ჰიდრომასაჟი

 ჰიდრომასაჟი

ჰიდრომასაჟი აუმჯობესებს მიმოცვლით პროცესებს ორგანიზმში, ააქტიურებს ქსოვილების სისხლით მომარაგების პროცესს, ხსნის კუნთების დაღლილობას, ამცირებს ორგანიზმის გაღიზიანების ხარისხს. ჰიდრომასაჟს ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ მიმართავენ, იგულისხმება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები. მას სპორტშიც აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით კი – ვარჯიშის წინ. გასათვალისწინებელია, რომ ჰიდრომასაჟის გაკეთება რეკომენდებულია ვარჯიშის დაწყებამდე 2–3 საათით ადრე.

ფართოდ გამოიყენება ჰიდრომასაჟი წყალქვეშ, როდესაც ადამიანი წევს სპეციალურ აბაზანაში, სადაც დიდი წნევით შედის წყალი. ამ დროს აბაზანაში მწოლიარემ მაქსიმალურად უნდა მოადუნოს კუნთები. სპეციალური მოწყობილობა არეგულირებს წყლის წნევას, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ან 1) უშუალოდ ზემოქმედებს, ანდა 2) წყლის ძლიერი ჭავლი მოქმედებს აბაზანაში ჩასხმულ წყალზე და ამგვარად კეთდება პაციენტის მასირება. მეორე შემთხვევაში ჭავლის მოქმედება, რა თქმა უნდა, შედარებით სუსტია, მაგრამ სამაგიეროდ წყალი დადებით გავლენას ახდენს არა მარტო სხეულის ერთ, რომელიმე უბანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე, რადგან მასირების დროს წყალი წრიულად მოძრაობს. ამგვარი მასაჟისთვის იყენებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც არეგულირებენ წყლის ტემპერატურას და წნევას.

ადამიანზე ჰიდრომასაჟის ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია წყლის ჭავლის ძალაზე და ორგანიზმზე დაცემის კუთხეზე, გარსაცმის ფორმაზე, წყლის ტემპერატურაზე, ასევე წყლის ჭავლის ზემოქმდების ხანგრძლივობაზე.

ორგანიზმის სხვადასხვა უბნის მასირებისას სხვადასხვა წყლის წნევას იყენებენ. მაგალითად ზურგის მასაჟისას წნევა უნდა მერყეობდეს 2–დან 5 ატმოსფერომდე, ბარძაყების, ფეხების მასირებისას კი არ უნდა აღემატებოდეს 4 ატმოსფეროს.

ჰიდრომასაჟის ერთ–ერთ სახეობას წარმოადგენს მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანს შლანგიდან ესხმება წყლის ჭავლი. ამ დროს ადამიანი შლანგიდან 2–3 მეტრის მოშორებით უნდა იდგეს და დროგამოშვებით შებრუნდეს–ხოლმე, რათა ჭავლით სხეულის სხვადასხვა ადგილის მასირება განხორციელდეს.

მასაჟს იწყებენ ზურგიდან, რომლისკენაც მიმართავენ მარაოსებურ წყლის ჭავლს. ამის შემდეგ პირდაპირ ჭავლს ზურგის მთელ სიგრძეზე გააყოლებენ. ზურგის ზედა ნაწილში მოძრაობა უნდა იყოს წრისებრი. ამგვარი მოძრაობით წყალი უნდა ხვდებოდეს ორივე ბეჭს და გადავანაცვლოთ ხერხემლიდან იღლიის ფოსოებისკენ.

სხეულის დანარჩენი ნაწილების მასირებაც ამგვარადვე უნდა მოხდეს. ოღონდ, უფრო მგრძნობიარე ადგილების მასაჟი მარაოსებრი ჭავლით კეთდება.

რეკომენდებულია, რომ ჰიდრომასაჟს უნდა მოჰყვეს კლასიკური მანუალური მასაჟი. ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც ჩვეულებრივ მასაჟს ჰიდრომასაჟით იწყებენ. საერთოდ, ჰიდრომასაჟი 7 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. კლასიკური მასაჟის ხანგრძლივობა, თუ იგი ჰიდრომასაჟის შემდეგ კეთდება, დაახლოებით ერთი მესამედით უნდა შემცირდეს.

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”