სპორტული მასაჟი

გადასვლა ,,მასაჟის” გვერდზე

მასაჟის ეს სახეობა გამოიყენება: სპორტსმენის საერთო მდგომარეობის, მათი სპორტული ფორმის გასაუმჯობესებლად, დაღლილობის მოსახსნელად, ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ასევე – ტრავმებისა და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. ორი სახის სპორტული მასაჟი არსებობს: წინასწარი (მეორენაირად – სამობილიზაციო) და აღმდგენი.

წინასწარი (სამობილიზაციო) მასაჟი კეთდება ვარჯიშის (ანდა – შეჯიბრის) წინ.  მისი მიზანია, დიდი დატვირთვისთვის მოამზადოს ნერვულ–კუნთური აპარატი, აგრეთვე – გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, დააჩქაროს ენერგიის აღდგენის პროცესი, შესაძლო ტრამვების ადვილად გადატანისთვის შეამზადოს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატი. იმის მიხედვით, თუ სპორტსმენს რა სამუშაო აქვს შესასრულებელი, სპორტის რომელ სახეობას მისდევს, ან კიდევ მოცემულ მომენტში როგორია მისი ფსიქოლოგიური განწყობა, განასხვავებენ დამამშვიდებელ და მატონიზირებელ მასაჟს.
აღმდგენი მასაჟი, ჩვეულებრივ, კეთდება მას შემდეგ, რაც სპორტსმენი დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას მიიღებს. ამგვარი მასაჟის დანიშნულებაა, სპორტსმენს აღუდგინოს ნორმალური ფუნქციური მდგომარეობა, აუმაღლოს ფიზიკური შრომისუნარიანობა, მოუხსნას საერთო დაღლილობა. უფრო მეტად საერთო აღდგენითი მასაჟი კეთდება, იშვიათად – ლოკალური, რომელსაც იყენებენ, მაგალითად, მოჭიდავეების, მოკრივეების, ტანმოვარჯიშეებისთვის, როდესაც ისინი ასპარეზობისას რამდენიმე წუთს დასასვენებლად გადიან. დიდი ფიზიკური დატვირთვის მიღების შემდეგ კეთდება შედარებით მსუბუქი აღმდგენი მასაჟი, დასვენების დღეებში კი – ღრმა და კომპლექსური მასაჟი. აღმდგენი მასაჟის გაკეთების სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაღლილია სპორტსმენი, მომზადების რა ეტაპს გადის და სხვა.