სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

თერმოფსისი  ლანცეტისებრი – Thermopsis lanceolata R. Br.
ოქროწვიმა –  Cytisus laburnum L.

მანანა კიკნაძე, არჩილ შენგელია

1.ზოგადი აღწერათერმოფსისი

ლანცეტისებრი თერმოფსისი – Thermopsis lanceolata R.Br., პარკოსანთა –  Fabaceae (Leguminosae), ოჯახს მიეკუთვნება. მრავალწლოვანი ბალახია  მცოცავი ფესურით, რომლიდანაც ამოდიან მიწისზედა ღეროები. მცენარე გამოირჩევა კარგად განვითარებული ძლიერი ფესურებისა და დამატებითი ფესვების სისტემით, ამიტომ ახასიათებს კარგი რეგენერაციის უნარი. ფესვის სიგრძე 2 მეტრამდეა. ღეროები 50 სმ–მდე  სიმაღლისაა, მარტივი ან მცირედ დატოტვილი.  ფოთლები მორიგეობითი, სამმაგრთული აქვს 1 სანტიმეტრიან ყუნწზე განთავსებული  ორი ლანცეტისებრი  თანაფოთოლით. ფოთოლაკები წაგრძელებულია, კიდემთლიანი, შებუსული, წამახვილებული, სიგრძით 3–5 სანტიმეტრი. ყვავილები მსხვილია, ყვითელი, არასწორი ფორმის, ქმნიან 15 სანტიმეტრამდე სიმაღლის კენწრულ მტევანს. ნაყოფი ოდნავ მოხრილი პარკია, ვიწრო ხაზური, 5–6 სმ სიგრძის, ძლიერ  შებუსვილი. თესლები კვერცხისებრია, თითქმის შავი.  ყვავილობს მაის–ივლისში, ნაყოფი მწიფდება  სექტემბერში.

2. გავრცელება

ლანცეტისებრი თერმოფსისი იზრდება ურალში, ციმბირში, ბაიკალზე, იაკუტიაში, შუა აზიის ჩრდილოეთ ნაწილებში. იზრდება  სტეპებში. ეტანება  მლაშობ, ქვიან ფერდობებსა და ქვიშნარ ადგილებს. ხშირია ფიჭვის ტყეებში, მდინარეების ნაპირებზე, გზისპირებში. ძნელად გადასაშენებელ სარეველად ითვლება.

თერმოფსისი

3. ნედლეული

ნედლეულია თერმოფსის ბალახი – Herba Thermopsidis. ბალახს ამზადებენ ყვავილობის დაწყებიდან ვიდრე ნაყოფი დაფორმირდება. აშრობენ 50–600C–ზე. ციტიზინის მისაღებად აგროვებენ თესლებსაც.
თერმოფსისინედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ,,მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული ღეროები ფოთლებით, ბუტონებით და ყვავილებითაა, ნაყოფი დასაშვებია 1%. ღეროები მარტივი ან დატოტვილია, დაფარული, მცირედ შებუსვილი, ფოთლები სამწილიანი მოკლე ყუნწით და პატარა ფოთოლაკებით. ზევიდან თითქმის შიშველია, ქვედა მხრიდან დაფარულია დაწოლილი ბეწვებით. ყვავილები მტევანია, გვირგვინის ზედა ფურცელი მომრგვალო გადანაღუნით, წვერში ღრმა და ვიწრო ამონაჭერით. ორი გვერდითი ფურცელი (ფრთები) ოდნავ მოკლეა, ქვედა შეზრდილი ფურცლები (ნავი) კი ფრთებთან შედარებით 1,5–2–ჯერ განიერია. ღეროები და ფოთლები ნაცრისფერ–მწვანეა, ყვავილები – ყვითელი, სუნი სუსტი. გემოს არ უსინჯავენ – შხამიანია.”

4. ქიმიური შედგენილობა

მცენარის ბალახი მდიდარია ალკალოიდებით. წამყვან ალკალოდად თერმოფსინი ითვლება. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში თერმოფსისზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: N-მეთილციტიზინი,  ანაგირინი,  არგენტინი, ასკორბინისმჟავა,  ეთერზეთები,  თერმოფსიდინი,  თერმოფსინი,  ლორწოები,  ლუპანინი,  მეთილკარბონის მჟავები,  მეთილციტიზინი,  მთრთილავი ნივთიერებები,  პაქიკარპინი,  რომბიფოლინი,  საპონინები,  ფლავონოიდები,  ციტიზინი (0,  16–2%),  ჰომოთერმოპსინი. ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.

termofsini

Cytisus laburnum5. ციტიზინის სხვა წყაროები– ოქროწვიმა Cytisus laburnum L

თერმოფსის ბალახის გარდა, ალკალოიდ ციტიზინის წყაროა იმავე პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი ოქროწვიმა –  Cytisus laburnum L.–ის თესლები.

6.  ფარმაკოლოგიური თვისებები

თერმოფსის ბალახს გააჩნია ამოსახველებელი, დიდი დოზებით კი – ღებინების გამომწვევი თვისებები. ალკალოიდი თერმოფსინი აძლიერებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეციას, ბრონქების გლუვი მუსკულატურის კუმშვადობას. დიდი დოზებით თერმოფსინი აღაგზნებს ღებინების გამოწვევ ცენტრს და იწვევს ღებინებას. თერმოფსინი ასევე აღაგზნებს სასუნთქ და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრს. მცენარის შემადგენლობაში შემავალი ციტიზინი და მეთილციტიზინი ასევე ასტიმულირებენ სუნთქვას და ზრდიან არტერიულ წნევას; პაქიკარპინი ხასიათდება განგლიომაბლოკირებელი თვისებებით.

7. მედიცინაში გამოყენება

თერმოფსისი გამოიყენება ბრონქიტებისა და ფილტვების დაავადებების დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ჭიების დამდენ საშუალებას, ასევე როგორც ინსექტიციდს. მედიცინაში მცენარეს იყენებენ გამონაცემის, ნაყენის, მშრალი ექსტრაქტისა და ტაბლეტების სახით. მისგან დამზადებული პრეპარატები ეფექტურია შოკის, კოლაფსის, ასფიქსიის, განსაკუთრებით ახალშობილთა ასფიქსიის დროს. ციტიზინი შედის ,,ტაბექსის” და ,,ლობესილის” შედგენილობაში.

8. ემპირიული რეცეპტები

თერმოფსის ბალახის ნაყენი: 0,6 – 1 გრამ გამხმარ და დაქუცმაცებულ ბალახს (სიგრძით 5 მმ) ასხამენ ოთახის ტემპერატურის 180 – 200 მლ წყალს, აცხელებენ წყლიან აბაზანაზე, დახურულ ჭურჭელში 15 წუთის განმავლობაში; გააცივებენ 45 წუთი და გადაწურავენ. ინახავენ გრილ ადგილზე, არაუმეტეს 2-3 დღე.
დოზები: მოზრდილთათვის – 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ბავშვებისათვის – 4 – 12 თვის ასაკში – 1 ჩაის კოვზი ნაყენი (რომელიც დამზადებულია 0,12 გრამი – 100 გრამ წყალზე); უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – 1 ჩაის კოვზი ან 1 დესერტის კოვზი ნაყენი (დამზადებული – 0,2 გრამი 100 მლ წყალზე) 3-5 -ჯერ დღეში.

თერმოფსისი

9. უკუჩვენებები

თერმოფსისი შხამიანია, ამიტომ მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო; აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა და დოზის დაცვა. თერმოფსისი უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების დროს.

10. გამოყენების სხვა სფეროები

ბურიატები იყენებენ თაგვების მოსაწამლად.

ლიტერატურა:

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005

Viewed 1573 times by 541 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka