ორსულობის 35-ე კვირა

შენს პატარას ძალზე მცირე ადგილიღა რჩება მოძრაობისთვის ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირას, რადგან სიგრძეში 45 სანტიმეტრს აღწევს. მისი წონა კი 2,5 კილოგრამს შეადგენს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი ყოველკვირეულად 220 გრამს მოიმატებს. მართალია, „პატარა აკრობატის“ მოძრაობები მრავალფეროვნებით აღარ გამოირჩევა, მაგრამ მისი ბიძგების რეგულარულობა ადრინდელივით უცვლელი რჩება. ფიზიკურად უკვე მზადაც კი არის, რომ ამ ქვეყანას მოევლინოს; უბრალოდ, ამ და მომდევნო კვირების განმავლობაში მას ორი „საქმე რჩება გასაკეთებელი“ – მოიმატოს წონაში და მისი გრძნობათა ორგანოები ბოლომდე განვითარდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს მათი ფუნქციონირების ხარისხი. 34-ე და 38-ე კვირებს შორის პერიოდში, მას საგრძნობლად მატულობს კანქვეშა ცხიმოვანი შრე; შედეგად, მისი სახისა და მთლიანად, სხეულის ფორმები უფრო მრგვალი, გლუვი და ვარდისფერი ხდება.

♥ კომპრესიული წინდები ორსულთათვის ,,ამაზონზე” Pregnancy Compression Socks  >>>>>

ადრინდელი ღინღლოვანი ბუსუსები, რომლებიც მთელ სხეულს უფარავდა, თანდათან ქრება. მის სანაცვლოდ, თავზე ეზრდება სქელი და გრძელი თმა. ამავე დროს, მის სხეულზე არსებული საცხის რაოდენობა მცირდება. თითებზე თანდათან ფრჩხილებიც ჩნდება. მომდევნო კვირების განმავლობაში, ნაყოფის წონა თითქმის გაორმაგდება და საშვილოსნოს მთლიანად დაიკავებს. ამდენად, მისი მოძრაობითი აქტიურობა საგრძნობლად შემცირდება. გარდა ამისა, პატარას მოძრაობა გაცილებით მოწესრიგებული გახდება.

ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირა – პლაცენტის წინამდებარეობა

პლაცენტის წინამდებარეობა – ეს არის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც პლაცენტა არასწორად არის მიმაგრებული საშვილოსნოს კედელზე. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ: ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პლაცენტის გარკვეული მონაკვეთი მდებარეობს შიდა საშვილოსნოს ყელის ნაწილში ან საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, უფრო ზუსტად – იმ ადგილზე, სადაც ბავშვი დაბადებისას უნდა გადაადგილდეს. სხვათა შორის, განასხვავებენ პლაცენტის მთლიან (როდესაც შიდა საშვილოსნოს ყელი მთლიანად არის დაფარული პლაცენტით) და ნაწილობრივ (პლაცენტა ფარავს შიდა საშვილოსნოს ყელის გარკვეულ ნაწილს) წინამდებარეობას. პლაცენტის ნაწილობრივი წინამდებარეობა, თავის მხრივ, შეიძლება იყოს გვერდითი (პლაცენტის ნაწილი განლაგებულია შიდა საშვილოსნოს ყელში, დანარჩენი ნაწილი კი – სანაყოფე გარსზე) და განაპირა (როდესაც შიდა საშვილოსნოს ყელის დიდი ნაწილი დაფარულია სანაყოფე გარსით და მხოლოდ განაპირა, პერიფერიულ ნაწილში მდებარეობს პლაცენტა).

ულტრაბგერითი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე (მე-20 კვირამდე პერიოდში) პლაცენტა, არცთუ იშვიათად, აღწევს შიდა საშვილოსნოს ყელამდე; თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, რაც უფრო იზრდება საშვილოსნო, პლაცენტა მაღლა ადის და პრობლემას არ ქმნის. ორსულობასთან დაკავშირებულ საკითხებში გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ პლაცენტის წინამდებარეობას შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული გართულებები მოჰყვეს. აქ იგულისხმება ძლიერი სისხლდენა არა მარტო ორსულობისას, არამედ უშალოდ მშობიარობის დროსაც. პლაცენტის წინამდებარეობა საშუალოდ 170-დან ერთ შემთხვევაში გვხვდება. მისი ალბათობა დიდია: ა) ასაკოვან ფეხმძიმეებში, ბ) მათ შორის, ვისაც ადრე უმშობიარია და გ) ვისაც ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.


ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირა – პლაცენტის წინამდებარეობის ნიშნები და სიმპტომები

პლაცენტის წინამდებარეობის ყველაზე აშკარა სიმპტომად ითვლება უმტკივნეულო სისხლდენა, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვით არ არის გამოწვეული. ყველაზე ხშირად ეს ხდება მეორე ტრიმესტრის ბოლოს ან უფრო მოგვიანებით, როდესაც საშვილოსნოს ყელი თხელდება, იჭიმება და იცილებს პლაცენტას. ჩვეულებრივ, პლაცენტა პირდაპირ შიდა საშვილოსნოს ყელთან არაა მიმაგრებული და ამ გარემოებას ანომალიად მიიჩნევენ. ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ზრდადი ან უკვე გაზრდილი პლაცენტის მიერ გამოწვეული რისკი საკმაოდ მაღალია – ამგვარი მიმაგრება ხომ შესაძლოა სისხლდენის მიზეზი გახდეს – მშობიარობის შემდგომ.

თუ ორსულობის მეორე პერიოდში სისხლის მსგავს გამონაყოფს შენიშნავ, თუნდაც ეს უმნიშვნელო იყოს, უპირველესად პლაცენტის წინამდებარეობის შესახებ უნდა იფიქრო. ასეთ შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა დაგეხმარება: ამ აპარატით ზუსტად ადგენენ არა მარტო პლაცენტის წინამდებარეობას, არამედ იმასაც, თუ როგორ არის მიმაგრებული პლაცენტა საშვილოსნოს კედელზე. დიაგნოზი გაცილებით ზუსტია ორსულობის გვიან პერიოდში, როდესაც საშვილოსნოც და თავად პლაცენტაც ზომაში საგრძნობლად გაზრდილია.

თუ მოხდა ისე, რომ პლაცენტის წინამდებარეობის დიაგნოზი დაგისვეს, დაუყოვნებლივ შეატყობინე შენს ექიმს და სამშობიარო სახლს; ისიც გაითვალისწინე, რომ ასეთ შემთხვევაში ვაგინალური გამოკვლევები სასტიკად აკრძალულია. საქმე ისაა, რომ პლაცენტის წინამდებარეობის დროს, ნაყოფი მდებარეობს მენჯის ღრუს უკანა კედელთან. ამიტომ, ძლიერი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, პრაქტიკულად ყოველთვის ატარებენ საკეისრო კვეთას.

ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირას, იზრდება მანძილი, ერთის მხრივ, საშვილოსნოსა და ჭიპს (დაშორება შეადგენს 15 სანტიმეტრს), მეორეს მხრივ კი, საშვილოსნოსა და ბოქვენის ძვალს შორის (ისინი ერთმანეთისგან 35 სანტიმეტრით არიან დაშორებულნი). ნამატი წონა 10,3-დან 13 კილოგრამამდე მერყეობს. ამ პერიოდში საშვილოსნო თითქმის გულმკერდამდე აღწევს. ამ ცვლილების გამო, თითქმის ყველა მომიჯნავე ორგანოს შეცვლილი აქვს ჩვეული ადგილი, რაც, თავის მხრივ იწვევს გულძმარვას, ტუალეტში ხშირ სიარულსა და სულის ხუთვას. თუ არცერთი ეს სიმპტომი არ გაწუხებს, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ „პატარა კოსმონავტი“ თავისუფლად ვეღარ მოძრაობს, მის გარშემო სანაყოფე წყლების რაოდენობაც იკლებს. ისიც გაითვალისწინე, რომ ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირიდან მოყოლებული, ყოველ კვირას მოგიწევს გინეკოლოგთან ვიზიტი. შენი ექიმი უპირველესად მოითხოვს სტრეპტოკოკების ჯგუფზე ჩაიტარო ანალიზი.

 მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”
.