თმების სახე და ფორმა

თმების სახე და ფორმა

განასხვავებენ თმის სამ სახეობას – ღინღლისებრი, ჯაგრისებრი და გრძელი. ამას გარდა, არსებობს გარდამავალი სახის თმებიც, რომელიც ადამიანს ზრდა–განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ახასიათებს. ღინღლოვანი თმა ფარავს ხელების, ფეხებისა და ტანის კანს. ღინღლოვანი თმა რბილი და მოკლეა (დაახლოებით 1,5 მილიმეტრის  სიგრძის), არ შეიცავს პიგმენტებს. სხვათა შორის, ეს პირველი თმაა, რომელიც ნაყოფს მუცლადყოფნისას უვითარდება. დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ნაყოფს უკვე პიგმენტირებული თმა ეზრდება. დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანს უყალიბდება ე.წ. შუალედური თმა, რომელსაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში თანდათან ცვლის ე.წ. ტერმინალური თმა. ამ ორი სახეობის თმის ფერი ხშირად არც კი ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, ტერმინალური თმა გაცილებით უფრო მჭიდროდ არის განლაგებული.

წარბები, წამწამები და ბეწვები, რომელიც ნესტოებში იზრდება, ჯაგრისებრ თმას მიეკუთვნება. ისინი საკმაოდ უხეში, პიგმენტირებული და მოკლეა. ადამიანებს სიბერეში სახეზე ეს თმა კიდევ უფრო ეზრდება, განსაკუთრებით – მამაკაცებს.

გრძელი თმა იზრდება თავზე, სახეზე (წვერის სახით), მკერდზე, იღლიებსა და გარე სასქესო ორგანოებთან. თავზე ამოსული თმა განვითარების რამდენიმე ეტაპს გადის: მათი ზრდა შესამჩნევია 2–3 წლის ასაკში; სქესობრივი სიმწიფის პერიოდში კი თმა იღებს საბოლოო სახეს. ამავე პერიოდში შუბლსა და იღლიებში თმა ხდება უფრო სქელი და დახვეული. ჩვეულებრივ, ტანზე თმის განაწილებას განაპირობებს სქესი, ასაკი და ეროვნული წარმოშობა.

თმის ფორმა დამოკიდებულია ფოლიკულების ფორმასა და სივრცულ განლაგებაზე, თმის ღეროს შემადგენელი კერატინის კომპოზიციაზე, რასობრივ ფაქტორსა და რა თქმა უნდა, ადამიანის გენეტიკურ ნიშან–თვისებებზე. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თმის ფორმა მისივე ძირის ფორმაზეა დამოკიდებული.

განასხვავებენ თმის ფორმის სამ სახესხვაობას: გლუვი და სწორი (1–3წწ), ტალღოვანი (4–6) და ხუჭუჭა (7–9), რომელიც ყველაზე ხშირად ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში გვხვდება.

თავის მხრივ გლუვი თმაც რამდენიმე სახეობად იყოფა: ბრტყელტალღოვანი (მჭიდრო, გლუვი და ტალღოვანია), განიერტალღოვანი, ვიწროტალღოვანი, დაკულულებული, ხუჭუჭა (დახვეული, სუსტად დახვეული, ძლიერდახვეული, სუსტად სპირალური, ძლიერსპირალური).

გლუვი თმის გადაჭრისას შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ იგი მრგვალია და ამასთან, ტალღოვან ოვალსა და ხვეულ ოვალს ქმნის.

,,კოსმეტოლოგია” 

_______________________________