ფლეგმონა

ფლეგმონა

ყბის ირგვლივი ფლეგმონა (perimaxillary phlegmon) – ყბა-სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებშორისი  ქსოვილის  ჩირქოვან-დიფუზური ანთება.

ფლეგმონა – ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი უკავშირდება რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევას და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობას. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, კბილის მწვავე მწვერვალისირგვლივი დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ.

ფლეგმონა – სიმპტომები. მკვეთრი მტკივნეულობა ღეჭვის დროს, ყბის მოძრაობის  შეზღუდვა (ტრიზმი), სუნთქვის, მეტყველების დარღვევა, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა, სახის ასიმეტრია. აღინიშნება დიფუზური, მკვრივი, პალპაციით მტკივნეული შეშუპება დაზიანებულ მხარეზე. გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები – სისუსტე, ოფლიანობა, შემცივნება, პულსისა და სუნთქვის გახშირება. სისხლში – ფორმულის მარცხნივ გადახრა, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედს-ი მკვეთრად მომატებულია. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39 – 400C-მდე. მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს ასფიქსიით, სახის ვენების თრომბოზით, მენინგიტით, მედიასტინიტით, სეფსისითა და სხვ.

ფლეგმონა – მკურნალობა ქირურგიულია: ღრმა კერების ფართოდ გახსნა; ჩირქოვანი კერის დრენირება; შეჰყავთ ანტიბიოტიკები დიდი დოზებით, სულფანილამდები, ჰემოდეზი, გლუკოზა ვენაში, ანტისტრეპტოკოკური შრატი, გამა-გლობულინი, პოლიგლუკინი, რინგერის ხსნარი. ლპობითი პროცესის დროს – განგრენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი; კისრის, პირის ღრუს, ხახის ახლო ფლეგმონის დროს ზოგჯერ საჭირო ხდება ტრაქეოტომია. კონსერვატული მკურნალობა ინიშნება პროცესის საწყის სტადიებზე და შედარებით დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის დროს.

ფლეგმონა – პროგნოზი ჩირქგროვის რადიკალური გახსნისა და ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიის დროს კეთილსაიმედოა, ლპობითი ფლეგმონების და დაგვიანებული მკურნალობის დროს – საეჭვოა.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.