სამკურნალო მასაჟი

 სამკურნალო მასაჟი

,,მასაჟი”

სამკურნალო მასაჟი  სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება. იმის მიხედვით, თუ ორგანიზმში რა სახის ფუნქციური დარღვევაა, იცვლება ამ მეთოდის მოდიფიკაცია. სამკურნალო მასაჟს გააჩნია თავისი მეთოდიკა, თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. არსებობს როგორც საერთო, ისე ლოკალური ხასიათის მასაჟი. სამკურნალო მასაჟის ჩატარებისას ხუთი ძირითადი ხერხი გამოიყენება: ხელის პერიოდული გადასმა, დაჭიმვა, დაზელვა, დარბილება და ვიბრაცია, აგრეთვე – აქტიურ–პასიური მოძრაობები. სარეაბილიტაციო მასაჟი, მაგალითად, გამოიყენება ფუნქციური ხასიათის მკურნალობისთვის, სპორტსმენის ფიზიკური შრომისუნარიანობის აღსადგენად, ხანგრძლივი შესვენების ანდა ვარჯიშების შემდეგ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში (როდესაც სპორტსმენს ოპერაცია უკეთდება მენისკის მოსაცილებლად, ქუსლის მყესზე და ა.შ.).
ეს მასაჟი ტარდება პრეპარატებით კომპლექსურ მკურნალობასთან და მექანიკურ თერაპიასთან ერთად. სარეაბილიტაციო მასაჟი შეიძლება იყოს საერთოც (რომელიც კვირაში 2–3–ჯერ ტარდება) და ლოკალურიც (რომელსაც ყოველდღიურად, ანდა მკურნალობის საწყის ეტაპზე, დღეში 2–3–ჯერ ატარებენ).

ტრავმებისა და დაავადებების შემთხვევაში, მასაჟი რაც შეიძლება ადრე უნდა გაკეთდეს – ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისთვის, ტკივილების მოსახსნელად, შეშუპებისა და ჰემატომების შეწოვისთვის, ქსოვილის რეგენერაციისა და რეპარაციისთვის, მჟანგავ–აღდგენითი პროცესების ნორმალიზაციისთვის.

მკურნალობის პირველ ეტაპზე, მასაჟი ტარდება ყინულის გამოყენებით, მეორე ეტაპზე – სითბური პროცედურებით.

ტრავმის მიღებიდან პირველ დღეებში, მასაჟის დროს ყინულს იყენებენ, შემდეგ კი – მასაჟს თბილი პროცედურების გამოყენებით ატარებენ.

ორგანიზმის ქსოვილებზე ყინულის გამოყენება მაანესთეზირებელ, ჰომეოსტატიკურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს, რადგან ყინული აქვეითებს ნერვული დაბოლობების მგრძნობელობას; შედეგად, მცირდება ტკივილის შეგრძნებები. ყინულთან ერთად ჩატარებული მასაჟის შემდეგ, იზრდება დამუშავებული მყესების მოძრაობის ამპლიტუდა, მცირდება კანის შეშუპება. გარდა ამისა, მასაჟი ყინულით ხელს უწყობს: კუნთებში სისხლისმიმოქცევის გაუმჯობესებას, მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფას, ჰიპოქსიის ლიკვიდაციას, ქსოვილის რეპარაციისა და რეგენერაციის დაჩქარებას.

ამგვარი მასაჟის გაკეთება საკმაოდ ადვილია. შეგვიძლია ყინული ჩავდოთ ცელოფანის პარკში და ამგვარად გავაკეთოთ მასაჟი. ან კიდევ, ცელოფანის პარკი ან რეზინის ბუშტი გავავსოთ წყლით და შევდგათ საყინულეში 30–60 წუთის განმავლობაში.

ზამთრის პერიოდში ყინულის მაგივრობა შეიძლება თოვლმაც გასწიოს. მასაჟი ყინულით უნდა ჩატარდეს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ტრავმის მიღებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ანდა –  საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, ოღონდ – ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად.

მასაჟი ყინულით ასევე ტარდება ვარჯიშის ან შეჯიბრების შემდეგ. ამ მასაჟს შემდეგნაირად ატარებენ: ტრავმის (ან დაავადების) ადგილს 2–3 წუთის განმავლობაში ამუშავებენ ყინულით, შემდეგ სპორტსმენი ბანაობს აუზში, თუ არის ამის საშუალება, ბოლოს კი გარკვეულ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებს. ამ პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ.

მაგალითად, მხარ–ბეჭის პერიართრიტის შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, ასრულებენ ვარჯიშებს ტრენაჟორებზე, ელასტიური ბინტით ან იზომეტრიულ რეჟიმში. ყინულის მეშვეობით ჩატარებული მასაჟის ხანგრძლივობაა 3–5 წუთი. იგი დამოკიდებულია ტრავმის ლოკალიზაციაზე (ანდა დაავადების სტადიაზე), სქესზე, ასაკზე და სპორტსმენის საერთო მდგომარეობაზე, მის ფსიქოლოგიურ განწყობაზეც კი.

გაციებით გამოწვეული დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია და სხვა) შემთხვევაში, პირველი 2–5 დღის განმავლობაში მიმართავენ სააბაზანო მასაჟს, მოგვიანებით – პერკუსიულ მასაჟს, ინჰალაციასთან ერთად (რომელშიც ჩართულია სამკურნალო საშუალებები და ჟანგბადი), ღამით კი – ე.წ. შემახურებელ მასაჟს.

სააბაზანო მასაჟის მოქმედება დაფუძნებულია რეფლექტორულ მეთოდზე (რომელიც ზემოქმედებას ახდენს მოტორულ–ვისცერალურ რეფლექსებზე). ამ მასაჟის გაკეთების დროს მიმდინარეობს კანის რეცეპტორების გაღიზიანება. მასაჟის ჩატარებამდე კანზე უსვამენ გამახურებელ ვაზელინის ზეთს.

პერკუსიული მასაჟი გამოიყენება ბრონქიტებისა და პნევმონიის შემთხვევაში, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის, ასევე ფილტვების ვენტილაციის გასაუმჯობესებლად. ეს მასაჟი სრულდება საწყის მდგომარეობაში, როგორც წოლის, ისე ჯდომისას. გულ–მკერდის გარკვეულ მონაკვეთზე დებენ გაშლილ ხელის მტევანს, ხელისგულით – ზევით და მეორე ხელით მასზე ახორციელებენ რიტმულ დარტყმას. იმავეს აკეთებენ მეორე, პირველის სიმეტრიულ მონაკვეთზე.

პერკუსიული მასაჟი კეთდება ჯერ გულ–მკერდის წინა მხარეს, შემდეგ – ზურგის მხარეს. წინა მხარეს რიტმული დარტყმები ხორციელდება ლავიწქვეშა მონაკვეთსა და ნეკნების ქვედა რკალებზე, ზურგის მხარეს კი – ბეჭებს ზევით, ბეჭებს შორის და ბეჭებს ქვევით ზონაში, შემდეგ მიმდინარეობს გულ–მკერდის დაჭიმვა ორივე ხელით. ამ დროს მასაჟისტის ხელები განლაგებულია ფერდის დაბლა, დიაფრაგმასთან ახლოს. ჩასუნთქვის დროს მასაჟისტის ხელები გადაადგილდება ხერხემლისკენ, ამოსუნთქვისას – საპირისპირო, მკერდის მხარეს (ამავე დროს, ამოსუნთქვის დროს ხდება გულ–მკერდის დაჭიმვა). ამის შემდეგ მასაჟისტს ხელები გადააქვს იღლიისქვეშა ფოსოებში და კვლავ იმეორებს იმავე მოძრაობებს.

ამ პროცედურის დამთავრებისთანავე, კეთდება გულ–მკერდის ირიბი მასაჟი: მასაჟისტის მარჯვენა ხელი განთავსებულია პაციენტის იღლიისქვეშ, მარცხენა ხელი – გულ–მკერდის ქვემოთ, დიაფრაგმასთან. ამოსუნთქვის შემდეგ ექიმი ჭიმავს პაციენტის გულ–მკერდს. შემდეგ ხელების განლაგება იცვლება. ამ მეთოდების გამოყენება 2–3 წუთს გრძელდება.

იმისთვის, რომ პაციენტმა სუნთქვა არ შეიკავოს, მას უნდა ვუთხრათ: ჩაისუნთქე (ეს ხდება მაშინ, როდესაც ექიმის ხელი მიცურავს ხერხემლისკენ), შემდეგ მივცეთ მეორე ბრძანება: ამოისუნთქე (როდესაც ხელი მიცურავს მკერდის მხარეს). ამოსუნთქვის შემდეგ უნდა დავაწვეთ გულ–მკერდს, სუნთქვის პროცესის გასააქტიურებლად.

პერკუსიული მასაჟის დროს იქმნება ექსტრაპულმონალური სიტუაცია, რომელიც აუმჯობესებს სუნთქვას. მექანიკური გაღიზიანება ასტიმულირებს სუნთქვას და ხელს უწყობს ბრონქიალური სეკრეტის გამოყოფას. გულ–მკერდზე დაწოლა აღიზიანებს ალვეოლების რეცეპტორებს, ფილტვებისა და პლევრის ძირებს, რაც ქმნის ოპტიმალურ პირობებს სუნთქვითი ცენტრის (ინსპირატორული ნეირონების) გააქტიურებისა და აქტიური სუნთქვისთვის. ნეკნებშორის სუნთქვით კუნთებზე (პროპრიორეცეპტორებზე) ზემოქმედების შედეგად ხდება რეფლექტორული ზეგავლენა სუნთქვით ცენტრზე, ასევე სუნთქვითი აქტის სტიმულაცია.

ძლიერი ტრავმების მიღების (ან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემდეგ) შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანილ ადამიანს უკეთებენ მასაჟს, რათა არ შეწყდეს სუნთქვა და არ გაჩერდეს გული. გამომდინარე იქიდან, რომ ბიოლოგიური სიკვდილი ტრავმის მიღებისთანავე არ დგება, აუცილებელია მასაჟის თანამედროვე სარეანიმაციო მეთოდების დაუყოვნებლივ გამოყენება, რათა ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს.

თუ ადამიანს გული გაუჩერდა, აუცილებელია გარე მასაჟის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს მკერდსა და ხერხემალს შორის მონაკვეთზე გულის რიტმულ შეკუმშვას. ამ დროს მარცხენა პარკუჭიდან სისხლი ძარღვებით ტვინსა და გულს მიეწოდება. მკერდზე ზეწოლის შემდეგ სისხლი კვლავ ავსებს გულს.

გულის გარე მასაჟის დროს მარჯვენა ხელის მტევნის ხელისგულს დებენ მკერდის ქვედა ნაწილში, მარცხენა ხელისგულს ადებენ ზემოდან და მთელი წონით აწვებიან ხერხემლისკენ. ერთი დაწოლა მაქსიმუმ 1,5 წამს შეიძლება გაგრძელდეს.

მკერდზე დაწოლა ერთი წამის მონაცვლეობით უნდა განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის მიმოქცევა ვერ დაიწყება. შუალედებში მკერდიდან ხელს არ იღებენ. მასაჟის ეფექტურობას აფასებენ იმის მიხედვით, საძილე არტერიაში ფიქსირდება თუ არა დარტყმების პულსი, ფიქსირდება თუ არა მხედველობა და დამოუკიდებელი სუნთქვითი მოძრაობები. ყურადღება უნდა მიექცეს კანის შეფერილობასაც.

გულის გარე მასაჟთან ერთად, როგორც წესი, ფილტვებს ხელოვნურად აწვდიან ჰაერს (ხელოვნური სუნთქვა). იმ შემთხვევაში, თუ რეანიმაციის პროცესს ერთი ადამიანი (შემდეგი სისტემით: პირიდან–პირში, ან პირიდან ცხვირში) ახორციელებს, ფილტვებში ჰაერის ორჯერ სწრაფი ჩაბერვის შემდეგ, 15 წამში 15 დაწოლა უნდა მოხდეს მკერდზე. ავადმყოფის თავი აუცილებლად უკან უნდა იყოს გადაწეული. ეს პროცედურები უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სპონტანური პულსი არ გაჩნდება (რადგან სუნთქვა ხელოვნურია სწორედ სპონტანური სუნთქვის დაწყებამდე).

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”