რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესახებ

რა პრინციპით ხორციელდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდია PAP ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს.

რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს ყოველგვარი კიბოსწინარე დაავადება და ინფექცია. ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები.

ამდენად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა!

რა პრინციპით ტარდება PAP ტესტი?

ტექნიკურად PAP ტესტი შემდეგნაირად ხორციელდება: საშვილოსნოს ყელის ე.წ. T (ტრანსფორმაციის, ანუ გარდაქმნის) ზონიდან გინეკოლოგი შპადელით ან ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპის ქვეშ გამოსაკვლევად.

პროცედურამ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, შესაძლოა მცირედი დისკომფორტი გამოიწვიოს, რომელიც ნაცხის აღების დასრულებისთანავე უკვალოდ გაქრება. თუ შპადელის შეხებისას ტკივილი იგრძენით, უთუოდ აცნობეთ გინეკოლოგს.

როდის უნდა ველოდოთ პასუხს?

PAP ტესტის შედეგს ქალი 10 სამუშაო დღის შემდეგ, სკრინინგის ჩატარების ადგილის მიხედვით შეიტყობს.

როდის არის საჭირო განმეორებითი კვლევა?

სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, PAP ტესტის საშუალებით გამოკვლეულთა 93,5%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. განმეორებითი გამოკვლევა (ანალიზის გადამოწმება) ექიმმა ქალს მაშინ შეიძლება ურჩიოს, როდესაც ნაცხი არადამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთია დაფარული, ნაცხი არასათანადოდ არის აღებული და ა.შ.

თუ PAP ტესტის შედეგად განსაზღვრული ცვლილებები (სახეცვლილი უჯრედები) გამოვლინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უთუოდ კიბო გაქვთ – ზოგ შემთხვევაში ასეთი ცვლილება საგანგაშო არ არის, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად გინეკოლოგმა შესაძლოა კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარება გირჩიოთ.

როგორ მოვემზადოთ PAP ტესტისთვის?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის მომზადებისას გახსოვდეთ:

• დაუშვებელია PAP ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს. სკრინინგისთვის საუკეთესოა ციკლის შუა პერიოდი.

• თუ სქესობრივი კონტაქტის დროს დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში PAP ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის – კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ტესტის შედეგზე გავლენას უთუოდ მოახდენს.

იმ ქვეყნებში, სადაც დანერგილია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, კიბოთი ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა!

რა ნაკლი აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს?

ძალზე იშვიათად საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა არ დაფიქსირდეს, ვინაიდან:

• ზოგჯერ ავთვისებიანი უჯრედები ნორმალურისგან ძნელი გასარჩევია;

• საკვლევი მასალა (ნაცხი) მეტად მცირე რაოდენობის პათოლოგიურ უჯრედს შეიცავს.

იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდ არის დანერგილი, ყოველი 10 ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა:

• აღმოგაჩნდეთ ინფექცია, რომლის მკურნალობა აუცილებელია, რათა სრულფასოვანი დიაგნოზი იქნეს დასმული;

• საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთი იყოს დაფარული;

• ნაცხში საკვლევი უჯრედი ძალიან ცოტა იყოს;

• საკვლევი მასალა არასათანადოდ იყოს მომზადებული;

• საკვლევი მინა, რომელზეც ნაცხია მოთავსებული, გატყდეს.

არის თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი პრევენციის საშუალება?

სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები. მათი ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს ჩამოყალიბების თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი!

ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

საშვილოსნოს ყელის კიბო მხედველობიდან რომ არ გამოგრჩეთ, ამგვარად მოიქეცით:

• ერიდეთ რისკის ფაქტორებს, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქრონიკულ ანთებით, სქესობრივი გზით გადამდებ და კიბოსწინარე დაავადებებს. ნუ გადადებთ მათ მკურნალობას.

• პერიოდულად (სასურველია, წელიწადში ერთხელ) ეწვიეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ ყველა საჭირო გამოკვლევა.

• ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა სახის პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქალბატონებს, რომლებსაც აღენიშნებათ რისკის ფაქტორები:

• სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება;

• სქესობრივ პარტნიორთა სიმრავლე;

• ანამნეზში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა არსებობა;

• რამდენიმე მშობიარობა (დაავადების რისკი ყოველი მშობიარობის შემდეგ იზრდება);

• ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია;

• მავნე ჩვევები – მწეველებს შორის დაავადების რისკი მაღალია.

….

სამედიცინო გაზეთი ,,მედი”, N13, დეკემბერი, 2010

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian