ბიზნეს-გეგმის საქმიანი პროექტის ფინანსური მექანიზმი

ვასილ შენგელია. ბიზნეს გეგმების შედგენა. თბილისი 2010.
გადასვლა ნაშრომისვასილ შენგელია . ბიზნესგეგმების შედგენასათაო გვერდზე

ბიზნეს-გეგმის ფინანსური მექანიზმი

ფინანსურ გეგმაში არ უნდა იყოს არც ერთი “ახალი” ციფრი . ყველა ციფრი უნდა გამომდინარეობდეს ბიზნეს გეგმის ძირითად ნაწილში არსებული შეფასებებისგან. ამ მონაცემების ბაზაზე გამომუშავდება კაპიტალდაბანდებების გრაფიკების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშების, ფინანსური ანგარიშებისა და ბალანსის პროექტების ვარიანტები. ფინანსური პროექტები კეთდება 3-5 წლით ადრე. პროექტის წლიური ეფექტურობა არ უნდა იყოს 30-40%-ზე ნაკლები. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახლა 70%-იც კი არაა იშვიათობა.

ბიზნეს გეგმის ფინანსური ნაწილის საფუძველს წარმოადგენს სამი, კლასიკურად ქცეული დოკუმენტი:

 – ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისი (cash flow),
 – ფინანსური შედეგების ანგარიში (income statement)
– 
ბალანსი (balance sheet)

ბალანსში  ჩართულია, აგრეთვე, ფონდების მოძრაობის ანგარიში (capital plan) და სხვა დოკუმენტები. ბალანსი ფინანსური უწყისია, რომელიც აჩვენებს ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას დროის გარკვეული მომენტისათვის. იგი სამი ნაწილისაგან შედგება:

 –  აქტივები (ფული, საქონელი, მოწყობილობები, მიწა, შენობები);
 –  ვალდებულებები (საბანკო სესხები, ვალდებულებები მომწოდებლების და ბუჯეტის წინაშე, სახელფასო ვალდებულებები);
 –  საკუთარი კაპიტალი.

ბალანსის უწყისი ჩაიწერება ტოლობის სახით:  აქტივები = ვალდებულებები + საკუთარი კაპიტალი

თავის მხრივ, აქტივები ორი სახისაა: მიმდინარე და გრძელვადიანი. მიმდინარეა ისეთი აქტივები, რომელთა ფულად გადაქცევა შესაძლებელია ერთი წლის ან ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში.
ვალდებულებებიც ასევე არსებობს მიმდინარე და გრძელვადიანი. მიმდინარე ვალდებულებებია, რომლებიც უნდა დაიფაროს ერთი წლის ან ერთი საოპერაციო ციკლის დროს.
მოგება-ზარალის უწყისში აისახება ყველა შემოსავლისა და ხარჯების ანგარიში დროის განსაზღვრული პერიოდისათვის. იგი აჩვენებს მომგებიანია თუ წამგებიანია კომპანია მოცემული პერიოდისათვის.

ფულის მიმოქცევის უწყისი ასახავს კომპანიაში ფულის ოდენობას. კომპანიაში ფულის მიმოქცევა შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

 – ფულის ნაკადი საოპერაციო საქმიანობიდან,
 – ფულის ნაკადი საინვესტიციო საქმიანობიდან,
 – ფულის ნაკადი საფინანსო საქმიანობიდან.

აუცილებელია კრედიტის უზრუნველყოფა გირაოთი. გირაოს სახით, ძირითადად, მიიღება მაღალლიკვიდური აქტივები და საკუთრება.
ბიზნეს გეგმის ავტორთა ამოცანაა, საწარმოს ბიზნესის ზოგადი ფინანსური სურათის დემონსტრირება. ამასთან ის წარმოდგენილი უნდა იყოს ძირითად ასპექტებში, ზედმეტი დეტალიზაციის გარეშე. საჭიროა მისთვის მაქსიმალურად რეალისტური სახის მიცემა. ინვესტორს უნდა შეექმნას ამომწურავი წარმოდგენა პროექტის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

ფინანსური გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციულია. მასში საკვანძო ადგილი უჭირავს ფინანსური სახსრების მოძრაობის ბალანს (cash flow). ბევრმა მეწარმემ ჯერ ვერ აითვისა  ამ ინსტრუმენტის ეფექტური გამოყენება. თუმცა კი ის თვალნათლივ აჩვენებს, თუ რა თანხები იქნება საჭირო და როდის, რაზე იქნება ის მიმართული და რა შემოსავლებია მოსალოდნელი. საწარმოს ფინანსური ნაკადების დაგეგმვა არის ბიზნესის ოპერატიული დაგეგმვის განუყოფელი ელემენტი.

ფინანსური გეგმის საფუძველში იდება “ყველაზე უფრო მოსალოდნელი” ვარიანტი. რეკომენდებულია მოიყვანოთ პროექტის მსვლელობის “ოპტიმისტური” და “პესიმისტური” სცენარი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პროექტის შესაძლო სისუსტეების, საშიშროებების და რისკების ანალიზი. ბიზნეს გეგმის სტანდარტულ სტრუქტურაში ამ თემას სპეციალური განყოფილება ეძღვნება.

საქმიანი სქემის და საქმიანი პარტნიორის ტიპის გათვალისწინებით, შეიძლება აქცენტები სხვადასხვაგვარად დაისვას. ასე მაგ., კომერციული ბანკისათვის გამიზნულ გეგმაში ყურადღება უნდა გამახვილდეს გირაოზე, დაზღვევაზე, გარანტიებზე და თავდებობაზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო პროცენტის გადახდის გრაფიკს და კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვას. რეკომენდებულია საგადასახადო სქემის განხილვა და ფინანსური დაგეგმვის სხვა ასპექტები. თუმცაღა საბანკო სტრუქტურები შესაძლოა დაინტერესებული იყვნენ არა მარტო კრედიტების უზრუნველყოფის საკითხში და საბანკო პროცენტის ოდენობაში. პროექტის ყოველმხრივი აღწერა შეიძლება ბანკირს არანაკლებ დასჭირდეს, ვიდრე ინვესტორს. პრინციპს – “იცნობდე შენს კლიენტს” ბანკებისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

საწარმოს რეალისტურობის შეფასებას და მის შესაბამისობას ბანკის პრიორიტეტებთან, შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ კრედიტის გამოყოფისათვის. ძალზე სასურველია დაფინანსებაში პროექტის ინიციატორის მონაწილეობა. ეს ინვესტორის თვალში ამაღლებს პროექტის საიმედოობას.

ნებისმიერი პარტნიორისათვის მნიშვნელოვანია, გაქვთ თუ არა საკმაო გამოცდილება პროექტის პროფილის მიხედვით. ამიტომ, ბიზნეს გეგმაში უნდა აისახოს თქვენი წარმატებები და თქვენი ბიზნესის წინაისტორია. აუცილებლად უნდა მოიყვანოთ მონაცემები ხელმოწერილი კონტრაქტებისა და პოტენციურ მყიდველებთან წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ.

ბიზნეს გეგმისთვის, რომელიც შეთანხმების ბაზაზე ერთობლივი საქმიანობის ორგანიზებას ეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსავლების გადარიცხვის გრაფიკს.

პროდუქციის გაყოფის შესახებ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პარტნიორის წილის, პროდუქციის გამოშვების მოცულობის, საბაზრო და გათვლითი ფასების და ა.შ. მკაფიოდ გამოხატვა.
უცხოელი ინვესტორი თქვენს ბიზნეს გეგმას ყოველმხრივ გააანალიზებს. განსაკუთრებით გულმოდგინედ ის მმართველ გუნდს და მის შესაბამისი გამოცდილების არსებობას შეისწავლის.
საჭიროა გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ბიზნესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ ფაქტორს.

<<< წინა გვერდი   მომდევნო გვერდი >>>
 
_________________________________________________
..
Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..