მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

სამატლე – Thalictrum foetidum L.
მაჟარა –  Thalictrum minus L.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

შხამიანი მცენარეებია!

სამატლე – Thalictrum foetidum L., მაჟარა –  Thalictrum minus L.  ბაიასებრთა –  Ranunculaceae ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია.

სამატლე – Thalictrum foetidum L.

სამატლე – Thalictrum foetidum L. 10-60  სმ სიმაღლის მცენარეა. უმეტესად მოკლეჯირკვლოვანი ბეწვებითაა შებუსვილი. მორიგეობითი მრავალჯერ არაწყვილფრთისებრ დაყოფილი ფოთლებით შეფოთლილი ღერო აქვს.

სამატლე

ფოთოლაკები ოვალურია, კიდეებზე 3–5–გზის დაკბილული. ყვავილედი წვრილია, მტევნისებრი. ყვავილსაფარის ფოთლები ნასკვზე მჯდომარეა, იისფერი, მოგრძო ფორმის. წვეტიანი სამტვრე აქვს. thalfoetherb1ნაყოფი – ერთთესლიანი უხსნადი თესლურაა. ყვავილობს ივნის–აგვისტოში.  ფესურა ჰორიზონტალურია,  მრავალი გრძელი, წვრილი ფესვით. იზრდება მთის შუა და სუბალპურ სარტყელში; საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. ხშირად გვხვდება ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ქვაღორღიან ადგილებში. საკმაოდ ბევრია თბილისის მიდამოებშიც.

მაჟარა –  Thalictrum minus L.

მაჟარა –  Thalictrum minus L. ჩვენში ბუნებრივად არ ხარობს, თუმცა ბოტანიკოსები ადასტურებენ გზადგამოყოლილი ეგზემპლიარების არსებობას. მას ძველბერძნული სახელწოდება აქვს: იგი წარმოსდგება სიტყვებიდან –  ,,thalos” (ნიშნავს მწვანე ტოტს) და ,,icter” (ნიშნავს მავედრებელს). მცენარე წააგავს ბუსუსებით დაფარულ ზეთისხილის ტოტს. ასეთი ტოტი ძველად აღნიშნავდა თავდაცვისთვის გამიზნულ ლოცვა–ვედრებას. მაჟარას ფოთლები ძალზე ლამაზი აქვს და წააგავს წყალმცენარეთა ფოთლებს. ამ მცენარეს, სიფრიფანა და ცვილისებრი ზედაპირის მქონე ფოთლების გამო, ინგლისურენოვან ქვეყნებში უწოდებენ  ,,meadow rue”– ს, რაც მდელოს ღიღილოს ნიშნავს.

thalictrum minus

მაჟარა 80–100 (150) სანტიმეტრის სიმაღლის, თანაბრად დაფოთლილი მცენარეა. ფოთლები შიშველია, ღეროზე შემოხვეული, 3-4-ჯერ ფრთისებრ პატარა ფოთოლაკებად გაყოფილი. ქვედა მხარეს განლაგებული გრძელყუნწიანი ფოთლები წვეროში სულ უფრო ვიწროვდება. ზედა ნაწილში განლაგებულ ფრთისებრ, ე.წ. მჯდომარე ფოთლებს გააჩნიათ განიერი სამკუთხედის ფორმა. წვეროს ფოთლებს კი (რომლებიც დაყირავებულ კვერცხს მოგვაგონებს) ყუნწთან სოლისებრი ან მომრგვალებული ფორმა აქვს; მათი ზედაპირი ერთ მხარეს დაკბილული და ტყავისებრია, მეორე მხარეს (უფრო ზუსტად – ქვედა მხარეს) დაძარღვული. ყვავილედი წარმოადგენს განიერი პირამიდის მსგავს საგველას – ქვემოთ დახრილი ყვავილებით, რომელთა სიგრძე დაახლოებით 0,5–2 სანტიმეტრს შეადგენს. მტვრიანებს გააჩნიათ სიფრიფანა ძაფები. რაც შეეხება ნაყოფს, რთთესლიანი უხსნადი თესლურაა, მჯდომარეა, წაგრძელებული ფორმის, ბოლოვდება პატარა, სწორი ცხვირით. ფესურა ჰორიზონტალური აქვთ, მრავალი წვრილი გრძელი ფესვით. მაჟარა კი ჩვენში ბუნებრივად არ იზრდება. გვხვდება რუსეთის ევროპულ ნაწილში, ჩრდილო კავკასიაში, დასავლეთ ციმბირსა და ყაზახეთში. იზრდება ნესტიან ადგილებში, ასევე – სალეკ მდოელობსა და მდინარის ნაპირებზე, პატარა ბუჩქებს შორის.

ნედლეული

ნედლეულია მაჟარას ბალახი – Herba Thalictri. მას აგროვებენ მცენარის ყვავილობისას. შლიან თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მაჟარას მედლეული უსუნოა, სამატლეს კი მყრალი სუნი აქვს.

thalictrum minus

ქიმიური შედგენილობა

მაჟარასა და სამატლეს ბალახი შეიცავს ალკალოიდებს. მაჟარაში მათი რაოდენობა არანაკლებ 0.3 % უნდა იყოს, სამატლეში–0.4 %.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ამ მცენარეებზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: d-არგემონინი, ალკალოიდები, ბერბერინი,  ვიტამინ  С, თალმიდინი, იატრორიცინი a-ალოკრიპტოპინი, მაგნოფლორინი, მალმინი, მეთილტალიკბერინი, მთრიმლავ ნივთიერებები, ნახშირწყალბადები, პროტოპინი,   საპონინები, სტეროიდები, ტალიკმიდინი,  ტალიკმინი, ტალმინი, ტალფინი, ფეტიდინი.

fetidini

[9]–ის მიხედვით: ,,საქართველოში მოზარდი გვარი მაჟარას სახეობების მიწისზედა ნაწილებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია ფტალიდეიზოქინოლინის და სეკოფტალიდეიზოქინოლინის ჯგუფების ალკალოიდები. მათ თანმხლებ ნივთიერებებს წარმოადგენენ ფლავონოიდები, კუმარინები, მთრთილავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, ეთეროვანი ზეთები და ტრიტერპენული გლიკოზიდები. ამ უკანასკნელიდან დადგენილია ფეტოზიდი, ციკლოფეტოზიდი, ტალიკოზიდი.”

მედიცინაში გამოყენებაthalictrum minus

სამატლეს ბალახს იყენებენ ჰიპერტონიის, სტენოკარდიისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს.
ემპირიული მედიცინა თვლის, რომ მაჟარას ნახარში და ნაყენი ფლობს ანტიბაქტერიულ, სიმსივნის წინააღმდეგო, ორგანიზმის გამაჯანსაღებელ და გამამაგრებელ, შარდმდენ და ჭრილობის მომშუშებელ თვისებებს. მას პაციენტებს უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს (წითელა, ყვავილი, ტიფი, ტუბერკულოზი, ციმბირის წყლული, მალარია, სიფილისი), საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებისას, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში, ასევე – განგრენისა და მუცლის ტკივილის სამკურნალოდ. ამავე დროს, იგი გამოიყენება გაცივების, ნერვული აშლილობისა და ეპილეფსიის დროს. საყურადღებოა ისიც, რომ მცენარის ზედა ნაწილი შეაქვთ იმ წამლების შემადგენლობაში, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მაჟარას იყენებენ შეშუპებების, ე.წ გინეკოლოგიური და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განკურნებისთვისაც.
ორთქლში გატარებული და დანაყილი ფოთლები ითვლება ჩირქოვანი წყლულების მოშუშების საუკეთესო საშუალებად. ფესვებს კი იყენებენ მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს. მცენარისგან დამზადებული მაზი და ფხვნილი სასარგებლოა ძირმაგარების მოსარჩენად. ბალახის ნაყენს იღებენ არტერიული წნევის დაცემისა და გულის შეტევის დროს.
[9]: ,,მაჟარას ბალახი შედის ზდრენკოს მიქსტურის მოსამზადებელ ნაკრებში. ეს ნედლეული შხამიანია! არის მონაცემები მაჟარას გვარის წარმომადგენლებიდან გამოყოფილი ალკალოიდების დამამშვიდებელ, კრუნჩხვებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო, საშვილოსნოს სისხლდენის შემაჩერებლ მოქმედებაზე”.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. მაჟარა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. მაჟარა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1410 times by 507 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri