პრენატალური აღზრდის ისტორია

მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის და მედიცინის ახალი დარგი – პრენატალური განვითარება და აღზრდა.

შეიქმნა ახალი სამედიცინო აპარატურა (ულტრაბგერა, ბოჭკოვანი ოპტიკა), გაჩნდა ნაყოფის ქცევასა და მის მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა. კალიფორნიელმა მეანმა ვან დე კარმა შეიმუშავა ორსულ ქალთან და ნაყოფთან მუშაობის მეთოდები. მან გამოიყენა მუცლის ღრუზე ტაქტილური ზემოქმედება. ორსული ქალი ნაზად იტყაპუნებდა და იჭერდა მუცელზე ხელს და ამ დროს განმეორებით იძახდა ერთმნიშვნელოვან სიტყვებს. ეს სპეციალური სავარჯიშოები სრულდებოდა ყოველდღიურად 15-20 წუთის განმავლობაში. ვან დე კარის აზრით, ამგვარად, შეიძლება შევუწყოთ ხელი ნაყოფის უფრო ინტენსიურ ინტელექტუალურ განვითარებას.
მშობიარობამდელი მომზადების ამერიკელი სპეციალისტი ბრენტ ლოგანი 80-იან წლებში დაკავებული იყო ნაყოფზე ბგერითი ზემოქმედების შესწავლით. ორსული ქალები ისმენდნენ გარკვეული მუსიკალური ნაწარმოებების და გულის რიტმის ჩანაწერებს, რომელთაც ჰქონდათ განსხვავებული ხასიათი (ბგერის სიმაღლე და სიხშირე იცვლებოდა). ამგვარად, ხდებოდა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სტიმულირება.
80-იანი წლების ბოლოს ორსულმა ქალებმა დაიწყეს მუსიკის მოსმენა აუდიოფლეერის საშუალებით, ამასთან ყურსაცვამებს ათავსებდნენ მუცელზე იმისათვის, რომ პატარებსაც მოესმინათ მუსიკა. ამ დროს ექიმები ექოსკოპიის საშუალებით აკვირდებოდნენ ნაყოფის მოძრაობას, საზღვრავდნენ მისი გულის რიტმს.
კიდევ უფრო ადრე საფრანგეთში არსებობდა მიშელ ოდენის ე.წ. “მომღერალი” სამშობიარო სახლი. იქ ტარდებოდა საგუნდო სიმღერების მეცადინეობები, რომლებსაც მომავალი დედები და მამები ესწრებოდნენ. ითვლებოდა, რომ საგუნდო სიმღერა აუმჯობესებს მომავალი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კერძოდ, ამაგრებს მის ნერვულ სისტემას. ამის წყალობით კი დედები შობენ ჯანმრთელ და მშვიდ შვილებს. მიშელ ოდენმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ თუ მამა სისტემატურად ელაპარაკება ბავშვს ცოლის ორსულობის დროს, პატარა დაბადებისთანავე სცნობს მის ხმას.

იავნანა . . . მუცლისათვის

მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვები უკვე მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვანაირად რეაგირებენ სხვადასხვა მუსიკაზე. მათ სტრუქტურირებული მელოდიები მოსწონთ (ვივალდი, მოცარტი, ხალხური მუსიკა, საბავშვო სიმღერები). ნაკლებად მოსწონთ დაბალი რეგისტრის ბგერები (ბეთჰოვენი, ბახი, ლისტი). ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ თვითონ უმღერებთ ხოლმე თქვენს პატარას. გაიხსენეთ იავნანა და საბავშვო სიმღერები, რომლებსაც შესაძლოა ბავშვობაში გიმღეროდათ დედა. შემჩნეულია, რომ პატარა შეიძლება შევაჩვიოთ დაძინებისწინა რიტუალს. ამისათვის საჭიროა დედამ სისტემატურად დაიცვას გარკვეულ მოქმედებათა თანმიმდევრობა, მაგალითად: ვახშამი, შხაპი, ძილისპირული. არსებობს იმის ალბათობა, რომ ამგვარი რიტუალი, რომელსაც პატარა გაეცნობა დაბადებამდე, მას დაეხმარება მომავალში დამშვიდდეს და ადვილად დაიძინოს.

როგორ მიმდინარეობს კონტაქტი?

ზოგიერთი ორსული ქალი სკეპტიკურად უყურებს ბავშვთან ურთიერთობას დაბადებამდე, რადგან თვლის, რომ, შეუძლებელია გაიგო რას გრძნობს პატარა დედის მუცელში. ზოგიერთი მათგანი კი ყოველდღე ცდილობს ბავშვთან ლაპარაკს და ცდილობს მის გაგებას. ვის მხარეზეა სიმართლე? ამ კითხვაზე პასუხს საკუთარ თავს მხოლოდ თქვენ თვითონ გასცემთ.
ორსული ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობის ცვლილების დროს მის სისხლში გამოიყოფა ესა თუ ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. იმდენად რამდენადაც ბავშვი დედასთან ერთად შეადგენს ერთ ორგანიზმს, დედის ყოველი ნეგატივი მაშინვე აისახება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ ორსული ქალების ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მშობიარობისათვის მზადების სხვადასხვა ცენტრებში მათ შემოქმედებით საქმიანობას სთავაზობენ. კერძოდ, საუბარია ცეკვა-სიმღერაზე, არტ-თერაპიაზე (ხატვა, ძერწვა და სხვ.). სპეციალისტები თვლიან, რომ ამგვარი საქმიანობის დროს იწყება ბავშვთან ურთიერთობა. ამ თვალსაზრისს არ შეიძლება არ დაეთანხმო. სიმღერების, ნახატების და სხვადასხვა ნამუშევრების საშუალებით მომავალი დედები სწავლობენ საკუთარი შვილის მიმართ სიყვარულის გამოხატვას ჯერ კიდევ დაბადებამდე. მერწმუნეთ, რომ ეს უნარ-ჩვევები არ იქნება ზედმეტი ბავშვის დაბადების მერეც. მითუმეტეს, რომ პრაქტიკულად ყოველი ორსული ქალი გადის მზარდი ემოციური აღმავლობის პერიოდს. საკუთარი ემოციების ქაღალდზე გადატანის დროს შეიძლება მომავალი ბავშვის ირგვლივ შექმნილი შიშისა და სხვადასხვა ნეგატიური განცდებისაგან გათავისუფლება და მიმდინარე ცვლილებათა გაცნობიერება.
არ დაგავიწყდეთ, რომ მამასაც აქვს შანსი გაეცნოს პატარას დაბადებამდე. მას ესმის მამის ხმა, ის ემოციები, რომლებითაც შეფერილია დედ-მამის ურთიერთობა.
მომავალო მამებო! ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკუთარ ცოლსა და შვილზე ზრუნვის და ურთიერთობის დროს თქვენ თითქოსდა მას აძლევთ სიგნალს: “ჩვენ გელოდებით და ჩვენი მოლოდინი სიხარულითაა აღსავსე!” სამყაროს მიმართ ინტერესს უკვე ახლა შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი და მას შემდეგ რაც თქვენი პატარა მოევლინება ამ ქვეყანას, ის თვითონ მოინდომებს სამყაროს შეცნობას. შემჩნეულია, რომ ის მამები, რომლებიც საკმაოდ ხშირად ურთიერთობენ ბავშვთან დაბადებამდე, შემდგომში უკეთ ესმით საკუთარი შვილის და ადვილად ამყარებენ მასთან კონტაქტს.
ოდითგანვე აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., ძველ ჩინეთსა და კორეაში) ითვლებოდა, რომ დაბადების დღეს ბავშვს უკვე უსრულდებოდა 9 თვე, რადგან ადამიანის ასაკი აითვლებოდა არა დაბადების, არამედ მისი ჩასახვის დღიდან. იაპონიაში მომავალი დედები ცხოვრობდნენ სპეციალურ დასახლებაში, რომელიც არნახული სილამაზის ლანდშაფტით გამოირჩეოდა. საგანგებოდ შერჩეული ქალი მასწავლებლები იყვნენ დაკავებული მათი ესთეტიკური და მუსიკალური განათლებით. უძველესი დროიდან დღემდე აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ორსული ქალებისათვის სპეციალური ცეკვების და რიტმული მოძრაობების გამოყენება.

ვის სჭირდება ეს?

მაშ ასე, ბავშვთან ურთიერთობა დაბადებამდე სჭირდება როგორც მას, ისე მომავალ მშობლებს. ამ სახით ბავშვი იღებს თავისი განვითარებისათვის საჭირო ახალ სტიმულებს, და რაც მთავარია – სითბოს, მოფერებას და მომავალი დედ-მამის ზრუნვას.
ბუნება ბრძენია და ის ფაქტი, რომ ორსულობა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, არ არის შემთხვევითი. ამ ხნის განმავლობაში ქალი ეჩვევა თავის პატარას და ცდილობს გაუგოს მას. ქალს შეუძლია ისწავლოს საკუთარი სხეულის ენა, რაც მშობიარობის დროს მას აუცილებლად დაეხმარება. და რაც მთავარია, ის სწავლობს პატარას სიყვარულს. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და ჩვენ უკვე გვიყვარს და ვუგებთ, არ ვცდილობთ მის გადაკეთებას. ჩვენ ვსწავლობთ მის სიყვარულს ყველაფრისდა მიუხედავად, ვსწავლობთ დედობას და მამობას, ურთიერთობას!
თუ დედა ყურს უგდებს თავის პატარას, იცის როგორ მიიღოს ის და გაიგოს მისი – ეს მათი წარმატებული მომავალი ურთიერთობის საწინდარია. თქვენ ახლა ბავშვისთვის წარმოადგენთ მთელ სამყაროს, სწორედ თქვენი შეგრძნებების საშუალებით შეიცნობს ბავშვი მას. დაეხმარეთ ამაში და დაე, პატარამ იცოდეს, რომ ამ სამყაროში ის უყვართ და ელიან!

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge

გადასვლა  >>>> ,,ორსულობა და მშობიარობა”

..