თმის ტიპები

თმის ტიპები

ტერმინი – თმის ტიპები გულისხმობს: მშრალ, ნორმალურ, ცხიმიან, შერეულ, ასევე – რბილ და უხეშ, სქელ და თხელ, ჯანმრთელ და გამოფიტულ თმებს. თმის სწორი და ეფექტური მოვლისთვის, აუცილებელია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა ტიპის თმა გვაქვს და ამის მიხედვით მოვუაროთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მისი დაზიანების რისკი. თმების ცხიმიანობას კანის ტიპი განსაზღვრავს: თუ კანია ცხიმიანი, თმაც ცხიმიანია და პირიქით – მშრალ კანზე თმაც მშრალია. ნორმალური კანი ზომიერად ცხიმიანია; იგი არაა მშრალი, შესაბამისად – არ იქერცლება, არ აქვს მსხვილი ფორები და ფერიმჭამელები. ცხიმიანი კანი დაფარულია კანის ქონის სქელი ფენით და ახასიათებს სპეციფიური ცხიმოვანი ბზინვარება. ასეთ კანს გააჩნია ფართო ფორები. მშრალი კანი კი ხშირად იქერცლება, იფიტება და ღიზიანდება. თუმცა, ყველაზე ხშირად გვხვდება შერეული ტიპის კანი (რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს შერეული ტიპის თმებთან).

თმის ცხიმიანობა დამოკიდებულია ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობაზე, რომელიც ინდივიდუალურია და გენეტიკურად ყალიბდება. გარდა ამისა, კანის ქონის გამომუშავება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ ვიკვებებით, რა რაოდენობით ვიღებთ ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

ცხიმიან თმებს ახასიათებს მკრთალი ბზინვა. დაბანიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, თმები ერთმანეთს ეწებება და ისე ჩანს, თითქოს ჭუჭყიანი იყოს. ასეთი ტიპის თმებს ხშირად ცხიმოვანი ქერტლი უჩნდება.

ნორმალური თმები კარგად ირეკლავს შუქს და  მზეზე ბზინავს. თუ თავის დაბანიდან რამდენიმე დღის შემდეგაც ინარჩუნებს თქვენი თმები ამ თვისებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნორმალური ტიპისაა. ამ ტიპის თმები ელასტიურობითაც გამოირჩევიან; ისინი თითქმის არ იმტვრევა და ადვილად ივარცხნება იმის მიუხედავად, მშრალია თუ ნოტიო.

მშრალი თმა სხივს ცუდად ირეკლავს. შედეგად, ბზინვა არ ახასიათებს. ადვილად ცვივა, იჩეჩება, ძნელად ივარცხნება და ბოლოებში იმტვრევა. საკმაოდ ხშირად თან სდევს მშრალი, წვრილი ქერტლი. არცთუ იშვიათად, მშრალი თმა არასწორი მოვლის შედეგია და არა – ცხიმოვანი ჯირკვლების დაბალი აქტიურობისა.

რაც შეეხება შერეული ტიპის თმას, იგი, როგორც წესი, ძირებში ცხიმიანია, დაბოლოებებში კი – მშრალი. საქმე ისაა, რომ მთელ სიგრძეზე იგი ცხიმით თანაბრად არ იპოხება. ასე რომ, იგი დაბოლოებებში ხშირად იმტვრევა.

რით გამოირჩევა გამოფიტული თმა? როგორც წესი, იგი ხორკლიანია, მალე კარგავს ბზინვარებას და ნაკლებ დამჯერია. თუ ამგვარი ცვლილებები თქვენს თმას მოულოდნელად შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიხედოთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თმის გარკვეული ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს და მათი შემჩნევა მიკროსკოპით შეიმჩნევა.

 ,,კოსმეტოლოგია”