ჩადუნა მთის – Dryopteris Filix mas (L)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Папоротник мужской – რუს.
Schott – ინგ.
Gewoőnlicher Wurmfarne – გერმ.
Fougėre male – ფრანგ.
1. ზოგადი ნაწილი
1. 1. მცენარეთა გვარი ჩადუნა
გვარი ”ჩადუნა” 150-მდე სახეობას მოიცავს. ისინი გავრცელებულია დედამიწის ზომიერ და ტროპიკულ ზონებში. საქართველოში გვხვდება 9 სახეობა. მთის ჩადუნას გარდა ფართოდაა გავრცელებული Dryopteris carthusiana (ადრე Dryopteris spinulosa). მაღალ მთებში გვხვდება კავკასიური ენდემი Dryopteris oreades, მთის ქვედა და შუა სარტყელში — Dryopteris borreri და სხვა. ჩადუნას სახეობები არ უნდა აგვერიოს აქ აღწერილ სახეობასთან Dryopteris Filix mas (L).
1. 2. ზოგადი დახასიათება
მცენარე შხამიანია!
მთის ჩადუნა, მამრობითი გვიმრა – Dryopteris Filix mas (L) Schott., მიეკუთვნება გვიმრასებრთა – Dryopteraceae (Aspidiaceae) ოჯახს. მრავალწლოვანი სპოროვანი მცენარეა. მიწისზედა ღეროები მცენარეს არა აქვს. ირიბად ამომავალი ან ჰორიზონტალური მძლავრი ფესურა აქვს. ფესურაზე წინა წლის ფოთლების ყუნწის ნაშთია შემორჩენილი. ფესვები წვრილია, ოდნავ განშტოებული, უხეში, მურა. ისინი ბლომადაა ფესურაზე. ფოთლები მსხვილია, ფესვთანური, 1,2 მ-მდე სიგრძის. ფოთლის ყუნწი ფირფიტაზე მოკლეა, დაფარულია წითურა-მურა ქერცლებით. ფოთლის ფირფიტა მუქი მწვანეა, ორმაგ ფრთაგანკვეთილი, მოხაზულობით ელიფსურ-მოგრძო, წაწვეტებული. პირველ რიგში ნაწილები ყუნწიანია, ხაზურა ლანცეტისებური, წაწვეტებული; მეორე რიგში კიდეები დაკბილულია.

ფოთლების [9]–სეული აღწერა: ,,ფოთლის ფირფიტა 2 მ-მდე სიგრძის ლანცეტაა და 20-25 სმ სიგანის, წვეროსკენ ერთბაშად, ქვემოთკენ თანდათანობით შევიწროებული. ფოთლის მთავარი ღერძი ღარიანია და ხელს უშლის მთავარი ძარღვის შეერთებას ღეროსთან. ყუნწი ფირფიტაზე ბევრად მოკლეა, ძირში შებუსვილია ხშირი ჩალისფერი ქერქლით, რომელთა ფუძე მუქი ყავისფერია. ქერქლის ფორმა არასწორკვერცხისებრია, წაწვეტებული. ფოთლის ფირფიტა ღია მწვანე, საკმაოდ მაგარი, ფრთისებრ რთული. მისი პირველი რიგის სეგმენტები ლანცეტაა, წვეროსკენ ამოზნექილი, ერთმანეთთან მჭიდროდ სხედან. ქვედა სეგმენტები ჰორიზონტალურია; მეორე რიგის სეგმენტები ხაზური, ბლაგვი, დაკბილულია; კბილები ხშირია სეგმენტის თავზე. ქვედა სეგმენტები და მისი კიდეები შეუბუსავია; ძარღვები ოდნავ გამჭირვალეა. მეორე რიგის სეგმენტების მთავარი ძარღვები ირიბია, იქიდან გამოსული ტოტები მთავარ ძარღვთან მახვილი კუთხითაა განლაგებული და, ჩვეულებრივ არ იტოტება ან ერთჯერადადაა დატოტვილი, მთავრდება ძირითადი სეგმენტის კბილებში და გამსხვილებული ბოლოები აქვს.”
ზაფხულის დასასრულს ფოთლის ქვედა მხარეზე ჩნდება სპორანგიუმები (სორუსები). სპორანგიუმების გროვები განლაგებულია ორ რიგად, მეორე რიგის ფოთლის ნაწილების ქვედა მხარეზე. ისინი დაფარულია აფსკისებური საფარით. სპორები მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ა. მაყაშვილს დაფიქსირებული აქვს ჩადუნას კუთხური დასახელებები: ქართლში – დათვისაგებელა; თუშეთში – მჩადა, ჩადა; ზემო იმერეთში – ღორთიფქლა; მთის რაჭაში – იფხლა, იმხლა; ლეჩხუმში – მუჩუ; გურიაში – ტყის გვიმრა.
1. 3. გავრცელება
ჩადუნა გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, მათ შორის არქტიკულ ზონაშიც, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში იგი გვხვდება ყველგან ქიზიყსა და გარდაბნის გარდა. ჩადუნა იზრდება ტყის და სუბალპურ სარტყელში, ტყეებში, ტყისპირებზე, კლდოვან და ქვიანი მთის მდელოების ფერდობებზე. უკეთ ვითარდება ჩრდ. ექსპოზიციის ფერდობებზე; უჭირს, მაგრამ გვხვდება კლდეთა ნაპრალებშიც.
ნედლეულის დასამზადებლად ნესტიან ტყეებზე, წიფლნარები და სოჭნარ-ნაძვნარებზეუნდა იქნეს ორიენტაცია აღებული, თუმცა ცალკეული დაკნინებული ეგზემპლიარები მუხრანებშიც გვხვდება.
[9]: მამრობითი გვიმრა იძლევა მრავალ ფორმას. სულ საქართველოში 9 სახეობაა, რომელთაგან 5 მსხვილფესურიანია და ესენიც რეკომენდებულია გამოსაყენებლად.
1. 4. ქიმიური შედგენილობა
ჩადუნას ფესურა შეიცავს აქტიურ ნივთიერებათა ნაკრებს, ე.წ. ნედლ ფილიცინს. მისგან შესაძლებელია სხვადასხვა კრისტალურ ნივთიერებათა იზოლირება, როგორიცაა ცხიმმჟავა ფტოროგლუცინური წარმოებულები (ასპიდინოლი, ალბასპიდინი, ფლავასპიდინი, ფილიქსის მჟავა). B ჯგუფის ვიტამინებს, აქროლად ცხიმოვან მჟავებს და მათ რთულ ეთერებს, ეთერზეთს, მთრთილავ ნივთიერებებს ( 7-8%), მწარეებს, მწვანე საღებავს, საქაროზას, სახამებელს, ტრიტერპენოიდებს, უმაღლეს ცხიმოვან სპირტებს, შაქარს, ცვილს, ცხიმოვან ზეთს.

ფორმულა–ნახატები აღებულია [9]–დან.
II. ნედლეულის დამზადება
2. 1. ნედლეულის დამზადება
სამკურნალო ნედლეულია მთის ჩადუნას ფესურა – Rhizoma Filicis maris. მას აგროვებენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) ან ვეგეტაციის დაწყებისას (აპრილ-მაისში). მიწიდან ამოთხრილ ფესურას ასუფთავებენ მიწისგან, აცლიან ფესვების და ფოთლების გამხმარ, გამუქებულ ნაწილებსა და მინარევებს, მოაშორებენ ფოთლებს, დანით ააჭრიან ფესვებსა და ფოთლის ყუნწებს.
ბუნებაში ერთი და იგივე ადგილას ნედლეულის შეგროვება დასაშვებია 20 წელიწადში ერთხელ, რათა მოხდეს მცენარეული ბარდის თვითაღდგენა.
ჩადუნას ფესურას აშრობენ 400C ტემპერატურაზე, კარგად განიავებად შენობებში ან საშრობ კარადაში. შეგროვებული ნედლეული დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს საშრობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტიური ნივთიერება დაიკარგება.
მცენარე შხამიანია!
2.2. ნედლეულის აღწერა და მახასიათებლები
ჩადუნას ნედლეული წარმოადგენილია 25-20 სმ სიგრძის მთლიანი ფესურებით, რომელთა სისქე 2-3 სმ-ია. ფესურა მთელ სიგრძეზე დაფარულია კრამიტისებურად ჩალაგებული ფოთლის ყუნწების ფუძეებით. ისინი ირიბადაა მიმართული ზემოთკენ და ზრდის წერტილის მომართულებით. ფოთლის ყუნწების ფუძეები დაფარულია ღია-მურა ფერის ქერცლით. ისინი განსაკუთრებით ბლომადაა ზრდის წერტილთან. ფესურისა და მასზე მოფენილი ყუნწის ნაწილები გარედან შავი-მურაა. ახალ გაკეთებულ ჭრილში ნედლეულს აქვს ღია-მწვანე ან მოყვითალო მწვანე ფერი. ჭრილი თანაბარია. ნედლეულს აქვს სუსტი სუნი. გემო თავდაპირველად მოტკბო შემკვრელია, შემდეგ ოდნავ გამაღიზიანებელი, არასასიამოვნო. ლუპით დათვალიერებისას გადანატეხზე ემჩნევა ყუნწების პერიფერიაზე რგოლურადაა განლაგებული 6-9 ცენტიქსილების გამტარი კონა. დიაგნოსტიკური ნიშანია ეთეროვანი ზეთის ენდოგენური ჯირკვლების, ე.წ. „შახტას უჯრედების“ არსებობა.
კეთილხარისხოვანი ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
| ფილიცინი | ნესტიანობა | საერთო ნაცარი | ფერშეცვლილი და მცენარის სხვა ორგანოთა მინარევები | 2 მმ დიამეტრის საცერში გამავალი ნაწილაკები | ორგანული მინარევები | მინერალური მინარევები |
| არანაკლებ 1,8% | არაუმეტეს 14% | არაუმეტეს 3% | არაუმეტეს 5% | არაუმეტეს 3% | არაუმეტეს 1% | არაუმეტეს 2% |
ჩადუნას მზა ნედლეულს ფუთავენ 40-60 კგ-იან ტომრებში. იგი ინახება მშრალ, კარგი განიავების პირობებში. ნედლეული, რომელსაც ჭრილში შეფერილობა დაკარგული აქვს დაუშვებელია გამოყენებისათვის. ნედლეული ვარგისია 1 წელი.
III. გამოყენება
3. 1. გამოყენება მედიცინაში
შხამიანია!
ჩადუნას პრეპარატები და ნედლეული ინახება B სიით. დაუშვებელია მათი მიღების შემდეგ ცხიმიანი საკვების მიღება ან კუჭის გაწმენდა საფაღარათო ზეთით. მათში გაიხსნება და შეიწოება შხამიანი მოქმედი ნივთიერებები და გამოიწვევს დაბრმავებას. [9]

ხალხური მედიცინა ჩადუნას საუკუნეებია იყენებს როგორც ჭიის საწინააღმდეგო საშუალებას. მის ფესურაში შემავალი ნივთიერებები ადამბლავებენ ჭიების (ტენიების) გლუვ მუსკულატურას, რის შედეგადაც ისინი განავალს გამოყვებიან. ამიტომ მასთან ერთად საფაღარათო საშუალებებს იყენებენ. ზოგიერთი ავტორის (ანტონოვი, დუნდაროვი) მონაცემებით ჩადუნას წყლიან და სპირტიან ექსტრაქტებს გააჩნიათ ანტივირუსული მოქმედება Herpes zoster -ის მიმართ.
ხალხურ მედიცინაში ჩადუნას იყენებენ კიდურებზე ვენების გაგანიერებისა და კანის დაავადებების დროს.
ჩადუნა მაღალი ტიქსიურობით გამოირჩევა, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჩადუნას გამონაწვლილის ჭიის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენებისას საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა. მკურნალობამდე ერთი დღით ადრე ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ცხიმიანი საკვები. ჩადუნას ექსტრაქტს ღებულობენ უზმოზე. წამლის მიღების შემდეგ ავადმყოფმა უნდა დალიოს საფაღარათო საშუალება. საფაღარათო საშუალებად ამ შემთხვევაში ყოვლად დაუშვებელია აბუსალათინის ზეთის გამოყენება. უმჯობესია 30 გრამი ინგლისური მარილის მიღება.
ჩადუნას ფესურას, როგორც აღვნიშნეთ იყენებენ ვენების გაგანიერების დროს.
500 გრამ დაწვრილმანებულ ფესურას დაასხამენ 5 ლიტრ წყალს და ადუღებენ 5 საათის განმავლობაში. წყლის დაშრობისას აწარმოებენ შევსებას. მიღებულ სითხეს ხმარობენ აბაზანების სახით. აღნიშნული წესით მიღებული რაოდენობა საკმარისია 5 აბაზანისათვის. ერთი კურსის ხანგრძლივობაა 30 აბაზანა.
ისტორიული ექსკურსი [9]–დან: ქართველი მეცნიერების მიერ მოწოდებული იყო ბრტყელი ჭიის დამდენი ექსტრაქტი (პ. ჭუმბურიძე), შემდეგ ეფექტური პრეპარატი – ფილიქსანი ტაბლეტების სახით (პ. გელბახიანი), რომელსაც თბილისის ფარმაცევტული ქარხანა აწარმოებდა. მისი უპირატესობა იყო სისუფთავე და გვერდითი მოვლენების არარსებობა. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ ჩადუნას ხალხური მედიცინა სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც იყენებს.

3. 2. გამოყენების სხვა სფეროები
ჩადუნას ნორჩ, სპირალურად დახვეული ფოთლებისაგან ზოგან მხალს ამზადებენ. ზოგან იყენებენ ინდაურის ჭუკების საკვებად. აუცილებელია ამ
ინფორმაციის გადამოწმება.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ჩადუნა მთის. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ჩადუნა მთის. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 562 times by 342 viewers


