სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

ჯუნგარიის ტილჭირი – Aconitum soongoricum Stapf, Aconitum napellus
აღმოსავლურ ტილჭირი – Aconitum orientale Mill
ეშმაკის ქოში – Aconitum nasutum Fisch
კარაკოლური ტილჭირი – Aconitum karakolicum Rapes, Aconitum leucostomum Worosch

ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია

1. ზოგადი აღწერა
5555ჯუნგარიის ტილჭირი – Aconitum soongoricum Stapf., ბაიასებრთა Ranunculaceae, ოჯახს მიეკუთვნება. 70–130 სმ სიმაღლის მრავალწლიანი, შხამიანი მცენარეა. {მსოფლიოში ტილჭირის სამასამდე სახეობაა აღწერილი და ყველა მათგანი ტოქსიკური თვისებისაა. ღერო მარტივი ტიპისა აქვს,მაგარი, სწორმდგომი; შიშველი ან ბუსუსითაა დაფარული. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, შიშველი. საინტერესოა, რომ ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები მცენარის აყვავების პერიოდში კვდებიან. ყუნწები 10 სანტიმეტრის სიგრძისაა. ფოთლებს მომრგვალებული ან გულის ფორმა აქვთ. მათი სიგრძე 5–დან 9–მდე, სიგანე კი 8–დან 12 სანტიმეტრამდე აღწევს. თითოეული ფოთოლი იყოფა 5 სოლის მსგავს სეგმენტად; ყოველი სეგმენტი, თავის მხრივ, იყოფა 2–3 განიერ, ან ვიწროლანცეტისებურ ნაწილად; მათ მსხვილი, მახვილი დაბოლოებები აქვთ, რომელთა (იგულისხმება დაბოლოებები) სიგრძე 3, სიგანე 0,6 სანტიმეტრს უდრის. თითოეული ხსენებული ნაწილის სიგანე კი დაახლოებით 1,5 სანტიმეტრს შეადგენს.
ყვავილედი წარმოადგენს მცენარის ღეროს ფუნჯისმაგვარ დაბოლოებას, რომელიც შედგება ზიგომორფული ყვავილებისგან. თითოეული ყვავილის სიგრძე 3,5 სანტიმეტრს, ხოლო სიგანე 1,8 სანტიმეტრს აღწევს. ყვავილის ყუნწს, რომელიც ბოლო ნაწილში მსხვილდება, თან ახლავს ორი, ვიწროხაზოვანი თანაყვავილი. ზედა ჯამის ფოთოლი ისეა მოხრილი რკალისებურად, რომ ჩაფხუტს წააგავს. მას გააჩნია გრძელი დინგი, რომელშიც განლაგებულია 2 სახეშეცვლილი მტვრიანას ფურცელი. გარდა ამისა, აქვეა 35–40 მტვრიანა. მათზე მიბმულია შიშველი ძაფები, რომლებიც ქვედა ნაწილში ფართოვდებიან. მცენარის 3 ბუტკოს აქვს ზედა ნასკვები – მოკლე სვეტითა და პატარა დინგით. მტვრიანა ბევრია, ნასკვი ზედაა. ნაყოფი სამფურცლიანია. სიმწიფეში მხოლოდ ერთი ფურცელი შედის. ფურცლები მრავალთესლიანობითა და მოხრილი ცხვირით გამოირჩევიან. თითოეული თესლის სიგრძე მაქსიმუმ 5 მილიმეტრს შეადგენს. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათ აქვთ განივი, ფრთების მსგავსი, უმცირესი ზომის ნაოჭები.
თესლები მოხაზულობით კვერცხისებრი, არასწორი კუთხისებური ფორმისაა, შიგნით ჩაჭყლეტილი, მომრგვალებული ან კუთხისებური წახნაგებით და ნაკეცებად გაფართოებული წიბოებით. ზედაპირს, ზურგის მხრიდან ბლაგვი, დანაოჭებული, წვრილად დაშტრიხული ნაკეცებით. თესლების შეფერილობა მუქი, შავში გარდამავალი ყავისფერია. თესლების ზომა 3,5_5,0 მმ სიგრძეში; 2,0_2,8 მმ სიგანეში და 1,5_2,0 მმ სისქეში. აბსოლუტური წონა შეადგენს – 2,5_3,4 გრ.
მცენარე ჰყვავის ივლის–სექტემბერში; რაც შეეხება ნაყოფს, იგი მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში.
აქვს ჰორიზონტალური ფესვები და ჯაჭვის მსგავსი, კონუსის ფორმის ბოლქვები. რომელთა სიგრძე 2–2,5 სანტიმეტრი, სისქე კი 0,7–1 სანტიმეტრია. ფესვისაგან ზაფხულში ვითარდება ახალგაზრდა შვილეული ტუბერფესვი, რომლისგანაც მომავალ წელს მცენარე იზრდება. ძველი ტუბერფესვი რჩება ახალთან ერთად და ამგვარად წლიდან–წლამდე იქმნება გორგლების “ჯაჭვი”

2. გავრცელება

ჯუნგარიული ტილჭირი შუა აზიის მაღალმთიანეთში სახეობას. უფრო ზუსტად – შუა აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყაზახეთში გავრცელებული სახეობაა. იგი ხარობს ტიან–შანის, ჯუნგარიის ალათაუსა და ტარბაგათაის მაღალმთიან რაიონებშიც. მისი გავრცელების უკიდურეს დასავლეთ წერტილს წარმოადგენს ტალასკის ალათაუ (ჯამბულის მთიანეთის სამხრეთ ნაწილი). აღმოჩენილია უსტ–კამენოგორსკისა (ირტიშის სამხრეთ ნაწილი) და ბურკიტაუს მთაში, (ალთაის მთიანეთის სამხრეთ ნაწილი). გვხვდება დასავლეთ ჩინეთის მთებშიც. იზრდება ბალახით დაფარულ, მთის ტენიან ფერდობებზე, ასევე – მთის მდინარეებისა და წყაროების ნაპირებზე. გვხვდება ტყიან, სუბალპურ და ალპურ ზონებში – ათასიდან სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ჯუნგარიის ტილჭირი საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს. საქართველოში ბუნებრივად ხარობს ორი სახეობა:
– აღმოსავლურ ტილჭირი – Aconitum orientale Mill
– ეშმაკის ქოში Aconitum nasutum Fisch
ისინი ჩვენში თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ძირითადად გვხვდება სუბალპური სარტყლის ტენიან წიწვოვან ტყეებსა და შამბნარებში– უმთავრესად ნაკადულების პირას.

aconitum_orientale

3. კულტივირება და პერსპექტივები

მცენარის მარაგები ძლიერაა შემცირებული და პერსპექტიული ჩანს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მისი კულტივირება. დღესდღეობით, ჯუნგარიული ტილჭირის ნედლეულის რეგულარული დამზადება არ ხდება,
ნედლეულის სიმცირისა და ძნელად მისაწვდომის გამო. ბუნებრივ პირობებში ჯუნგარიის ტილჭირი ძირითადად ვეგეტატიურად მრავლდება; ამის გამო, იგი იზრდება მჭიდროდ განლაგებული ამონაყარის სახით და იკავებს არცთუ დიდ ადგილს. შესაძლებელია მისი თესლით გამრავლებაც. ახალ აღებული თესლი 2–3 კვირაში კარგავს აღმოცენების უნარს.

4. ნედლეული

ტრადიციულად სამკურნალო ნედლეულად ტილჭირის ტუბერფესვს იყენებდნენ. (მათი მოპოვება ხდება შემოდგომით, როდესაც ნაყოფის სიმწიფის პერიოდია და ნედლად აბარებენ წარმოებას),  მარაგების შემცირების გამო ამჟამად წარმოება იყენებს მხოლოდ ტილჭირის ბალახს – Herba Aconiti. ბალახს ჭრიან კენწეროდან 30 სმ. სიგრძეზე, ყვავილობის პერიოდში. იყენებენ ნედლს. გემოს და სუნს არ უსინჯავენ – შხამიანია.
ინახება B სიით.

5. ქიმიური შემადგენლობა

ტილჭირის ყველა ნაწილი შეიცავს ძალზე შხამიან, აკონიტურ ალკალოიდებს. ტილჭირის შხამიანობა ცნობილი იყო უძველესი დროიდან. წამყვან ალკალოიდან მიიჩნევა აკონიტინი. გარდა ამისა შეიცავს ალკალოიდებს: ნაპელინი, ნორზონგორინი, აკონიფინი, აცეტილზონგორინი, ზონგორამინი, კარაკოლინი, იზობოლდინი და სხვ.
მცენარის მიწისზედა ნაწილში ამ ალკალოიდების მაქსიმალური კონცენტრაცია ფიქსირდება მცენარის ბუტონიზაციის ფაზაში (როცა კოკორს იკეთებს). ფესვ–ბოლქვებში ალკალოიდების რაოდენობა იზრდება მთელი სავეგეტაციიო პერიოდის განმავლობაში, მაქსიმუმს კი აღწევს შემოდგომით,(აჭარბებს 2 პროცენტს).
ფესვ–ბოლქვებში აკონიტინის შემცველობაა 0,6 პროცენტი, ზონგორინისა (იგივე ნაპელონინი) – 0,24 პროცენტი, ხოლო მონოაცეტილზონგორინისა – 0,01 პროცენტი.
ამას გარდა, ფესვ–ბოლქვები შეიცავს ფლავონოიდებს, ნახშირწყლებს, ვიტამინ C, ორგანულ მჟავებს. კრახმალსა და სხვადასხვა ორგანულ მჟავას.

akonitini

6. მედიცინაში გამოყენება

განსაკუთრებით საშიში, შხამიანი მცენარეა!
ჯუნგარიული ტილჭირის ფესვ–ბოლქვების ნაყენს უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნევრალგიების, რევმატიზმის, შაკიკის, კბილის ტკივილისა და სხვა დაავადებების დროს. თუმცა, ტილჭირის ალკალოიდების ძლიერი შხამიანობის გამო, მაინც შეზღუდულია ამ მცენარისგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება. 1976 წლამდე, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამეცნიერო მედიცინაში ტილჭირს იყენებდნენ, როგორც ორი კომპლექსური პრეპარატის შემადგენელ კომპონენტს. ამ მცენარის ფესვ–ბოლქვის ნაყენი შეჰქონდათ აკოფიტის შემადგენლობაში, რომელსაც იყენებდნენ რადიკულიტების, ნევრიტების, რევმატიზმის, ლუმბაგოს (იგივე წელკავი) და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ფესვ–ბოლქვისა და მიწისზედა ნაწილისგან დამზადებული ნაყენი კი გამოიყენებოდა ეხინორის დასამზადებლად, რომელიც ანგინის სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს.
[9]: ბალახის ნაყენი გარედან სახმარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა რადიკულიტის, რევმატიზმის, ნევრალგიის, ლუმბაგოსა და პლექსიტის დრო. ადრე ამზადებდნენ “აკოფიტს” და “ანგინოლს”. ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ ტუბერკულოზისა და ავთვისებიანი სიმსივნეები საწინააღმდეგოდ. ჰომეოპათიური საშუალება – Aconitum მზადდება ნედლი, აყვავილებული მცენარიდან, იყენებენ გაციების პირველი ნიშნებისას, გრიპის ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად. უნიშნავენ აგრეთვე იშიაზისა და სხვა ტკივილების სინდრომისას. მცენარის ექსტრაქტი ამჟღავნებს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
ჯუნგარიული ტილჭირისგან დამზადებული პრეპარატებით არასწორი მკურნალობის ჩატარება, არცთუ იშვიათად, დაკავშირებულია უმძიმეს მოწამვლასთან და სიკვდილთანაც კი. ტილჭირით მოწამვლისას შეიმჩნევა ქავილი, ძვლებში ტეხა, გულძმარვა და ძლიერი ტკივილები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, თავბრუსხვევა, თვალებში დაბნელება, გუგების გაფართოება, გულის არითმია. ამ შემთხვევაში, სიკვდილს იწვევს სუნთქვის ფუნქციის შეჩერება. ტილჭირის სასიკვდილო დოზას წარმოადგენს – ადამიანისთვის – 3–4 მილიგრამი 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე, ზოგი შინაური ცხოველისთვის კი – 0,02–0,05 მილიგრამი.
შინაური ცხოველები, როგორც წესი, ტილჭირს არ ჭამენ და ამის გამო, მოწამვლის შემთხვევები მათ შორის ნაკლებად გვხვდება. თუმცა, საქონლის მასობრივი გაწყვეტა რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელს გადარეკავენ ამ მცენარით დაბინძურებული საძოვრების გავლით. ამიტომ საძოვრებსა და სათიბ ადგილებზე ტილჭირი ითვლება მავნებელ და საშიშ მცენარედ. ზოგ შემთხვევაში, მოსახლეობა ტილჭირის ფესვებს იყენებს, როგორც ინსექტიციდურ საშუალებას.

nasutum

7. სხვა სახეობები

სხვა სახეობებიდან ყურადღება უნდა მიექცეს:
– Aconitum karakolicum Rapes,
– Aconitum leucostomum Worosch. იგი სამედიცინო პრაქტიკაში უკვე დანერგილია ფარმაკოლოგიური აქტივობით ქართველი მეცნიერები
– Aconitum orientale Mill –აღმოსავლურ ტილჭირი
– Aconitum nasutum Fisch – ეშმაკის ქოში.
ეს ორი უკანასკნელი ჩვენში მოზარდი სახეობებია და [9] საბჭოთა სივრცეში პერსპექტიულ მცენარედ მითვლებიდა. ცხადია, დღეს საჭიროა მარკეტინგული კვლევის ჩატარება.
ჯუნგარიულ ტილჭირთან ყველაზე ახლოს დგას კარაკოლური ტილჭირი (Aconitum karakolicum Rapaics), რომელიც შესაძლებელია, პირველი სახეობის სახესხვაობასაც წარმოადგენდეს. განსხვავება ისაა, რომ: მეორე სახეობა უფრო მაღალია – 2 მეტრამდე აღწევს; უფრო ვიწროა ფოთლის სეგმენტების ნაწილები – მათი მეორე–მესამე რიგების სიგანე 1,5–3 მილიმეტრს შეადგენს; შუა სეგმენტის სიგანე 3–5 მილიმეტრია. შედარებით მცირე ზომისაა ყვავილებიც – მათი სიგრძე 2–3 სანტიმეტრს, ხოლო სიგანე 1,5 სანტიმეტრს არ აღემატება.
კარაკოლური ტილჭირი გავრცელებულია ტიან–შანის მთებში: კერძოდ, ტერსკეისა და კუნგეის ალათაუში, ყირგიზეთისა და ზაილიის ალათაუში, ასევე – კეტმენის ქედზე. ამ სახეობის გავრცელების არეალის ჩრდილოეთ საზღვარი აღწევს ჩრდილო განედის 43°–ს, სამხრეთის საზღვარი კი – ჩრდილო განედის 41° 30′–ს. მცენარის უკიდურესი დასავლეთ საზღვარი გადის ყირგიზეთის ალათაუზე, ხოლო აღმოსავლეთ საზღვარი გადაკვეთს აღმოსავლეთ ტიან–შანის მთებს და დასავლეთ ჩინეთის ტერიტორიას. მოკლედ, კარაკოლური ტილჭირის გავრცელების არეალი ემთხვევა ჯუნგარიული ტილჭირის გავრცელების არეალს. მრავალ ადგილას ისინი გვერდიგვერდ იზრდებიან. ასეთ შემთხვევაში რთულიც კი არის იმის გარჩევა, თუ რომელი მცენარე რომელ სახეობას მიეკუთვნება.
კარაკოლური ტილჭირი კარგად ეგუება მაღალმთიან მდელოებს; გარდა ამისა, იგი კარგად ხარობს მდინარეთა ხეობებშიც. მისი აღმონაცენი შეიძლება შეგვხვდეს როგორც 700 მეტრზე, ისე 2000 მეტრზე – ზღვის დონიდან. მრავლდება ფესვითაც და თესლითაც. ერთი და ორი წლის ასაკში მას ერთი ღერო გააჩნია. ზრდასთან ერთად, იმატებს მისი ღეროების რაოდენობაც. უვითარდება 3–4 ღერო. თითოეული მათგანი იბამს 45–60 თესლს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად უფრო მეტად კარაკოლური ტილჭირისგან დამზადებულ ნედლეულს იყენებდნენ, ვიდრე – მეორე სახეობის ნედლეულს. დამზადების პროცესი არარეგულარულად მიმდინარეობდა; ამ მცენარის ნედლეულს დიდი ოდენობით არ ამზადებდნენ. წელიწადში აწარმოებდნენ დაახლოებით 0,3 ტონა მშრალ ფესვ–ბოლქვებს და 0,2 ტონა მიწისზედა ნაწილს. დამზადება დღესაც წარმოებს ყირგიზეთში, კერძოდ კი – ისიყულის ოლქში.
ქიმიური შემადგენლობისა და გამოყენების თვალსაზრისით, კარაკოლური ტილჭირი არ განსხვავდება პირველი სახეობის ანუ ჯუნგარიული ტილჭირისგან. მათ ალკალოიდების ერთნაირი რაოდენობა აქვთ, რაც ფესვ–ბოლქვებში 2,35 პროცენტს, ხოლო ფოთლებში 0,3 პროცენტს შეადგენს. ყირგიზულ ხალხურ მედიცინაში ეს მცენარე ფართოდ არის ცნობილი ამგვარი სახელწოდებით: `ისაყულური ფესვი~.

8. ემპირიული გამოცდილება

ტილჭირის ყველა სახეობა ძლიერ შხამიანია და მათი საოჯახო გამოყენება დაუშვებელია. იგი საშიშია, როგორც ადამიანებისათვის ასევე ცხოველებისათვის– ნედლიც და გამხმარიც – იწვევს დამბლას და წამებით სიკვდილს, მცირე დოზითაც კი.
ქვემოთ მოტანილი მასალა მხოლოდ მომავალში, შესაძლო სამეცნიერო კვლევის ვექტორების დასაფიქსირებლად მოგვყავს.
რუსული ხალხურ მედიცინაში ტილჭირს შემდეგ თვისებებს მიაწერს:
– გარეგანი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
–მიიჩნევენ რევმატული ტკივილების საწინააღმდეგოდ (ტუბერების სპირტზე ნაყენით შეზელვა)
ტიბეტურ ხალხურ მედიცინაში :
– ციმბირის წყლული
– ფილტვების ანთება
ჩინეთში მიიჩნევენ:
–კიბოს სამკურნალო ერთ–ერთ კომპონენტად

9. გამოყენების სხვა სფეროები

ტილჭირის ფხვნილი და ნახარში, სიფრთხილის მკაცრი ზომების დაცვით, გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ტილჭირია. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ტილჭირი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

12. Атлас лекарственных растений СССР. М., Изд-во мед. лит., 1962.
13. Валяева Г. М. Фитохимическое исследование надземной части аконита каракольского и джунгарского — «Тр. Алма-Атинского мед. ин-та», 1965, т. 22.
14. Губанов И. А., Баньковский А. И. Алкалоидонос-ные растения Средней Азии и Южного Казахстана.— «Тр. Всес. науч.-исслед. ин-та лек. растений», 1969, т. 15.
4. Губанов И. А., Ивашин Д. С., Куваев В. Б., Молодожников М. М., Шретер А. И. Итоги работ экспедиций ВИЛАР по изучению ресурсов дикорастущих лекарственных растений. — «Растит, ресурсы», 1965, т. 1, вып. 4.
15. Губанов И. А., Кондратенко П. Т., Шретер А. И. Перечень препаратов, предложенных сотрудниками ВИЛАР и разрешенных Фармакологическим комитетом Министерства здравоохранения СССР к выпуску и применению в медицинской практике. — «Растит, ресурсы», 1965, т. 1, вып. 1.
16. Гусынин И. А. Токсикология ядовитых растений. Изд. 3-е. М., 1955.

Viewed 1526 times by 549 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka