მურყანისებრი ხეჭრელი, მტვრევადი ხეჭრელი – Frangula alnus Mill.
(=Rhamnus frangula L.)
იმერული ხეჭრელი – Rhamnus imeretina Coene.
ამერიკული ხეჭრელი– Rhamnus purshiana seu
Cascara sagrada
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Крушина ломкая – რუს.
Alder buckhorn, Black dogwood – ინგ.
Faulbaum – გერმ.
Bourdaine – ფრანგ.
1. ზოგადი დახასიათება
მურყანისებრი ხეჭრელი, მტვრევადი ხეჭრელი – Frangula alnus Mill. (=Rhimnus frangula L.) ხეჭრელისებრთა – Rhamnaceae ოჯახს მიეკუთვნება. იგი 2-3 მ სიმაღლის (6–8 მ) ბუჩქია, იშვიათად ხეა. ახალგაზრდა ტოტების ქერქი გლუვია, მოწითალო-მურა, მბზინავი. ასაკოვანი ტოტებისა და ღეროების ქერქი მკრთალია, მუქი-რუხი ან მუქი მურა შეფერილობის. ტოტები წერტილოვანი მეჭეჭებითაა დაწინწკლული, კვირტები მოყავისფროა.

ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი, ფართო-ელიფსური ან ოვალური, კიდემთლიანი, შიშველი, მბზინავი, 6-8 წყვილი პარალელური ოდნავ მოხრილი დაძარღვით. ფოთლები ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ქვედა მხრიდან – ბაცი. ნორჩი ფოთლები შებუსულია.
ყვავილები წვრილია, ორსქესიანი, მოყვითალო, ვიწრო ზარისებური. მათი სიგრძე 2,5-3,5 მმ-ია და განლაგებულია 2-7 ცალად ფოთლის უბეებში. ჯამი გარედან მწვანეა, შიგნიდან თეთრი.გვირგვინი მოწითალო–თეთრია.
ნაყოფი კენკრისებური სფეროს ფორმის კურკოვანია, რომლის დიამეტრი 8-10 მმ-ია. თავდაპირველად ნაყოფი წითელია, ხოლო მომწიფებისას შავდება და შეიცავს 2 ბრტყლად ამოზნექილ კურკას, რომელსაც ნისკარტისებური ცხვირი აქვს.
ხეჭრელი ყვავილობს მაის-ივნისში. ყვავილობა დიდხანს გრძელდება. ტოტებზე შესაძლოა ყვავილები და ნაყოფები ერთდროულად იყოს. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

2. გავრცელება
ხეჭრელის ბუნებრივი გავრცელების არეალი მოიცავს მთელ ევროპას, უკიდურესი ჩრდილოეთისა და სამხრეთის გარდა, მცირე აზიას, ხმელთაშუა
ზღვის მხარეს. უხვადაა აზერბაიჯანსა და სომხეთში. საქართველოში გავრცელებულია სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, აჭარაში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში, მესხეთში. ქმნის ქვეტყეს ფართოფოთლოვან, ბუჩქოვანთა და წიწვოვან ტყეებში, ნესტიან ნიადაგებზე, ჭაობების, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, იშვიათად ღორღიან ადგილებზე. მისი გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდეა, ზოგჯერ კი 1700 მ.–საც აღწევს. ნიადაგების მხრივ – გვხვდება ღორღიან ფერდობებსა და მშრალ თიხნარ ადგილებშიც.
3. ქიმიური შედგენილობა
ხეჭრელის ქერქი, კვირტები და ნაყოფები შეიცავს ანტრაცენის წარმოებულებს – ანტრაქინონებს. მათი შემცველობა ყველაზე მაღალია ქერქში. ანტრაქინონები ქერქში 8%-მდეა. ანტრაქინონების შედგენილობაში შედის გლუკოფრანგულინი, ემოდინი და იზოემოდინი. ქერქი შეიცავს ასევე ტრიტერპენულ გლიკოზიდებს, ხრიზოფანის მჟავას, ანტრანოლებს, ფისებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. აღმოჩენილია ეთერზეთის კვალი.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ხეჭრელზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ალკალოიდები, ალოემოდინი, ანტრანოლგლუკოზიდი, ანტრაცენის ნაწარმები, გლუკოფრანგულინ– დიანტრონი, გლუკოფრანგულინანტრონი, გლუკოფრანგულინი A და B, ეთეროვანი ზეთი, ემოდინანტრონი, ემოდინგლიკოზიდი B, ემოდინი, ვიტამინი C. კუმარინები, მთრთილავი ნივთიერებები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, საპონინები, ფისციონი, ფრანგულაემოდინი. ფრანგულაროზიდი, ფრანგულინანტრანი, ფრანგულინი A და B, ქრიზოფანოლანტრონი, ქრიზოფანოლი და სხვა.
ფორმულა–ნახატი აღებულია [9]–დან.

4. ნედლეულის დამზადება
ოფიცინალური ნედლეულია ხეჭრელის ქერქი – Cortex Frangulae. ხეჭრელის ქერქს ამზადებენ გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის მომენტიდან ყვავილობის დაწყებამდე. ბუნებაში მოზარდი მცენარის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ხეჭრელის ქერქს ამზადებენ 8 და მეტი წლის მცენარისაგან, რომელთა სიმაღლე 3 მეტრს აღემატება. განმეორებითი დამზადება იგივე ადგილას შესაძლებელია 3-5 წლის შემდეგ.
მცენარის ღეროზე 25-30 სმ მანძილის დაცილებით მჭრელი იარაღით აკეთებენ წრიულ რგოლებს, შემდეგ კი სიგრძივად ჩაჭრიან და ქერქს აცლიან. მიიღება ღარისებული ნაჭრები. ქერქის ასაცლელად დანით აფხეკვა არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან ამ გზით მიღებული ქერქი ვიწროა და შეიცავს მერქნის ნაწილებს.
ბუნებაში დამზადებას სპეციალურად მომზადებული სპეციალისტი უნდა ახდენდეს, რადგან ხშირია გარეგნულად მსგავსი მცენარეების ქერქის შეგროვების შემთხვევები. უფრო ხშირია ჟოსტერის, მურყანის, ტირიფის, ცირცელის და შოთხვის ქერქების აღრევა. იდენტიფიკაციის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა: ამ მცენარეების კორპის მოფხეკისას ჩანს ქერქის მწვანე ან მურა ფენა, მურყანისებრი ხეჭრელის შემთხვევაში კი მიწითალო ფენა უნდა გამოჩნდეს.
ხეჭრელის ქერქს აშრობენ ჰაერზე ან სხვენზე კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მას თხლად გააფენენ. შრობის განმავლობაში ნედლეულს 1-2-ჯერ გადააბრუნებენ. ჰაერზე შრობისას ნედლეულის ღამით გარეთ თავდაუფარებლად დატოვება დაუშვებელია. შრობა დამთავრებულია, როდესაც ქერქი მოღუნვისას ხრაშუნით ტყდება.
ხეჭრელის ნედლეული წარმოადგენს მილისებურ ან ღარისებურ ნაჭრებს, რომელთაც განსხვავებული სიგრძე აქვთ, სისქე კი 0,5-2 მმ-ია, ქერქის გარეთა ზედაპირი მეტნაკლებად გლუვია, მუქი-მურაა, მუქი-რუხი ან რუხი, მოთეთრო ლაქებით, შიგნითა ზედაპირი გლუვია, მოყვითალო-ნარინჯიფერი ან მოწითალო-მურა. ჭრილი ღია ყვითელია, ნედლეული უსუნოა, აქვს მომწარო
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
მზა ნედლეულს ინახავენ 50 კგ-იან ფუთებში. გამოსაყენებლად ვარგისია ქერქი 1 წლის შენახვის შემდეგ.
ნედლეულის აღწერა საქართველოს ფარმაკოპეის მიხედვით [9]–დან: ქერქი მილისებრი ან კრამიტისებრი ნაჭრებია სხვადასხვა სიგრძის, სისქით 0,5–2 მმ. გარეთა ზედაპირი მეტნაკლებად გლუვია მუქი–მურა, ნაცრისფერ–მურა, მუქი–ნაცრისფერი ან ნაცრისფერი, ხშირად განივად გაჭიმული თეთრი ან ნაცრისფერი ლაქებით. კორპის გარეთა ფენის მოფხეკის შემდეგ ჩანს წითელი ფენა. ქერქის შიგნითა ზედაპირი გლუვია, მოყვითალო–ნარინჯისფერი ან მოწითალო–მურა ფერის. გადანატეხზე ღია–ყვითელი, ერთნაირად წვრილ–ხიწვიანი (ლუპა 10X). სუნი სუსტი, გემო მომწარო. მასში ანტრაცენის ნაწარმების შემცველობა ისტიზინზე გადაანგარიშებით არანაკლებს 4,5%.

5. გამოყენება
ხეჭრელის ქერქს ახასიათებს საფაღარათო მოქმედება. იგი აძლიერებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას. იყენებენ როგორც საფაღარათო, ბუასილის საწინააღმდეგო, ნაღვლისდამდენ საშუალებას. ხეჭრილის ქერქისგან ამზადნენ ექსტრაქტებს, პილულებს, პრეპარატ “რამნილს” ,”ვიკალინს”,” ვიკაირს” . შედის ნაკრებების შემადგენლობაში.
სხვა საფაღარათო საშუალებებისაგან განსხვავებით, ხეჭრელის ქერქის გამოყენება არ იწვევს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლას.
ხეჭრელის ქერქის ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. სამედიცინო მიზნებისათვის ნედლეული ვარგისია დამზადებიდან 1 წლის შემდეგ. ახალშეგროვებული ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც 1 წლის შემდეგ იშლებიან.
ხეჭრელის ქერქი საფაღარათო ეფექტს იწვევს მისი პრეპარატების შიგნით მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ.
საოჯახო პირობებში მისი მომზადების წესი შემდეგია:
1 სუფრის კოვზ ქერქს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, დააყოვნებენ 20 წთ, შემდეგ გაწურავენ და 1/2 ჭიქის ოდენობით ღებულობენ დილით და საღამოს.
გამოიყენება ვეტერინარიაში.
იყენებს ჰომეპპათიაც.

6. გამოყენების სხვა სფეროები
– ხეჭრელის ქერქს იყენებდნენ ტყავის დათრიმლვისათვის
– მის უმწიფარ ნაყოფებს იყენებდნენ ბამბეულის მწვანე ფერად შესაღებად,
ხოლო შალეულს იგი იისფრად ღებავს.
– ხეჭრელის მერქანს იყენებენ სადურგლო სამუშაოებისათვის.
7. იმერული ხეჭრელი
[9]: ”საქართველოში ნებადართულია იმერული ხეჭრელის – R. imeretina Coene ქერქის გამოყენებაც. ეს სახეობა უფრო ტანმორჩილია. ფოთლები დიდი ზომისაა. მოგრძო ოვალური კიდედაკბილული. ზევიდან მუქი–მწვანე, ქვედა მხარეზე – უფრო ღია მონაცრისფრო ბეწვებით, მრავალრიცხოვანი გვერდითი ძარღვით, ძარღვების გასწვრივ ხშირბეწვიანი.
ხასიათდება ფართო გავრცელებით აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა–ლეჩხუმში, გურიაში, აჭარაში, ქართლსა და მესხეთში. მისი ქერქიდან მზადდებოდა საფაღარათო მოქმედების სითხოვანი გამონაწვლილი.”
ამ სახეობის გამოყენების შესახებ ინგლისურენოვან ლიტერატურაში მონაცემები ვერ მოვიპოვეთ.
8. ამერიკული ხეჭრელის– Cortex Rhamni purshianae seu Cascara sagrada
უცხოეთში უფრო გავრცელებულია მერიკული ხეჭრელის– Cortex Rhamni purshianae seu Cascara sagrada – ს გამოყენება.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ხეჭრელი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ხეჭრელი. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 1139 times by 567 viewers


