ალექსანდრიის სინამაქი, აფრიკული კასია, ინდოეთის კასია, მახვილფოთოლა კასია, ვიწროფოთოლა კასია – Senna alexandrina Mill. = Cassia senna L. = Cassia acutifolia Del. = Cassia angustifolia Vahl.
არჩილ შენგელია, მანანა კიკნაძე
1. მცენარეთა გვარი კასია
კასია ნახევრადბუჩქოვანი, ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეების გვარია. ხარობს აფრიკისა და აზიის უდაბნოებში. გვარი 30–დან 70 სახეობამდე მოითვლის.

ზოგიერთი სახეობის ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული:
Cassia abbreviata Oliv.
Cassia afrofistula Brenan
Cassia aubrevillei Pellegr.
Cassia australis Sims
Cassia bakeriana Craib
Cassia brewsteri (F.Muell.) F.Muell. ex Benth.
Cassia cowanii H.S.Irwin & Barneby
Cassia duartei H.S.Irwin
Cassia fastuosa Willd. ex Benth.
Cassia ferruginea (Schrad.) Schrad. ex DC.
Cassia fistula L.
Cassia grandis L.f.
Cassia javanica L.
Cassia leiandra Benth.
Cassia leptophylla Vogel
Cassia moschata Kunth
Cassia ×nealiae H.S.Irwin & Barneby
Cassia roxburghii DC.
Cassia sieberiana DC.
Cassia spruceana Benth.
სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს ერთიანი შეხედულება Senna asexsandrina Mill., Cassia senna L., Cassia acutifolia Del., Cassia angustifolia Vahl. შესახებ. ზოგიერთი ავტორი მათ სხვადასხვა სახეობებად თუ ქვესახეობებად მიიჩნევს. ფარმაცევტული თვალსაზრისით მათ შორის განსხვავებაა არაა, ამიტომ ჩვენ ბოტანიკურ დისკუსიებში არ შევდივართ და ერთ მცენარედ მივიჩნევთ. ამჟამად სინონიმებად მიიჩნევა:
Cassia acutifolia Delile
Cassia angustifolia Vahl
Cassia lanceolata Forssk.
Cassia senna L.
Senna alexandrina Garsault (1764), nom. inval.
Senna angustifolia (Vahl) Batka
2. ზოგადი აღწერა
ალექსანდრიის სინამაქი, აფრიკული კასია, ინდოეთის კასია, მახვილფოთოლა
კასია, ვიწროფოთოლა კასია – Senna alexandrina Mill. = Cassia senna L.= C. acutifolia Del.=C. angustifolia Vahl., პარკოსანთა ოჯახის – Fabaceae (Leguminosae) ქვეოჯახს Caesalpiniodaea მიეკუთვნება. 0,5 – 1,5 ქსეროფიტული, მრავალწლოვანი ნახევრადბუჩქებია. ღერო დატოტვილია. აქვს ორი ტიპის: სწორმდგომი და თითქმის მიწაზე გართხმული. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული . წყვილფრთისებრ რთული, 4–8 წყვილი ფოთოლაკით. ფოთოლაკები რუხ–მწავანეა, ლანცეტა ფორმის, შიშველი, თხელი, კიდემთლიანი, წამახვილებული წვეროთი. თანაყვავილედი ფოთლის უბეებში შეკრებილი მოკლე მტევნებია. ყვავილები საკმაოდ დიდია, ოქროსათინათიანი ყვითელი, ზიგომორფული, 5–წევრიანი, სიგრძით 7–8 მმ.ყვავილობს ივლისიდან–ოქტომბრამდე. ნაყოფი მრავალთესლიანი ბრტყელი, ტყავისებრი პარკია, ოდნავ მოღუნული, ოვალური ფორმის, მომწვანო–ყავისფერი,ზომით სიგრძით 3 (5) X 1,5 (2) სმ.

თესლების ფორმა გულისებურიდან ოთხკუთხედებში გადადის, ერთ მხარეს უცებ ვიწროვდებიან. თესლის ქვედა ნაწილში, ცხადად ჩანს გლუვი ,ღარისებური ჩაღრმავება. იგი თხელი, შედარებით ღია ფერის მუთაქითაა შემორკალული. სათესლე ნაწიბური ცხვირის გვერდით ზედაპირზეა განთავსებული, თესლების ზედაპირი ბადისებურია, დანაოჭებული. გვხვდება მოყავისფრო, მოვარდისფრო, მომწვანო და მოყვითალო-ნაცრისფერი თესლები. . თესლების ზომა 6,5-7,0 X 4,0-5,0 X 1,2-1,8 მმ. აბსოლუტური წონაა – 26,2 გრ. ღერძული, გრძელი ფესვი აქვს.
3. გავრცელება
სინამაქის სამშობლოდ სუდანი ითვლება. გავრცელებულია აფრიკაში, წითელი ზღვის სანაპიროზე, არაბეთში, სომალში. ერთწლოვანი კულტურის სახით ეგვიპტეში, ინდოეთში, სუდანში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში. ხარობს ნახევარუდაბნო და უდაბნო ადგილებში. გარეჯის უდაბნოში უნდა იხაროს, თუმცა შესამოწმებელი იქნება შემადგენლობა.
4. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია სინამაქის ფოთოლი – Folium Sennae. იყენებენ ნაყოფსაც. ფოთლებს ზოგან წელიწადში ორ–სამჯერ, შერჩევით, ზოგან კი– მხოლოდ ყვავილობის ფაზაში ამზადებენ. ნედლეულს აშრობენ 50–60 გრადუს ტემპერატურაზე. ნაყოფი ერთდროულად არ მწიფდება. ამიტომ, კრეფენ შერჩევით–მხოლოდ მწიფე ნაყოფებს. აშრობენ კარგი აერაციის პირობებში, თხელ ფენად, 50–60 გრადუს ტემპერატურაზე.

ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ნედლეულის სახით იყენებენ ნაყოფსაც, მას ამზადებენ დამწიფების მიხედვით, შრობა ისევე წარმოებს. სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს რთული ფოთოლაკები და ფოთლების საერთო ყუნწები (რახისები), დასაშვებია 3 მმ სისქის ახალგაზრდა ტოტების ნაჭრების, ბუტონების, ყვავილების და უმწიფარი ნაყოფების მინარევი. ფოთოლაკები 1–3 სმ სიგრძისაა, 0,4–1,2 სმ სიგანის, მტვრევადი, მოკლე ყუნწით; დიაგნოსტიკური ნიშანია დაძარღვა. მეორადი ძარღვები ფოთლის ორივე მხრიდან აშკარად შესამჩნევიაю ისინი გამოდიან ძირითადი ძარღვიდან, ქმნიან მახვილ კუთხეს და პარალელურ რკალებად მიემართებიან ფოთოლაკის კიდისადმი. ნედლეული ნაცრისფერ–მწვანეა, ფოთოლაკები – ზევიდან მოყვითალო–მწვანე, მქრქალი, ბუტონები და ყვავილები – ყვითელი. სუნი სუსტი, გემო მომწარო, ლორწოს შეგრძნებით. ნაყოფის ფერი – მომწვანო–ყავისფერია, ემჩნევა განივი ტიხრების და თესლების სათავსოების მუქი მონახაზი.
5. ქიმიური შედგენილობა
ითვლება რომ სინამაქის ფარმაკოლოგიურ ეფექტს ძირითადად განსაზღვრავს თავისუფალი და გლიკოზიდებთან შეკავშირებული ანტრაქინონები. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში სინამაქზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ანტრაგლიკოზიდები (ფოთლებში 1–3%,ნაყოფები – 2,5%), გლუკოალოე–ემოდინი, გლუკორეინი, იზორამნეტინი და მათი გლიკოზიდები, კემპფეროლი და მათი გლიკოზიდები, მონოგლიკოზიდები, რეინის გლიკოზიდები, რეინის დიანტრონები (დიმერული შენაერთები), სენოზიდი D, სენოზიდი C, ფისოვანი ნივთიერებები, ფლავონოლები.
6. მედიცინაში გამოყენება
სინამაქის ფოთოლი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი საფარარათო საშუალებაა. ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს სინამაქის მშრალ ექსტრაქტს (ტაბლეტები). სენადექსინს. ინდოეთიდან შემოდის პურსენიდი, გლაქსენა, იმპორტულია აგრეთვე რეგულაქსი და სენადე, რომელშიც შედის სინოზიდი A და B–ს კალციუმის მარილები. სინამაქი შედის მრავალი საფაღარათო ჩაის ნაკრებების შემადგენლობაში. სინამაქის ნაყოფსაც ხმარობენ როგორც საფაღარათო საშუალებას, თუმცა იგი უფრო ნაზი მოქმედებისაა. სინამაქი გამოიყენება ყაბზობისა და ყველა იმ დაავადებების დროს, როცა აუცილებელია ნაწლავების მსუბუქი გამოთავისუფლება – ანალური ხვრელის ნახეთქები, ბუასილი, სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
სინამაქის ჩაი: 1 ჩაის კოვზ სინამაქის ფოთლებს დაასხით ¼ ცივი წყალი. გააჩერეთ 24 საათი, პეროდულად მოურიეთ და ბოლოს გადაწურეთ. საჭიროების დროს მიიღეთ 1 ჭიქა, უმჯობესია ძილის წინ. ჩაი მოქმედებას იწყება დაახლოებით 6-8 საათში.
უკუჩვენებები. დაუშვებელია ხანგრძლივად გამოყენება; უკუნაჩვენებია ორსულთათვის, მეძუძური ქალებისათვის და ნაწლავთა გაუვალობის დროს.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
4. ლალი დათეშიძე. სინამაქი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
12. Палибин И. В. Род * Кассия — Cassia // Флора СССР. В 30-ти томах / Главный редактор акад. В. Л. Комаров; Редактор тома Б. К. Шишкин. — М.—Л.: Издательство Академии Наук СССР, 1945. — Т. XI. — С. 20—21. — 432 с. — 4000 экз.
13. К. Ф. Блинова, Н. А. Борисова, Г. Б. Гортинский и др. Ботанико-фармакогностический словарь: Справочное пособие / под редакцией К. Ф. Блиновой, Г. П. Яковлева. — М.: Высшая школа, 1990. — С. 235, 236. — 272 с. — 165000 экз. — ISBN 5-06-000085-0
Viewed 610 times by 386 viewers


