ბაყაყურა – Silybum marianum (L) Gaertn.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
1. ზოგადი აღწერა
ბაყაყურა – Silybum marianum (L) Gaertn., ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარია. მიეკუთვნება რთულყავავილოვანთა Asteraceae (Composite), ოჯახს. გვარში ერთადერთი სახეობაა Silybum marianum შედის. ღერო 1,5 მ–მდე სიმაღლისაა, სწორი, მარტივი ან დატოტვილი, შიშველი. ფესვის როზეტის ფოთლები საკმაოდ მსხვილი და მოცულობითია: მათი სიგრძე 80 სანტიმეტრს, სიგანე კი 30 სანტიმეტრს შეადგენს. ფორმით მოგრძო ან მოგრძო–ოვალურია, ფრთისებრ დანაკვთული ან განკვეთილი; ნაკვთები არასწორად დაკბილულია, კბილები მაგარია. ღეროსეული ქვედა და ფესვთანური ფოთლები ყუნწში შევიწროებულია, დანარჩენი – მჯდომარე, ღეროსმხვევი. ფოთლები, ასე ვთქვათ, დატალღულია და მბრწყინავი ელფერი დაჰკრავს. თავად ფოთოლი მუქი მწვანეა, მაგრამ მის დაკბილულ ნაწილებს შორის ჩანს სადაფისფერი და თეთრი ლაქები ღეროზე და ყვავილედთანაც ყვითელი ეკლებია.
ყვავილები შეკრულნი არიან მრგვალი ფორმის კალათა–ყვავილედად. ყვავილები მრავალრიცხოვანია, ორსქესიანი, მილისებრი. მეწამული, ვარდისფერი, იისფერი ან თეთრი ფერის ფერის საბურველი შედგება უხეში, გადაღუნული, ეკლიანი და კიდეებზე მოკლე ეკლიან–წამწამიანი, მწვანე ფერის ფოთოლაკებისაგან, რომლებიც კრამიტისებრადაა განწყობილი. ყვავილსაჯდომი ხშირ ჯაგრისებრია. მცენარე ჰყვავის ივლისსა და აგვისტოში. ნაყოფი თესლურაა. თესლების ბუსუსის მსგავსი წვეროები 5–8 მილიმეტრის სიგრძისა და 2–4 მილიმეტრის სიგანისაა. ნაყოფის შეფერილობაც განსხვავებულია: შეიძლება იყოს ღია–ყავისფერიც და შავიც. ნაყოფზე ადვილად შევნიშნავთ იასამნისფერ ლაქებს.
2. გავრცელება
ბაყაყურას სამშობლოა სამხრეთ ევროპა. როგორც სარეველა გავრცელებულია
ევროპაში, აფრიკაში, აზიაში. საქართველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა Silybum marianum (L) Gaertn., გვხვდება. გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლში, კახეთში. ბევრია თბილისის შემოგარენში.
მრავალ ქვეყანაში შეტანილია კულტურაში.
3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ბაყაყურას ნაყოფი – Fructus Silybi. იყენებენ მწიფე ნაყოფებს. ნედლეულის დასამზადებლად ბალახს თიბავენ, აშრობენ, ცეხავენ და ნაყოფებს მინარევებისაგან ასუფტავებენ. ნაყოფებს გასუფთავების შემდეგ დამატებით აშრობენ.
კეთილხარისხოვან ნედლეულში ფლავოლიგნანების შემცველობა 2,7% ნაკლები არ უნდა იყოს.
ნედლეული ქოჩრიანი, უსუნო, მომწარო გემოს თესლურაა.

4. ქიმიური შემადგენლობა
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ბაყაყურაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ალკალოიდები, აპონინები, სილიბინი, სილიდიანინი, სილიკრისტინი, ფისები, ფლავოლიგნანები, ფლავონოიდები, ცილები, ცხიმოვან ზეთი (25%).

5. მედიცინაში გამოყენება
ამზადებენ პრეპარატებს ლეგალონს, კარსილს, სილიმინს. გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს.
6. თანამდევი მარკეტინგი
1. ნაყოფი შეიცავს ცხიმს;
2.თაფლოვანი მცენარეა;
3. ზოგიერთ ქვეყანაში მას დეკორატიულად თვლიან

7. გამრავლება
მრავლდება თესლით. უყვარს მშრალი ადგილები. ბაყაყურას გამრავლება რთული არაა: მოვლას ფაქტიურად არ ითხოვს, გვალვა და სიცხეგამძლეა განსაკუთრებით ვეგეტაციის მეორე პერიოდში. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ აყენებს, მაგრამ ნაკელის შეტანისას მძლავრად იზრდება და კარგ მოსავალს იძლევა.
თესლს თესავენ მაისში 2–4 სმ. სიღრმეზე. კვლებში და ტკეპნიან. თესლების დაცილება 5–7 სანტიმრეტრია. კვლებს შორის საკმარისია 50 სმ.მანძილი. ერთ გრძივ მეტრზე ჭირდება 0,5-0,7 გრამი თესლი. 1 კვადრატული მეტრიდან შესაძლებელია 100 გრამი თესლის მიღება. თესლი 3 წელს არ კარგავს აღმოცენების უნარს.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
4. ლალი დათეშიძე. ბაყაყურა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 1684 times by 767 viewers


