სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

ვარდისფერი კათარანთუსი, ვარდისფერი გველის სურო -
Catharanthus roseus G. Don. (Syn. Vinca Rosea L.)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

შხამიანია!
1. ზოგადი აღწერა

ვარდისფერი კათარანთუსი, ვარდისფერი გველის სურო – Catharanthus roseus G. Don. (Syn. Vinca Rosea L.) მიეკუთვნება ქენდირისებრთა – Apocynaceae ოჯახს.

Catharanthus_roseus

85 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ნახევრადბუჩქია. გვხვდება სწორმდომი ან მიწაზე გართხმული ფორმით.  მოგრძო ოვალური ფორმის, მოკლეყუნწიანი ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, სიგრძით 12 სმ-მდეა, მუქი-მწვანე, პრიალა, დაძარღვული ქვედა მხრიდან მცირედ შებუსვილი. მსხვილი ყვავილები აქვს, ტოტის წვერში 2–4 ცალად შეკრებილი. გვხვდება თეთრი,  მოიისფრო, ვარდისფერი.  თესლები მუქი შავია.

2. გავრცელება

ბუნებრივად ტროპიკებში ხარობს: აფრიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, კოლუმბიაში, კუბაში, კუნძულ იავაზე, მაგადასკარზე. სამრეწველო პლანტაციები გაშენებულია აფრიკაში, აშშ–ში (ფლორიდა), ავსტრალიაში.

მე–20 საუკუნეში, როგორც ერთწლოვან მცენარეს აშენებდნენ საქართველოში. ერთწლოვან მცენარე მოყვანა ძვირი ჯდება და საწარმოო მნიშვნელობა ამ პლანტაციებმა, ჩაკეტილი სისტემის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა.
[9]–ს მიხედვით: მცენარე კარგად შეეგუა ჩვენი ქვეყნის სუბტროპიკებს და მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა – მშრალი ბალახის მოსავალი – 1ჰ. 1350 კგ ქობულეთში და 985 კგ შუა ხორგაში.

Catharanthus roseus

3. ნედლეული

ნედლეულია ვარდისფერი კათარანთუსის ფოთოლი – Folium Catharanthi rosei, თუმცა ჩვენში, ნედლეულის ნაკლებობის გამო, მთლიანად ბალახსაც და ზოგჯერ ფესვებსაც ამზადებდნენ. ნედლეული მზადდება ყვავილობის ფაზაში. ბალახს ცელავენ ნიადაგიდან 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ასუფთავებენ უხეში ნაწილებისა და მინარევებისაგან. აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილიაციის პირობებში.
შხამიანია!, ინახება B-სიით.

4. ქიმიური შედგენილობა

ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ვარდისფერი კათარანთუსზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: აიმალიცინი (რაუბაზინი 0, 1%), ალკალოიდები, არომატული ალდეჰიდები, დიმერული ფუძეები, დიოქსილოგანინი, ეთეროვანი ზეთი, ვინბლასტინი (ვინკალეიკობლასტინი 0, 005%), ვინდეზინი, ვინდოლინინი, ვინკრისტინი (ვინკალეიკოკრისტინი 0, 001%), კათარანთინი, ლეიკოკრისტინი, ლეიროზიდინი (ვინკაზიდინი), ლეიროზივინი, ლეიროზინი (ვინლეიროზინი), ლოგანინი,მონომერული ფუძეები, მონოტერპენული გლიკოზიდები, როვიდინი, სერპენტინი ლიხნერინი, სპირტები.
[9]: საქართველოში კულტივირებული ვარდისფერი კათარანთუსის ბალახში ყველაზე მეტად სინთეზირდება ვინდოლინი და ლეიროზინი. ალკალოიდების ჯამის შემცველობა 0, 38-0, 8%, ხოლო ფესვებში – ძირითადად პროდუცირებს აიმალინი. ფორმულა–ნახატებიც ამავე წყაროდანაა აღებული.

