ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N1, თებერვალი, 2010წ.
ქართულ – იტალიური საზოგადოების „სამშობლო – გულით სატარებელის“ ინიციატივით 31 იანვარს მილანში უკვე მეხუთედ შედგა ნინოობის დღესასწაული, რომელსაც სევდიანი ელფერი დაჰკრავდა საზოგადოების სულისჩამდგმელისა და ყოფილი პრეზიდენტის ნინო ყაუხჩიშვილის გარდაცვალების გამო. თუმცა საზოგადოების წევრებისა და იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან: ვიჩენცადან, რომიდან, რეჯო-ემილიადან, ვენეციიდან, მანტოვადან, ფლორენციიდან შეკრებილ ქართველთა უდიდეს ძალისხმევას – არ მოეშალათ ქალბატონი ნინოს მიერ საფუძველჩაყრილი ტრადიცია და მოწვეული სტუმრების წინაშე წარმოეჩინათ ქართული კულტურა და ქართული სუფრა, – უკვალოდ არ ჩაუვლია.
დილიდანვე მოძალებულ მრავალრიცხოვან სტუმარს მილანის ცენტრში მდებარე „სკაუტების სახლში“ ქალბატონი ნ. ყაუხჩიშვილის მიერ საზოგადოებისათვის გაწეული ღვაწლის ამსახველი ფოტოსტენდი ეგებებოდა სათაურით – „მადლობა ნინი“.
შეხვედრა გახსნა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა ნუნუ გელაძემ, მან მადლობა მოახსენა სტუმრებს მობრძანებისთვის, ქართველებისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მუდამ ერთგულად მონაწილეობისთვის და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ის უდიდესი დანაკლისი, რაც საზოგადოებამ და საერთოდ საქართველომ ქალბატონი ნ. ყაუხჩიშვილის გარდაცვალებით განიცადა – „სასოწარკვეთის უფლებას არ გვაძლევს, ჭირსა შიგან გამაგრებას გვავალდებულებს და სამშობლოს წინაშე იმ დიდი ვალის აღსრულებას გვაკისრებს, რაც მან ანდერძად დაგვიტოვა – მარად და ყოველთვის გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის გავაჟღეროთ ქართული სიტყვა, ქართული კულტურა, ქართული სულიერება, აკი წერს კიდეც თავის დანაბარებში – “ყველაზე მეტად მსურდა, დასავლეთში გაეცნოთ აღმოსავლელი მართმადიდებელი წმინდა მამები – სულიერი სიმდიდრისა და რელიგიათაშორისი შეცნობის დაუშრეტელი წყარო“.
ყაუხჩიშვილების ოჯახის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქალბატონი ნინოს რძალი, ბერგამოს უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკა მელცი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისა და თანადგომისთვის და ვრცლად ისაუბრა ნ. ყაუხჩიშვილის ღვაწლის შესახებ ქართული კულტურის პროპაგანდის საქმეში. მან სიამოვნებით გაიხსენა შორეული 1958 წელი, როცა პირველად მილანში გამართული ქართული ბალეტის ხილვით აღფრთოვანებულმა ნახევრადხუმრობით უთხრა ოჯახის წევრებს, – ახლა ნამდვილად მივხვდი, თუ რატომ შემიყვარდა ქართველი და რატომ დავუკავშირე მას ჩემი ცხოვრება.
„ ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს თითქმის ყველა ქართველი იცნობს იტალიაში და არამხოლოდ იცნობს, უყვარს კიდეც – თქვა ნ.გელაძემ – რადგან ვრცელი იტალიის რომელ კუთხეშიც არ უნდა ეგულებოდეს სამშობლოს მოწყვეტილი და განსაცდელში ჩავარდნილი თანამემამულეები, მუდამ მათკენ მიეშურება და დღესაც დაგვდო რა პატივი თავისი სტუმრობით, არაერთი „აქაური“ ქართველის პრობლემის მოგვარება მოუხდა“. ამ სიტყვებით მან საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს კონსული იტალიაში ვ. ანდღულაძე, რომელიც საქართველოს საელჩოს სახელით გულითადად მიესალმა დამსწრეთ და თქვა: „ … ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია ქალბატონი ნინოს ძალისხმევას, ასე მრავლად რომ ვხედავ მის იტალიელ მეგობრებს, იმ ქართველებს, ვისთვისაც ერთნაირად ძვირფასია მისი ხსოვნა და მუდამ გულით სატარებელი სამშობლო. მინდა თანადგომა გამოვუცხადო იტალიურ- ქართულ საზოგადოებას „ სამშობლო – გულით სატარებელი“ და აღვუთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკეთილგანწყობა კვლავ გაგრძელდება და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ მის კულტურულ საქმიანობას, რაც განაპირობებს ქართველი და იტალიელი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას, დამეგობრებას, ურთიერთთანამშრომლობას, რასაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩაუყარა საფუძველი ქალბატონმა ნინომ. მინდა, ასევე, გამოვხატო ჩემი გულითადი დამოკიდებულება ყველა იმ იტალიელისადმი, ვინც გულითადად მიიღო საკუთარ ოჯახებში სამსახურის საძებნად სამშობლოდან გადმოხვეწილი ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც, ცხადია, ბევრი პრობლემა აქვთ და ჩვენი საკონსულო ცდილობს მუდამ მხარში ედგეს მათ გაჭირვების ჟამს, ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ იმყოფებიან ის ქართველი ქალბატონები, რომლებიც არაერთ კრიტიკულ მომენტში, როცა მათ რომელიმე თანამემამულეს უჭირდა, ერთ მუშტად შეიკრნენ და ერთურთს დახმარების ხელი გაუწოდეს.
იმედს გამოვთქვამ, მსგავსი ღონისძიებანი მრავლად გაიმართება არამხოლოდ საუკუნეთა წიაღში ჩასახული შეუდარებელი იტალიური კულტურის ამ დიდებულ ცენტრში – მილანში, არამედ სხვა ქალაქებშიც, – რამეთუ ყოველი ქალაქი იტალიისა არის თავისებური ცენტრი კულტურისა, – რომლებიც სიამოვნებით უმასპინძლებენ არანაკლებ მნიშვნელოვან და უძველეს ჩვენს ქართულ კულტურას“.
ზეიმის მონაწილე ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა სამშობლოდან მოწვდენილი გულითადი სალამი იმ პიროვნებისა, ვინც ყველაზე მეტად ეგულებათ შემწედ და თანამდგომად, ამიტომაც დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მოისმინეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მირზა (პაპუნა) დავითაიას მისასალმებელი წერილი, რომელიც საზოგადოების წევრმა მაია სიხარულიძემ იტალიურ და ქართულ ენებზე წაიკითხა. (წერილს, ცხადია, თავად ჩასვამთ)
შეხვედრის წამყვანმა ნ. გელაძემ დამსწრეთ აუწყა, რომ შესანიშნავი დოკუმნტური ფილმის ხილვა ელოდათ და მისი ავტორი ამგვარად წარადგინა: „ბატონებო და ქალბატონებო, ნება მიბოძეთ ეს პატარა ლექსი წაგიკითხოთ, ჩვენი პროგრამის გარეკანზე რომ დავბეჭდეთ, ნება მიბოძეთ, ასევე, გაგიმხილოთ ჩემი იმჟამინდელი განცდა, როცა სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ვიხილე ეს ლექსი და მაშინვე ვთარგმნე, რადგან თავისი უჩვეულო პოეტური ხედვით საოცრად გამახსენა ქრისტოფორო კასტელი, რომელმაც 26 წელი დაჰყო საქართველოში და ასეთი რამ თქვა – საქართველო 26 წელი ჩემი სატრფო იყოო. აი, ეს ლექსიც:
ვნახე კანადის უღრანები ხელშეუვლები…
მთები – ელვარე მწვერვალებით, მარადი თოვლით; ვნახე ზვავები და მყინვარები….
ვნახე მბორგავი მდინარეები როგორ უცვლიან ბუნებას იერს…
ვნახე უდაბნო ავღანეთისა და იდუმალი ქვაბულები კაბადოკიის…
ვნახე კოშკები სან-ჯიმინიანოსი, ოღონდ ისინი ამაყად იდგნენ მყინვარების და კლდეების ფერხთით…
ვიხილე მითის სათავეები და დასაბამი ისტორიისა; ჩაის ხასხასა პლანტაციებიც და გიგანტური ევკალიპტები; ზღვაც ვნახე ქუფრი, დასერილი მძლავრი გემებით…
ვნახე საწყისი ქრისტიანობის და დასასრული კომუნიზმისა…
ბედი გქონია, იღბლიანო ადამიანო! მოგივლია მთელი სამყარო!
არა, მე მხოლოდ ვიმოგზაურე… საქართველოში!
ავტორი ამ ლექსისა გახლავთ კლაუდიო კარდელი – ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი, რეჟისორი, მომღერალი, იტალია-ტიბეტის საზოგადოების პრეზიდენტი და, რაც მთავარია, გულისხმიერი ადამიანი და აი რატომ: როდესაც ასევე ინტერნეტით მოძიებულ ტელეფონის ნომერზე დავურეკე, ქართული საზოგადოების სახელით გაწუხებთ-მეთქი, რა შემიძლია საქართველოსთვის გავაკეთოო, მიპასუხა. თქვენ უკვე ბევრი გააკეთეთ, საქართველოსთვის, ბატონო კლაუდიო, თუმც ეს ლექსიც იკმარებდა, მაგრამ თქვენ გამოაქვეყნეთ არაერთი შესანიშნავი სტატია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩაატარეთ საქართველოსადმი მიძღვნილი საღამო, გადაიღეთ არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი „ოქროს საწმისის მიწა“, რომელიც გასული წლის 20 მარტს იტალიის საზოგადოებრივმა არხმა „რაიტრემ“ უჩვენა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორი ტაშით მიიღეს ცრემლმორეულმა ქართველებმა და აღფრთოვანებულმა იტალიელებმა კლაუდიო კარდელი, რომელმაც ემოცია ვერ დამალა გულთბილი მიღებისთვის, მისი ლექსის ასერიგად გაჟღერებისთვის ქართულ და იტალიურ ენებზე და თქვა, რომ კასტელისაგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი თვე დაჰყო საქართველოში, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შეყვარებოდა ეს მართლაც განუმეორებელი ერი, რომ არსად უნახავს მსგავსი სტუმარ-მასპინძლობა, მსგავსი გულუხვობა, უანგარობა და ქართველი ქალის მართლაც შეუდარებელი სილამაზე. და სწორედ ამ სიყვარულითა და რეალისტის თვალით დანახული ფილმი წარუდგინა მაყურებელს.
ტრადიციულად ნინოობის დღესასწაულზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარსულში ემიგრირებული ქართველების ღვაწლის წარმოჩენას და ამჯერადაც რომიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ქართველმა თეოლოგმა, წარსულში თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფუნდამენტური თეოლოგიის პროფესორმა და ამჟამად რომის პონტიფიკატის გრეგორიანას უნივერსიტეტის დოქტორანდმა სერგო ფარულავამ წიკითხა დიდი ქართველის მიქელ თარხნიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვრცელი და ძალზე საინტერესო მოხსენება.
დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება გააცნო შეხვედრის წამყვანმა: „ბატონებო და ქალბატონებო, დამეთანხმებით, ალბათ, როცა სამშობლოსგან მოწყვეტილი ადამიანი შემთხვევით ჟურნალის ფურცლებზე მშობლიური სანახების ფოტოებს იხილავს, სიამოვნების გრძნობა და ავტორისადმი სიმპათია ეუფლება. უკანასკნელად ქალბატონი ნინო რომ მოვინახულე, უკვე მწოლიარე, ეს ჟურნალი გამომიწოდა და თავისი ჯერ ისევ მჭექარე ხმით მითხრა, სასწრაფოდ მოძებნეთ ამ სტატიისა და ფოტოების ავტორი, ნინოობაზე მოიპატიჟეთ, უნდა გავიცნო. ვერ წარმოიდგინეთ, რა გულმოდგინებით შევასრულე მისი დავალება და ვერ წარმოიდგინეთ როგორი მეგობრული უბრალოებით გამომეხმაურა საქვეყნოდ ცნობილი ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, მრავალი ფოტოალბომის ავტორი ანდრეა ბატალინი, რომელმაც იტალიის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გამოაქვეყნა არაერთი საინტერესო სტატია ულამაზესი ფოტოებითურთ საქართველოს შესახებ“. ანდრეა ბატალინიმ საინტერესოდ ისაუბრა საქართველოში მისი მოგზაურობის შესახებ და თითქმის ყველა კუთხის ამსახველი დაკვირვებული თვალით დანახული ვრცელი ფოტომასალა უჩვენა მაყურებელს.
„ყველასათვის ცობილია, რომ ქართველების ნებისმიერ საზეიმო თავყრილობას სიმღერა ახლავს. დიახ, გვიყვარს ქართველებს სიმღერა, მაგრამ ამჯერად, ძვირფასო სტუმრებო, თქვენთვის იტალიელები იმღერებენ, უფრო ზუსტად კი ვიჩენცელი ქალბატონები, რომელთაც ქართველმა დედა- შვილმა გულიკო ლომთათიძემ და მაია სიხარულიძემ შეაყვარეს ქართული სიმღერა, შეაყვარეს და შეასწავლეს (სხვათა შორის, არცერთმა მათგანმა არ იცის ქართული, მაგრამ უზადოდ ასრულებენ ხალხურ სიმღერებსაც), დაატარებენ და ამღერებენ, ქველმოქმედებაც ასწავლეს, ისე რომ, ბევრი საქველმოქმედო კონცერტიც გამართეს და ჩვენ, ქართველებს, მწარე ნოსტალგიის ატანაშიც კი გვეხმარებიან“,–ასე წარუდგინა ნ. გელაძემ სტუმრებს უკვე ყველასათვის საყვარელი ქალთა ჯგუფი „სინტონია – თბილისი“, რომელმაც ჩვეული შემართებით შეასრულა „ჩაკრულო“ თუ „ თბილისო“, „შენ ხარ ვენახი“ თუ „იავნანა“ და კიდევ მრავალი ხალხური თუ თანამედროვე სიმღერა და როგორც ყოველთვის, მთელი დარბაზი აიყოლია, მოცეკვავეებმაც არ დააყოვნეს და მშვენიერი სანახაობით აღფრთოვანებულ სტუმრებს დასასრულს ქართული გულუხვი სუფრითაც გაუმასპინძლდნენ.
Viewed 802 times by 351 viewers


