გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
ნინო თარიშვილი
ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.
Loading ...
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 946 times by 576 viewers


