საშო Vagina

ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

საშო (vagina) – ქალის შიგნითა სასქესო ორგანო. ზრდასრული ასაკის ქალში იგი წარმოადგენს 7–9 სმ სიგრძის და 2–3 სმ სიგანის, კუნთოვან–ელასტიკურ მილისებრ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში და წინიდან შემოსაზღვრულია შარდსადენი მილით და შარდის ბუშტით, ხოლო უკნიდან – სწორი ნაწლავით.

1საშოს გამოკვლევა წარმოადგენს გინეკოლოგიური გამოკვლევის ნაწილს და მოიცავს საშოსმხრივ (თითით), სწორნაწლავ–საშოს გამოკვლევას და სპეციალური სარკეებით დათვალიერებას. ბავშვებში და ქალწულებში, საშოს გამოკვლევას სპეციალური, პატარა ზომის სარკეებით და გამანათებელი სისტემით ან ოპტიკური ხელსაწყოთი (ვაგინოსკოპი) ეწოდება ვაგინოსკოპია. საშოს ლორწოვანი გარსის გამოკვლევის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას კოლპოსკოპი. საშოს განვითარების მანკების დროს გამოიყენება სწორნაწლავ–მუცლის წინა კედლის, რენტგენოლოგიური (ვაგინოგრაფია) და ულტრაბგერითი გამოკვლევები.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშოს შიგთავსის გამოკვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს – pH-ის განსაზღვრა, საშოს ნაცხის მიკროსკოპია, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს მისი უჯრედული შემადგენლობა და მიკროფლორის ხასიათი. საშოს შიგთავსის უჯრედული შედგენილობის, მიკროფლორის ხასიათის და pH-ის მიხედვით, ზრდასრული ასაკის ქალებში, განასხვავებენ საშოს სისუფთავის ოთხ ხარისხს. სისუფთავის I ხარისხის დროს საშოს შიგთავსის რეაქცია მჟავეა, ნაცხში შესაძლებელია დიდი რაოდენობით ეპითელური უჯრედების და დედერლეინის ჩხირების აღმოჩენა, ლეიკოციტები და პათოგენური მიკრობები არ ვლინდება. სისუფთავის II ხარისხის შემთხვევაში საშოს შიგთავსში ჩნდება ლეიკოციტები, დედერლეინის ჩხირების რაოდენობა მცირდება, მოჩანს ცალკეული პათოგენური მიკრობები, გარემო რეაქცია მჟავეა. III ხარისხი ხასიათდება საშოს ნაცხში მნიშვნელოვანი რაოდენობის ლეიკოციტების და პათოგენური და პირობით პათოგენური ფლორის ცალკეული წარმომადგენლების (მაგ., სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირები) არსებობით, დედერლეინის ჩხირები მცირე რაოდენობითაა, რეაქცია სუსტი მჟავე ან სუსტი ტუტეა. სისუფთავის IV ხარისხის დროს საშოს ნაცხში საერთოდ არ არის დედერლეინის ჩხირები, ვლინდება მრავალფეროვანი პათოგენური და 2პირობით პათოგენური მიკროფლორა (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირები, ზოგჯერ ტრიქომონადები, ქლამიდიები), დიდი რაოდენობით ლეიკოციტები, საშოს შიგთავსის რეაქცია მჟავეა. საშოს სისუფთავის I და II ხარისხი ითვლება ნორმად, ხოლო III და IV მეტყველებს ანთებითი პროცესის არსებობაზე. ახალშობილი გოგონების საშოს შიგთავსის რეაქცია მჟავეა, მასში მოჩანს დედერლეინის ჩხირები. შემდგომში, სქესობრივი მომწიფების პერიოდის ჩათვლით, საშოს შიგთავსის რეაქცია ტუტე ან ნეიტრალურია. მასში შესაძლოა აღმოჩენილ იქნას სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირები, რაც გარკვეულ როლს თამაშობს ანთებითი პროცესების განვითარებაში. 13 წლის ასაკისთვის საშოს შიგთავსის რეაქცია იხრება მჟავიანობის მხარეს, რაც განპირობებულია ახლადწარმქმნილი დედერლეინის ჩხირების მიერ რძემჟავას გამომუშავებით.

საშოს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა (უჯრედული შემადგენლობის და ეპითელიუმის სხვადასხვა შრეების უჯრედებს შორის რაოდენობის შეფარდების განსაზღვრა) საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ საკვერცხეების ჰორმონულ აქტივობაზე.

პათოლოგია. განვითარების მანკები მოიცავს საშოს სრულ არაარსებობას მისი ჩანასახის ჩამოყალიბების დარღვევის შედეგად – საშოს აპლაზიას ანუ საშოს აგენეზიას; საშოს მილის ფორმირების დარღვევის შედეგად საშოს ნაწილის არარსებობა – საშოს ქვედა, შუა და ზედა მესამედის აპლაზია, აგრეთვე საშოს ზედა ან ქვედა 2/3 აპლაზია; საშოს ნაწილობრივი ან სრული სიგრძივი გატიხვრა (გაორება); საშოს განივი გატიხვრა.

ხშირად განვითარების აღნიშნული მანკები ერწყმის საშვილოსნოს და შარდის გამომყოფი ორგანოების განვითარების მანკებს. ბავშვობის ასაკში, საშოს განვითარების მანკები, როგორც წესი, კლინიკურად არ ვლინდება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, საშვილოსნოს ნორმალური განვითარების შემთხვევაში, მენსტრუალური სისხლის დინებისთვის შეფერხების შედეგად (მაგალითად საშოს სრული ან ნაწილობრივი აპლაზიის დროს) ვითარდება ციკლური (ყოველთვიური) ტკივილები მუცლის ქვევით, რაც განპირობებულია საშვილოსნოში (ჰემატომეტრა), მის მილებში (ჰემატოსალპინგსი), ხოლო საშოს შუა ან ქვედა ნაწილის აპლაზიის შემთხვევაში – მის ზემოთ მდებარე ნაწილში, მენტრუალური სისხლის დაგროვებით. ინფექციის დართვის შემთხვევაში მატულობს სხეულის ტემპერატურა, შესაძლებელია გამოვლინდეს პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები. თუკი აღინიშნება ორი, ნორმალურად განვითარებული და მოფუქციონირე საშვილოსნო და ორი საშო, რომლებიდანაც ერთ–ერთი დახურურლია – დამატებითი დახურული საშო, მენსტრუალური სისხლის გროვდება დახურულ საშოში და მის შესაბამის საშვილოსნოში, ზოგჯერ საშვილოსნოს მილებშიც, ხოლო მეორე საშვილოსნოდან სისხლი გამოდის ჩვეული გზით. ასეთ შემთხვევაში, მენსტრუაციის დროს ვითარდება პერიოდული ტკივილები მუცლის ქვემოთ, რაც განპირობებულია ჰემატოკოლპოსით და ჰემატომეტრით. საშვილოსნოს აპლაზიასთან შერწყმული საშოს განვითარების მანკების შემთხვევაში ავადმყოფები სამედიცინო დახმარებისთვის,  როგორც წესი, მიმართავენ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მენსტრუაციის არარსებობის გამო.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში გოგონებში, მუცლის ქვემოთ ტკივილების აღმოცენების შემთხვევაში (მიუხედავად მესტრუაციის არსებობის ან არარსებობის) აუცილებელია ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაცია. დიაგნოზის დადგენა ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევით, რაც მოიცავს გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერებას, სწორ ნაწლავ–მუცლის ღრუდან გამოკვლევას, მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – ვაგინოსკოპიას და ვაგინოგრაფიას.

განვითარების მანკების მკურნალობა ოპერაციულია: საშოს სრული აპლაზიის შემთხვევაში კეთდება კოლპოპოეზი – ხელოვნური საშოს შექმნა; საშოს ნაწილობრივი აპლაზიისას – მისი აპლაზირებული ნაწილის აღდგენისკენ მიმართული ოპერაცია; საშოში ტიხრის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ხელს უშლის მენსტრუალური სისხლის გამოსვლას, ახდენენ აღნიშნული ტიხრის მაქსიმალურ მოცილებას. პროგნოზი შობადობის ფუნქციასთან მიმართებაში დამოკიდებულია მანკის სახეზე, მაგალითად საშოს ქვედა და შუა მესამედის აპლაზიის შემთხვევაში პროგნოზი კათელსაიმედოა.

საშოს დაზიანება, მის გასკდომამდეც კი, ძირითადად ვითარდება მშობიარობის დროს, მაგალითად სამეანო მაშების დადების დროს გაუფრთხილებელი მანიპულაციების შედეგად. მკურნალობა ოპერაციულია – საშოს კედლის გაკერვა. საშოს დაზიანება აგრეთვე შეიძლება განვითარდეს მასში უცხო სხეულების შეყვანის დროს, კერძოდ ორსულობის შეწყვეტის ან მასტურბაციის მიზნით. მშობიარობის პერიოდში, ნაყოფის წინმდებარე ნაწილით საშოს კედლებზე ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად შეიძლება განვითარდეს საშოს კედლის ნეკროზი ფისტულების წარმოქმნით, რომლებიც საშოს აკავშირებენ მეზობელ ორგანოებთან.

4დაავადებები. საშოს ყველაზე ხშირი დაავადებაა მისი ლორწოვანი გარსის ანთება – კოლპიტი, მათ შორის გონოკოკებით, ტრიქომონებით, ქლამიდიებით და ვირუსებით გამოწვეული. საშოს ლორწოვან გარსზე შესაძლებელია ლოკალიზებული იყოს რბილი შანკრი, ძალიან იშვიათად – მაგარი შანკრი. ზოგჯერ, ახალგაზრდა ქალებში, ანთებითი დაავადებების ფონზე, სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შეიძლება მოხდეს საშოს შესავლის კრუნჩხვითი შევიწროება, რაც განპირობებულია საშოს შესავლის და მენჯის ფუძის კუნთების შევიწროებით – ცრუ ვაგინიზმი; ჭეშმარიტი ვაგინიზმი დაკავშირებულია ფსიქოგენურ ფაქტორებთან. ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანებებმა (მექანიკური, თერმული, ქიმიური, სხივური) და ანთებითმა პროცესებმა შეიძლება განაპირობონ საშოს შევიწროება და ატრეზია, რაც მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას. შესაძლებელია აღინიშნებოდეს საშოს დაწევა ან გამოვარდნა.

5საშოს კისტები, როგორც წესი, ერთსაკნიანია, მრგვალი ან ოვალური ფორმის, მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება 7–9 სმ. მცირე ზომის კისტების შემთხვევაში სუბიექტური სიმპტომები ხშირად არ ვლინდება; დიდი ზომის კისტების დროს კი აღინიშნება სქესობრივი აქტის გაძნელება ან ტკივილი ამ დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცისტოცელესთან, რექტოცელესთან, შარდსადენი მილის დივერტიკულთან. კისტების მკურნალობა ოპერაციულია (ამოკვეთა), პროგნოზი კეთილსაიმედო.

სიმსივნეები. საშოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები (მიომა, პაპილომა, 6ჰემანგიომა) იშვიათად გვხვდება. საშოს მიომა – ჩვეულებრივ ერთეული, მცირე ზომის მკვრივი კვანძი, რომელიც ზრდასთან ერთად განაპირობებს საშოს კედლის გამოწევას ან განლაგდება მის სანათურში (ფართო ფუძეზე ან ფეხზე). იშვიათად აღინიშნება დიდი ზომის მიომები, რომლების იწვევენ უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას საშოში, აძნელებენ სქესობრივ აქტს, შეიძლება განაპირობონ ზეწოლა მეზობელ ორგანოებზე, შარდვის და დეფეკაციის გაძნელება. საშოს პაპილომა შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. იგი წარმოადგენს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დვრილისებრ წანაზარდს, ფორმით მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს. პალპაციით სიმსივნე რბილია, არასისხლმდენი. საშოს ჰემანგიომას გააჩნია მოლურჯო–მეწამული ფერი და რბილი კონსისტენცია.

საშოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზი ეფუძნება დათვალიერების, პალპაციის, ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების მონაცემებს. მკურნალობა ოპერაციულია, პროგნოზი კეთილსაიმედო.

საშოს ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უხშირესად გვხვდება კიბო (ჩვეულებრივ ბრტყელუჯრედოვანი). გვხვდება უპირატესად 40–60 წლის ასაკში. უმეტეს შემთხვევაში ზიანდება საშოს უკანა კედელი, მის ზედა მესამედში. სიმსივნე უხშირესად ეგზოფიტურია, მკვრივი და ადვილად დაზიანებადი. დაავადების პირველ სიმპტომს წარმოადგენს სისხლიანი გამონადენის არსებობა სქესობრივი აქტის დროს. სიმსივნის დაწყლულების გამო ჩნდება წყლის მაგვარი, წალასებრი გამონადენი, პერიოდულად აღინიშნება სისხლდენები; მოგვიანებით ამ ყველაფერს ერთვის ტკივილები და მეზობელი ორგანოების ფუნქციების დარღვევის ნიშნები, ვლინდება ანემია, საერთო სისუსტე, კახექსია. დაავადებისთვის დამახასიათებელია ლიმფოგენური მეტასტაზირება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, შორეული მეტასტაზები იშვიათია. შესაძლებელია სიმსივნური პროცესი გავრცელდეს სწორ ნაწლავზე და შარდის ბუშტზე.

განასხვავებენ საშოს კიბოს შემდეგ სტადიებს: I სტადია – 2 სმ–მდე დიამეტრის სიმსივნე მეტასტაზების გარეშე; II სტადია – დიდი ზომების სიმსივნე საშოს გარშემო ქსოვილების ინფილტრაციით და ერთეული მოძრავი მეტასტაზებით საზარდულის ლიმფურ კვანძებში; III სტადია – სიმსივნეს უკავია საშოს 2/3–ზე მეტი გარშემო ქსოვილების ინფილტრაციით და პროცესის გავრცელებით მენჯის კედლებზე, მრავლობითი მეტასტაზებით რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში; IV სტადია – სიმსივნე ვრცელდება შარდის ბუშტზე და სწორ ნაწლავზე, ვლინდება შორეული მეტასტაზები. დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური მონაცემების და ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. მკურნალობა ძირითადად შერწყმული სხივური თერაპიასთან (დისტანციური და ღრუსშიდა სხივური თერაპია).პროგნოზი უხშირესად არაკეთილსაიმედოა.

საშოს სარკომა ძალიან იშვიათი პათოლოგიაა. გოგონებში აღინიშნება 3 წლამდე ასაკში, დამახასიათებელია სწრაფი ზრდა და დაშლისკენ მიდრეკილება. თავდაპირველად ჩნდება მცირე ზომის კვანძი, რომელიც სწრაფად მატულობს ზომებში და ღებულობს პოლიპისებურ ან მტევნისებურ შესახედაობას. სიმსივნე შეხებით ადვილად სისხლმდენია. საშოდან აღინიშნება ჩირქოვან–სისხლიანი გამონადენი. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სიმსივნური წანაზარდების ოპერაციულ მოცილებას შემდგომი ღრუსშიდა და დისტანციური გამა–თერაპიით და ქიმიოთერაპიის განმეორებითი კურსებით. პროგნოზი ძალიან არაკეთილსაიმედოა.

მოზრდილებში საშოს სარკომა შეიძლება იყოს კვანძოვანი ან დიფუზური მეტასტაზებით რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და შორეულ ორგანოებში. კლინიკურად სუსტადაა გამოხატული. დაწყლულების შემთხვევაში აღინიშნება სეროზულ–სისხლიანი და ჩირქოვანი გამონადენი სისხლის მინარევით. სიმსივნის ზრდის პარალელურად ვითარდება უცხო სხეულის შეგრძნება საშოში, ტკივილები, სისხლდენები, შარდვის დარღვევები. მკურნალობა უპირატესად მოიცავს შერწყმულ სხივურ თერაპიას (დისტანციური და ღრუსშიდა სხივური თერაპია) შემდგომი ქიმიოთერაპიით. საშოს სარკომის კვანძოვანი ფორმის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ოპერაციული ჩარევა – სიმსივნის რადიკალური მოცილება ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, თუმცა უკეთესი ვიდრე ბავშვებში საშოს სარკომის შემთხვევების. აღწერილია განკურნების შემთხვევებიც.

მეზობელი ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები და სხ.) სიმსივნეების დროს შესაძლებელია მოხდეს საშოს მეორადი დაზიანება პროცესის გავრცელებით ან მეტასტაზირების გზით. საშოში მეტასტაზირება ხშირია ქორიონეპითელიომის დროს.

ოპერაციები მოიცავენ კოლპოპერიტონეორაფიას (კოლპოპერიტონეოპლასტიკა) – საშოს კედლების და შორისის კუნთების გაკერვა მენჯის ფუძის გამაგრების მიზნით საშვილოსნოს და საშოს გამოვარდნის დროს; კოლპოპექსიას – მუცლის წინა კედელთან საშოს ფიქსაცია (ჩვეულებრივ ხანშიშესულ ასაკში საშვილოსნოს მოცილების შემდეგ); კოლპორაფია – საშოს ჭარბი ქსოვილის მოცილება და მისი გაკერვა საშოს გამოვარდნის დროს; კოლპოპოეზი – პლასტიკური ოპერაცია ხელოვნური საშვილოსნოს შექმნის მიზნით; კოლპოტომია – საშოს კედლის გაკვეთა, როგორც სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციების ერთ–ერთი ეტაპი ან მცირე მენჯის ჩირქგროვების დაცლის მიზნით. ოპერაციულ ჩარევებს აგრეთვე მიეკუთვნება საშოს შესავლის უკანა ნაწილის ფუნქცია; მას იყენებენ სტაციონარში დიაგნოსტიკის მიზნით, ძირითადად დარღვეულ საშვისლონოსგარე ორსულობაზე ან სწორ ნაწლავ–საშვილოსნოს ფოსოში აბსცესის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედია” ფარგლებში.

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები