მარიამსაკმელა ჩვეულებრივი – Peganum harmala L.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Могильник, Адраспан, Гармала обыкновенная
შხამიანია!
1. მცენარეთა გვარი მარიამსაკმელა
მარიამსაკმელა (Peganum) მცენარეთა გვარია. აერთიანებს 6 სახეობას. ამ გვარის წარმომადგენელთა უმეტესობა ორყურასებრთა ოჯახს, ზოგიერთი კი მარიამსაკმელისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მრავალღეროიანი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია, ხაზურად განკვეთილი ფოთლებით, ყვითელი ყვავილებითა და სამსაგდულიანი, კოლოფა ნაყოფით. გავრცელებულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილსა და მექსიკის ზეგანზე. საქართველოში ხარობს 1 სახეობა. იზრდება მშრალ ველებზე, ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში. კარგად ხარობს დამლაშებულ ადგილებზე. მრავლდება თესლით.
2. ზოგადი აღწერა
მარიმსაკმელა ჩვეულებრივი – Peganum harmala L. ოჯ. ორყურასებრთა Zygophyllaceae ოჯახს მიეკუთვნება. მრავალწლოვანი, განტოტვილი, ბუჩქისებრ გადაშლილი, ბალახოვანი მცენარეა, ძლიერი, სპეციფიკური სუნით. მრავალი ღერო აქვს, მერქნისებრი მუქ–ყავისფერი ქერქით, რომელთა განაკვეთი 5 სანტიმეტრამდეა. ღეროები განტოტვილია, დაკლაკნილი, დაღარული, შიშველი, გლუვი და ხშირფოთლოვანია. სიმაღლეში იზრდება 40–50 სანტიმეტრამდე. ფესვები მსხვილია, ძლიერი, მრავალთავიანი. ვერტიკალურად იზრდება და სამ მეტრზე ჩადის სიღრმეში. უხფოთლიანი მცენარეა. დაახლოებით სამი ფოთოლი განლაგებულია ღეროებისა და ტოტების წვეროებზე.
ფოთლებს ხელისგულის ფორმა აქვთ. მოკლეყუნწიანი ან მჯდომარეა, განლაგებულია არა მიჯრით, არამედ – დაცალკევებულად. სიგრძე 4–5, სიგანე კი 5,8–6,5 სანტიმეტრს აღწევს. თითოეული მათგანი განკვეთილია სამ თანაბარ ხაზური ფორმის წაწვეტებულ ნაწილად. თითოეული ნაკვეთი თავის მხრივაც იყოფა რამდენიმე შემადგენელ ნაწილად, რომელთაც ასე დავახასიათებდით: სწორხაზოვანნი, ვიწრო, მახვილი დაბოლოებით, ხორციანი, ბრტყელი, წაგრძელებული, ერთმანეთისგან მახვილი კუთხით დაშორებულნი. თანაფოთლები შხამიანია, ლანცეტისებრ–სადგისისებრი.

ყვავილები სქელია, მრავლადგანკვეთილი, მრავალი, მოყვითალო, სფეროსებრი. მცენარეს ყვავილის ჯამი ნაყოფის მოსხმამდე შემორჩება–ხოლმე. ჯამიდან გამოდის 5 სწორხაზობრივი, დაკბილული, მთლიანი ან დანაწევრებული ჯამის ფოთოლი. აქვს 12–15 მტვრიანა. მათი ძაფები თითქმის ჯამის ძირამდეა გაჭიმული. სამტვრე მსხვილი, ხაზობრივ–წაგრძელებულია. ნასკვი ზედაა, სფეროსმაგვარია. გააჩნია ორი ან სამი ბუდე; შიშველი და გლუვია. ბუტკოს სვეტი გრძელია და თხელი. იგი ზედა ნაწილში წიბოვანია. დინგები განლაგებულია წიბოებზე. ყვავილობს მაის–სექტემბერში.
ნაყოფი შეჭყლეტილი, სფეროს მსგავსი, სამსაგდულიანი კოლოფია. დიამეტრით ერთ სანტიმეტრს არ აღემატება. აქვს მრავალი თესლი (40–დან ასამდე). თესლი სამწიბოიანი, სოლის მსგავსია, სიგრძით 4 მილიმეტრი, ხოლო სისქით 2 მილიმეტრი. აქვს მუქი ყავისფერი ან რუხი–წაბლისფერი შეფერილობა. 1000 ცალი თესლის წონა 2–3 გრამის ფარგლებში მერყეობს. ერთი მცენარიდან იღებენ მინიმუმ 282 და მაქსიმუმ 437 კოლოფს. ისინი შეიცავენ 15960–დან 37520–მდე თესლის მარცვალს. შესაბამისად, მათი წონა 472–715 გრამს იწონის. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 1 ჰექტარზე მოჰყავთ 14000–42000 ერთეული მცენარე. საინტერესოა მოსავლიანობის მოცულობაც: ერთი ჰექტრიდან იღებენ 5–12 ცენტნერ თესლს.
3. გავრცელება
Peganum harmala L. — ქსეროფიტული სარეველა მცენარეა. ძლიერ აჭუჭყიანებს საძოვრებს. ხარობს მთის ქვედა სარტყელამდე, მთისპირეთში, ველებზე, ნახევრადუდაბნოებში, მლაშობ ადგილებზე. საცხოვრებელთან ახლოს, საძოვრებზე.გვხვდება ნათესებში იმერეთში, აჭარაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში. სამხრეთ კავკასიაში დიდი ნაზარდები გვხვდება მტკვარ–არაქსის დაბლობზე, მტკვრის ჭალებში, არარატისა და ნახჭევანის ხეობებში.
გარეჯში მისი პლანტაციის გაშენების შემთხვევაში, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა საძოვრებს არ მოედოს.

4. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია მარიამსაკმელას ბალახი – Herba Pegani harmalae. ბალახს (ანუ მცენარის მიწისზედა ნაწილს) აგროვებენ ბუტონიზაციის პერიოდში, აპრილში. აცილებენ უხეშ, გამერქნებულ ნაწილებს, გასული წლის ნაცრიფერ ღეროებსა და სხვა მცენარეების მინარევებს, ჭრიან 8 სანტიმეტრის სიგრძეზე და აშრობენ ჩრდილში. სპეციფიკური, ძლიერი სუნი აქვს, გემოს არ უსინჯავენ – შხამიანია!
ბუნებრივი გავრცელების ადგილებში, ნაზარდების დაცვის მიზნით, დამზადება ორ წელიწადში ერთხელ ხდება.
5. ქიმიური შედგენილობა
თესლები ჯამურად შეიცავს 3,5—6,0% ალკალოიდებს. ჯამური რაოდენობის 60% გარმალინზე მოდის, დაახლოებით 30% — გარმინზე და უმნიშვნელო რაოდენობა– გარმალოლზე, პეგანინზე და დეზოქსივაცინონზე. თესლები გარდა ამისა, შეიცავენ საღებარ ნივთიერებებს და 14,25% ცხიმოვან ზეთს.
მცენარის ბალახი შეიცავს 1,5—3% ალკალიდებს. მათ შორის 60% გეპანინი (ვაზიცინი) და ვაზიცინონია. მცირე რაოდენობით აღმოჩენილია: პეგადინი, პეგამინი, პეგანოლი და დეზოქსიპეგანინი. ფესვები 2,15—2,70% ალკალოიდებს შეიცავს. ფესვების ძირითადი ალკალოიდია –გარმინი, გარდა ამისა შეიცავენ ვაზიცინსა და ვაზიცინონს.

6. გამრავლება
საქართველოში, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, კულტივირების გამოცდილება არ არსებობს. ჩვენ ვეყრდნობით ტაშკენტის სამკურნალო მცენარეთა მეურნეობის გამოცდილებას.
თესავენ ოქტომბერში, აღმონაცენს კი მომდევნო წლის მარტის მიწურულს იღებენ. გაღივების უნარი აქვს დათესილი მცენარის 75–80%–ს. ახალი აღმონაცენი ფესვს იკეთებს 1,5–2 სანტიმეტრის სირღმეში.
მცენარის აღმოცენება და შემდგომ მისი მიწისზედა ნაწილის ინტენსიური ზრდა მიმდინარეობს მარტის ბოლოსა და მთელი აპრილის განმავლობაში. მარიამსაკმელა კოკორის გაკეთებას იწყებს აპრილში. სავეგეტაციო პერიოდი, როგორც წესი, მთავრდება აგვისტოში, ხანდახან ეს პერიოდი შემოდგომის სუსხის დაწყებამდე გრძელდება. რაიმე განსაკუთრებული აგროტექნიკური პროცედურები არაა საჭირო. ერთადერთი დათესვამდე სასურველია ნიადაგის გადახვა, დაფარცხვა და გასუფთავება სხვა მცენარეებისაგან, რათა მოსავლის აღება გაადვილდეს.

6. მედიცინაში გამოყენება
დეზოქსიპეგანინი, როგორც ანტიქოლინესთერაზული საშუალება, გამოიყენება მიოპათიისა და მიასთენიის, ასევე სხვადასხვა წარმოშობის ყაბზობისა და ნაწლავთა ატონიის დროს. მარიამსაკმელას თესლში შემავალი ჰარმინი რეკომენდებულია ეპიდემიური ენცეფალიტის, პარკისონიზმისა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენებისას. მცენარეს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელ და საფაღარათო საშუალებას. ინახავენ B–სიით.
7. გამოყენების სხვა სფეროები
მარიამსაკმელას თესლიდან იღებენ მოწითალო-მოვარდისფრო საღებავს - ფასობს აბრეშუმის შესაღებად.
ლიტერატურა
- ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
- Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
- ლალი დათეშიძე. მარიამსაკმელა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
- ქსე. ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 440, თბ., 1983
- ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
- შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
- საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
- Адылов Т., Короткова Е. Е., Абдуазимов X. А., Акрамов С. Т. Алкалоидоносные растения из флоры пустыни Кызылкум. — В кн.: Проблемы освоения пустынь. Вып. 4. Ашхабад. Изд-во АН ТССР, 1967.
- Гранитов И. И. Растительный покров Юго-Западных Кызылкумов.Т. Т.Ташкент. «Наука», 1964.
- Губанов И. А., Боцманова М. С. Лекарственные растения Киргизии. Фрунзе, Киргизиздат, 1968.
- Курачко К. И., Умаров А. У., Маркман А. Л. Масло семян Peganum harmala. — «Химия природн. соед.», 1969, г. изд. 5-й, № 5.
- Курочкина Л. Я. Растительность песчаных пустынь Кызылкума.— В кн.: Растительный покров Казахстана. Алма-Ата, «Наука», 1966.
- Никитин В. В. Zygophyllaceae — Парнолистниковые. — В кн.: Флора Туркмении. Т. 5. Ашхабад, Изд-во Туркм. фил. АН СССР, 1950.
- Никитина Е. В. Парнолистниковые — Zygophyllaceae Lindl. — В кн.: Флора Киргизии. Т. 7. Фрунзе, Изд-во АН КиргССР, 1957.
- Орехов А. П. Химия алкалоидов. М., Изд-во АН СССР, 1955.
- Павлов Н. В. Растительные ресурсы Южного Казахстана. М., Изд-во Моск. ин-ва испыт. природы, 1947.
- Прилипко Л. И. Zygophyllaceae Lindl. — Парнолистниковые. — В кн.: Флора Азербайджана. Т. 6. Баку, Изд-во АН АзССР, 1955.
- Хашимов X. Н., Тележенецкая М. В., Шарахимов Н. Н., Юнусов С. Ю. О динамике накопления алкалоидов в Peganum harmala. — «Химия природн. соед.», 1971, г. изд. 7-й, № 3.
- Шарахимов Н. Н., Короткова Е. Е. К биологии гармалы. — «Узбекск. биол. журн.», 1972, г. изд. 14-й, № 2.
Viewed 2043 times by 1098 viewers


