კანი

 კანი, Skin, cutis

ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

კანიკანი (cutis) – რთული ორგანო, რომელიც წარმოადგენს ადამიანის და ცხოველების გარეგან საფარველს და ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებს.

პათოლოგია. კანის სისხლმომარაგების და ლიმფური მიმოქცევის დარღვევის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერემია, იშემია, შეშუპება და სისხლჩაქცევა.

ჰიპერემია არის აქტიური (არტერიული) და პასიური (ვენური). აქტიური ჰიპერემიის შემთხვევაში კანი ღია წითელი ფერისაა, ცხელია, რაც განპირობებულია სისხლის მოდინების მომატებით და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებით. მსგავსი ერითემა წარმოადგენს ანთების, იშვიათად ნევროზული რეაქციის (”სირცხვილის სიწითლე”) პირველ ხილულ სტადიას. მას შესაძლებელია თან ახლდეს ქავილი; მისი ფორმა, ზომა, საზღვრები განსხვავებულია. პასიური ჰიპერემიის შემთხვევაში კანი მოცისფრო ელფერისაა, ცივი სისხლის დაქვეითებული უკუდინებით და ნივთიერებათა ცვლის პროცესების შესუსტებით. დიასკოპიისას ჰიპერემია ქრება.

იშემია – არტერიოლების სპაზმის ან ობლიტერაციის (ემბოლით, თრომბით) შედეგი, სისხლის მიდინების და ცვლის პროცესების მკვეთრი შემცირებით ან შეწყვეტით. ამასთან კანი მკრთალი და ცივია. არც თუ იშვიათად, იშემია იცვლება რეაქტიული ჰიპერემიით, მაგ., სიცივის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ზოგჯერ არტერიების სპაზმი ინიღბება ვენური სისხლძარღვების და კაპილარების გაფართოებით.

19690++

შეშუპების განვითარების შემთხვევაში კანი ხდება დაჭიმული, მბზინავი, ცომისებური კონსისტენციის, მასზე ხელის დაჭერა ტოვებს ჩაღრმავებას, მისი მოცულობა მომატებულია. დერმის დვრილისებრი შრის სწრაფად გაწოვადი შეშუპება განაპირობებს კანზე ურტიკარიების წარმოქმნას.

სისხლჩაქცევა – კანში სისხლის დაგროვება სისხლძარღვების დაზიანების ან მათი კედლების განვლადობის მომატების შედეგად. ამასთან, დასაწყისში კანი წითლდება, შემდგომ, ჰემოგლობინის დაშლის შედეგად ღებულობს იისფერ, მოლურჯო, მწვანე და მოყვითალო შეფერილობას. დიდი რაოდენობის და მცირე ზომის სისხლჩაქცევებს ეწოდება პეტექიები, შედარებით უფრო მოზრდილს – ექხიმოზები.

კანის ატროფია – თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიური პროცესი, რომელიც განპირობებულია ზოგადი ან ადგილობრივი მიზეზებით; ხასიათდება კანის ყველა შრის განლევით, ელასტიური ბოჭკოების, ქონის და საოფლე ჯირკვლების, თმის ფოლიკულების გაქრობით. ატროფიის დროს კანი მშრალია, თხელი, მოწითალო–იისფერი ელფერის, ადვილად ნაოჭდება და ზიანდება, ძნელად რეგენირდება. ეპიდერმისსა და დერმას შორის საზღვარი გადასწორებულია.

კანის ჰიპერტროფიის დროს მატულობს კანის ყველა შემადგენელი ნაწილის (პაქიდერმია) ან მისი ცალკეული კომპონენტების (მაგ., კოლაგენური ბოჭკოების – კელოიდოზის დროს, ელასტიური ბოჭკოების –  ელასტიური ფსევდოქსანტომის დროს) მოცულობა. აგრეთვე გვხვდება თმების (მაგ., ჰირსუტიზმის დროს), ქონის ჯირკვლების (სებორეის დროს) ჰიპერტროფია. ეპიდერმისის ჰიპერტროფია ვითარდება რქოვანა (ჰიპერკერატოზი). მარცვლოვანი (გრანულოზი), ქაცვისებური (აკანტოზი), იშვიათად მბზინავი შრის გასქელების ხარჯზე. კანში შესაძლოა აღინიშნებოდეს ეგზოგენური ნივთიერებების, მაგალითად ნახშირის (კანის ანთრაკოზი), ან შუალედური ცვლის ენდოგენური პროდუქტების ჩალაგება.

ყველაზე ხშირად გვხვდება კანის ანთება, რომელიც აზიანებს მთლიანად კანს მის დანამატებთან ერთად, მისი რომელიმე შრეს ან მხოლოდ თმის ფოლიკულებს, ქონის ან საოფლე ჯირკვლებს. ანთება შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ ალტერნაციული და ექსუდაციური გამოვლინებების სიჭარბით, ან ქრონიკულად, პროლიფერაციული და ინფილტრაციული პროცესების სიჭარბით.

ეპიდერმისში ანთებითი ცვლილებები პარენქიმატოზური ხასიათისაა (პერინუკლეარული ვაკუოლების წარმოქმნა და ბირთვის გადანაცვლება უჯრედის პერიფერიისკენ) ინტერსტიციული ან უჯრედშორისი შეშუპების, ბალონირებული დისტროფიის სახით, რასაც თან ახლავს დესმოსომების დაშლა. ალტერნაციური ცვლილებების დროს შესაძლებელია აღინიშნებოდეს მუქი გაჯირჯვება, უჯრედების მცირე ვაკუოლიზაცია მათი ნეკროზის ჩათვლით. ქრონიკული ანთების დროს ვითარდება აკანტოზი (კლინიკურად ეპიდერმული პაპულა, ლიქენიზაცია), ხანგრძლივი და ინტენსიური გაღიზიანების შემთხვევაში – ვეგეტაცია. ნორმალური ქსოვილოვანი ცვლის დარღვევა იწვევს კანის გარქოვანების პროცესის ცვლილებას – პარაკერატოზს, რომელიც ხასიათდება მარცვლოვანი შრის გაქრობით და რქოვანა შრეში ჩხირისებრი უჯრედების შენარჩუნებით, რაც ვლინდება ზოგიერთი დაავადების, მაგალითად ფსორიაზის დროს.

თანდათანობით განვითარებული აციდოზის დროს ვითარდება უჯრედშორისი შეშუპება (სპონგიოზი), რომელიც ვლინდება მრავალსაკნიანი ბუშტუკების წარმოქმნით. უჯრედშორისი კავშირების მოშლის შედეგად წარმოიქმნება ერთსაკნიანი ინტრაეპიდერმული ბუშტუკები. უჯრედების კოაგულაციური და კოლიკვაციური დაღუპვა იწვევს ეროზიების განვითარებას, რომლებიც ხორცდებიან ნაწიბურების ჩამოყალიბების გარეშე, ან წყლულის წარმოქმნას, რომელიც აღწევს კანის შემაერთებელქსოვილოვან ნაწილში და ხორცდება ნაწიბურის ჩამოყალიბებით.

ხშირად კანის ანთებას თან ახლავს ჩირქოვანი ექსუდატის ჩამოყალიბება და პუსტულების წარმოქმნა. პროდუქციული ანთების დროს ვითარდება უჯრედული ინფილტრატი დერმული პაპულის ან ხორკლის (სპეციფიკური ანთების შემთხვევაში) ჩამოყალიბებით. ხორკლი, რომელიც ნეკროზის გარეშე მიმდინარეობს, სრულდება ნაწიბუროვანი ატროფიით, ხოლო ნეკროზით მიმდინარე – ნაწიბურის წარმოქმნით. ანთებითი პროცესების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ქრონიკული გრანულომები. დერმაში განვითარებული ანთებითი ინფილტრატი, იწვევს რა სისხლმომარაგების მოშლას, განაპირობებს სხვადასხვა მეორადი ცვლილებების განვითარებას ეპიდერმისში (შეშუპება, აქერცვლა, ატროფია, ნეკროზი და სხ.). კანქვეშა ქსოვილის ანთება გამოიხატება შეშუპებით, კვანძის ან დიფუზური ინფილტრატის წარმოქმნით. კანის ანთება შესაძლებელია განვითარდეს მკაცრად განსაზღვრული ანტიგენის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად, სხვა შემთხვევებში ის ატარებს არასპეციფიკურ ხასიათს და ვითარდება ნებისმიერი ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედებით.

კანში აგრეთვე აღინიშნება დისტროფიული პროცესები. განასხვავებენ ქსოვილების სწრაფ (ნეკროზი), თანდათანობით (ნეკრობიოზი) სიკვდილს, ანაერობებით გამოწვეულ განგრენას, დისტროფიას, რომელიც შეიძლება იყოს კოაგულაციური, ჰიალინური (კანის ჰიალინოზი), ამილოიდური (კანის ამილოიდოზი), ლორწოვანი (კანის მუცინოზი) და სხ.

კანის მდგომარეობა დამოკიდებულია მთლიანად ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ნეფროპათიას, არც თუ იშვიათად, თან სდევს ე.წ. კანისმიერი ურემია, რაც განპირობებულია აზოტემიით, ოქსალემიით, შარდოვანას შეკავებით. ქრონიკული ინფექციის კერები (ნუშურა ჯირკვლებში, კბილებში და სხ.) შესაძლოა გახდნენ  ზოგიერთი სახის დერმატოზის განვითარების მიზეზი. ხშირად ეგზემის, ჭინჭრის ციების, ნეიროდერმიტის, თმების სფეროსებრი გაცვენის აღმოცენების და განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ნეიროვეგეტაციური დარღვევები. არც თუ იშვიათად, ფსიქიკური ტრამვების შემდეგ ვლინდება წითელი ბრტყელი ლიქენი, ფსორიაზი და სხ. კანი რეაგირებს ენდოკრინული სისტემის მოქმედების დარღვევებზე. ასე მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა ხელს უწყობს კანის მიქსედემის, მომატებული ოფლიანობის, ქავილის, ჭინჭრის ციების, ეგზემის და სხვა დარღვევების განვითარებას; საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა – ქლოაზმას; თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები – ჰირსუტიზმის განვითარებას, პიგმენტაციის გაძლიერებას; პანკრეასის დაავადებებს თან სდევთ მყარი ფურუნკულოზი და სხ.

კანზე არასასურველი გავლენა შეიძლება მოახდინოს ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა (მაგ., სულფანილამიდები), ატმოსფერულმა ფაქტორებმა (ხანგრძლივი ინსოლაცია, ქარი, სიცივე და სხ.), მექანიკურმა, ქიმიურმა, ფიზიკურმა ზემოქმედებამ. სისხლის მიმოქცევის სისტემაში განვითარებული შეგუბებითი მოვლენები ხელს უწყობენ ლივედოს, ვარიკოზული წყლულების და სხ. წარმოქმნას.

კანზე მოქმედი ფაქტორების მრავალფეროვნება, მისი მორფოლოგიური სტრუქტურის სირთულე და ფუნქციების ფართო დიაპაზონი განაპირობებენ კანის დაავადებების სიმრავლეს (დაახლოებით ორი ათასი სხვადასხვა ფორმა), რომელთა კლასიფიკიაციაც ბოლომდე შემუშავებული არ არის.

დაავადებათა დიდ ჯგუფ შეადგენენ გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული კანის დაზიანებები ან პათოლოგიები, რომლებიც წარმოადგენენ ემბრიოგენეზის პროცესში არასასურველი ზემოქმედების შედეგად (ჩანასახოვანი ინტოქსიკაცია, ინფექცია, სისხლის მიმოქცევის მოშლა და სხ.) ნაყოფის განვითარების თანდაყოლილ მანკებს. გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული კანის განვითარების მანკები გამოირჩევიან დიდი მრავალფეროვნებით; არც თუ იშვიათად ისინი ატარებენ ოჯახურ ხასიათს. თანდაყოლილი სიმახინჯეები და ორგანიზმის განვითარების 10287++ანომალიები, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან გენეტიკურ ფაქტორებთან, შედარებით იშვიათობაა. კანის განვითარების მანკების ნაწილი წარმოადგენს უფრო რთული თანდაყოლილი დეფექტების აბორტულ გამოვლინებებს: მცურავი აპკები – სინდაქტილიის აბორტული ფორმა, გავის ჰიპერტრიქოზი – spina bifida-ს ფარული გამოვლინება, კისერზე და სახეზე თანდაყოლილი სინუსები და კისტები – თანდაყოლილი ნაპრალების არასრული შეხორცების შედეგი, დამატებითი ძუძუს დვრილები – არასრული გინეკომასტიის შედეგი და სხ.

კანის სხვა თანდაყოლილი ანომალიების დროს ნაყოფის განვითარების ძირითადი დარღვევები თავმოყრილია კანში. ასე მაგალითად, ცნობილია კანის თანდაყოლილი არარსებობა – აპლაზია, რასაც თან სდევს კანის დანამატების და კბილების განუვითარებლობა (თანდაყოლილი ექტოდერმული დეფექტი). კანის თანდაყოლილი აპლაზია (ეპიდერმისის და დერმის დეფექტი) ხასიათდება ბავშვებში დაბადებისთანავე 10 სმ–მდე წყლულების არსებობით თხემის, კეფის ან თავის უკანა აურიკულარულ მიდამოებში. ნაყოფში კანის თანდაყოლილი დეფექტი ყალიბდება ბულოზური დაზიანების (ბუშტუკის) სახით, ხოლო ბავშვის დაბადების მომენტში ბუშტუკის ადგილას წარმოიქმნება წყლული, რომელიც თანდათანობით იხურება და ტოვებს ნაწიბუროვან ატროფიას. კანის თანდაყოლილ ატროფიას შესაძლებელია თან ახლდეს თავის ქალის ძვლების დეფექტები. კანის აპლაზიის სხვა ფორმების დროს კანის გარეშე უბნები შესაძლებელია განლაგებულნი იყვნენ სხეულზე, კიდურებზე. ისინი დაფარულნი არიან თხელი მემბრანით, რომლიდანაც კარგად განირჩევა მის ქვეშმდებარე ორგანოები და ქსოვილები.

ისეთი თანდაყოლი ანომალიები, როგორებიცაა კაუჩუკისებური ჰიპერელასტიური კანი, არასრულყოფილი დესმოგენეზი, პაქიდერმია, პროგერია დაკავშირებულნი არიან შემაერთებელი ქსოვილის ცვლილებებთან. განვითარების მანკების რიცხვს მიეკუთვნებიან სხვადასხვა კლინიკური ფორმების თანდაყოლი ხალები, ანგიომები, ლიმფანგიომები.

დიდ ჯგუფს შეადგენენ კანის დაზიანებებით – მექანიკური (მაგ., გახეხვა, დაკოჟვრა), სხივური ფაქტორების (მათ შორის მაიონიზირებელი გამოსხივებით), ელექტრული დენის, დაბალი და მაღალი ტემპერატურების, აგრეთვე სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით განპირობებული დაავადებები.

სამრეწველო საწარმოების პირობებში შესაძლებელია კანზე მოხდეს ისეთი ფაქტორების ზემოქმედება, რომლებიც იწვევენ კანის პროფესიულ დაზიანებებს და სხვადასხვა დაავადებებს. სხვადასხვა ინფექციური და პარაზიტული აგენტებით განპირობებული კანის დაავადებები მრავალფეროვანია. მათ შორის განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ქრონიკული სპეციფიკური ინფექციური დაავადებები – ლეპრა, კანის ტუბერკულოზი, სიფილისი.

კანის ანთებითი ხასიათის დაზიანებას შესაძლოა საფუძვლად ედოს ორგანიზმის ალერგიული რეაქციები, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ცვლილებები. ხშირად კანი ზიანდება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების, სარკოიდოზის, კანის ვასკულიტების, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევების დროს.

კანში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ძირითადად დაკავშირებულია კანის ცალკეულ მორფოლოგიურ სტრუქტურებთან.

სტატიის გაგრძელება >>>>