კავკასიური დათვის კენკრა – Arctostaphylos uva-ursi (L)
Spreng. subsp. caucasica (Kvaratzshelia) Lipsch.
მანანა კიკნაძე, არჩილ შენგელია
1. ზოგადი აღწერა
კავკასიური დათვის კენკრა – Arctostaphylos uva-ursi (L) Spreng. subsp. caucasica (Kvaratzshelia) Lipsch., მანანასებრნთა – Ericaceae ოჯახს მიეკუთვნება.

კავკასიის ენდემური მცენარეა. 80 სმ-მდე სიგრძის, მიწაზე გართხმული მარადმწვანე ბუჩქია. ერთწლოვანი ყლორტები მეჩხერადაა შეფოთლილი; ფოთლები მოგრძო – უკუკვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისაა, ტყავისებრი, სიგრძით 2,5 სმ-დე, დანაოჭებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან ბაცი, მთლიანკიდიანი. ზრდასრული ფოთლები შიშველია, ხოლო ნორჩი ფოთლები კიდეებზე მცირედ შებუსვილია. ყვავილები მოკლეყუნწიანია, ტოტების კენწეროზე მცირერიცხოვან ყვავილებიან, მტევნებშია შეკრებილი. ჯამი მოკლეა, ჯამი 5 წვერიანი, ჯამი ზედვე რჩება. გვირგვინი კვერცხისებრ–ქოთნისებრია, გვირგვინი კვერცხისებრ–ქოთნისებრი, ხუთკბილიანი, ვარდისფერი; მტვრიანა 10, სამტვრეები მუქი წითელი. ნაყოფი კურკიანაა, მრგვალი, წითელი. შეიცავს 1–5 თესლს. ყვავილობს და ნაყოფიანობს მაისიდან სექტემბრამდე.
2. გავრცელება
სახეობა გავრცელებულია ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში, ამერიკაში. იშვიათად გვხვდება დასავლეთ კავკასიაში. ქვესახეობა კავკასიის ენდემია. საქართველოში გვხვდება სვანეთში, აფხაზეთში, რაჭა–ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში. იზრდება ფიჭვნარებში, სუბალპებსა და ალპურ სარტყელში, ტყიან ზონაში, ღია სილიან–ქვიან ადგილებში, კლდეებზე.

3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია დათვის კენკრას ფოთოლი – Folium uvae ursi. ფოთლებს ამზადებენ ნაყოფის სიმწიფის პერიოდში. აშრობენ ჰაერზე, კარგი ვენტილიაციის პირობებში. ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ფოთლები პატარა 1–2,2 სმ სიგრძის, 0,5–1,2 სმ სიგანეში, სქელი, ადვილად იმტვრევა. წაგრძელებულ–ოვალური ან უკუკვერცხისებრი ფორმის, წვერში მომრგვალებული, ზოგჯერ ოდნავ ამოკვეთილი, დაძარღვა–ბადენაირი. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, ფუძესთან სოლისებრ შევიწროებული. ზევიდან მუქი–მწვანე, ქვედა მხრიდან–უფრო ღია, მქრქალი, შიშველი, სუნი არა აქვს, გემო ძელგი მომწარო.
4. ქიმიური შემადგენლობა
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში დათვის კენკრაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: არბუტინი (8–16%), გალის მჟავა, ელაგის მჟავა, მეთილარბუტინი, მთრთილავი ნივთიერებები (20%), ურსოლის მჟავა 0,4–0,7%, ქინაქინის მჟავა, ჰიდროქინონი, ჰიდროქინონის გლიკოზიდები, ჰიპეროზიდი (ფლავონოიდი) და სხვა. ფორმულა–ნახატი არებულია [9]–დან.

5. გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ამზადებენ დათვის კენკრას ფოთლების ნახარშს (10:200) და ხმარობენ შარდმდენ, ანტისეპტიკურ საშუალებად თირკმლებისა და შარდ-სასქესო გზების პათოლოგიების დროს. მოქმედება დამყარებულია იმაზე, რომ კუჭის მჟავე არეში და ფერმენტების ზეგავლენით გლიკოზიდები იშლება და გამოყოფილი ჰიდროქინონი ამჟღავნებს ანტისეპტიკურ ეფექტს. ფოთლები შედის შარდმდენ ნაკრებში, ამავე დანიშნულებით შეტანილია ბრიტანეთის ფარმაკოპეაში. პოპულარულია ჰომეოპათიაშიც.

უკანასკნელ ხანებში იაპონელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არბუტინი ხასიათდება აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო, მათეთრებელი, ჭრილობის შემახორცებელი და თმის გაზრდის მასტიმულირებელი თვისებით.
დათვის კენკრას ხმარობენ ცისტიტის დროს. იგი ახდენს მადეზინფიცირებელ და დიურეზულ მოქმედებას. დიდი დოზების დროს ვლინდება პირღებინება, გულისრევა, კუჭაშლილობა და სხვა მოვლენები. გამონახარშსა და ნაყენს არასასიამოვნო გემო აქვს. გამონახარში შემდეგნაირად მზადდება: 5 გ ფოთოლს ასხამენ 100 მლ წყალს. ფოთოლი 0,3-0,5 მმ ზომით ქუცმაცდება და ოთახის ტემპერატურის წყალს ასხამენ, ადუღებენ 15-30 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით და წურავენ. ინახავენ გრილ ადგილას.
წყლით გამონაწვლილსაც გამონახარშივით აკეთებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მდუღარე წყალს ასხამენ და 5-10 წუთს ხარშავენ, ამის შემდეგ 40 წუთს დგამენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
6. გამოყენება ემპირიულ მედიცინაში
ხალხური მედიცინა დათვის კენკრას ჩვილ ფოთლებს სისხლის გამწმენდ, ხოლო ზრდასრულ ფოთოლს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემადედებელ და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევს. ყვავილებიან ტოტებს იყენებენ გულის დაავადებების, ხოლო ნაყოფს კუჭაშლილობის დროს. ფოთლებისგან შესაძლოა შავი, მწვანე და ყავისფერი საღებავების მიღება.
ნერვული დაავადებებისას დათვის კენკრას ფოთლებს ურევენ შავბალახას თანაბარი რაოდენობით, კერძოდ თითო სუფრის კოვზ დათვის კენკრას ფოთოლსა და შავბალახას იღებენ 3 ჭიქა წყალზე და ხარშავენ 1/3 წყლის აორთქლებამდე. დარჩენილ სითხეს წურავენ და ერთი დღის განმავლობაში 3-ჯერ სვამენ.
დათვის კენკრის ფოთოლს ხმარობენ ქრონიკული ცისტიტისა და პიელიტის დროს. რაკი ტუტე რეაქციის პირობებში უფრო კარგად მოქმედებს, ამიტომ ურჩევენ რომ ფოთლების გამონახარშთან ერთად ერთი ჩაის კოვზი სასმელი სოდაც მიიღონ ავადმყოფებმა. ხანგრძლივ გამოყენებას არ ურჩევენ.
გამოიყენება წყლიანი ნაყენის სახით: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და ასე დგამენ მთელი ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ხარშავენ 5 წუთს, წურავენ და სვამენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. ნახარშს არ იყენებენ ადგილობრივი გაღიზიანებების თავიდან აცილების მიზნით.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. დატვის კენკრა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. დათვის კენკრა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.







