შიშველი სტეფანია – Stephania glabra (Roxb) Miers (=S. rotunda Lour)
ოთხმტვრიანიანი სტეფანია S. tetrandra S. Moore
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
1. ზოგადი აღწერა
შიშველი სტეფანია – Stephania glabra (Roxb) Miers (=S. rotunda Lour), (ანუ სამკურნალო სტეფანია, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ) მიეკუთვნება მენისპერმასებრთა – Menispermaceae ოჯახს. ტროპიკული, შხამიანი, მრავალწლოვანი, ორსახლიანი, ლიანა მცენარეა. ღერო მცოცავი აქვს, ქვედა ნაწილში გამექრქნებული, შიშველი, ძირითადად მრგვალი ფორმის. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, მსხვილია, გრძელყუნწიანი, გლუვი, წვერში წამახვილებული მომრგვალო ფორმის. სიგრძით 20 სანტიმეტრს აღწევს. ყვავილები ყვავილედია, მომწვანო-ყვითელი, თავდაქინდრული მოხაზულობით. ”მამრობითი ყვავილები შედგება 6 თავისუფალი, მოგრძო-ოვალური, ფუძესთან შევიწროებული ჯამის-ფოთლისაგან და 3 უკუკვერცხისებრი ხორცოვანი ფურცლისაგან. მდედრობითი ყვავილები 3 ჯამისფოთლიანი და 3 ფურცლიანია. ნასკვი მარტოული, ზედა.” [9]
ნაყოფი, სფეროსებრი, წითელი ფერის კურკიანაა, წვნიანი გარენაყოფით. ფესვური სისტემა წარმოდგენილია ფესვებიდან გამომავალი მსხვილი,თითქმის მრგვალი ტუბერებით და მისი ქვედა ნაწილიდან გამოსული ფუნჯა ფესვებით. ტუბერის მასა – მცენარის სამშობლოში, ინდოეთში 30-50 კგ, აღწევს. [9]–ს მიხედვით, ქობულეთში ინტროსუქცირებულის ტუბერის მასა 10 კგ, ხოლო თბილისში ინტროდუცირებულისა – 8 კგ-მდე აღწევს.
2. გავრცელება
შიშველი სტეფანია ბუნებრივად იზრდება ტროპიკებსა და სუბტროპიკებში: ინდოეთში, ბირმაში, ვიეტნამში, იაპონიაში, სამხ. ჩინეთში. გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლემდე. მე–20 საუკუნის 50–იან წლებში პლანტაცია გააშენეს ქობულეთში. ამჟამად პლანტაცია აღარ არსებობს.
3 . ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია შიშველი სტეფანიას ტუბერი ფესვებით – Tuber cum redicibus Stephaniae glabrae.
საქართველოში (ქობულეთი) ამზადებდნენ სამ წლამდე ასაკის ტუბერებს. დამზადება ხდებოდა ნოემბრის პირველ ნახევარში. ტუბერებს ასუფთავებენ, ჭრიან და აშრობენ 70–80 გრადუს ტემპერატურაზე. ნედლეულის სიმცირის გამო, საქართველოში, ნოემბრის პირველ ნახევარში, ამზადებდნენ ახალგაზრდა, შეფოთლილ ტოტებსაც.
4. ქიმიური შედგენილობა
ამ მცენარის ფესვები და ფესურები შეიცავს ალკალოიდებს: გინდარინს, გინდარინინს, გინდარიცინს, კორიდინს, პალმატინს, როტუნდინს. სტეფარინს სტეფაგლაბრინს), ციკლეანინს და სხვა. სტეფანიას ქიმიურ შემადგენლობას ძირითადად ეს ნივთიერებები განსაზღვრავენ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ გინდარინსა და სტეფარინს იყენებენ იზოქინოლინის საწარმოებლად.
საქართველოში და ინდოეთში წარმოებული ნედლეულის შედარებითი ანალიზი მოცემული აქვს პროფ. ლინა ერისთავს [9]: ”როგორც ინდოეთში, ისე საქართველოში დამზადებულ ტუბერებში ალკალოიდების შემცველობა პრაქტიკულად ერთნაირია და მერყეობს 5-8% ფარგლებში. თვით ალკალოდების შედგენილობა კი განსხავებულია. ბუნებრივი ზრდის ადგილებში მცენარე პროდუცირებს ძირითადად გინდარინს (ლკალოიდების ჯამის მიმართ 30%) და სტეფარინს, ხოლო ციკლეანინი კვალის სახითაა. ჩვენში კულტივირებული მცენარე კი – გინდარინს (ალკალოიდების ჯამის მიმართ 30%) და სტეფარინს, ხოლო ციკლეანინი კვალის სახითაა. ჩვენში კულტივირებული მცენარე კი – გინდარინს და ციკლენინს (ჯამის მიმართ 10%), სტეფარინი საერთოდ არ პროდუცირდება. მიწისზედა ნაწილები ქობულეთის პირობებში ალკალოიდების რაოდენობა 1,5-2% და მასში დომინანტობს ციკლეანინი.”

შიშველი სტეფანიას უძველესი დროიდან იყენებს ტიბეტის, ჩინეთის, ინდოეთის, ვიეტნამის, კორეის, ბირმის ხალხურ მედიცინა. ემპირიული მედიცინა მას მიიჩნევს დიზენტერიის, ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, მალარიის, გველის ნაკბენის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად.
ძირითადი ოფიცინალური პრეპარატები მოცემულია ქვემოთ მოტანილ ცხრილში. პრეპარატები ინახება B-სიით.
|
პრეპარატი |
გამოყენება |
| გინდარინის ჰიდროქლორიდი |
ახასიათებს სედატიური, ადრენოლიზური და ჰიპოტენზიური მოქმედება. გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევისას, აგზნების, ნევრასთენიის, ეპილეფსიური ფსიქოზის, ნარკომანიისა და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. |
| სტეფაგლაბრინის სულფატი ამპულებში |
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას, მიოპათიის, მიასთენიის, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების დროს, სახის ნერვის დამბლისას. |
| ტეტრანდრინი |
რადიკულიტის, ნევრალგიის, ართრიტის და ანთებითი დაავადებების დროს. მზადდება სხვა სახეობიდან: ოთხმტვრიანიანი სტეფანია – Stephania tetrandra S. Moore. |
5.ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო სტეფანიას ფარმაკოლოგიურ თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს. ამავე დროს, მცენარის ბიოლოგიური აქტივობა ძირითადად დამოკიდებულია ალკალოიდების: გინდარინისა და სტეფაგლაბრინის შემცველობაზე, რომელთა ფარმაკოლოგიური თვისებები განსაზღვრავენ სტეფანიას თერაპიულ ღირებულებას. გინდარინის ექსპერიმენტული კვლევით დადგინდა, რომ, 5-25 მგ/კგ დოზით მიღებისას, ალკალოიდი მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც სპონტანურ, ისე ფენამინით გამოწვეულ მოძრაობით აქტივობას; ცხოველებში იწვევს ცენტრალური მიორელაქსაციის მოვლენას; აყოვნებს პირობითი რეფლექსების გამოვლენას; ამცირებს ცხოველთა აგრესიულობასა და სხეულის ტემპერატურას. დიდი დოზით მიღებისას, ალკალოიდი ავლენს კრუნჩხვის შემაჩერებელ თვისებას, როდესაც კრუნჩხვა გამოწვეულია კორაზოლით, ელექტროშოკით, სტრიქნინითა და ნიკოტინით; ამ ალკალოიდს აქვს ტკივილგამაყუჩებელ თვისებაც.
გინდარინის სეროტონინთან და ნორადრენალინთან ურთიერთქმედების შესწავლამ აჩვენა, რომ გინდარინი ამცირებს ამ ბიოგენური ამინების შემცველობას თავის ტვინსა და წვრილ ნაწლავში.
თავის ტვინის ბიოელექტრულ აქტივობაზე გინდარინის ზემოქმედების შესწავლით დადგინდა (ცდა კურდღელზე ტარდებოდა), რომ პრეპარატი იწვევს ფონური ელექტრული აქტივობის ცვლილებას; ამ პროცესს თან ახლავს ელექტროენცეფალოგრამაზე მაღალი ამპლიტუდისა და დაბალსიხშირიანი აქტივობის წარმოქმნა, ასევე შუქის ციმციმის რიტმთან შეგუების რეაქციის გაუარესება, ტკივილის გამომწვევ და სითბურ გაღიზიანებაზე თავის ტვინის ქერქისა და ქერქის ქვედა სტრუქტურების აქტივაციის მატება, უშუალო ელექტრული გაღიზიანების დროს შუა ტვინსა და ჰიპოთალამუსში კრუნჩხვითი ზღვარის გაზრდა. ელექტროენცეფალოგრამაზე აფიქსირებდნენ გინდარინით გამოწვეულ ცვლილებებს და ატარებდნენ მის ანალიზს. შედეგად, დაადგინეს, რომ გინდარინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენდა დამამუხრუჭებელ მოქმედებას.
პრეპარატი М და Н ქოლინორეაქტიულ სისტემებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. ადრენორეაქტიულ სისტემებზე გინდარინის ზემოქმედების შესწავლით კი ირკვევა, რომ ეს პრეპარატი ორგანიზმს იცავს ადრენალინის უარყოფითი ზემოქმედებისგან; ასევე გვაფრთხილებს ადრენალინის სასიკვდილო დოზისგან კუნთების შესაძლო სიკვდილის შესახებ და ამასთან, დაბლა სწევს ფენამინის ’’ჯგუფური ტოქსიკურობის’’ ხარისხს. ეს მონაცემები მეტყველებს ალკალოიდის ადრენოლიზურ თვისებებზე.
ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად გაირკვა: სტეფაგლაბრინის მცირე დოზის მიღება დიდ გავლენას ვერ ახდენს ცხოველთა მდგომარეობასა და ქცევაზე, თუ არ ჩავთვლით ზოგ შემთხვევაში მოძრაობითი აქტივობის ზრდას. თუმცა, დოზის მომატება იწვევს ცხოველში ე.წ. მოძრაობით აგზნებას. ამას თან ახლავს ნერვული თრთოლა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა; დოზის კიდევ უფრო ზრდა კი განაპირობებს კრუნჩხვებს.
სტეფაგლაბრინის ფარმაკოლოგიური მოქმედების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ მას შეუძლია შეაფერხოს ნამდვილი და ცრუ ქოლინესთერაზიული აქტივობა; ამავე დროს, ძლიერდება ორგანოთა მგრძნობელობა აცეტლქოლინის მიმართ. ეს დადასტურდა ცდით, რომლის დროსაც პრეპარატი ბაყაყის კუნთებში შეიყვანეს. დადგინდა, რომ ამ დროს იზრდება კუნთების მგრძნობელობა აცეტილქოლინის მიმართ. გარდა ამისა, ეს ალკალოიდი გლუვ კუნთებზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, რომლის შემცირება შესაძლებელია ატროპინით. კატებზე ჩატარებული ცდებით კი გაირკვა, რომ სტეფაგლაბრინი, მცირე დოზის შემთხვევაში, ცხოველში იწვევს არტერიული წნევის აწევას, დიდი დოზის შემთხვევაში კი – მის დაწევას.
6. სტეფანიას სამკურნალო გამოყენება
ამ მცენარით მკურნალობა უკავშირდება მის ქიმიურ შემადგენლობაში შემავალი ალკალოიდების – გინდარინისა და სტეფაგლაბრინის სამედიცინო გამოყენებას.
გინდარინი: კლინიკურმა ცდებმა დაამტკიცა გინდარინის მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტურობა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებისას (ნევროზი, ნევრასთენია), თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებებისა და ტრავმული დაზიანების ნარჩენი მოვლენების დროს, ასევე – შიზოფრენიის, ეპილეფსიისა (კრუნჩხვითი შეტევები და ეპილეპტიკური ფსიქოზი) და ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში. ავადმყოფთა დიდი უმრავლესობის მკურნალობის პროცესში სტეფანია ავლენს დამამშვიდებელი ზემოქმედების უნარს.
ნევროზული დაავადებების მქონე ბავშვებში, სტეფანიას მეშვეობით მკურნალობის შედეგად დადებითი შედეგები მიიღეს: იმ ბავშვების 97 პროცენტში, რომელთაც ნევროზული დაავადებები აწუხებთ, სტეფანიას მეშვეობით მკურნალობის დროს შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოჯანმრთელობა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვებს, რომელთაც ვერ შველოდა ბრომიდებით, ანდაქსინით, ამინაზინითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობა, უნიშნავდნენ გინდარინს და სასურველ შედეგებსაც აღწევდნენ.
ფენოთიაზინის ჯგუფის პრეპარატებისა და სხვა ნეიროლეპტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, გინდარინი არ იწვევს სიმძიმის შეგრძნებას თავში და არ თრგუნავს ადამიანს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გინდარინის სედატიური (დამამშვიდებელი) მოქმედება დამტკიცებულია გამოკვლევებით.
შიშველი სტეფანიასა და გინდარინის საწინააღმდეგო ჩვენება: უნდა აღინიშნოს, რომ არც სტეფანიას და არც გინდარინის შემთხვევაში საწინააღმდეგო ჩვენება დაფიქსირებული არ არის. მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში შეიმჩნევა, ასე ვთქვათ, მსუბუქი მოუსვენრობა, რომლის დაძლევაც ადვილად შეიძლება კორექტორების საშუალებით (მაგალითად – ციკლოდოლით და სხვა).
სტეფაგლაბრინ-სულფატი: ჩატარდა გამოკვლევები, რომლის დროსაც სტეფაგლაბრინ-სულფატი დაენიშნა კლინიკაში განთავსებულ ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს (აქ იგულისხმება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: სირინგომიელია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, კუნთების პროგრესირებადი დისტროფია, მიასთენია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სახის ნერვის ნევრიტები, პოლინევრიტები და სხვა). ასევე უნდა ითქვას, რომ სტეფაგლაბრინის მიღებამ ეფექტურად იმოქმედა სირინგომიელიით დაავადებული პაციენტების ორ მესამედზე. 1-2 მილილიტრი სტეფაგლაბრინის 0,25 პროცენტიან ხსნარს დასალევად აძლევდნენ პაციენტებს ორჯერ დღეში. გარდა ამისა, სტეფანიათი მკურნალობის კურსი გრძელდებოდა 20-30 დღე. საგულისხმოა, რომ მკურნალობის განმავლობაში შეიმჩნეოდა ტკივილისა და ტემპერატურის კლება; პაციენტის სახე იბრუნებდა ძირითად რეფლექსებს და ამასთან ერთად, შეგრძნების უნარიც უმჯობესდებოდა; სირინგობულბიით დაავადებულ ადამიანებს კი მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ და შემდეგ თანდათან უქრებოდათ საყლაპავი ფუნქციის დარღვევები. გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა იმ პაციენტთა მკურნალობა, რომელთა კუნთებშიც დღეში ორჯერ შეჰყავდათ 2 მლ. სტეფაგლაბრინი. ამ პრეპარატთან ერთად, ყველა ავადმყოფს უნიშნავდნენ: მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურულ ვარჯიშებს, კალიუმის იოდიდის ელექტროფორეზს ხერხემლის არეში, ვიტამინებს – В1 და В12.
სტეფაგლაბრინის თერაპიული ეფექტურობა ასევე შეისწავლეს კუნთების პროგრესირებადი დისტროფიით დაავადებულთა მკუნალობის შედეგად მიღებული მონაცემებით.. მათ უნიშნავდნენ 2 მლ. პრეპარატს, კუნთში გასაკეთებლად (დღეში ორჯერ) – სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშებთან, მასაჟთან და ვიტამინებთან კომბინაციაში. დადებითი შედეგები აშკარად შეიმჩნეოდა: პაციენტებს უბრუნდებოდათ ფიზიკური ძალა და ზოგიერთი რეფლექსი – განსაკუთრებით მუხლის არეში, შეეძლოთ მეტი მოძრაობა. ჩაატარეს შედარებითი შესწავლა გალანტამინთან და პროზერინთან მიმართებაშიც. გაირკვა, რომ იმ პაციენტებს, რომელთაც დაავადება უკვე მძიმე გენერალიზებული ფორმით ჰქონდათ განვითარებული, სტეფანიას პრეპარატები დადებით შედეგს ვერ აძლევდა. მსუბუქი და საშუალო სიძიმის დაავადების დროს, სტეფაგლაბრინის ინექციის შემდეგ დინამომეტრული მაჩვენებლები უმჯობესდებოდა 2-6 კილოგრამით, ზოგ შემთხვევაში კი 10-12 კილოგრამით. სხვათა შორის, ანალოგიური შედეგები გალანტამინის დანიშვნის შემდეგაც შეიმჩნეოდა.
სტეფაგლაბრინის მიღება დადებით შედეგებს აძლევდა პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ: ამიოტროფული სკლეროზით, ტრავმული პლექსიტებით, პოლირადიკულონევრიტებით, სახის ნერვის ნევრიტებით, პოლინევრიტებით. ამ ჯგუფის დაავადებების მქონე ადამიანებს უნიშნავდნენ ხსენებული პრეპარატის კუნთში გაკეთებას 1-1,5 თვის განმავლობაში, ფიზიოთერაპიასთან კომბინაციაში. ზოგიერთი ავადმყოფის შემთხვევაში შეიმჩნეოდა მგრძნობელობითი და მოძრაობითი დარღვევების სრული აღდგენა. ამას გარდა, ზოგ პაციენტს შეუმცირდა მიმიკური მუსკულატურის პარეზი (ნახევარდამბლა), ზოგს კი – სახის ნერვის ნევრიტები.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სტეფაგლაბრინს ადვილად იღებს როგორც მოზარდთა, ისე ბავშვების ორგანიზმიც. პროზერინთან შედარებით, ამ პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ აქვს.
შიშველი სტეფანიას ფარმაციული ფორმები, მიღების წესი და დოზები: დღეში 2-3-ჯერ სვამენ გინდარინს (Hyndarinum), 0,05-0,075გ დოზირებით, ან შეჰყავთ კანის ქვეშ. ყველაზე დიდი ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,1 გრამს. რა თქმა უნდა, ბავშვებს შედარებით მცირე დოზით უნიშნავენ. კანქვეშ შეჰყავთ 1-2მლ. გინდარინის 1%-იანი ხსნარი. სტეფანიათი მკურნალობის კურსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათის დაავადება აქვს პაციენტს და როგორ მიიღებს მისი ორგანიზმი პრეპარატს; ამიტომ, შესაძლოა, რიგ შემთხვევაში მკურნალობის კურსმა სამ თვესაც კი გასტანოს.
გინდარინს უშვებენ როგორ აბების (დოზა 0,05გ), ისე ამპულის სახით (1-2 მილილიტრი 1 პროცენტიანი ხსნარი). პრეპარატს ინახავენ ბნელ და დაცულ ადგილას.
სტეფაგლაბრინ-სულფატის (Stephaglabrini sulfas) 0,25%-იან ხსნარს, 1-2მლ დოზით, დღეში ორჯერ უკეთებენ კუნთში. ამ ფორმით მკურნალობის კურსი 20-30 დღეს გრძელდება.
სტეფაგლაბრინ-სულფატის 0,25%-იან ხსნარს უშვებენ 1 მილილიტრიანი ამპულებით. პრეპარატს ინახავენ გრილ და ბნელ ადგილას. იყიდება მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. სტეფანია. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. სტეფანია. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 1126 times by 481 viewers


