ყვითელი ყაყაჩურა – Glaucium flavum Grantz
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Глауциум, Мачек желтоватый
1. ზოგადი აღწერა
ყვითელი ყაყაჩურა – Glaucium flavum Grantz, ოჯ. ყაყაჩოსებრნი – Papaveraceae ოჯახს მიეკუთვნება. ორი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა – ლურჯი ან რუხ–მწვანე შეფერილობით.

ღერო სწორმდგომია, 100 სანტიმეტრამდე სიმაღლის, მრგვალი, ყველა მხარეს დატოტვილი. პირველ წელს ივითარებს 15-35 სმ სიგრძის ყუნწიანი ფოთლების როზეტს; მისი მთავარი, ყუნწიანი ფოთლები ოვალური ფორმისაა, ფრთისებრ–დაყოფილი, ხრტილოვანი, ხაოიანი ზედაპირით. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, შედარებით მცირე ზომის, მომრგვალებული ფორმებით. ისინი მთელ ღეროზე არიან განთავსებული. ღეროს ფოთლებს შორის ორი კატეგორია გამოიყოფა: პირველი კატეგორიის ფოთლები ფრთისებრ–დასერილია, ხოლო მეორე კატეგორიას ქმნიან შედარებით მსხვილი, ფრთისებრ–დაყოფილი ფოთლები. ღეროს ფოთლები ლეგა ფერისაა.
ყვავილები დიდია, თითო–თითოდ არიან განლაგებული ტოტების წვეროებზე. თითოეულ ყვავილს 4, ნაირგვარი შეფერილობის ფურცელი აქვს, მათ შეიძლება ჰქონდეთ: ლიმონისფერი, მოყვითალო–მოოქროსფრო, ყვითელში გარდამავალი ფორთოხლისფერი, ან წითელთან მიახლოებული აგურისფერი შეფერილობა.
ნაყოფი წაგრძელებული, 15-20 სმ სიგრძის, სწორი, თანაბარი ან ოდნავ რკალისებურია. წარმოადგენს ე.წ. შიშველ, მოხრილ კოლოფს. ცრუ ძგიდიანია, წვრილი თეთრი ბორცვებით დაფარული, იხსნება 2 საგდულით. ვეგეტაციის პირველ წელს ყვავილობს აპრილში, VI, მეორე წელს მაისიდან ოქტომბრამდე. თესლები მწიფდება მაისიდან ოქტომბრამდე. აქვს მსხვილი, ნიადაგში ღრმად განვითარებული, სპირალურად გადაგრეხილი, ღერძოვანი 50-70 სმ სიგრძის ფესვი. რძე-წვენიანი მცენარეა.
2. გავრცელება
ყვითელი ყაყაჩურა იზრდება ზღვის სანაპიროზე, ქვიან და კლდოვან ადგილებზე. გვხვდება ტამანის ნახევარკუნძულიდან მდ. ჭოროხის შესართავამდე. შედარებით ბევრია ბულგარეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილსა (შუმენსკისა და პროვადიის რაიონებში) და დუნაის დაბლობზე (პლავენთან ახლოს). ასევე გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში. სამრეწველო პლანტაციებია კრასნოდარის მხარეში. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია გაეროს ყოველთვიურ გამოცემაში “Monthly Bulletin of Statistics”, შეტანილია თითქმის ყველა ქვეყნის ”წითელ წიგნში”. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში კულტივირებისათვის, ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მცენარეა.
3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ყვითელი ყაყაჩურას ბალახი – Herba Glaucii flavi. ბალახს ამზადებენ ვეგეტაციის პირველ და მეორე წელს, სამჯერ: ღეროს ამოსვლის, ბუტონიზაციისa და ყვავილობის პერიოდში. აშრობენ ჰაერზე, სწრაფად, კარგი ვენტილიაციის პირობებში. თბური შრობა სასურველია50-600C.

ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ნედლეული შეფოთლილი ღეროებია გაუშლელი და გაშლილი ყვავილებით, ზოგჯერ უმწიფარი ნაყოფებითაც. ფოთლები ლეგაა, დაფარული მოკლე დახვეული ბეწვებით. ბუტონები კვერცხისებრ-წაგრძელებუილი მომწვანო-მურა ფერის, ყვავილების გვირგვინი 4 ფურცლიანია, ყვითელი, ნაყოფი ცილინდრული კოლოფი. სუნი სპეციფიკური.
4. ქიმიური შედგენილობა
ნედლეული 4%-მდე ალკალოიდებ შეიცავს: ალკალოიდი, ალლოკრიპტოპინი, იზობოლდინი, იზოკორიდინი, კორუნინი, მაგნოფლორინი, პელერიტრინი, პროტოპინი, სანგვინარინი, ჰელირუბინი და სხვა. მთავარ ალკალოიდად ითვლება გლაუცინი, რომელზეც მოდის 1-2%. მოდის. ნედლეულის ფასსაც ძირიტადად გლაუცინის შემცველობა განსაზღვრავს.

5. მედიცინაში გამოყენება
ყვითელი ყაყაჩურას მიწისზედა ნაწილიდან მოიპოვებენ ალკალოიდ გლაუცინს. ამ ალკალოიდს აქვს აპორფინული სტრუქტურა და ახასიათებს კარგად გამოხატული ხველების საწინააღმდეგო ეფექტი. გამოკვლეულია გლაუცინის ჰიდრობრომიდიც.
გამოკვლევებით დადასტურდა ისიც, რომ, კოდეინისგან განსხვავებით, გლაუცინი არ იწვევს ყაბზობას (აბსტიპაციას). ეს ამ ალკალოიდის მნიშვნელოვან ღირსებად ითვლება. ამ თვისების გამო, გლაუცინი შეიტანეს სამედიცინო პრაქტიკაში. მის საფუძველზე შეიქმნა ახალი სამკურნალო საშუალება, რომელსაც გლაუვენტი უწოდეს. მიღებული შედეგები სამეცნიერო გამოკვლევებითაც დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევები ტარდებოდა გლაუცინის ჰიდროქლორიდზე. ამგვარად, დადგენილია, რომ გლაუცინი ფლობს ხანმოკლე ჰიპოტენზიური და სპაზმოლიტური მოქმედების უნარს. გლაუცინის უპირატესობა ისაა, რომ მისი ხანგრძლივი მიღება არ იწვევს ამ ალკალოიდისთვის დამახასიათებელი ხველების საწინააღმდეგო მოქმედებასთან შეგუებას; არ იწვევს არანაირ ნარკოტიკის მსგავს დამოკიდებულებას.
გლაუცინის თერაპიული აქტივობა კლინიკურადაც არის დასაბუთებული. მისგან დამზადებულმა გლაუვენტმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, როგორც ხველების საწინააღმდეგო პრეპარატმა.
სინთეზირების მეთოდით მიღებული ნახევრადსინთეზური გლაუცინის შესწავლით დადგინდა, რომ ხველების საწინააღმდეგო ეფექტს მეთილდეჰიდროგლაუცინიც ფლობს.

ტრიამინომეთილურ გლაუცინსაც ახასიათებს ისეთივე სპაზმოლიზური აქტივობა, როგორც მეთილდეჰიდროგლაუცინს. ტოქსიკურობის დაბალი ხარისხი განაპირობებს მის, როგორც – სპაზმილიტის, დიდ პერსპექტივებს. გარდა აღნიშნულისა, გლაუცინის ორივე პროდუქტი წარმოადგენს ფოსფოდიესტერაზულ ინჰიბიტორებსაც.
ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოებაში გლაუცინს იყენებენ ერთ–ერთ ძირითად, საბაზისო ნივთიერებად. პრეპარატ გლაუცინის ჰიდროქლორიდის წამლის ფორმაა გარსით დაფარული ტაბლეტები (0,05 გ). გლაუცინი შედის კომბინირებული პრეპარატის „ბრონქოლიტინის“ შემადგენლობაშიც. ინახება B-სიით.
6. გამოყენების სხვა სფეროები
დეკორატიული ბალახად ითვლება
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ყაყაჩურა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ყაყაჩურა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 730 times by 361 viewers


