მკურნალობა უცხოეთში


რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

წითელი მოცვი – Vaccinium vitis-ideae L.,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Брусника обыкновенная

1. ზოგადი აღწერა

წითელი მოცვი – Vaccinium visit-ideae L. მანანასებრთა Ericaceae (Vacciniaceae), ოჯახს მიეკუთვნება. 30–50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. მცირედ დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5–10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35–80 სანტიმეტრამდე ღრმავდება.

მოცვი

ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. მარადმწვანე, ტყავისებრი, მკვრივი, ხერხკბილა, გადაგრეხილი კიდეებით, სიგრძით 3, ხოლო სიგანით 2 სანტიმეტრი, ზემოდან მუქ–მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია და მქრქალი.  ყვავილები ზარისებრია, თეთრი ამ ვარდისფერი ათინათით, მოკლეყუნწიანი, ორსქესიანი, შეკრებილია მოკლე, მცირეყვავილოვან მტევნებად. ნაყოფი წითელი, ოთხბუდიანი, 8 მმ. დიამეტრის, მრავალნაყოფიანი კენკრაა,  ყვავილობს და ნაყოფიანობს ერთდროულად ივნისიდან სექტემბრამდე.

2. გავრცელება

მოცვიფართოდ გავრცელებული მცენარეა. ბუნებრივად გვხვდება ევროპაში, ჩრდილო ამერიკაში, აზიაში, ბევრია ციმბირში, ურალში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილო ლავკასიაში, აზერბაიჯანში. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელში, მდელოებზე, შქერიანში, დეკიანში, კლდეებზე, ტუნდრაში, ტყის ზონაში. საქართველოში ხშირია აჭარა–გურიის მთებში, აფხაზეთში, რაჭა–ლეჩხუმში, სვანეთში, ქართლში, თიანეთში, თუშ–ფშავ–ხევსურეთში.

3. ნედლეული

ოფიცინალური ფარმაცევტული ნედლეულია წითელი მოცვის ფოთლები Folium Vitis-idaeae. ფოთლებს და ყლორტებს ამზადებენ წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საგაზაფხულო დამზადება მიმდინარეობს ბუტონების გაშლამდე, ხოლო საშემოდგომო ნაყოფების სრული სიმწიფის პერიოდში. ფოთლებს მაკრატლით ფრთილად აცლიან, რათა ნაყოფი არ ჩამოცვივდეს. აშრობენ თხელ ფენად, კარგი აერაციის პირობებში.

მოცვი

შრობა სასურველია 35–400C-ზე მიმდინარეობდეს. თუკი სწრაფად არ გამოშრა, ფოთლები შავდება და სასაქონლო სახეს კარგავს. გამშრალი ნედლეული კიდევ ერთხელ უნდა გაისინჯოს – მისცილდეს გამუქებული ფოთლები, ტოტები და სხვა მინარევები. ფარმაკოპეის (ФС 42-1700-81-ის) მიხედვით, მოცვის მზა ნედლეული შედგება მოკლეყუნწიანი, ტყავის მსგავსი, ელიფსური ან შებრუნებული კვერცხის ფორმის ფოთლებისგან, რომლებსაც აკეცილი დაბოლოებები აქვს. ფოთლებზე შეიმნევა ბუმბულივით ნაზი ძარღვები. ფოთლებს ქვედა მხარეს ემჩნევა მუქი ყავისფერი წერტილები. ფოთლების სიგრძე 7–დან 30 მილიმეტრამდე, ხოლო სიგანე 5–დან 15 მილიმეტრამდე მერყეობს. ფოთლები ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან კი ღია მწვანე შეფერილობისაა. სუნი საერთოდ არ აქვს. გააჩნია მწარე, მწკლარტე გემო.

მოცვი

რიცხობრივი მაჩვენებლები:
• ტენიანობა – მაქსიმუმ 13 პროცენტი;
• ნაცრიანობა 7 პროცენტს არ აღემატება. ნაცრის ის ნაწილი, რომელიც 10 პროცენტიან მარილმჟავას ხსნარში არ იხსნება, 0,5 პროცენტს შეადგენს;
• ფოთლების მხოლოდ 7 პროცენტს ეძლევა ორივე მხრიდან შავი და მოწაბლისფრო შეფერილობა. 1 პროცენტს შეადგენს მოცვის ფოთლების დანარჩენი ნაწილი;
• ამას გარდა, დაახლოებით 2 პროცენტს უდრის ფოთლების დაქუცმაცებული ნაწილების რაოდენობა, რომლებიც ადვილად გადის საწურის 3 მილიმეტრის დიამეტრის ნასვრეტებში;
• ორგანული მინარევი 1 პროცენტზე მეტი არაა;
• რაც შეეხება მინერალურ მინარევს (იგულისხმება მიწა, ქვიშა, კენჭები), იგი 0,5 პროცენტს აჭარბებს;
• აბსოლუტურად მშრალ ნედლეულში არბუტინი 4,5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

მოცვი

4. ქიმიური შედგენილობა

ნედლეულში მთავარ ნივთიერებად ითვლება გლიკოზიდი არბუტინი. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში მოცვის ფოთოლზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ავიკულარინი, ანთოციანები, გალის მჟავა, ელაგის მჟავა, ვიტამინები, კატექინებიდან (+)–კატექინს, (–)–ეპიკატექინს, (+)–გალოკატექინი, კემფეროლი, ლუტეოლინი, მთრთილავ ნივთიერებები (10%), ორგანული მჟავები, რუტინი, ტრიტერპენოიდები, ფლავონოიდები, ქვერცეტინი, ქვერციტრინი, შაქრები, ცხიმოვანი ზეთი(თესლებში). ჰიდროქინონი (არბუტინის დაშლის პროდუქტი), ჰიპერიდინი.

5. პლანტაცია

არსებობს ორი მიმართულება ა) ბუნებრივად მოზარდი წითელი მოცვის ნაზარდების მოვლა და ბ) სპეციალური პლანტაციების გაშენება. ველურად მზარდი კენკრის სახეობათა საკულტივაციო სამუშაოები დიდ ეფექტს იძლევა: ამ შემთხვევაში იგულისხმება კენკრის ბარდებით დაფარული ადგილების გასუფთავება ჩინჩხვარის, ქარქცეულის, სანიტარული და მოვლითი ჭრების შედეგად დარჩენილი ნაყარისგან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კენკრის ბარდის გაახალგაზრდავებაც.
საზღვარგარეთ, კულტურულ ჯიშებთან ერთად, რგავენ სელექციის შედეგად შერჩეულ და გამოყვანილ წითელი მოცვის კლონებს. `გაკულტურებული~ მოცვი ათჯერ უფრო ნაყოფიერია, ვიდრე – ბუნებრივ პირობებში არსებული მოცვის ბარდები. არცთუ იშვიათად, კულტურული ბარდის ნაყოფი ზომით ორჯერ აღემატება ველურისას. ამ მცენარის გადარგვისას რეკომენდებულია იმ ნიადაგის გამოყენება, რაზეც მოცვი იზრდებოდა ველურ პირობებში.

მოცვი

5. გამოყენება
5.1. ოფიცინალური გამოყენება

ოფიცინალური მედიცინა წითელი მოცვის ფოთლების ნახარშს იყენებს: შარდკენჭოვანი დაავადების დროს კენჭების დასაშლელად, ასევე როგორც შარდმდენ საშუალებას. ცნობილია მისი ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდულ თვისებები. ნაყოფები გამოიყენება დიზენტერიისა და ჰიპოაციდური გასტრიტის დროს. ხმარობენ ჰომეოპათიაში.

5.2. ემპირიული გამოყენება

წითელი მოცვის ფოთლებისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ, როგორც შარდმდენ, ნაღველმდენ, ანტისეპტიკურ და შემკვრელ საშუალებას თირკმელებისა და შარდის ბუშტის (მაგალითად, პიელიტების, ცისტიტების, შარდ–კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ), გასტროენტერიტების, ფაღარათის მძიმე ფორმების, მეტეორიზმისა და ქრონიკული ყაბზობის დროს. გარდა ამისა, მოცვის ფოთლებს ხმარობენ იმ დაავადებათა სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია მინერალური ცვლის პროცესის დარღვევასთან. ამ შემთვევაში იგულისხმება: ნიკრისის ქარი, ოსტეოქონდროზი, ასევე – რევმატული დაავადებები, არასპეციფიკური ინფექციური ართრიტები. მოცვის ფოთლები და ნაყოფი ძალზე კარგია С და А ავიტამინოზისთვისაც. ამ კენკრის წყლიანი ნაყენი აქრობს წყურვილს; ამის გამო, მას უნიშნავენ ციებ–ცხელებით დაავადებულებს.

მოცვი

მოცვის ფოთლების ნახარში: ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მილიგრამ (ერთ ჭიქას) ადუღებულ წყალს, ახურავენ სახურავს და დგამენ ადურებულ წყალში 30 წუთის განმავლობაში; შემდეგ აციებენ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის მანძილზე და წყალს გადაუწურავენ. დარჩენილ მასას გამოწურავენ; მიღებულ ნახარშს დაუმატებენ ადუღებულ წყალს თავდაპირველი დოზით, ანუ 200 მილიგრამს. ნახარშს ინახავენ გრილ ადგილას სულ ცოტა 2 დღე–ღამის განმავლობაში. სვამენ ნახევარ ან ერთ–მესამედ ჭიქას ორ–სამჯერ დღეში.
მოცვის ფოთლები შეიცავს არბუტინს (9 პროცენტამდე), ჰიდროქინონს, სხვადასხვა სახის მჟავას, ისეთ ფლავინოიდს, როგორიცაა ჰიპეროზიდი და მთრიმლავ ნივთიერებებს. რაც შეეხება კენკრაში შაქრების არსებობას, მათი შემცველობა 8–დან 9 პროცენტამდე მერყეობს. ფოთლებში ასევე აღმოჩენილია ისეთი თავისუფალი ორგანული ნივთიერებები, როგორიცაა: ლიმონმჟავა, ვაშლმჟავა, ბენზოინმჟავა.

მოცვი

გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვით, ისინი შეიცავენ მთრიმლავ ნივთირებებს (0,2–დან 0,4 პროცენტამდე) და სკორბინის მჟავას. ბენზოინის მჟავას წყალობით, რომელიც ანტისეპტიკური თვისებებით ხასიათდება, კარგად ინახება არა მარტო ხილი, არამედ მათგან დამზადებული პროდუქტებიც. მცირე სიტკბოს მიუხედავად, მოცვის კენკრას აღიარებენ და ფართოდ იყენებენ თავისებური და ამასთან – ოდნავ მომწარო გემოს გამო.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. წითელი მოცვი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. წითელი მოცვი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka