პროსტატა

ლალი დათეშიძე

პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (ნაწილი I)

22წინამდებარე ჯირკვალი [prostata (PNA, JNA, BNA)] – მამაკაცის სასქესო სისტემის კენტი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის წინა ნაწილში, შარდის ბუშტის ქვეშ.

გამოკვლევის მეთოდები. წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს ავადმყოფის გამოკვლევა მოიცავს გარეთა სასქესო ორგანოების, ბოქვენისა და შორისის მიდამოების დათვალიერებას, რექტალურ გამოკვლევას, ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ, ულტრაბგერით, რენტგენოლოგიურ, რადიოლოგიურ და მორფოლოგიურ გამოკვლევებს.
თითით რექტალური გამოკვლევა ტარდება წინამდებარე ჯირკვლის ზომების, მისი კონტურების, ფორმის, კონსისტენციის, წილთაშუა ძგიდის მდგომარეობის, მტკივნეულობის, ჯირკვლის ზემოთ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მოძრაობის უნარის განსაზღვრის მიზნით. ავადმყოფის მდგომარეობიდან, გამოკვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, პაციენტი ღებულობს შემდეგ მდგომარეობებიდან ერთ-ერთს: მუხლ-იდაყვის მდგომარეობა, მარჯვენა გვერდზე დაწოლილი და მუცელთან მიბჯენილი ფეხებით, ზურგზე დაწოლილი გაშლილი და მოხრილი ფეხებით, ფეხზე მდგომი ნახევრად მოხრილი და მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი, მუხლებზე მდგომი წინ გადახრილი, ნახევრადმჯდომარე ჩაცუცქული. მძიმე ავადმყოფების გამოკვლევა მიზანშეწონილია მარჯვენა გვერდზე ან ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.

11

წინამდებარე ჯირკვლის ბიმანუალური გამოკვლევა გაცილებით ეფექტურია სწორი ნაწლავის და ბოქვენის მიდამოს მხრიდან. წინამდებარე ჯირკვალი ისინჯება სწორი ნაწლავის წინ, ანუსის ხვრელიდან 3-4 სმ-ის მანძილზე. ნორმაში მისი კონტურები მკაფიოა, წილთაშუა ძგიდე მკაფიოდაა გამოხატული, წილები სიმეტრიულია. თითით რექტალური გამოკვლევისას წინამდებარე ჯირკვლის ზომებია: განივი მიმართულებით – 2,5 სმ-დან 3,5 სმ-მდე, სიგრძივი მიმართულებით _ 2,5 სმ-დან 3 სმ-მდე. ჯირკვლის კონსისტენცია ერთგვაროვანია, მკვრივ-ელასტიური; წინამდებარე ჯირკვლის ზემოთ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი მოძრავია, პალპაცია უმტკივნეულო.
წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიის დროს მისი ზომები შეიძლება შემცირდეს (ატროფია) ან გაიზარდოს (ადემონა, აბსცესი და სხ.). კონსისტენცია იცვლება რბილი, ცომისებურიდან (ატონია, ქრონიკული პროსტატიტი) მკვრივ, ხრტილოვან (კიბო, კენჭები) კონსისტენციამდე. იშვიათად ვლინდება წილების არაერთგვაროვნება, მათში კეროვანი გამკვრივებების და დარბილებების არსებობა (ქრონიკული პროსტატიტი). ანთების დროს წინამდებარე ჯირკვალი ხდება მტკივნეული, მისი კონტურები გადასწორებულია.
untitled+წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის გამოკვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ მეთოდს, აგრეთვე იძლევა მკურნალობაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას. წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის მიღება ხდება მისი მასაჟის გზით, რომელიც უკეთესია ჩატარდეს ავადმყოფის, მუხლ-იდაყვის სახსრებში ნახევრად მოხრილ ან მარჯვენა გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში: სწორი ნაწლავიდან წინამდებარე ჯირკვლის თითოეულ წილზე ახდენენ ფრთხილ და ზომიერ ზეწოლას (თითის გადასმას) 5-8 ჯერ პერიფერიიდან ცენტრისკენ. მასაჟის დასრულების შემდეგ სეკრეტის გამოდევნა ხორციელდება თითის მსუბუქი ზეწოლით წინამდებარე ჯირკვალზე, ფუძიდან მწვერვალისკენ წილთაშუა ძგიდის გაყოლებაზე; ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე ჯირკვლის და შარდსადენის მიდამო ძალიან მგრძნობიარეა. შარდსადენის გარეთა ხვრელიდან გამოსულ 3-4 წვეთ სეკრეტს აგზავნიან გამოსაკვლევად. თუკი აღნიშნული გზით სეკრეტის მიღება ვერ ხერხდება, მაშინ წინამდებარე ჯირკვლის მასაჟის შემდეგ ავადმყოფს თხოვენ სინჯარაში მოშარდვას და სეკრეტს იკვლევენ ცენტრიფუგირების შემდეგ.
წინამდებარე ჯირკვლის მასაჟი უკუნაჩვენებია მწვავე პროსტატიტის, ეპიდიდიმიტის და ურეთრიტის, პროქტიტის, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის, წინამდებარე ჯირკვლის კენჭების და ტუბერკულოზის, უკანა ხვრელის ნახეთქების დროს.
გამოკვლევის ლაბორატორიული მეთოდები. წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს მნიშვნელობა ენიჭება სისხლში მჟავე ფოსფატაზას აქტივობის, სასქესო ჰორმონების კონცეტრაციის, სისხლის შემადედებელი სისტემის მაჩვენებლების განსაზღვრას. წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ციტოლოგიური გამოკვლევა, ახალწარმონაქმნების დროს, იშვიათად ტარდება, აღნიშნული გამოკვლევის დაბალი დიაგნოსტიკური ფასეულობის გამო. დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინამდებარე ჯირკვლის საეჭვო უბნებიდან, ასპირაციული პუნქციის გზით აღებული პუნქტატის ციტოლოგიურ გამოკვლევას.
გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები. შარდსადენის წინამდებარე ნაწილის გამავლობის, შარდის ბუშტის ყელის და წინამდებარე ჯირკვლის წილების (რომლებიც ზოგჯერ გამოდიან შარდის ბუშტის სანათურში) მდგომარეობის, ნარჩენის შარდის მოცულობის განსაზღვრის მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება ურეთროსკოპია და ცისტოსკოპია.

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ წინამდებარე ჯირკვლის ფორმა და ზომები, მისი ურთიერდამოკიდებულება შარდის ბუშტის ძირთან და სწორ ნაწლავთან.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა. წინამდებარე ჯირკვლის ტოპოგრაფიულ-ანატომიური თავისებურებები რენტგენოლოგიურ გამოკვლევას პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის, რამეთუ მისი სიმკვრივე გარშემო ქსოვილების სიმკვრივის იდენტურია. მენჯის მიდამოს მიმოხილვით სურათზე შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე ჯირკვლის კენჭების აღმოჩენა, ხოლო ხერხემლის მიმოხილვით რენტგენოგრამაზე _ მხოლოდ წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეების მეტასტაზების (დესტრუქციის კერები ოსტეობლასტური კომპონენტების სიჭარბით). უფრო მეტად ინფორმაციულ მეთოდს წარმოადგენს პროსტატოგრაფია. ცისტოგრამაზე წინამდებარე ჯირკვლის კენჭები მოჩანს შარდის ბუშტის კონტურის ქვემოთ. ცისტოგრამის მონაცემების მიხედვით მსჯელობენ წინამდებარე ჯირკვლის გადიდების ხარისხზე. პროსტატიტის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, კიბოს დროს შარდის ბუშტის ძირი აწეულია ბოქვენის სიმფიზის მაღლა. წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შარდის ბუშტში ჩაზრდის შემთხვევაში, ცისტოგრამაზე მოჩანს ავსების დეფექტი არასწორი, ასიმეტრიული კონტურებით. წინამდებარე ჯირკვლის ახალწარმონაქმნების ექსპანსიური ზრდისა და პროსტატიტის დროს ადგილი აქვს შარდსადენის წინამდებარე ნაწილის სანათურის დაგრძელებას, გადანაცვლებას და მასზე ზეწოლას. წინამდებარე ჯირკვლის ტუბერკულოზის დროს მასში შესაძლოა გაჩნდეს დაშლის ღრუები, რომლებიც შეერთებულნი არიან შარდსადენთან. წინამდებარე ჯირკვლის ღია და დახურული დაზიანებების, ფისტულების აღმოჩენა ხდება ურეთროცისტოგრაფიით, ჩაღვრილი კონტრასტული ნივთიერების სახით. წინამდებარე ჯირკვლის ადენომის და კიბოს დროს ჩატარებული ექსკრეტორული უროგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს თირკმლების ფუნქციების დაქვეითება და ზედა საშარდე გზების (მენჯ-ფიალების, შარდსაწვეთების) გაფართოება, რომელიც ადენომის დროს ორმხრივი და სიმეტრიულია, ხოლო კიბოს დროს ხშირად ასიმეტრიული. თვითნებური მოშარდვის შემდეგ, დამატებით, ეგრევე ჩატარებულ დასწვრივ ცისტოგრამაზე შეიძლება განისაზღვროს ნარჩენი შარდის რაოდენობა. გენიტოგრაფია ანუ ვეზიკულოგრაფია გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის და კიბოს დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით: კიბოს დროს აღინიშნება ასიმეტრიულად განლაგებული სათესლე ბუშტუკების არათანაბარი დეფორმაცია და მათი ღრუების გაფართოება, რასაც ენაცვლება ავსების დეფექტები. მენჯის ფლებოგრაფიის და ლიმფანგიოადენოგრაფიის მეშვეობით, მენჯის ვენური აუზის არქიტექტონიკის დარღვევის ხარისხის და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირების ნიშნების არსებობის მიხედვით ხორციელდება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ხარისხის დადგენა. წინამდებარე ჯირკვლის ადენომის და კიბოს დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც იძლევა წინამდებარე ჯირკვლის ფორმის, ზომების, სტრუქტურის ერთგვაროვნების, მის გარშემო არსებულ ორგანოებთან ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის საშუალებას.
რადიოიზოტოპური გამოკვლევა ტარდება წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკის და მათი მკურნალობის ეფექტურობაზე კონტროლის მიზნით. გამოიყენება კონტაქტური რადიომეტრია ბეტა-ზონდის ტრანსურეთრალური შეყვანით (ბეტა-ზონდის შემდგომი ტრანსურეთრალური და ტრანსრექტალური შეყვანით), ავტორადიოგრაფია, სცინტიგრაფია.
ონტაქტური რადიომეტრიის და ავტორადიოგრაფიის დროს შიგნით მისაღებად გამოიყენება ნატრიუმის ორჩანაცვლებითი ფოსფატი. სცინტიგრაფიისთვის გამოიყენება 2-131I-ესტრადიოლ-17β-17-ფოსფატი, რომლის ორგანიზმში შეყვანაც ხდება ინტრავენური გზით.
კონტაქტური რადიომეტრია ტარდება ბეტა-რადიომეტრების საშუალებით. რადიოაქტიური პრეპარატის დაგროვების რეგისტრირება ხორციელდება მისი ორგანიზმში შეყვანიდან 24, 48, 72, 96 და 120 საათების შემდეგ. შედეგების ანალიზი კეთდება რადიონუკლიდის დაგროვების დონის და დინამიკის მიხედვით. რადიოქტიური პრეპარატის მომატებულის დაგროვების განსაზღვრა ხორციელდება ნორმაში მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით. სიმსივნური პროცესისთვის დამახასიათებელია რადიოაქტიური პრეპარატის დაგროვების მყარი მატება.

33

ბიოფსია წარმოადგენს გამოკვლევის დიაგნოსტიკურ და დიფერენციალურ-დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც იძლევა მკურნალობაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას. წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის მიღება ხდება პუნქციის ან გაშიშვლებული უბნის ექსციზიის მეშვეობით, რისთვისაც გამოიყენება მიდგომის ერთ-ერთი ქვემოთჩამოთვლილი ვარიანტი _ შორისის მხრიდან, ტრანსრექტალური, შარდის ბუშტის გავლით, ტრანსურეთრალური, იშიორექტალური ან ბოქვენსუკანა. ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსრექტალური, შორისის მხრიდან და ტრანსურეთრული მიდგომები. ამ გზებით აღებულ ჯირკვლის ქსოვილის ნაწილს აგზავნიან მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. ქსოვილების ცილოვანი შემადგენლობის გამოკვლევის მიზნით ელექტრონული მიკროსკოპიის და იმუნოელექტროფორეზის გამოყენება ზრდის ბიოფსიის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს. წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს, აგრეთვე ნაჩვენებია თეძოს ძვლის ქიმის ტრეპანობიოფსია. წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსიის შესაძლო გართულებებია სისხლდენა, წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი, შარდსადენის დაზიანება, შარდის გამოყოფის შეკავება.

სტატიის გაგრძელება იხ. >>>