დანაწევრებული ძაღლყურძენა – Solanum laciniatum Ait.
ჩიტის ძაღლყურძენა – Solanum aviculare Forst
მანანა კიკნაძე, არჩილ შენგელია
1. ზოგადი აღწერა
დანაწევრებული ძაღლყურძენა – Solanum laciniatum Ait., მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა – Solanaceae ოჯახს. სუბტროპიკული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. სამშობლოში 3–4 მ სიმაღლის იზრდება, ერთწლიანი კულტურის პირობებში კი – 1 მ. ღერო ერთეულია, 40–60 სმ სიმაღლის, ფუძესთან გახევებული, მუხლების არეში იისფერი პიგმენტაციით. სიმაღლეზე რამდენჯერზე იტოტება. უხვად შეფოთლილი მცენარეა.

სამი ტიპის ფოთლები აქვს. ქვედა ფოთლები დიდია, გრძელყუნწიანი. არაწყვილფრთისებრ ღრმად განკვეთილი, სიგრძეში 35 სმ აღწევს. შუა ნაწილში ფოთლები მოკლდება და ფორმითაც მარტივდება– სამადგანკვეთილია. ზედა ნაწილში კი ფოთლები წვრილია, ლანცეტისებრი, მთლიანი. ფოთლები ზემოდან უფრო მუქ–მწვანეა, ვიდრე ქვედა მხრიდან. ყვავილები ლურჯ–იისფერია, მსხვილი, 3–17 ცალად შეკრებილია მოკლე ხშირ მტევნებად. ნაყოფი ნარინჯისფერია, წაგრძელებულ–ოვალური ფორმისა, წვნიანი, 2–2.5 სმ სიგრძის, ორბუდიანი. სამშობლოში მას “კენგურუს ვაშლს” ეძახიან, თუმცა არც კენგურუ და არც სხვა რომელიმე ცხოველი მას არ ჭამს–შხამიანია! (გარდა ფრინველებისა). თესლები – წვრილია, მრავალი. აქვს ღერძული, მსხვილი ფესვი.

2. გავრცელება
ბუნებრივად გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალი ზელანდიაში, ნორფლოკისა და ტასმანიის კუნძულებზე.
როგორც დეკორატიული მცენარე, ევროპაში კულტურაში 1772 წელს შემოიტანეს. კულტურაშია უკრაინაში, მოლდავეთში, შუა აზიის ქვეყნებში საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებიდან თესლის მიღება ხერხდება მხოლოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. ალბათ, მიზანშეწონილია ექსპერიმენტების ჩატარება მოასწრებს თუ არა თესლი დამწიფებას საქართველოს ნახევარუდაბნოებში, მათ შორის– გარეჯში.
საქართველოში მე–20 საუკუნეში პლანტაციები არსებობდა ქობულეთში. მცენარე პროდუციული აღმოჩნდა თბილისშიც. თესლი შემოტანილ იქნა რუმინეთის ქალაქ კლუჯიდან. [9]: ”მიკროელემენტების Mn და B შეტანის შედეგად ფოთლებში ორჯერ გაიზარდა გლიკოალკალოიდების და მათში სოლასოდინის რაოდენობა. (ლ. კვიტაიშვილი)”.

3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია დანაწევრებული ძაღლყურძენას ბალახი – Herba Solani laciniati. ნედლეულს ორჯერ ამზადებენ: თავდაპირველად ყვავილობის, შემდეგ კი– ნაყოფიანობის ფაზაში, ვიდრე ნაყოფი მწვანეა. შლიან მიწაზე, თხელ ფენად და აშრობენ.
4. ქიმიური შედგენილობა
ამ მცენარისადმი ინტერესი გაჩნდა კარდიკოსტეროიდული და სხვა ჰორმონული პრეპარატებისათვის მცენარეული ნედლეულის ძიებისას. ქიმიკოსებმა მასში იპოვეს გლიკოალკალოიდები: ფოთლებში– 3.87%–მდე, ფესვებში – 0,81%, მწიფე ნაყოფებში – 0,7%, უმწიფარ ნაყოფებში -6,16%, ღეროებშიც კი – 0,32%.

გლიკოალკალოიდებიდან გამოყვეს სოლასონინს და სოლამარგინს. მათი აგლიკონია სოლასოდინი, რომელიც პროგესტერონის, კორტიზონის და ზოგიერთი სხვა კორტიკოსტეროიდების ჯგუფის სტეროიდული ჰორმონების საწყისი პროდუქტია.

[9]: სტანდარტის მოთხოვნით, ბალახში სოლასოდინი უნდა იყოს არანაკლებ 0,8%. მისი შემცველობა მაქსიმუმს აღწევს მცენარის ვეგეტაციის ბოლოს – 2%. ყველაზე მდიდარია უმწიფარი ნაყოფები – 2–4%, ხოლო მწიფეში სტეროიდული შენაერთები არ მოიპოვება.
5. ჩიტის ძაღლყურძენა – Solanum aviculare Forst
დანაწევრებული ძაღლყურძენა – Solanum lacinatum Ait., –სთან ქიმიური შემადგენლობით ახლოს დგას ჩიტის ძაღლყურძენა – Solanum aviculare Forst,. მას მე–20 საუკუნეში აჭარაში აშენებდნენ.

6. მედიცინაში გამოყენება
სოლასონიდისაგან სინთეზურად ღებულობენ ჰორმონულ პრეპარატებს (კორტიკოსტეროიდებს), რომლებსაც იყენებენ პოლიერთრიტების, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, ლეკოზების ზოგიერთი ფორმის, ასევე კანისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე ხმარობდნენ დანაწევრებულ ძაღლყურძენას.
მცენარისაგან მიღებულ პრეპარატებს ხმარობენ ყურისა და თავის ტკივილის დროს.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ძაღლყურძენა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ძაღლყურძენა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 1487 times by 598 viewers