vini

5. გამრავლება

კათარანთუსს, ამჟამად დეკორატიული მიზნით, ოთახის კულტურად უფრო ამრავლებენ. ქვემოთ აღწერილია, როგორც ოთახის კულტურის მოვლა
5.1. განათება: უყვარს სინათლე, ამჯობინებს სამხრეთ მხარეს დატანებულ ფანჯარასთან ყოფნას; თუმცა, აუცილებელია, გაზაფხულზე იგი ფრთხილად, თანდათან შევაჩვიოთ მზის პირდაპირ სხივებს. ამით თავიდან ავაცილებთ დაწვის საშიშროებას.
5.2. მორწყვის რეჟიმი: საჭიროა, მთელი წლის მანძილზე საკმარისად ჰქონდეს ტენი, მაგრამ ზედმეტი მორწყვა ვნებს.
5.3 ჰაერის ტენიანობა: კათარანთუსს ყოველდღე ასხურებენ წყალს; მას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტენიანი ჰაერიც; მცენარის ქოთანს დგამენ ზღვის კენჭებიან და კერამზიტიან ქვესადგამზე, რომელსაც სისტემატურად ნამავენ. აუცილებელია, ზაფხულობით იგი იდგას სუფთა ჰაერზე (ბაღში ან აივანზე).

კათარანთუსი

5.4. ტემპერატურული რეჟიმი: გარდა ტენისა, კათარანთუსს სითბოც უყვარს: ზაფხულობით მისი ოპტიმალური ტემპერატურაა 25-27 °С, ზამთარში კი – 15-18°С.
5.5. ნიადაგი: ამ მცენარისთვის აუცილებელია დრენაჟირებული ნიადაგი, რომელსაც შეგვიძლია დავუმატოთ ხის ნახშირი ან კერამზიტი. რეკომენდებულია ამგვარი ნარევიც: 1 წილი კორდის მიწა (ანუ მიწა, რომელიც დამუშავებული არაა), 1 წილი ფოთლებიანი მიწა (ფოთლები გარკვეული ხნის მანძილზე ნეშომპალად იქცევა, რაც ძალზე სასარგებლოა კათარანტუსისთვის), 1 წილი ტორფი, 1 წილი ნეშომპალა და 1 წილი ქვიშა.
კათარანთუსს ზრდის პერიოდში ასევე სჭირდება დამატებითი საკვების მიწოდებაც; ამ მიზნით, სასუქს ხსნიან წყალში, რომლითაც რწყავენ მცენარეს.
5.6. მოშენება: კათარანთუსს ამრავლებენ კალმით ან თესლით – ზამთრის მიწურულს ან ადრეული გაზაფხულის პერიოდში. ყოველწლიურად, გაზაფხულობით, ხდება მისი გადარგვა.
5.7. მავნებლები: კათარანთუსი აზიანებს აბლაბუდის ბადე (მშრალ ჰაერზე ყოფნისას, მცენარის ფოთლებსა და ღეროებს გარშემო უჩნდებათ–ხოლმე აბლაბუდა), ე.წ. პატარა ფარები (მის ფოთლებსა და ღეროებზე ჩნდება მცირე ზომის ბალთის მსგავსი წანაზარდები, რომლებიც ტოვებენ წებოვან გამონაყოფს, ანუ პატარა ფარებს), ასევე – ბუგრები, რომლებიც ყლორტებისა და კოკრების წვეროებზე წარმოქმნიან წებოვან ნივთიერებას. მცენარეს ამგვარად შეგვიძლია დავეხმაროთ: ის ადგილები, რომელთაც დაზიანების რისკი ემუქრება, საპნის წყალხსნარით კარგად უნდა დავუმუშავოთ.

Catharanthus roseus

6. მედიცინაში გამოყენება

კათარანთუსისაგან რამდენიმე პრეპარატს ამზადებენ. უფრო ცნობილია როზევინი. იგი ვინბლასტინის და ვინკრისტინის ჯამურ პრეპარატია. იყენებენ ქრონიკული ლეიკემიის, ლიმფო- და რეტიკულოსარკომის, ბრონქების და საკვერცხეების კიბოს დროს. გამოიყენება სიმსივნის კომპლექსურ ქიმიოთერაპიაში.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. კათარანთუსი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. კათარანთუსი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 2338 times by 1348 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka