ქართველები იტალიაში

ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N1, თებერვალი, 2010წ.

ნინოობა მილანში (2005 წ.)

იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის ალბათ დაუვიწყარ დღედ დარჩება ნინოობისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელიც 29 იანვარს ქ. მილანში შედგა საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწის, ბერგამოს უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის ყოფილი დეკანის ნინო ყაუხჩიშვილისა და არქიტექტორ სილვიო კალვის თაოსნობით; ბერგამოს უნივერსიტეტის სლავური კათედრის, მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული პროექტების დეპარტამენტის, იტალიური ალპური კლუბის მილანის სექციის ხელშეწყობითა და იტალიაში საქართველოს საელჩოს, აგრეთვე სელას ფონდის თანამშრომლობით.
იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან _ პავიიდან, ბერგამოდან, მილანიდან, პიზადან, ტრიესტედან, ვენეციიდან, ბორგომანეროდან, ვიჩენცადან ჩამოსულ ქართველ ექიმებსა თუ მუსიკოსებს, ლიტერატორებსა თუ ფიზიკოსებს ქართული ცრემლითა და ხუმრობით გაჯერებულ საზეიმო განწყობილებასთან ერთად საქმიანი ატმოსფეროც დახვდათ, ვინაიდან ორგანიზატორებს საკმაოდ ვრცელი პროგრამა მოემზადებინათ, რომელიც მიზნად ისახავდა იტალიელი სტუმრებისათვის გაეცნოთ ქართული კულტურა, დაესახათ ქართული სათვისტომოს, ქართულ-იტალიური საზოგადოების და იტალიურ-ქართული ერთობლივი ალპური კლუბის შექმნა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს საკეთილდღეოდ.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ნუნუ გელაძე, მიკელანჯელო პიპანი, ნინო ყაუხჩიშვილი, ზაზა გოგსაძე, სოლომონ ნერგაძე, ლაშა მიქაბაძე
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ნუნუ გელაძე, მიკელანჯელო პიპანი, ნინო ყაუხჩიშვილი, ზაზა გოგსაძე, სოლომონ ნერგაძე, ლაშა მიქაბაძე

შეხვედრა, რომელიც მთელი დღე გრძელდებოდა (10-17სთ.), უჩვეულოდ ხალხმრავალი გამოდგა და ამას საგანგებოდ გაუსვა ხაზი თავის შესავალ სიტყვაში ნ. ყაუხჩიშვილმა: ”მიხარია და ცრემლს ვერ ვმალავ, ამდენ ქართველს რომ ვხედავ, როგორც იქნა შევიყარეთ, რომ იცოდეთ, რამდენი წელი ვოცნებობდი ამ დღეზე, მადლობა ყოველ თქვენთაგანს, მადლობა სილვიო კალვის და მილანის ალპინისტთა კლუბს, რომელმაც საოცარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ჩვენდამი.” შემდეგ ისაუბრა საქართველოს წარსულსა და აწმყოზე, წმ. ნინოს სულიერ ღვაწლზე და დამსწრე საზოგადოებას მიმართა: ” აი, ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ და თქვენი დახმარებით, ერთიანი ძალით გვსურს დავიბრუნოთ ძველი დიდება, ერთად ავაშენოთ მომავალი ბედნიერი საქართველო; ვიდრე ცოცხალი ვარ, მსურს ჩემი ქვეყანა ევროპის ღირსეულ წევრად ვიხილო”. და სიტყვა გადასცა საქართველოში იტალიის პირველ ელჩს მიქელანჯელო პიპანს, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობისას არაერთ სასიკეთო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. “ვისაც ცოტა ხნით მაინც უცხოვრია საქართველოში, მისი მომაჯადოებელი ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის გარდა არ შეიძლება არ მოეხიბლა ქართველთა საოცრად ჰუმანურ ხასიათს, დროჟამიანობას და უამრავ სიძნელეს რომ ვერაფრით დაუთრგუნავს. მოხარული ვიქნები თქვენთან ერთად ნებისმიერ წამოწყებასა თუ საქმიანობას შევუწყო ხელი. ღრმად მწამს, იტალია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დახმარების საქმეში; მთავარია, შევკავშირდეთ, უკეთ გავაცნოთ ეს ქვეყანა ევროპას, დავსახოთ საურთიერთობო გზები სხვადასხვა დარგში, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდიდარი რესურსების გამოყენებას, ტურიზმის განვითარებას ისე, რომ არ დავაზიანოთ მისი ხელშეუხებელი სილამაზე”.
შუასაუკუნეების საქართველოს კულტურის მნიშვნელოვან მომენტებზე (მდიდარი სლაიდური მასალის გამოყენებით) ისაუბრა ვენეციის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე აღიარებულმა მეცნიერმა, იტალიაში გამოცემული არაერთი საინტერესო წიგნის ავტორმა გაგა შურღაიამ.
ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუიჯი მაგაროტომ, რომელიც ოც წელზე მეტია იტალიაში ქართულ კულტურას მესვეურობს და დაუღალავად თარგმნის თანამედროვე თუ კლასიკოს მწერლებს, ისაუბრა ქართული ლექსის თავისებურებების, თემების, პარალელების შესახებ და წაიკითხა ნ. ბარათაშვილის “მერანისა” და ტ. ტაბიძის “ლექსი მეწყერის” მისეული თარგმანები.
იტალიაში მცხოვრებმა მთარგმნელმა და ჟურნალისტმა ნ. გელაძემ, მრავალი წელია რომ აქვეყნებს იტალიური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს და ამჟამად უანგაროდ ეწევა ქართული მწერლობის პროპაგანდას იტალიაში, მსმენელი ქართული ლექსის ხიბლით დაატკბო, ჯერ ქართულად შემდეგ იტალიურად წაიკითხა ო. ჭილაძის, ჯ. ჩარკვიანის, კ. Aარაბულის, ბ. არაბულისა და მ. გონაშვილის ლექსები.
ქართულ ლექსს ქართული სიმღერა მოჰყვა, ყველას მოულოდნელად ნ. ყაუხჩიშვილმა (როგორც თავად თქვა, სიურპრიზი მოუწყო სტუმრებს) დარბაზში უხმო ქალთა ანსამბლ “სინტონიას”, რომლის წევრები იტალიელი ქალბატონები არიან, ხოლო ხელმძღვანელები დედა-შვილი გულიკო ლომთათიძე და მაია სიხარულიძე; “შენ ხარ ვენახის”, “ჩაკრულოს”, “ოცდახუთსა დეკემბერსას” გაგონებაზე ცრემლი ვეღარავინ დამალა. Dდა ქართული კერძებით დამშვენებულ სუფრას აღარც სადღეგრძელოები დააკლეს ქართველებმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი გაიხსნა სილვიო კალვის ფოტოგრაფიული ნამუშევრების გამოფენით “ჩემი საქართველო”. ქართული ბუნების განუმეორებელი პეიზაჟები, დიდებული ძეგლები, საოცარი სიყვარულითა და სინატიფით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები ჭეშმარიტად ადასტურებს ნ. ყაუხჩიშვილის სიტყვებს, რომ ს. კალვი მართლაც შეყვარებულია საქართველოზე. რამდენიმე წლის წინ მან არქივებში აღმოაჩინა ვიტორიო სელას მიერ 1895-99 წლებში გადაღებული ფოტონამუშევრები, აღადგინა ისინი და ჯერ თბილისში გამოფინა, შემდეგ კი სვანეთში; აქვე გადაიღო მისმა მეგობარმა ანტონიო კანევაროლომ შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი “საქართველო 2002”, რომლის ხილვამ აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.
“სვანეთი, ტერიტორია და კოშკები, ღირსშესანიშნაობები” _ ამგვარი პროექტი წარმოადგინა მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტმა ელეონორა ბერსანიმ, ხოლო მისმა ასპირანტმა ბარბარა კალვიმ ისაუბრა დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი “პირველი ევროპელების” შესახებ.
ყველასათვის სასიხარულოდ დარბაზში საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე გამოჩნდა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მოუცლელობის მიუხედავად მაინც შეასრულა დანაპირები და შეხვედრას ოფიციალური მხარე და გულითადი ტონიც არ დააკლო: “მოგესალმებით ყველას, თანამემამულენო და იტალიელო სტუმრებო, და საქართველოს საელჩოს სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რათა ნინოობისადმი მიძღვნილი ეს შესანიშნავი დღე იტალიაში ქართული კულტურის გაცნობის დღედაც გვექცია და რაც უფრო ნიშანდობლივია, ქართული სათვისტომო შეგვეკრიბა, რათა ჩვენს მეგობარ იტალიელებთან ერთად ერთიანი ძალით საქართველოს მომავალზე ვიზრუნოთ.”
“როგორ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან” _ ასეთი წინადადებით წარსდგა მსმენელის წინაშე მილანელი მასწავლებელი მაურა მორანდი, რომელიც ქართულ კარიტასთან თანამშრომლობს და მიზნად ისახავს თბილისის უნივერსიტეტში იტალიური ბიბლიოთეკა შექმნას. ამ და სხვა წინადადებების ფონზე ჰუმანიტარული დახმარების შესახებ გადაწყდა, პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდეს ქართული სათვისტომო, გამოიცეს მცირე საინფორმაციო ბიულეტენი, მოეწყოს მსგავსი შეხვედრები, რათა შემდგომში დაისახოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები.
Dდაბოლოს, ისევ გაისმა ქართული სიმღერა, ვიჩენცელი ქალბატონები “თბილისოს” მღეროდნენ, აქა-იქ მორიდებულად წამოიმღერეს ქართველებმა, მერე ვიღაცამ შესძახა, “ქართველებო, იმღერეთო!” და ცრემლითა და სიხარულით ამოიმღერა ყველამ ერთხმად “თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ სიცოცხლე არ მანდა”…

ტექსტისა და ფოტოების ავტორი
ეჯიდიო ფუსკო

იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძე- ფუსკომ

..