ნინოობა მილანში

ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N1, თებერვალი, 2010წ.

ნინოობა მილანში, 2008 წელი

(გაზეთებიდან – ,,ნოტიცია ოჯი”, ,,ინფორმატორე”)

კვირას, 27 იანვარს მილანში ქართულ-იტალიური საზოგადოების მესვეურების: ნ. ყაუხჩიშვილის, ს. კალვის, ლ. მაგაროტოს, მ. ტიეგის, მ. ბუბაშვილის, მ. სიხარულიძის, გ. შურღაიას, მ. ტოფაძის, ნ. გელაძის ინიციატივით უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული “ნინოობა” გაიმართა. ხალხმრავალი შეხვედრა წმინდანების სერგის, სერაფიმესა და ბიკენტის სახელობის ეკლესიაში მამა ილია ჩაკვეტაძის მიერ აღვლენილი საღვთო ლიტურგიით დაიწყო.
მოგვიანებით მილანის ცენტრში მდებარე ალპინისტთა ეროვნულ კლუბში თავი მოიყარეს ქართველმა ემიგრანტებმა და ქართული კულტურით დაინტერესებულმა იტალიელებმა, რომელთა შორისაც იყვნენ საქართველოს დესპანი იტალიში ს. დანელია, ცნობილი მილანელი მწერლები და პოეტები: ე. ბიზუტი, მ. სორეზინა, მ. ნაპოლი, გ. გრიფინი და სხვები.
ქართულ სიტყვასა და პოეზიას მოწყურებული ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა თანამემამულე პოეტთან დათო მაღრაძესთან შეხვედრა, რომლის პოეტური კრებული “შALVE” წარადგინეს მთარგმნელმა ნ. გელაძემ, რედაქტორმა ა. ბელორამ და გამომცემელმა ფ. ფაძარიმ. “დღეს ქართველებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღესასწაულთან ერთად არანაკლებ ღირსსახსოვარ მოვლენას აღვნიშნავთ, – განაცხადა ნ. გელაძემ, – ჩვენი სათვისტომო მასპინძლობს ცნობილ ქართველ პოეტს, ცნობილს არამხოლოდ სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ღირსების ორდენის კავალერს, კულტურის ყოფილ მინისტრს, არაერთი ევროპული და ამერიკული ლიტერატურული პრემიის მფლობელს, და რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორს დათო მაღრაძეს. ცხადია, არ შევუდგები მისი ლექსების პოეტურ ღირსებაზე საუბარს, ეს შესანიშნავად მოეხსენება ქართველ მკითხველს, ერთს აღვნიშნავ მხოლოდ: თუ ამ წიგნში იტალიელი მკითხველი დაინახავს მის ავტორს, ყოველგვარ პათეტიკას მოკლებულ, სამშობლოს წარსულსა და აწმყოზე მოფიქრალ თავისი ერის ჭეშმარიტ შვილს, ზოგადკაცობრიულ ჭრილში მოაზროვნე, ხან სევდიან, ხან თავდავიწყებას მიცემულ ბრძენ პოეტს, თუ დაინახავს მის საყვარელ თბილისსა და მის გარემოცვას, აღიქვამს მის უაღრესად დახვეწილ პოეტურ მანერას, მაშინ ჩავთვლიდი, რომ ჩვენმა ძალისხმევამ, თარგმანში ერთგულად დაგვეცვა ეს ყოველი, შედეგი გამოიღო.”
საზოგადოებამ მხურვალე ტაში შეაგება ქართველი პოეტის მისალმებას, მის მიერ წაკითხულ ლექსებს (იტალიურად მთარგმნელი კითხულობდა) და აღფრთოვანებასთან ერთად ბევრმა ემიგრანტმა ვერც ცრემლი შეიკავა.
“შALVE”- ს იტალიურ ენაზე გამომცემელმა, საგამომცემლო სახლის “ლა ლონტრას” დირექტორმა ფ. ფაძარიმ მიულოცა პოეტს წიგნის იტალიელი მკითხველის წინაშე წარდგენა და აღნიშნა: “ყოველ წიგნს ფრთები სჭირდება, გამომცემლის მიერ შესხმული, რათა ახალი სივრცეები დაიპყროს, და დღევანდელი მოვლენა სწორედ იმის დასტურია, თუ როგორ დაიპყრო ჩვენი გულები დათოს ლექსებმა, რომელთა მეშვეობით ქართული და იტალიური კულტურის ურთიერთობაში ახალი, საინტერესო ფურცელი გადაიშალა, კულტურათა სწორედ ამგვარი ურთიერთგაცვლა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ერთნაირად გვამდიდრებს ყველას.”
ტრადიციულ ქართულ სუფრაზე სტუმრებმა პოეტს პირადად მიულოცეს წარმატება, ყოველი მათგანი ავტოგრაფს სთხოვდა და სიხარულსა და სიამაყეს ვერ მალავდა მის გვერდით სურათის გადაღებისას.
“დიდად მოხარული ვარ, რომ დღეს დათო პირადად გავიცანი, – თქვა პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის “პოეთრი ონ ლე ლეიქის” ორგანიზატორმა პოეტმა გ. გრიფინმა, – მან გასულ წელს ჩვენს ფესტივალში მიიღო მონაწილეობა ლექსით “სამსხვერპლო ცხენი”, რომელიც ფესტივალის კრებულში შევიდა; მოვისმინე მისი შესანიშნავი ლექსები და ვიმედოვნებ, იგი კვლავაც მიიღებს ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას”.
ეჯიდიო ფუსკო: “ მე მეამაყება, რომ ამ დიდებულ ერთან გული მაკავშირებს, ვამაყობ იმით, რომ დათო მაღრაძეს ბრწყინვალე პოეტს, უაღრესად კეთილშობილ და თავმდაბალ ადამიანს, დიდ ინტელექტუალს მეგობრად მივაჩნივარ. მინდა მივულოცო წარმატება მას და გამოვხატო ჩემი დაუფარავი აღფრთოვანება იმის გამო, თუ რა სიყვარულითა და მოკრძალებით შეხვდნენ მას ქართველი ემიგრანტები. ხალხს, რომელსაც პოეტი და პოეზია ასეთ რანგში აჰყავს, გადაშენება არ უწერია.”
შეხვედრის მეორე ნაწილი სამეცნიერო მოხსენებებს დაეთმო: მკვლევარმა სიმონა მერლომ წარმოადგინა ისტორიული ხასიათის მოხსენება “1905 წლის რევოლუცია საქართველოში”; პავიის უნივერსიტეტის დოქტორანტის მანანა ტოფაძის სამეცნიერო-პოპულარული თემა “ქართული ენა –იდუმალი კულტურის ანარეკლი”, რომელიც დიდი ინტერესით მიიღო საზოგადოებამ, ეხებოდა ქართული ანბანის წარმოშობის საკითხებს და ისეთ სიტყვა-თქმებს, როგორიცაა: გენაცვალე, გამარჯობა, დღე მშვიდობისა, წუთისოფელი, სტუმარი ღვთისაა და სხვ., რომლებიც ღრმად ასახავენ ქართულ ხასიათს, ქართულ ტრადიციებს და ერის მიერ განვლილ ხანგრძლივ ისტორიულ ქარტეხილებს.
საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა იტალიელმა ალპინისტმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ ა. კანევაროლოსთან ერთად წარმოადგინა შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი “მოგზაურობა საქართველოში”, რომელშიც დიდი ოსტატობითაა წარმოჩენილი სვანეთისა და თუშეთის პეიზაჟები და მათი მკვიდრთა ცხოვრება.
სათვისტომოს თითქმის არცერთი შეხვედრა არ გამართულა იტალიაში ქართული სიმღერის მესვეურებისა და უანგარო მოღვაწეების დედა-შვილ გულიკო ლომთათიძისა და მაია სიხარულიძის გარეშე, მათი გუნდი “სინტონია-თბილისი”, რომელიც იტალიელი ქალბატონებითაა დაკომპლექტებული, მუდამ აღაფრთოვანებს მსმენელს. ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს მომღერლებმა და საზოგადოებას წარუდგინეს თავიანთი ახლად ჩაწერილი კომპაქტდისკი, რომელიც დაუფარავი სიხარულით მიიღო ყველამ და, რა თქმა უნდა, ყველა ერთად აამღერა…