფთავებულ უნდა იქნეს ყოველგვარი ბალახებისაგან, შეძენილ იქნეს ელიტარული თესლი და მუდმივად უნდა ხდებოდეს ნათესის დათვალიერება– ხომ არ გაჩნდა სხვა სახეობები.
ძიძოს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე შეადგენს 1,5-3 ცენტნერს.
ძიძოს ბალახს ამზადებენ ყვავილობის ფაზაში.

2.2. ნედლეულის დამზადება
ძიძოს ბალახს ამზადებენ ივნის-ივლისში. აგროვებენ ბალახისა და მისი ტოტების წვეროებს, რომელთა სიგრძე 30 სმ-ია. მსხვილ და უხეშ ღეროებს არ აგროვებენ.
ნედლეულს აგროვებენ მშრალ ამინდში, ცვარის შეშრობის შემდეგ, ვინაიდან ცვარის ნედლეული იოლად ჩახურდება და გაუვარგისდება. შეგროვებულ ნედლეულს ძალდატანების გარეშე ჩააწყობენ კალათებში ან ტომრებში და გადააქვთ გასაშრობად.
ძიძოს ბალახს აშრობენ ქაღალდზე ან ქსოვილზე თხლად გაფენით. გასაშრობად გაფენილი ნედლეულის სისქე 5-7 სმ უნდა იყოს; გაშრობისას საჭიროა ნედლეულის პერიოდულად გადატრიალება. ხელოვნურ საშრობებში ძიძოს აშრობენ 400C-ს ტემპერატურაზე. ნედლეულის ზედმეტად გამოშრობა უარყოფითად აისახება მის ხარისხზე. გამშრალ ნედლეულს გადაარჩევენ, გაასუფთავებენ (მოაშორებენ მტვერს და მერქნიან ნაწილებს). მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს 25-28% ნედლ მასაზე გადაანგარიშებით.
ძიძოს ნედლეული შედგება 30 სმ-მდე სიგრძის ღეროს ფოთლიან და ყვავილებიანი წვეროებისგან, ნედლეულში შესაძლებელია იყოს ნაყოფებიც. ფოთლები, ღეროები და ნაყოფები მწვანეა, ყვავილის გვირგვინი ყვითელია. ნედლეულს აქვს არომატული, კუმარინული ნედლეულისათვის დამახასიათებელი სუნი, გემო მომწაროა.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
ძიძოს ბალახს ფუთავენ 50 კგ-იან ფუთებში. ნედლეულს ინახავენ კარგი განიავების პირობებში თაროებზე.
ზოგიერთი ქვეყნის ფარმაკოპეა მინარევების სახით უშვებს მაღალი ძიძოს – M. alitissimum Thuill შერევას. ეს სახეობა საქართველოში არ იზრდება, თუმცა შეიძლება უცხოეთში შეძენილ თესლს შემოყვეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარ მინარევიანი ნედლეულის ფასი 30–40 პროცენტით დაბალია.
III. გამოყენება
3.1. გამოყენება მედიცინაში
ძიძოს ბალახს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მას იყენებენ გარეგან საშუალებად ფურუნკულების დროს.დაქუცმაცებულ ნედლეულს ადუღებენ ზეთში და ნახარშის საფენებს იდებენ დაჩირქებულ ადგილებზე.
ძიძოს ბალახს იყენებენ როგორც ტკივილგამაყიჩებელ და დამამშვიდებელ საშუალებას აღგზნებულობისა და უძილობის დროს. აგრეთვე როგორც ამოსახველებელ და დამარბილებელ საშუალებას სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების მეტეორიზმის და მაღალი წნევის დროს.
გარეგანი ფორმით მას იყენებენ ჩირქოვან ჭრილობებზე, ჩირქოვან მუწუკებზე, როგორც დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას; ამავე მიზნით გამოიყენება შუა ყურის ანთების და ყურიდან გამონადენის დროს. ამისათვის გამოიყენება ძიძოს ბალახის დუღილისას გამოყოფილი ორთქლი. რეკომენდირებულია ძიძოს ბალახის გამოყენება სახსრების რევმატიული შეშუპების დროს ცხელი აბაზანების სახით.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარულია მისი გამოყენება თავის ტკივილის დროს. ამ მიზნით ძიძოს ყვავილებსა და ფოთლებს 10-15 დღის განმავლობაში დააყენებენ სპირტზე, შემდეგ გაწურავენ. მიღებულ სითხეში შესველებულ ბამბას დაიდებენ თავზე ტკივილის დროს. ძიძოს იყენებენ პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.
საყურადღებოა, რომ ძიძოს არასწორად გაშრობისას მასში კუმარინისაგან წარმოიქმნება დიკუმარინი, რომელიც შესაძლოა მოწამვლის მიზეზი აღმოჩნდეს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია შრობის ტექნოლოგიის ზუსტად დაცვა. დიკუმარინი აფერხებს ორგანიზმში პროტრომბინის გამომუშავებას, რის გამოც მოსალოდნელია სისხლჩაქცევების განვითარება.

თავისთავად მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ დიკუმარინის აღმოჩენამ სათავე დაუდო ანტიკოაგულაციურ მკურნალობას. ამის საფუძველი გახდა ძროხებში ჰემორაგიული დიათეზის განვითარება, რომლებიც ძიძოს დამპალი ბალახით იკვებებოდნენ.
ძიძოს ბალახის ხანგრძლივად გამოყენება იძლევა არასასურველი ეფექტების განვითარებას (გულისრევა, პირღებინება, თავისტკივილი, ძილიანობა).
შინაგანი დანიშნულებით ძიძოს გამოყენება შესაძლებელია წყლიანი ექსტრაქტის სახით. მას შემდეგნაირად ამზადებენ:
1) +2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს; 2-3 სთ-ის შემდეგ გადაწურავენ და სვამენ დღის განმავლობაში ულუფებად.
ძიძოს ბალახის გამოყენება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით.
გარეგანი ფორმით ძიძოს ბალახს ხმარობენ კომპრესებისა და სავლების სახით.
2) +2 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხამენ 0,5 ლიტრა მდუღარე წყალს და თავდახურუ¬ლად გააჩერებენ 20 წუთით.
მიღებული სითხე ცივი ფორმით გამოიყენება ფურუნკულებზე კომპრესისათვის.
ძიძოს ბალახი შედის მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს.
3.2. გამოყენების სხვა სფეროები
- ძიძო თაფლოვანი მცენარეა
- იყენებენ როგორც არომატულ საშუალებას ლიქიორებისა და სპირტიანი სასმელების წარმოებაში, თამბაქოსა და პარფიუმერულ მრეწველობაში
- იყენებენ ყველის წარმოებაში
- კარგი საკვებია საქონლისათვის
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ძიძო. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ძიძო. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 860 times by 472 viewers


