ვორონოვის თეთრყვავილა – Galanthus woronowii A. Losin.,
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Подснежник Воронова
ვორონოვის თეთრყვავილა ძვირფასი ფარმაცევტული ნედლეულის–გალანტამინის მცენარეული წყაროა.
1. ზოგადი აღწერა
ვორონოვის თეთრყვავილა – Galanthus woronowii A. Losin., ამარილისისებრთა – Amaryllidaceae ოჯახს მიეკუთვნება. იგი კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელი ენდემური, ერთლებნიანი პატარა ბოლქვოვანი მცენარეა.
ღერო სიმაღლეში 10–30 სანტიმეტრს აღწევს, ოდნავ წახნაგოვანია. ყვავილის ღერო (მას მეორენაირად ბოტანიკაში ჩოყსაც უწოდებენ), რომელსაც წვეროზე აქვს ერთი, თეთრი ფერის, ქვემოთ დახრილი ყვავილი.
მცენარის ქვედა მხარეს განლაგებულია ღია მწვანე, ხაზური. ღარიანი, ორი ფოთოლი. მათი სიგრძე 20–25 სანტიმეტრს, ხოლო სიგანე 1,5–2 სანტიმეტრს შეადგენს. ფოთლები წვეროში სულ უფრო მახვილი ხდებიან; აქვთ ღია მწვანე შეფერილობა და ბრტყელი, ამავე დროს – ოდნავ ირიბი ფორმები; თითოეულ მათგანს ზედა მხარეს გასდევს გვერდითი, გრძივი ღარები, რომლებიც მცირე ზომის ნაკეცებით (ჩაჩით) ბოლოვდებიან. ისინი განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში ხდებიან შესამჩნევი.
საყვავილე მოკლე ღეროზე მხოლოდ ერთი, დიდი, სურნელოვანი ყვავილია. მარტივ, კალათისებურ თანაყვავილედს სხვადასხვა ზომის 6 ფურცელი აქვს. გარეთა ფურცლების სიგრძე 15–დან 20 მილიმეტრამდე მერყეობს; მათ წაგრძელებული და ამასთან, შებრუნებული კვერცხის ფორმა აქვთ. რაც შეეხება შიგნით განლაგებულ ფურცლებს: ისინი გარეთა ფურცლებთან შედარებით მოკლეა, მაგრამ მათზე განიერია. შიდა ფურცლები ქვემოთ მხარეს ვიწროვდება, ბრტყელია, ხოლო ზემოთა მხარეს რაღაც ნაწილი თითქოს ამოჭრილი აქვს; დაფარულია გულის ან თირკმლის ფორმის, მწვანე ლაქებით. მცენარეს აქვს 6 ცალი მტვრიანა, ასევე – ბუტკო, რომელსაც სამბუდიანი ნასკვი გააჩნია.
ბოლქვების დიამეტრი 3 სანტიმეტრია. ისინი თეთრი ფერისაა; მათი ზედაპირი დაფარულია მოყვითალო–მოწაბლისფრო ქერცლით და ხშირად გარემოცულია მცირე ზომის, ე. წ. შვილობილი ბოლქვებით.
ნაყოფი წარმოადგენს ერთგვარ კოლოფს, რომელიც სამი სარქველით იხსნება. თესლის სიგრძე 3 მილიმეტრია; ხასიათდება არასწორი, ოდნავ წახნაგოვანი, განიერ–ელიფსური ან სფეროსებური ფორმებითა და მუქი ყავისფერი შეფერილობით და თეთრი დანამატითაა. ჰყვავის ადრეულ გაზაფხულზე (თებერვალსა და მარტში).
2. გავრცელება
იგი იზრდება მთის ქვედა სარტყლის ფართო –ფოთლოვანი ტყეების განაპირა ადგილებში და ბუჩქებში. ხშირად გვხვდება შავ ზღვასთან, მთიან ადგილებში, განსაკუთრებით – მთიანეთის შუა და ქვედა სარტყელში.
საქართველოს ენდემია, მაგრამ ამჟამად გვხვდება კრასნოდარის ოლქშიც. მისი დამზადება ძირითადად აფხაზეთსა და აჭარის რაიონებში ხდებოდა.
მე–20 საუკუნეში ცდილობდნენ მის კულტურაში შემოტანას. მონაცემები პლანტაციის არსებობის შესახებ ვერ მოვიპოვეთ.
3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ბოლქვები. მათ ამზადებენ მცენარის დაყვავილების შემდეგ. სამკურნალოდ იყენებენ ფოთლებსაც.

4. ქიმიური შედგენილობა
მცენარის ბოლქვი შეიცავს 0,5-1,5%. ფენანტრიდინის ჯგუფის ალკალოიდებს. მათსი დომინანტია გალანტამინი,რომელლიც ალკალოიდების ჯამური რაოდენობის დაახლეობით 50%–ია. შეიცავს აგრეთვე გალანტამიდინს, გალანტინს, გლიკოზიდებს, ლიქორინს, ლორწოს, მთრთილავ ნივთიერებებს, სახამებელს.

5. მედიცინაში გამოყენება
გამაჯანსაღებელი მოქმედება და გამოყენება: თეთრყვავილა შეიცავს სამკურნალო ნივთიერება გალანტამინს, რომელიც ამცირებს ქოლინესთერაზის ფერმენტის აქტივობას და ამავე დროს, აძლიერებს ეფექტს, რომელსაც აცეტილქოლინის ნეირომედიატორი იწვევს. გარდა ამისა, გალანტამინი ზრდის ნერწყვის გამოყოფის ტემპს და აძლიერებს ჩონჩხის მუსკულატურის რეაქციას აცეტილქოლინზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გალანტამინი აღადგენს დარღვეულ ნერვულ–კუნთურ გამტარუნარიანობას, ამაღლებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, ავიწროებს თვალის გუგებს, აღაგზნებს სუნთქვით ფუნქციას, მნიშვნელოვნად სწევს დაბლა სისხლის წნევას, აფერხებს ადრენალინის სეკრეციას, ფუნქციურად ეწინააღმდეგება კურარეს მსგავს ნივთიერებებს, ნაკლებ მომწამვლელია.
სამედიცინო პრაქტიკაში გალანტამინს იყენებენ გადატანილი პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების, მიასთენიისა და მიოპათიის, პოლინევრიტებისა და რადიკულიტების, ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ. გალანტამინი ხელს უწყობს დაზიანებული კუნთების მოძრაობის აღდგენას, აუმჯობესებს მოძრაობით ფუნქციასა და ავადმყოფთა საერთო მდგომარეობას.
პრეპარატებიდან იყენებენ ”გალანტამინ ჰიდრობრომიდს” (ანუ – ბრომიდწყალბადს), რომელიც ამპულებით ყიდიან. ბულგარეთში უშვებენ ანალოგიურ პრეპარატს, სახელწოდებით – ”ნივალინი”. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი პრეპარატის ჭარბ დოზას მიიღებს ან მას მომატებული აქვს საერთო მგრძნობელობა, შეიმჩნევა ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ბრადიკარდია და თავბრუსხვევა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, თვალის გუგაში გალანტამინის ხსნარის ჩაწვეთების შემდეგ, შეიძლება დაფიქსირდეს კონიუნქტივის შეშუპება.
გალანტამინის მიღების საწინააღმდეგო ჩვენება: ამ პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ეპილეფსიით, ჰიპერკინეზით, ბრონქიალური ასთმით, სტენოკარდიით, ბრადიკარდიით დაავადებული პაციენტებისთვის.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. თეთრყვავილა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. თეთრყვავილა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 1018 times by 560 viewers


