სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

ამი დიდი – Ammi majus L.
ვასილ შენგელია მესამე

1. ზოგადი აღწერა

Ammi_Majusდიდი ამი – Ammi majus L., ქოლგოსანთა – Apiaceae (Umbelliferae) ოჯახს მიეკუთვნება. 50–100 სმ სიმაღლის ერთი (ან ორწლოვანი) ბალახოვანი მცენარეა. დატოტვილი, მცირედ შეფოთლილი, სწორმდგომი, მორგვალებული ფორმის, მილაკივით ღრუ, დანაოჭებული ზედაპირიანი ღერო აქვს. პირველი 3–4 ფოთოლი მარტივი ტიპისაა, შემდეგი ფოთლები კი – მორიგეობით მდგარი და რთული ტიპის, ფრთისებრ განკვეთილი ფართო ლანცეტა სეგმენტებად, დაკბილული კიდეებით. გვხვდება როგორც განიერი, ისე ვიწრო ფოთლები. ყვავილედი წარმოადგენს მრავალი ყვავილისგან შემდგარ, რთული ტიპის ქოლგას – 10–15 სანტიმეტრის დიამეტრით. ქოლგებში 50–მდე სხვადასხვა ზომის სხივია. ყვავილები წვრილია, თეთრი ფერის. მრავალი საბურველის ფოთოლაკები აქვს. ნაყოფი – ორთესლურაა, შიშველი და გლუვი, წააგავს კვერცხს; აქვს ორი თესლი. თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. მცენარე ივითარებს ღერძულ, სუსტად დატოტვილ, თეთრ ფესვს. ყვავილობს ივნის–ივლისში. ნაყოფი მწიფდება ივლის–აგვისტოში. 

2. გავრცელება

დიდი ამი, ველური სახით, იზრდება ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვის ევროპულ სანაპიროზე. ბუნებრივად ხარობს ქვიშიან და მშრალ კლდოვან ადგილებში. გაველურებული სახით ასევე გვხვდება ყირიმის სამხრეთ სანაპიროზეც. კულტურაშია ყუბანში, ყირიმში, თურქმენეთში, მოლდავეთსა და სამხრეთ უკრაინაში.

ammi_majus

3. კულტივირება

ნიადაგისა და რელიეფის მიმართ ნაკლებ მომთხოვნი მცენარეა. ველურად ზრდისას ეტანება ქვიშნარსა და მშრალ ფერდობებს. ადვილად შეუძლია ტენის ნაკლებობის გადატანა; აქ იგულისხმება არა მარტო ნიადაგში ტენის ნაკლებობა, არამედ – ჰაერიც. ამავე დროს, ჭარბი ტენიანობა უარყოფითად მოქმედებს მისი ყვავილობის პროცესზე, ნაყოფის ფორმირებასა და ჩამოყალიბებაზე. სინათლისა და სითბოს დიდად მოყვარე კულტურაა. მინუს 6 გრადუს ტემპერატურაზე ხანმოკლე პრობლემები ექმნება მცენარის აღმონაცენს. ამი დიდი მხოლოდ თესლებით მრავლდება. თესლს გააჩნია გამრავლებისა და აღმოცენების კარგი უნარი. ამავე დროს, იგი არ საჭიროებს თესვის წინ მოსამზადებელ სამუშაოებს. თესავენ ადრე გაზაფხულზე. მასობრივ აღმონაცენს იღებენ დათესვიდან 12–15 დღის შემდეგ. ზოგადად, გაკულტურების პირობებშიც ნაკლებად მომთხოვნი მცენარეა როგორც ნიადაგის, ისე მოვლის მიმართ.
მცენარე კარგად იზრდება ნებისმიერ რელიეფსა და ნიადაგში; გამონაკლისს წარმოადგენს ბარი და დატბორილი ადგილები. გადამეტებული ტენიანობა მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე, არცთუ იშვიათად, მის კვდომასაც იწვევს.

Ammi_majus

4. ნედლეული

ოფიცინალური ნედლეულია დიდი ამის ნაყოფი – Fructus Ammi majoris. მზა ნედლეული შედგება ნახევართესლურებისაგან (მერიკარპიუმი), ნაწილობრივ კი მთლიანი ნაყოფებისაგან. ნაყოფები მოგრძო–კვერცხისებრი ფორმისაა სიგრძით 2,5 მმ. თესლურები ამოზნექილია ზურგის მხრიდან ხუთი სიგრძივი ნეკნით, ხოლო შიგნიდან ჩაღრმავებულია; ზედაპირი შიშველია. მწიფე ნაყოფები მოწითალო–მურა ფერისაა. უმწიფარი კი – მომწვაო–მურა, სუნი სპეციფიკურია, გემო – მომწარო, ოდნავ ცხარე. დიდი ამის სხვადასხვა დროს მწიფდება. თავდაპირველად მწიფდება ცენტრალურ ადგილზე განლაგებული, შედარებით დიდი ზომის ქოლგები; მოგვიანები – შედარებით მცირე ზომის ქოლგები, რომლებიც იძლევა განვითარებადაუმთავრებელ თესლებს. ამის გამო, მოსავლის აღებას იწყებენ მაშინ, როდესაც მასიურად არის დამწიფებული ცენტრალური და პირველი რიგის თესლები. ისინი თესლების საერთო რაოდენობის 50–60 პროცენტს შეადგენენ. ძირითადი ქოლგების დამწიფებასა და გაწაბლისფერების შემდეგ ფოთლები გახმობისა და ღეროები შეყვითლებას იწყებს. ფარმაკოლოგიური სტანდარტების მიხედვით, ნესტიანობა არ უნდა აღემატებოდეს 10%, ნაცრიანობა – 8%, ორგანული მინარევი – 5%, მინერალური მინარევი – 1%, ბერგაპტენი – 0,15%; იზოპიმპინელინი არ უნდა იყოს 0,3%-ზე ნაკლები.
ნედლეულს ინახავენ ორმაგად ნაქსოვ, 40–50 კილოგრამიანი ტომრებით, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას. ნედლეულის ვარგისიანობის ვადაა 2–3 წელი. თუმცა, კარგად შენახვის შემთხვევაში, ნედლეული თავის ხარისხს არ ჰკარგავს 8–10 წლის განმავლობაშიც.

5. ქიმიური შედგენილობა

დიდი ამის ნაყოფები შეიცავს ფუროკუმარინებს (ბალახი შეიცავს 1,37%, ნაყოფი – 3,45%): ბერგაპტენს, იზოპიმპინელის, მარმეზინს, ქსანტოტოქსინს.

bergapteni

6. მედიცინაში გამოყენება

ამი დიდიამი დიდის მწიფე ნაყოფისგან ამზადებენ პრეპარატ ამიფურინს. ამიფურინს პაციენტებს უნიშნავენ კანის პიგმენტაციის აღსადგენად. პრეპარატს იყენებენ დოზირებულ ულტრაიისფერ გამოსხივებასთან ერთად. ეს პრეპარატი ასევე წარმატებით გამოიყენება ფსორიაზის, ბუდობრივი და საერთო გამელოტების, ვიტილიგოს და ბუდობრივი მხოტრავის შემთხვევაში ამიფურინი საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დაავადებულია კანის ტუბერკულოზით, აგრეთვე – ღვიძლის, თირკმელების, გულ–სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ამი დიდი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ამი დიდი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1370 times by 542 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka