ქოთანზე გადასვლის ეტაპები

ქოთანზე გადასვლის ეტაპები

თ. ბერი ბრეზელტონის მეთოდის მიხედვით ბავშვის მიერ ქოთნის ათვისების პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

1. ყველაფერი იწყება იმით, რომ საბავშვო ოთახში ჩნდება ქოთანი, რომელსაც პატარა თავიდან როგორც საკუთარ “სკამს” ისე აღიქვამს.
სანამ ბავშვი ქოთანს ეჩვევა, მშობლები მას უხსნიან, რომ ეს იგივეა, რაც მოზრდილთა უნიტაზი. ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს დედა ბავშვს ქოთანზე ტანსაცმლის გაუხდელად აჯენს, რომ ქოთნის სიცივემ უსიამოვნო შეგრძნებები არ გამოიწვიოს (ამ ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუშალოს მომავალ “თანამშრომლობას”). ვიდრე ბავშვი ზის ქოთანზე, დედა მის გვერდით იმყოფება, უკითხავს ზღაპრებს ან სხვა რამით ართობს. ბავშვს შეუძლია ნებიმიერ მომენტში ადგომა და არავინ ატანს ძალას ქოთანზე იძულებით იჯდეს.

 რჩევა

არ ეცადოთ ბავშვის “გამოჭერა” პამპერსში მოშარდვის ან დეფეკაციის დროს. ამან შეიძლება ის შეაშინოს და სწავლების შემდგომ ეტაპებზე “შეკავებულობის” საშიშროება შექმნას.
მხოლოდ თანმიმდევრული და მიზანმიმართული სწავლება აარიდებს ბავშვს შიშის განცდას იმის მიმართ, რაც მის თავს ხდება ამ ეტაპზე.
2. ამგვარი “თანამშრომლობიდან” ერთი კვირის თავზე იწყება მეორე ეტაპი: დადგენილ დროს ბავშვს სვამენ ქოთანზე “პამპერსის გარეშე.” როდესაც მშობლები დაინახავენ, რომ ბავშვი იჩენს ინტერესს ამ საგნის მიმართ, მას სვამენ ქოთანზე ორჯერ დღეში.
ამის გაკეთება შეიძლება მაშინ, როდესაც ბავშვი “პამპერსს” ან ერთჯერად საცვალს დასვრის. არ დააყოვნოთ მათი გამოცვლა და დასვრილი “პამპერსი” მაშინვე ჩააგდეთ ქოთანში – ამით თქვენ აჩვენებთ ბავშვს, რომ სწორედ ამაშია ქოთნის დანიშნულება.
3. როდესაც გრძნობთ, რომ ბავშვი იწყებს პროცესის გაცნობიერებას და მზადაა დაჰყვეს თქვენს ნებას, დაიწყეთ მისი ქოთანზე დასმა დღეში რამოდენიმეჯერ და შეეცადეთ დაამთხვიოთ ეს მომენტები მოშარდვის და დეფეკაციის დროს. ეს უნდა გააკეთოთ იმ პირობით, თუ ბავშვი არ გეწინააღმდეგებათ.

რჩევა

ნუ დაიშურებთ ქებას თუ ბავშვი წარმატებით მოგყვებათ. თუ ხედავთ, რომ ხანდახან არ გამოსდის, წააქეზეთ. ბავშვმა მტკიცედ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ ის გეყვარებათ და ყოველთვის დაეხმარებით.
დაარწმუნეთ შვილი, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. დაიცავით თანმიმდევრულობის პრინციპი და თუ მიმდინარე ეტაპი ჯერ კიდევ მყარად არ არის ათვისებული, ნუ გადახვალთ მომდევნოზე.
4. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დიდია ბავშვის ინტერესი მიღწეული წარმატებების მიმართ, შეიძლება გადაიდგას ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ამისათვის ბავშვს ხსნიან “პამპერსს” ან ერთჯერად საცვალს და ქოთანს საბავშვო ოთახში დგამენ.
ამასთან ბავშვს აგებინებენ, რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია ამ ამოცანას გაართვას თავი.
მას სთავაზობენ ქოთანზე დაჯდომას მაშინ, როდესაც მოესურვება, გარე კარნახის და დახმარების გარეშე.
როდესაც ბავშვი მზადაა შეასრულოს ის, რასაც მას სთხოვენ და ის ამას ყოველგვარი დახმარების გარეშე აკეთებს, ეს მიღწევა მისთვის გრანდიოზული მოვლენის ტოლფასია.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად ერთჯერადი საცვლის გახდა, რაც ახლადშეძენილი უნარის გამყარებას შეუწყობს ხელს.
5. დღის და ღამის ძილის ჰიგიენის სწავლება არ ღირს იმაზე ადრე, ვიდრე თქვენი პატარა თავის სრულ დაინტერესებას არ გამოხატავს.
მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ დღის მანძილზე მშრალი და სუფთა რჩებოდეს. დიდი დრო გაივლის, ვიდრე ბავშვი შეძლებს ღამის ძილის კონტროლს, მაგრამ მეტწილად ეს დღის განმავლობაში ათვისებული სათანადო უნარ-ჩვევების წყალობით ხდება.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge; კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge