თავის ტვინი

 თავის ტვინი

ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

თავის ტვინიგამოკვლევის მეთოდები. დიაგნოსტიკური გამოკვლევის პირველ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის კლინიკურ გამოკვლევას, რაც მოიცავს ნევროლოგიური, ნეიროოფთალმოლოგიური და ოტონევროლოგიური სტატუსის აუცილებელ გამოკვლევას. ნევროლოგიური დეფიციტის სიმპტომების, თავის ტვინის ზოგადი და მენინგეალური ნიშნების, ფსიქიკური დარღვევების, მხედველობის სიმახვილის, მხედველობის ველის ან თვალის ფსკერის სურათის ცვლილებების, აგრეთვე ვესტიბულური და სმენითი ფუნქციების პათოლოგიების გამოკვლევა შემთხვევათა დიდ უმეტესობაში საშუალებას იძლევა ამბულატორიულ (რომ არ გამოვიყენოთ გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები) პირობებში დაისვას კლინიკური დიაგნოზი. დიაგნოზის დადასტურების მიზნით გამოიყენება დიაგნოსტიკის ინსტრუმენტული მეთოდები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დაავადების რაც შეიძლება სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტირება. ისინი წარმოადგენენ დიაგნოსტიკური გამოკვლევის მეორე ეტაპს – სტანდარტული კრანიოგრაფია და ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია, თავის ქალას ჩვეულებრივი (კონვენციური) რენტგენოტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოენცეფალოგრაფია), ელექტროენცეფალოგრაფია, რეოენცეფალოგრაფია, თავის ქალას ცალკეული ძვლების დამიზნებითი რენტგენოგრაფია (მაგ., თვალბუდეების რენტგენოგრაფია რეზეს მეთოდით, პირამიდების რენტგენოგრაფია სტენვერსის მეთოდით და სხ.). თავის ტვინის მრავალი დაავადების დროს ამბულატორიურ ეტაპზე მსგავსი გამოკვლევების ჩატარება საშუალებას იძლევა დაზუსტდეს პათოლოგიური პროცესის ტოპიკა და ხასიათი. დიაგნოსტიკური გამოკვლევის მესამე ეტაპი მოითხოვს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას სპეციალიზირებული, უხშირესად ინვაზიური გამოკვლევების (ცერებრული ანგიოგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, პნევმოენცეფალოგრაფია, ზოგჯერ პნევმოცისტერნოგრაფია, ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობის და წნევის განსაზღვრა, რადიონუკლიდური გამოკვლევები – გამა–ენცეფალოგრაფია, ცესტერნოგრაფია, თავის მაგნიტურ–რეზონანსული და პოზიტორულემისიური ტომოგრაფია) ჩატარების მიზნით. განსაკუთრებული ადგილი უკავია რენტგენულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირებით. კომპიუტერული ტომოგრაფია – დიაგნოსტიკური გამოკვლევების მეორე ან მესამე ეტაპის მეთოდი. სპეციალიზირებულ ნეიროქირურგიულ განყოფილებებში აგრეთვე კეთდება სტერეოტაქსიური კომპიუტერული ტომოგრაფია სტერეოტაქსიური მოწყობილობის მეშვეობით (რომელიც მაგრდება ავადმყოფის თავზე) სიმსივნის ბიოფსიასტან ერთად. დიაგნოსტიკის ინვაზიური და ლაბორატორიული მეთოდების მონაცემები აუცილებლად განხილული უნდა იქნას შეგროვილ ანამნეზთან და ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, რადიოლოგის და სხ. კონსულტაციებთან კომპლექსში.

პათოლოგია
tvini9სემიოტიკა. თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგია ვლინდება განსაზღვრული სიმპტომოკომპლექსით: თავის ტვინის ზოგადი ნიშნებით, გარსების (მენინგეალური) სინდრომით, კეროვანი (ლოკალური) სიმპტომებით და ე.წ. დაშორების სიმპტომებით.
თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები ვითარდება ქალასშიდა წნევის მომატების დროს, რაც უხშირესად აღინიშნება თავის ტვინის სიმსივნეების, თავის ქალას ტრავმების (უხშირესად დახურული), ჰიდროცეფალიის, აბსცესების და პარაზიტული დაავადებების დროს, შედარებით იშვიათად – ენცეფალიტების და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების შემთხვეევბში. თავის ტვინის ძირითად ზოგად სიმპტომებს მიეკუთვნებია თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ცნობიერების შეცვლა. ქალასშიდა ჰიპერტენზიით განპირობებული თავის ტკივილისთვის დამახასიათებელია ტკივილის დიდი ინტენსივობა დილით, გაღვიძების შემდეგ ან უშუალოდ ძილის წინ. თავის ტკივილის პიკზე, არც თუ იშვიათად, ვითარდება ღებინება, რომელიც ასევე ვლინდება დილაობით. ღებინებას შეიძლება წინ უძღვოდეს გულისრევის შეგრძნება, თუმცა ზოგჯერ ადგილი აქვს მხოლოდ გულისრევას შემდგომი ღებინების გარეშე. ძლიერი თავის ტკივილები, თავბრუსხვევები და ღებინება სხეულის ან თავის მდებარეობის შეცვლისას წარმოადგენენ ქალასშიდა სიმსივნეების დამახასიათებელ სიმპტომებს. მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება – ქალასშიდა ჰიპერტენზიის ობიექტური სიმპტომი, რომლის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში იწყება მხედველობის ნერვების მეორადი ატროფია მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით. ცნობიერების სხვადასხვა ხარისხის მოშლა – თავის ტვინის ერთ–ერთი ძირითადი ზოგადი სიმპტომი. ყველაზე დამახასიათებელია შებოჭილობა, გაბრუება, რომელიც მდგომარეობის გაუარესების პარალელურად გადადის სოპორში და კომაში. თავის ტვინის ზოგადი ფსიქიკური დარღვევები ვლინდება ფსიქომოტორული აგზნებით, რომელიც იცვლება გაბრუებით. თავის ტვინის შედარებით იშვიათ ზოგად სიმპტომებს მიეკუთვნებიან ზოგადი (გენერალიზირებული) ეპილეფსიური გულყრები, ყნოსვის, სმენის ორმხრივი დაქვეითება (განპირობებულია შეგუგებითი მოვლენებით შუა ყურში), კორნეალური რეფლექსები, მოზიდული სიელმე (განპირობებულია ქალასშიდა სტრუქტურების მოცულობის გაზრდის გამო თავის ტვინის I, V, VI წყვილი ნერვების ქალას ფუძესთან მიჭყლეტვით). კრანიოგრამებზე შეიძლება გამოვლინდეს დიპლოიდური ვენების გაგანიერება, თითისებური ჩანაჭდევები (უხშირესად ბავშვებში), თურქული კეხის სტრუქტურების ოსტეოპოროზი, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება. ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმის ხარისხის შეფასების მიზნით მოგვიანებითი და მნიშვნელოვანი სიმპტომებია პულსის სიხშირის (ბრადიკარდია ან გამოხატული ტაქიკარდია არითმიით) და სუნთქვის ცვლილება. აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ მეტყველებენ თავის ტვინის დისლოკაციაზე.

მენინგეალური სინდრომი – თავის ტვინის გარსების გაღიზიანების შედეგი. მისთვის დამახასიათებელია ე.წ. გარსობრივი თავის ტკივილები (ტკივილი მატულობს ხველების, გაჭინთვის, მკვეთრი მოძრაობების შედეგად), ღებინება, მტკივნეულობა თავის ქალას თაღზე მიკაკუნების დროს, საერთო ჰიპერესთეზია, სინათლის შიში. მენინგეალური სინდრომით დაავადებული ირჩევს გვერდზე წოლას მუცელთან მიბჯენილი ფეხებით და მოხრილი ხელებით; თავი შეიძლება უკან ჰქონდეს გადაგდებული, კისრის კუნთები დაჭიმულია (კეფის კუნთების რიგიდობა). დადებითია კერნიგის, ბრუდძინსკის და სხ. მენინგეალური ნიშნები. თვალებზე, თვალებქვეშა, ნიკაპის და კეფის ალგიური წერტილების პალპაცია მტივნეულია.

კეროვანი სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე (პირამიდული სისტემის სხვადასხვა უბნები, თავის ტვინის ნერვები, ნათხემი, თავის ტვინის ქერქი, ვეგეტაციური ნერვული სისტემა, ექსტრაპირამიდული სისტემა). ე.წ. დაშორების სიმპტომებს შეიძლება მივაკუთვნოთ თავის ტვინის ღეროს და ნერვების დაზიანების ნიშნები თავის ტვინის დისლოკაციის და ტენტორიალური და კეფისმიერი შეჭრის განვითარების დროს, სისხლძარღვოვანი დარღვევები თავის ტვინის ძირითადი კერისგან მოშორებულ მიდამოებში და სხ. თავის ტვინის პათოლოგიის დროს, აგრეთვე აღინიშნება ცერებდბოსპინალური სითხის წნევის და შემადგენლობის ცვლილებები.

თავის ტვინის პათოლოგია მოიცავს მისი განვითარების მანკებს, დაზიანებებს, დაავადებებს და სიმსივნეებს.

განვითარების მანკები. თავის ტვინის განვითარების მანკების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ნერვული სისტემის არასწორი ჩასახვა ან მისი დაზიანება ემბრიონული განვითარების პერიოდში, რაც დაკავშირებულია გენეტიკურ ცვლილებებთან (თავის ტვინის ჰისტოგენეზის და ციტოარქიტექტონიკის დარღვევა) ან გარემო ფაქტორების ზემოქმედებასთან. თავის ტვინის განვითარების ძირითად მანკებს მიეკუთვნებიან თავის ტვინის პარკუჭების სისტემის და ქერქის განვითარების მანკები, აგენეზია, კრანიოსქიზმები. პარკუჭების სისტემის განვითარების მანკებს წარმოადგენენ: პორენცეფალია – ქსელქვეშა სივრცესთან თავის ტვინის პარკუჭის ღრუს შემაერთებელი ტვინის ქსოვილის დეფექტი; თანდაყოლილი ჰიდროცეფალია – თავის ტვინის პარკუჭების გადიდება; ჰიდროენცეფალია – თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის და თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების გამოხატული ატროფიის შერწყმა.

hydrocephalus++

მსგავსი განვითარების მანკები კლინიკურად შეიძლება გამოვლინდნენ ქალასშიდა ჰიპერტენზიით, პარეზებით, დამბლებით, ოლიგოფრენიით. თავის ტვინის ქერქის განვითარების მანკებს (ჩვეულებრივ შერწყმულნი არიან მისი უჯრედების დიფერენცირების უკმარისობასთან) მიეკუთვნებიან მაკროგირია (თავის ტვინის ხვეულების ზომების გაზრდა მათი რაოდენობის შემცირების ფონზე), მიკროგირია (თავის ტვინის ხვეულების ზომების შემცირება მათი რაოდენობის გაზრდის ფონზე), აგირია – თავის ტვინის ხვეულების არარსებობა (არც თუ იშვიათად შერწყმულია პორენცეფალიასთან). მიკროგირია და აგირია შეიძლება შეგვხვდეს ქალას განვითარების მანკთან – კრანიოსტენოზთან ერთად. მანკების აღნიშნული ჯგუფი კლინიკურად ვლინება ჭკუასუსტობით, სპაზმური პარეზებით, კრუნჩხვითი შეტევებით.

თავის ტვინის აგენეზიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს მისი სხვადასხვა ნაწილების განუვითარებლობა ან არარსებობა: შუბლის, თხემის, საფეთქლის, იშვიათად კეფის წილების, კოჟრისებრი სხეულის, ნათხემის, ტვინის ღეროს. თავის ტვინის აგენეზია ხშირად ერწყმის თავის ტვინის ნერვების, ზურგის ტვინის განვითარების დეფექტებს, შინაგანი ორგანოების დისპლაზიას. კლინიკურად განვითარების აღნიშნული მანკები ვლინდებიან ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების გამოხატული შეფერხებით, კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით (პარეზები, დამბლები, კრუნჩხვითი შეტევები).
თავის ტვინის განვითარების მანკებს, რომლებიც შერწყმულნი არიან სახის და თავის ტვინის ქალის დეფექტებთან, ეწოდებათ კრანიოსქინაზიები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: აცეფალია – თავის ტვინის, ტვინის თაღის და სახის ჩონჩხის არარსებობა (ხშირად ერწყმის ზურგის ტვინის და შინაგანი ორგანოების განვითარების დეფექტებს); ანენცეფალია – თავის ქალას სახურავის, ჰემოსფეროების არარსებობა და ტვინის ღეროს განუვითარებლობა, არც თუ იშვიათად ეწყმის განვითარების სხვა მანკებს; ჰემიცეფალია – თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების ნაწილობრივი განუვითარებლობა, როგორც წესი, თავის ქალას სახურავის, ზოგჯერ კი კანის საფარველის არარსებობა. აღნიშნული შერწყმული მანკების არსებობის შემთხვევაში ახალშობილი სიცოცხლიუუნაროა; ზოგიერთი სხვა სახის კრანიოსქიზის, მაგ., ციკლოპიის (თვალბუდეების შეერთება, ცალთვალობა) შემთხვევაში ნაყოფი სიცოცხლიუნარიანია.
კრანიოსქიზების ჯგუფს მიეკუთვნებიან თავის ტვინის თანდაყოლილი თიაქრები, რომლებიც წარმოადგენენ კანით დაფარულ (ხშირად განლეულ), ქალას ღრუს შიგთავსის გამობერილობას ქალას ძვლების შუაში განლაგებულ დეფექტში (ქალა–ტვინის თიაქარი). ხშირად თავის ტვინის თიაქრები ერწყმიან ქალას და ტვინის განვითარების სხვა მანკებს: მიკროცეფალიას (ტვინის მოცულობის შემცირება), ჰიდროცეფალიას, კოჟრისებრი სხეულის აგენეზიას და სხ. თავის ტვინის თიაქრები იყოფიან მენინგოცელედ (ტვინის რბილი და ქსელისებრი გარსების გამობერილობები, რომლებიც ამოვსებულნი არიან ცერებროსპინალური სითხით); ენცეფალოცელე (თიაქარი შეიცავს ტვინის, გარსების შეცვლილ ქსოვილს და ცერებროსპინალურ სითხეს); ენცეფალოცისტოცელე (ენცეფალოცელე შერწყმულია ტვინის გაგანიერებული გვერდითი პარკუჭის ნაწილის გამობერილობასთან). აგრეთვე გამოყოფენ თავის ტვინის თიაქრის ფარულ ფორმას (ქალას ძვლების დეფექტი, თუმცა მისი შიგთავსის ხილული ექტოპიის გარეშე) და ტვინის ატკეჩილი თიაქარს (თიაქარი არ უკავშირდება ქალას ღრუს).
ლოკალიზაციის მიხედვით თავის ტვინის თიაქრები იყოფიან წინა, უკანა, ბაზალურ და საგიტალურ თიაქრებად. წინა თიაქრები, რომლებიც გვხვდებიან ყველაზე ხშირად, ძვლოვანი დეფექტის მდებარეობის მიხედვით იყოფიან ცხვირ–შუბლის, ცხვირ–ცხავის და ცხვირ–თვალბუდის თიაქრებად. 2–3 დეფექტის არსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ცდომილი წინა თიაქრები. უკანა თიაქრები, კეფის ბორცვთან მათი დამოკიდებულების მიხედვით, იყოფიან ზედა და ქვედა თიაქრებად. ტვინის ბაზალური თიაქრები ჩვეულებრივ წარმოადგენენ გამობერილობებს ცხვირის ღრუში ან ცხვირხახაში; ძვლოვანი დეფექტი მდებარეობს ქალას წინა ან შუა ფოსოში.
თავის ტვინის თიაქრის კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე და ზომებზე. თიაქრის გამობერილობები, როგორც წესი, პულსირებენ, პალპაციით მათში შეიძლება ისინჯებოდეს როგორც სითხე, ასევე მკვრივი ფიბროზული ჩანართები. დროთა განმავლობაში თიაქრის გამობერილობა ზომებში მატულობს, ხშირად მისი მფარავი კანი განლეულია, არც თუ იშვიათად ანთებითიც, შესაძლებელია მოხდეს განლეული კედლის გასკდომა ლიქვორეის, აბსცესის ჩამოყალიბებით. ცხვირ–თვალბუდის თიაქრების შემთხვევაში, საცრემლე არხის დეფორმაციის და გაუვალობის გამო ხშირად ვითარდება დაკრიოცისტიტი, კონიუქტივიტი. ცხვირის ღრუში გამობერილი თიაქრების დროს გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა, მეტყველება შენელებულია. თავის ტვინის თიაქრებს შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქალას ნერვების დაზიანების სიმპტომები, მოტორული დარღვევები, ეპილეფსიური შეტევები, სტატიკის და სიარულის მოშლილობები. ასაკთან ერთად, არც თუ იშვიათად, ვლინდება ჭკუასუსტობა.
თავის ტვინის განვითარების მანკების, განსაკუთრებით კრანიოსქიზების, დიაგნოსტირება სიძნელეს არ წარმოადგენს. თავის ტვინის თიაქრების და პარკუჭთა სისტემის განვითარების ზოგიერთი მანკის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით აუცილებელია ზოგიერთი დამატებითი გამოკვლევა, მათ შორის კრანიოგრაფია, თავის ქალას ტომოგრაფიის, თავის კომპიუტერული რენტგენული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, პნევმოენცეფალოგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, ანგიოგრაფია, თიაქრის გამობერილობის პუნქცია. აგენეზიების და თავის ტვინის ქერქის ფორმირების მანკების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რენტგენოლოგიური კომპიუტერული ტომოგრაფია. გენეტიკურად განპირობებული ზოგიერთი მანკის გამოვლენა მოითხოვს სპეციალური ციტოგენეტიკური და ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ ცნს–ის განვითარების მანკების დიაგნოსტიკის ჩანასახოვან მეთოდებს.
თავის ტვინის განვითარების მანკების მკურნალობა ქირურგიულია. რადიკალური ქირურგიული ჩარევა ხორციელდება თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის ზოგიერთი ფორმის და ტვინის თიაქრების უმეტესობის დროს; მისი ჩატარება აუცილებელია რაც შეიძლება ადრე. თავის ტვინის თიაქრების დროს კეთდება ექსტრა– და ინტრაკრანიალური ოპერაციები. ოპერაციების მიზანია თიაქრის პარკის ამოკვეთა და ძვლოვანი არხის პლასტიკა. ძვლის დიდი ზომის დეფექტების შემთხვევაში ოპერაცია ტარდება ორ ეტაპად – თავდაპირველად ხორციელდება ქალას ძვლოვანი დეფექტის ინტრაკრანიალური პლასტიკა, შემდეგ კი თიაქრის პარკის ექსტრაკრანიალური ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ, ზოგჯერ, აღინიშნება თიაქრის რეციდივები, ლიქვორეა. დროულად ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში ბავშვების უმეტესობა ვითარდება ნორმალურად.

გაგრძელება იხ. >>>>