პნევმომასაჟი

პნევმომასაჟი

ორგანიზმზე პნევმომასაჟის ზემოქმედება სამედიცინო ქილების ზემოქმედების ანალოგიურია. მასაჟის აპარატს სპეციალური ტუმბოს მეშვეობით ჰაერით ავსებენ, შემდეგ ხდება ჰაერის გამოწოვა. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მანომეტრითა და ვაკუუმომეტრით, არეგულირებს შეწოვილი და გამოტყორცნილი ჰაერის რაოდენობას. აპარატის იმ ნაწილს, რომლითაც უშუალოდ მასაჟს აკეთებენ, უკეთებენ გარსაცმს. შეუძლიათ მას სხვადასხვა ფორმა მისცენ იმის მიხედვით, სხეულის რა ნაწილის მასირებას აპირებენ. გარსაცმის გაკეთება სპეციალური შლანგით ხორციელდება.

პნევმომასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის აქტიური კაპილარების რაოდენობას, აუმჯობესებს ქსოვილების ქმედითუნარიანობას, სწევს კუნთების ტონუსს. იგი ასევე გამოიყენება მიოზიტების, ენდარტერიიტების, რადიკულიტების, ნევრალგიების სამკურნალოდ, მუხლის სახსრის პოსტოპერაციული რეაბილიტაციისა და ბარძაყის ოთხთავა კუნთის ატროფიის პრევენციითვის.

ვაკუუმური მასაჟის გაკეთება დაუშვებელია: ლიმფოსტაზის, ჰემატომების, ტრომბოფლებიტის, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ტრავმების, კანის ანთებითი დაავადებების, გულ–სისხლძარღვთა მე–2–3 ხარისხის უკმარისობის (ლანგის მიხედვით) დროს.

პნევმომასაჟს სპორტსმენებსაც უკეთებენ ვარჯიშის შემდეგ, ვარჯიშის ან შეჯიბრის წინ.

პნევმომასაჟის გაკეთებისას, მოძრაობა სრულდება ლიმფური კაპილარების გასწვრივ. მოძრაობა თანაბარი უნდა იყოს, წყვეტისა და დაჭიმვის გარეშე; წინაააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტს შესაძლოა ტკივილიც კი მივაყენოთ.

პნევმომასაჟი ორი მეთოდით კეთდება. ესენია: ლაბილური (მცოცავი) და სტაბილური (უმოძრაო).

სტაბილური მეთოდის გამოყენებისას, აპარატის წინსადგამი სხეულის ერთსა და იმავე მონაკვეთზე რამდენიმე წუთის განმავლობაში აჩერებენ. შემდეგ იგი გადააქვთ სხვა ადგილას და სწორედ ამდენივე ხანს აყოვნებენ. მაგალითად, გავა–წელის რადიკულიტის, წელის სარტყლის ოსტეოქონდროზის, მიოზიტის მკურნალობისას აპარატს წელის სარტყლის ზონაში 3–5 წუთს აჩერებენ. სტაბილურ მეთოდს ასევე მიმართავენ უროლოგიური დაავადებების, იმპოტენციის, გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც. ამ შემთხვევაში გარსაცმს ზურგის ზონაში ათავსებენ.

კისრის ოსტეოქონდროზის, რეინის ავადმყოფობის, ზედა კიდურების პლექსიტებისა და ნევრიტების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობისთვის, გარსაცმი თავსდება ბეჭებსა და კისერს შორის მონაკვეთზე.

ლაბილური მეთოდით სარგებლობისას, წინსადგამს ამოძრავებენ სწორხაზობრივადაც ზიგზაგისებურადაც  ზურგის პარავერტებრალურ ზონებში, კიდურების გრძელ კუნთებზე, ასევე – გულ–მკერდსა და მუცელზე. გარსაცმი უნდა გადააგილდეს დისტალურიდან პროქსიმალურ მონაკვეთზე (მაგალითად, მუხლის სახსრიდან – საზარდულისკენ).

ვაკუუმურ მასაჟს ზურგის კუნთებიდან იწყებენ; ამისთვის ყველაზე დიდი ზომის გარსაცმს იყენებენ. მოძრაობა სრულდება სწორხაზობრივად, წრისებურად და სპირალისებურად – წელის სარტყლის ზონიდან მხრებისკენ. ზურგის განიერი კუნთებისთვის ერთდროულად ორ გარსაცმსაც იყენებენ.

ზურგის მასაჟის შემდეგ გადადიან ფეხების უკანა ზედაპირზე. ამ დროს მოძრაობა სრულდება მუხლის სახსრიდან დუნდულების ნაკეცებისკენ და ქუსლის მყესიდან მუხლის მყესებისკენ. ამის შემდეგ პაციენტი ზურგზე წვება. ქვედა კიდურების მასაჟი ხორციელდება ტერფიდან საზარდულის ნაკეცებისკენ.

გულ–მკერდის კუნთების მასირება ხდება მკერდიდან ხერხემლისკენ, მუცლის ზონიდან – მსხვილი ნაწლავის მიმართულებით.

ზედა კიდურების მასაჟისას, მოძრაობა იწყება მხრებიდან და მიემართება ხელის მტევნისკენ. ამ დროს გარსაცმის მოძრაობა უნდა იყოს წრისებრი; მასაჟისთვის ამ შემთხვევაში მცირე ზომის გარსაცმს იყენებენ.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ პნევმომასაჟის ჩატარებისას, ვაკუუმის მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს 0,4–0,5 კგ–სმ კვადრატს, ხოლო სიხშირე 4 ჰერცს. ვაკუუმური მასაჟის ხანგრძლივობა 20 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. უფრო ხანგრძლივი სეანსის ჩატარება რეკომენდებული არაა. თუ პაციენტი ტკივილს განიცდის, სხეულის ზედაპირსა და გარსაცმს შორის უნდა დავფინოთ პირსახოცი ანდა ბამბის ქსოვილი.

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”